მოკლეს თუ თავი მოაკვლევინეს

მოკლეს თუ თავი მოაკვლევინეს "ტოიოტა-საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტ გოგა გომიაშვილს?

შს სამინისტროს ცნობით, "ტოიოტა-საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტმა გოგა გომიაშვილმა თავი მოიკლა. განცხადებაში არაფერია ნათქვამი თვითმკვლელობის იარაღის შესახებ. უცნობია, გომიაშვილმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა, ჩამოიხრჩო, თუ მოიწამლა. ცხედარი გარდაცვლილის სახლში, ტაბიძის 35-ში აღმოაჩინეს. მეზობლები ამბობენ, რომ გომიაშვილს არ იცნობდნენ, რადგან იქ არ ცხოვრობდა, ბოლო დროს კი რემონტი მიმდინარეობდა. რადგან შსს-მ თავიდანვე არაფერი თქვა თვითმკვლელობის იარაღის შესახებ, გაჩნდა ეჭვი, რომ გომიაშვილს თავი არ მოუკლავს. შესაძლოა, ასეთი ინფორმაციის გავრცელებით ვიღაც იყოს დაინტერესებული, პირველ ყოვლისა კი სავარაუდო მკვლელი.

ამბობენ, რომ პირველადი გამოძიება მისი ტელეფონიდან მეგობართან გაგზავნილ სატელეფონო შეტყობინებას დაეყრდნო, სადაც ის მეგობარს შვილების პატრონობას სთხოვს. ალბათ, გამოძიება დაადგენს, ვინ გაგზავნა შეტყობინების ტექსტი. ჯერჯერობით კი უპასუხოდ რჩება კითხვები: რატომ უნდა მოეკლა თავი ან რატომ უნდა მოეკლათ გომიაშვილი? ამ კითხვებს ვერ პასუხობენ ვერც ახლობლები და მეგობრები, რომლებიც ოფიციალურ საუბარს გაურბიან, პირად საუბრებში კი აცხადებენ, რომ გოგას არც თავის მოკვლის საბაბი ჰქონდა და მტრებიც არ უნდა ჰყოლოდა.

გოგა გომიაშვილი 2004-2005 წლებში, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობდა, მისი მოადგილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, გომიაშვილმა თანამდებობაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც შვეიცარიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 2003-2004 წლებში გომიაშვილი ტელეკომპანია "იმედში" საავტორო გადაცემა "თემის" წამყვანი იყო.
იმასაც ამბობენ, რომ გოგას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ხელისუფლებასთან; მან თითქოს თანამდებობიდან გადადგომისთანავე განაცხადა, რომ არსებულ რეჟიმს დაუპირისპირდებოდა... იმასაც ამბობენ, რომ დააშინეს... გატაცებული იყო ფოტოხელოვნებით. სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ბოლო ფოტონამუშევარი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრეა დადებული. ახლობლები ამბობენ, ეს და კიდევ ბევრი ფაქტი იწვევს ეჭვს, რომ მას თავი არ მოუკლავს...