სააკაშვილი ოკუპანტებს

სააკაშვილი ოკუპანტებს "მოდელირებულ აგრესიაზე" შეუთანხმდა?!

"ზუსტად იგივე ხდებოდა 2008 წელს, მაგრამ ამჯერად ვითარება თვისებრივად განსხვავებულია. თუ მაშინ ასეთ ქმედებებს საფუძველი ჰქონდა და საომარი ვითარების ელემენტი შეინიშნებოდა, ამჯერად რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პანიკაა. ბავშვი რომ გააჩერო ცხინვალში, გეტყვით, რომ საქართველო მალე თავს დაესხმება. ჩვენ აშკარად ვხედავთ რუსეთის სრულიად ალოგიკურ მზადებას და სამხედრო შენაერთების სამაჩაბლო-საქართველოს პირობით საზღვარზე დემონსტრაციულად ტარებას, იქაც კი, სადაც რუსული სამხედრო ტექნიკა აქამდე არ ყოფილა. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ღრომის ხეობა - საქართველოს საზღვართან ახლოს რუსული შენაერთების ტრიალი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ახლა რატომღაც განსაკუთრებული პანიკა ატყდა. საკითხავია, რატომ?" - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა არეშიძე: "ხელოვნურად იქმნება პანიკა - არიქა, რუსი მოდისო!~ /, რომელსაც მოდელირებული აგრესიის ფორმა აქვს"

"დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ქართულ და რუსულ მხარეს შორის მოლაპარაკების შედეგია საქართველოში წინასაარჩევნო აჟიოტაჟის შესაქმნელად, არიქა, რუსი მოდისო! -27 ივლისს, შუადღისას, მოსახლეობის თვალწინ, სოფელ დიცსა და ერედვს შორის ქართველი და რუსი მაღალჩინოსნები შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ოკუპანტებთან პურობით, მწვადების შეწვითა და რიარიით დასრულდა. ქეიფისთვის სპეციალურად კარავიც კი გაშალეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ორი რუსი პოლკოვნიკი და ორი სამოქალაქო პირი, რომელთაც ახლდა გორის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ტრამაკიძე. ადგილობრივი პოლიციელები ოკუპანტ რუსებს ემსახურებოდნენ, მწვადებს უწვავდნენ და იყვნენ ერთ ბზრიალ-ტრიალში! სწორედ ოკუპანტებთან ამ შეხვედრამ აღმიძრა ეჭვი, რომ საქმე მთლად სუფთად ვერ არის. შეიძლება შეხვედრის მიზანი ვითარების გარკვევა იყო - რატომ გააქტიურდნენ საჯარისო შენაერთები და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი ამ შეხვედრის "გასაპრავებლად", მაგრამ ამის არ მჯერა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ის, რაც დღეს ხდება, მაღალ დონეზე შეთანხმებული ფსევდოოპერაციაა, რომელსაც მოდელირებული აგრესიის ფორმა აქვს. ლოგიკურად, რუსეთს სამხედრო აქტივობა არ სჭირდება საქართველოში. რუსეთის აგრესია სავარაუდოდ, მოსალოდნელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანის პრობლემა გაღრმავდება და ირანის ინტერვენცია მოხდება. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ნოემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ამერიკაში არჩევნები დასრულდება. რუსეთი ოკუპანტია და საბაბს ეძებს სამხედრო მოქმედებისთვის, მაგრამ არა ახლა. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში ვიღაცამ რუსეთის აგრესიის მოდელირება და მტრის ხატის შექმნა გადაწყვიტა. ზოგიერთი ფსევდოოპოზიციური პარტიის გამოსვლა სწორედ ამის დამადასტურებელია", - განმარტავს ექსპერტი.

"ისტერიკის იმიტაციით ქმნიან ფონს, თითქოს რუსეთი საქართველოზე შეტევისათვის ემზადება. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რუსეთის აგრესია მოსალოდნელია ოქტომბერში, სექტემბერში დაწყებული წვრთნების ფონზე. ახლა კი რატომღაც გადმოსწიეს მოდელირებული თავდასხმის ვადა, - ხან ოქტომბერს ასახელებენ, ხან აგვისტოს. ყველაფერი კეთდება, რომ ხალხი დაშინდეს, რომ ის მოიმოქმედონ, რაც სურთ და ეს რუსეთის აგრესიის საფრთხით გაამართლონ", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "დავუშვათ, ეს ხელს აძლევს ქართულ მხარეს, მაგრამ რაში ენაღვლება რუსეთს?", პასუხობს:

"ნუ გამორიცხავთ, რომ საოკუპაციო ჯარის ხელმძღვანელობა საკუთარი ინიციატივით აკეთებდეს ამას საქართველოს ხელისუფლების მიერ გადახდილი ფულის სანაცვლოდ. საოკუპაციო რეჟიმს ახასიათებს ავტონომიურად მოქმედება. ამის საილუსტრაციოდ ბორისოვისთვის გადახდილი თანხებიც კმარა. ბორისოვმა ჩვენი ხელისუფლების თხოვნით ბევრი ისეთი დავალება შეასრულა, რაც რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას არ მოუთხოვია. აჟიოტაჟის იმიტაციის შექმნის გადაწყვეტილება შესაძლოა საოკუპაციო ჯარის ხელმძღვანელობამ ინდივიდუალურადაც მიიღო ფინანსური სარგებლის მისაღებად. მეტსაც გეტყვით, ცხინვალში შექმნეს ფონი, რომ მოსახლეობამ ასე იფიქროს. რამდენიმე ჟურნალისტს რუსმა სამხედროებმა მისცეს ინფორმაცია, რომ საქართველო ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთზე დარტყმას აპირებს".

"ამ ეტაპზე ეს აჟიოტაჟი ფსიქოლოგიური ფონის შექმნას ემსახურება - საქართველოზე რუსეთის თავდასხმის იმიტაციით ვითარების დაბევება აქვთ გადაწყვეტილი, რომ მოახერხონ არჩევნების გადატანა, ლიკვიდაცია, სხვა ტიპის რეჟიმის შექმნა და ა.შ. არ გამოვრიცხავ ჩვენი ხელისუფლებისგან ისეთი ტიპის პროვოკაციასაც, რომ მართლა დაიწყოს საომარი მოქმედებები, მაგრამ ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების ინსპირირებული დანაშაული. არასოდეს მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ომი რუსებმა დაიწყეს, უბრალოდ, აქ იყო ხალხი, რომელთაც ეს უნდოდათ. მათ დაგებულ ხაფანგში შეგნებულად გაყვეს თავი. ახლა პირიქით შეიძლება მოხდეს და პროვოცირება ჩვენმა ხელისუფლებამ მოაწყოს იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს და როგორმე დარჩეს ხელისუფლებაში", - დასძენს მამუკა არეშიძე,