"ხალხო მოემზადეთ, საქართველოში პატიოსნების დრო მოდის! ჩვენ დავასრულებთ საბჭოეთის ეპოქას, უსამართლობასა და უნამუსობას"

"გუშინ მთელი საქართველოს ყურადღება ბათუმისკენ იყო მიპყრობილი, სადაც "ქართული ოცნების"აქცია გაიმართა. აქციის წინა დღეს სერიოზული ინციდენტი მოხდა აჭარაში - შაბათს სოფელ ბეშუმში შუამთობა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. არადა, პრეზიდენტს შატილშიც ელოდნენ, ხევსურეთში იმავე დღეს სახალო დღესასწაული შატილობა იმართებოდა. პრეზიდენტის პარალელურად ბეშუმში ავიდა ბიძინა ივანიშვილიც. მასთან ერთად "ქართული ოცნების" სხვა მომხრეებიც იყვნენ. მეოცნებეთა მცდელობა, შეხვედროდნენ მოსახლეობას, კრახით დასრულდა. ივანიშვილი და მისი მომხრეები ნაცინალებმა ალყაში მოაქციეს და ხალხთან მისვლის საშუალება არ მისცეს. ნაციონალებსა და მეოცნებეებს შორის შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა. ივანიშვილმა მომხრეებს უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამ ინციდენტმა აქციაზე არ იმოქმედა. მართალია, ბათუმში წვიმდა, მაგრამ ამის გამო საოცრებათა მოედნიდან არავინ წასულა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი: "კარგად შემოგვხედოს სააკაშვილმა რამდენი ვართ".

"კარგად შემოგვხედოს სააკაშვილმა, რამდენი ვართ, კარგად შემოგვხედოს ამ მშიშარა კაცმა, რომელიც საკუთარ ხალხს პირისპირ ვერ ელაპარაკება, ზონდერებით გულგამაგრებული ყელყელაობს და უნიჭო წარმოდგენებს მართავს. მეგონა ვეღარ გაგვაკვირვებდა - მან ხომ ყველაფერი იკადრა. მაგრამ იმას, რაც გუშინ მოაწყო, ვერ წარმოვიდგენდი. მინდოდა შუამთობაზე მოვსულიყავი და ხალხისთვის მიმელოცა... დღესასწაულზე ადგილობრივები არ ყოფილან - სახლში იყვნენ შეკეტილი და იქიდან გვიცხადებდნენ მხარდაჭერას. დღესასწაულზე დასასწრებად სხვადასხვა რაიონებიდან გამგეობის თანამშრომლები ჩამოიყვანეს. იქვე იყვნენ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციის თანამშრომლები - ისინი წინ აღგვიდგნენ და მთაზე არ აგვიშვეს, მოხდა შეხლა-შემოხლა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო. იმდენი გააკეთეს, რომ სახალხო დღესასწაული, ნაციონალური მოძრაობის აქციად გამოაცხადეს, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ. სააკაშვილმა რომ გაიგო, იქ ვიყავი, სიტყვა შუაზე გაწყვიტა და კურდღელივით გაიქცა, უფრო სწორად, ვერტმფრენით გაფრინდა", - განაცხადა აქციაზე ივანიშვილმა. მან სააკაშვილი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საბჭოური აზროვნებაც დღემდე არსებობს", აღნიშნავს გამოცემა.

"საბჭოური აზროვნება დღემდე ცოცხალია, ნაციონალები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან მათ. დააკვირდით სააკაშვილს და უზუსტეს მსგავსებას ნახავთ. გააფთრებით გაჰკივის სააკაშვილი - ეგღა მაკლია, ეს ქვეყანა ვინმეს გადავაბაროო - ასეთი განცხადების გაკეთებას ვერც ერთი ქვეყნის ლიდერი ვერ გაბედავს. სააკაშვილი კი საჯაროდ ამბობს, არსად არ წავალო - ასე მხოლოდ საბჭოთა კავშირში იქცეოდნენ", - აღნიშნავს ივანიშვილი. მისი თქმით, არც საბჭოური მექრთამეობა გამქრალა - ეს მექრთამეობა ელიტურმა კორუფციამ შეცვალა. მისი განმარტებით დღეს ბიუჯეტს სამი ადამიანი - სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი განკარგავს. "ჩვენ დავასრულებთ საქართველოში საბჭოეთის ეპოქას, უსამართლობასა და უნამუსობას. ხალხო მოამზადეთ, საქართველოში პატიოსნების დრო მოდის!", - აცხადებს ივანიშვილი. მან აქციის მონაწილეებს შეკრებისთვის მადლობა გადაუხადა და მორიგი აქცია დაანონსა - მეოცნებეები 19 აგვისტოს უკვე რუსთავში შეიკრიბებიან", - დასძენს გამოცემა.

"ბეშუმის ინციდენტის გამო საგანგებო ბრიფინგი გამართა მურმან დუმბაძემ. მან ბეშუმის ინციდენტის მონაწილეები დაასახელა: "ბეშუმის ინციდენტს ძირითადად ხელვაჩაურის საკრებულოსა და გამგეობის და აჭარის შს სამინისტროს თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ. ჩვენთვის მათი ვინაობა ცნობილია. ესენი არიან: ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე, მისი მოადგილე კახაბერ სირაბიძე, ხელვაჩაურის გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ნუგზარ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ლორთქიფანიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს სამაშველო-სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი გია ცისკარიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატყეო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები. ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ შს სამინისტროს კუდ-ის თანამშრომლები: აჭარის კუდ-ის მთავარი სამმართველოს უფროსი თემურ პატარიძე. მისი მოადგილე ალეკო ბალაძე, კუდ-ის ხულოს სამმართველოს უფროსი მინდია ყურშუბაძე, კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმი, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმი", - განაცხადა რომან დუმბაძემ, რომლის თქმით, გზის ჩახერგვას ხელმძღვანელობდა სამთავრობო დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ვახტანგ კაზაზიშვილი და ხულოს გამგებელი თემურ ბოლქვაძე", - წერს სტატიის ავტორი.