დიმა ჯაიანი:

დიმა ჯაიანი: "მერაბიშვილს ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი ეცვა და ფრატუნით დადიოდა"

"ერთადერთი სახალხო არტისტი ვიყავი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი არ ეხმარებოდა, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, ამით განვსაზღვრო მისი სიკარგე. ფულის შოვნის ნიჭი არასდროს მქონია და არც მექნება. არც მჭირდება. ჩემთვის ფული არ არის ბედნიერების საზომი. ბედნიერი ვარ, როცა რეგიონებში ჩემს მეგობრებთან ერთად დავდივარ და ჩემს მეომარ, თავგანწირვისთვის მზადმყოფ ქართველებს ვუყურებ, როცა ისინი თვალებწამონთებული ამბობენ, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. დეპუტატობაც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, იმიტომ, რომ პოლიტიკა კი არა, ქართველობაა მთავარი. ეს ხელისუფლება ყველაზე მთავარს გვართმევს და ამიტომ უნდა წავიდეს", - ამბობს ჩვენთან საუბარში სახალხო არტისტი დიმა ჯაიანი. მსახიობი "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად რეგიონებში მოსახლეობას ხვდებოდა, რათა, მისი თქმით, საზოგადოების აზრი მოესმინა.

- კარგა ხანია ჩემს საყვარელ საქმეს ჩამომაშორეს, საშიში პიროვნება აღმოაჩინეს ჩემში და გამათავისუფლეს. 18 წელი სოხუმის თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი, მაგრამ ერთ დღესაც გადაწყვიტეს, რომ საჭირო აღარ ვარ, რადგან იცოდნენ, რომ მათ მიერ ჩაფიქრებულ მზაკვრობაზე არ წავიდოდი და ამიტომაც დამტოვეს ფარდის მიღმა, - არა უშავს, ძალიან ცოტა ხანი იქნება ასე. მთავარი ჩემი გათავისუფლება არ არის, საქართველო და აქ მცხოვრები ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ. საზოგადოება თავისუფლად უნდა ცხოვრობდეს, თავისუფლად წეროს, იკითხოს, ტელეფონზე ისაუბროს... დღეს საშინელება ხდება. რეგიონებში დავდივარ და რეალობას კარგად ვგრძნობ.

- "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად დადიხართ?
- დიახ, კოალიციის წევრი არ ვარ, მაგრამ მისი ეგიდით დავდივართ. საერთო სახალხო წინააღმდეგობრივი მოძრაობის წევრი ვარ, რომელიც მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" და რამდენიმე ცნობილ ადამიანთან ერთად მეც დავდიოდი მათთან ერთად. იცით, როგორ უჭირს ხალხს? სულს ღაფავენ, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ყველაფერი შეიცვლება, ლამის აქეთ გვამხნევებდნენ.

- გავრცელდა სიუჟეტები, სადაც ჩანს, რომ რეგიონის მოსახლეობა აგრესიულად გხვდებათ...
- დიახ, მართალი ხართ, თუ ჩავთვლით, რომ ყველა შეხვედრაზე ადგილობრივი ხელმძღვანელობა რამდენიმე კუნთმაგარ ბიჭს გვახვედრებს, მათ შორის ათამდე მთვრალი კაცი და ორი ჰიპერაქტიური ქალბატონია. ეს არის ამრევი ჯგუფი, რომლებიც როგორც კი დაგვინახავენ, მაშინვე იქ გაჩნდებიან...

- სამთავრობო ცვლილებები როგორ აისახა რეგიონებზე?
- უარყოფითად, არ დამავიწყდება რუისის შეხვედრა, იმ დღეს ძალიან ბევრი ხალხი იყო. ზონდერბრიგადები შორიახლოს იდგნენ, მაგრამ მოსვლა ვერ შემობედეს. ამის უფლება ხალხის განწყობამ არ მისცა. ხალხს უამრავი სატკივარი ჰქონდა, ყველა ის პრობლემა აწუხებთ, რაც დანარჩენ საქართველოს, მაგრამ განსაკუთრებით - ერგნეთის ბაზრობა, ხალხს ტონობით ბოსტნეული დაულპა, რადგან მისი რეალიზაცია ვერ შეძლეს... მატერიალურს მორალური სტრესიც ემატებოდა, ძალიან განიცდიდნენ, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. რომელი ერთი ჩამოვთვალო, განსაკუთრებით თბილისში ჩატარებულ "გეიაღლუმზე" ჰქონდათ მწვავე რეაქცია. კი ბატონო, სადაც უნდათ იქ შეიკრიბონ, რომელ რესტორანშიც უნდათ იქ შევიდნენ, მაგრამ ჩვენ იქ აღარ შევალთ და თავიანთ უკუღმართ ცხოვრებას თავზე ნუ გვახვევენო. ჩემი პოზიციაც ასეთია. ჩემი უსაყვარლესი მომღერალი იყო ელტონ ჯონი. მისი სიმღერების ორასზე მეტი ფირფიტა მქონდა, მაგრამ როცა მისი "გათხოვების" ამბავი გავიგე, ყველა გადავყარე. როგორ უნდა მოვუსმინო იმ კაცის ნამღერს, რომელიც კაცთან ცხოვრობს?! არ მინდა, ჩემს ქვეყანაში ასეთი რამ ხდებოდეს და ამაში განსაკუთებულს ვერაფერს ხედავდნენ. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას არ უნდა, მისმა შვილმა და შვილიშვილმა კაცი მოიყვანოს ცოლად...

- ალბათ აცნობიერებთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლებას ადვილად არ დათმობს...
- ვიცი, ამიტომაც ვმუშაობთ ასე თავდაუზოგავად. მე ვიცი, როგორია ამ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება რეგიონებში და ზოგადად საზოგადოებაში და თუ ამის გაყალბებას შეეცდებიან, ხალხი ამას არ აპატიებს... კეთილი ინებოს ყველა საელჩომ და "ენდიაის" წარმომადგენელი საქართველოდან გააძევოს. როგორ ბედავს და სულში აფურთხებს ქართველ ხალხს, 86% უჭერს მხარსო?.. მე ხომ ჩემი თვალით ვნახე, რა ხდება ქართულ სოფლებში, რატომ ბედავს ამხელა ტყუილს? მაშინ, როცა სახელისუფლებო გუნდს ხალხი ვერ იტანს. უფრო სწორად, ეზიზღებათ. ამ ასაკამდე ისე მოვედი, ცხოვრებაში არავინ შემზიზღებია, იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ მომწონდნენ, ქრისტიანი კაცისთვის ესეც ცოდვაა, მაგრამ ასე იყო და ვაღიარებ. მაგრამ როგორ შეიძლება გიყვარდეს მინაშვილი, ძმები კუბლაშვილები, გოგორიშვილი, ბოკერია ან ახალაიები? მიშაზე არაფერს ვამბობ...

- არც ვანო მერაბიშვილზე ამბობთ არაფერს...
- მისი უწყების თანამშრომლებს საშინელებები აქვთ ჩადენილი, რამდენი ადამიანის მკვლელობა აწევს კისერზე, მაგრამ დანარჩენებს მაინც სჯობს თითქოს. მასთან ერთად ოთხი წელი ვიმუშავე პარლამენტში და არაფრით გამორჩეული პერსონა იყო. მისი პარტიის წევრებიც კი აგდებულად ეპყრობოდნენ, ბევრჯერ უთქვამთ, წადი ერთი, ბორჯომი მომიტანეო. ყოველთვის მებრალებოდა, ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი ეცვა და ფრატუნით დადიოდა. მუდოსავით იჯდა და თავი ქაღალდებში ჰქონდა ჩარგული, მაგრამ ეტყობა, ჭკუა ჰქონდა. ახლა გაილაღა, ცნობილი ბრენდის ფეხსაცმელები აცვია... ლაპარაკი ყოველთვის უჭირდა, მაგრამ ახლა გამოიბრძმედა. სტიქიით დაზარალებულებს რომ შეხვდა, მაშინ ვუსმინე, რაც იყო, იმას ბევრად ჯობს.