"მცდარი და ილუზორულია, რასაც ქვეყანას ივანიშვილი სთავაზობს"

"თუ ჩვენი მოქალაქე უკანონოდ არის ამა თუ იმ ქვეყანაში, ისინი უკან უნდა დაბრუნდნენ"

ვროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილთან საუბარი ემიგრანტების შესახებ დავიწყეთ, რომლებიც უკვე ორი კვირაა აპროტესტებენ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის იმ ბრძანებას, რომელიც, მათი თქმით, უცხოეთში მცხოვრებ არალეგალებს საარჩევნო უფლებას უზღუდავს:

- ბატონო დავით, ვაშაძის გადაწყვეტილებას ექსპერტები ასე ხსნიან: ემიგრანტები ოპოზიციურად არიან განწყობილი და ხელისუფლების ინტერესი ამიტომაც იყო მათთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვაო.
- ამ საკითხზე ბევრი უსამართლო სპეკულაცია მოვისმინე. თუკი ქვეყნის შიგნით ვამკაცრებთ სიების დადგენის წესებს, ბუნებრივია, საზღვარგარეთაც უნდა დაფიქსირდეს ამომრჩევლის ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი. საარჩევნო რეგისტრაცია უცხოეთში ყოველთვის მიმდინარეობდა და ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, ჩვენ უცხოეთის ქვეყნებთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად ცხოვრებას. მეორე მხრივ, გვაქვს ვალდებულება, თუ ჩვენი მოქალაქე უკანონოდ არის ამა თუ იმ ქვეყანაში, ისინი უკან უნდა დაბრუნდნენ. ვიღაცას უნდა, ქვეყნიდან გასული მოქალაქეების ხარჯზე მოუგოს ქვეყანაში მყოფთ.

ლაპარაკია რამდენიმე ათასიდან რამდენიმე ათეულ ათასამდე კაცზე. მათ არავინ შეუზღუდავს არჩევნებში მონაწილეობას, თუკი რეგისტრაციის წესებს დაიცავენ. წესების გარეშე არჩევნებში მონაწილეობა რამდენად სამართლიანი ჰგონიათ მათ, ვინც ამ აჟიოტაჟს ტეხენ, არ ვიცი.

- არალეგალები საკონსულოში რომ მივიდნენ, დეპორტაცია ემუქრებათ და სწორედ ამიტომ ვერ მონაწილეობენ არჩევნებში.
- აბა, როგორ მოვიქცეთ, თუკი ადამიანი ადგილობრივი და ქართული კანონის დარღვევით არის სადმე? ხმის მიცემა ხომ უნდა იყოს კანონიერი? წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მოძრაობა, გინდა კარუსელი დაარქვით, გინდაც სხვა რამ, უკვე შესაძლებელი გამოდის... ეჭვი არ მეპარება, რომ ეს აჟიოტაჟი "ქართული ოცნების" მოწყობილია.

- ემიგრანტებს ჰქონდათ იდეა, შეეძინათ 50 ათასი სატელიტური ანტენა, გადაეცათ სახელმწიფოსათვის, რათა მისი სახელით დარიგებულიყო. ეს რატომაა მიუღებელი?
- წლების განმავლობაში ამხელა აქცია არასოდეს ყოფილა და ამიტომაც საეჭვოდ მეჩვენება. ვეჭვობ, როგორც "გლობალ TV-ის" უკან იდგა კონკრეტული პირი, ბატონი ივანიშვილი, ასევე დგას ყველა ამ აქციის უკანაც. ამ თეფშების ყიდვა-გაყიდვის შედარება მედიაგამჭვირვალობისთვის გადადგმულ ნაბიჯებთან ძალიან უხერხულია.

- საკაბელო ტელევიზიები სოფლად არ არის. რეგიონებში სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად სწორედ სატელიტური ანტენაა საჭირო და ამას უკავშირდება მედიაორგანიზაციების პერმანენტული პროტესტი.
- არა მგონია, თქვენი მედიასახლის ან რომელიმე სხვა მედიაორგანიზაციის საშუალებები მიუწვდომელი იყოს საქართველოს მოსახლეობისათვის რომელიმე რეგიონში.

დავდივარ რეგიონებში, ყველა ყველაფერზე ინფორმირებულია. სპეკულირება ემიგრანტებით, უცნაური ორგანიზაციების განცხადებებითა და ხელმოწერებით, არა მგონია, ადეკვატური ნაბიჯი იყოს.

- რამდენიმე დღის წინ ედპ-მ ისაუბრა რუსულ საფრთხეზე და ამ კონტექსტში ივანიშვილი მოიხსენია. რამდენად ლოგიკური იყო რუსული საფრთხისა და ივანიშვილის გაიგივება?
- ედპ-ის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ ივანიშვილის ფაქტორსა და მის რუსეთთან კავშირზე გიპასუხებთ, რომ ეს აშკარაა.

- ალბათ, ივანიშვილის რუსეთში საქმიანობას გულისხმობთ, მაგრამ მე საფრთხეზე გკითხეთ. მიგაჩნიათ, რომ ივანიშვილი საქართველოს საფრთხეს უქმნის?
- როდესაც რუსეთს არ უნდა საქართველოს დამოუკიდებლობა, არ უნდა, საქართველო იყოს დასავლეთის ნაწილი, მაშინ რუსეთთან ქართული პოლიტიკური ძალის ნებისმიერი პოლიტიკური კავშირი ქვეყნისთვის საფრთხეა. განგებ არ ვამბობ, ღალატი, აჯანყება, აგრესია-მეთქი. თუ ასეთი რამ მოხდება, ამაზე ცალკე ვიმსჯელებთ. პოლიტიკურ-იდეოლოგიური დამთხვევების დონეზე ივანიშვილის სიახლოვე რუსეთის ხელისუფლებასთან ჩემთვის ცხადია და ვისთვისაც არ არის, ღმერთმა ხელი მოუმართოს თავის რწმენაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, რადგან მისი პრიორიტეტები სწორი და ადეკვატური მგონია ქვეყნის ინტერესებისათვის. მცდარი და ილუზორულია, რასაც ქვეყანას ივანიშვილი სთავაზობს. გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება, რადგან მჯერა საზოგადოების რაციონალურობისა, მიუხედავად იმისა, რომ დაბოღმილი, ნაწყენი და ილუზიის ტყვეობაშიც ბევრია.

- არჩევნების 1-ელ ოქტომბერს დანიშვნა "ქართულ ოცნებაში" გამარჯვების ნიშნად მიიღეს, რადგან ეს დღე ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე - ბიძინობაა.
- მე მოვლენებს პოლიტიკური და სამართლებრივი კუთხით ვუყურებ და საეკლესიო კალენდარში არ მინახავს, რომ ეს დღე შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის მე-17 საუკუნეში მარტვილობასთან დაკავშირებული თარიღია, მაგრამ რა შუაშია ეს თარიღი ივანიშვილთან?

- სიმბოლოები და თარიღები ხელისუფლებასაც უყვარს და არჩევნების თარიღს არ ანიჭებთ მნიშვნელობას?
- 23 ნოემბრის "ვარდების რევოლუციისა" და გიორგობის დამთხვევა არაფერ შუაშია ხელისუფლების სიმბოლოებით გატაცებასთან. 23 ნოემბერს რომ წავიდა შევარდნაძე ხელისუფლებიდან, ეს არავის ახირება და სურვილი არ ყოფილა.

P.S.მიუხედავად ბატონი დავითის მტკიცებისა, რომ ხელისუფლება სიმბოლოებით და თარიღებით არ არის გატაცებული, ეჭვი გვაქვს, რომ 1-ელ ოქტომბერს, ბიძინობას, არჩევნების დანიშვნას ხელისუფლებაში ახლა ნანობენ. ნანობენ, რომ საეკლესიო კალენდარს არ ჩახედეს. დარჩიაშვილმა, სიმბოლოები არ გვიტაცებსო, მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ 6 მაისს აჭარის ასლან აბაშიძისაგან გათავისუფლებაც დამთხვევა იყო გიორგობის დღესასწაულთან? ნუთუ დამთხვევაა 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებაც?