"ემიგრანტები საქართველოს მთავრობას საჩუქრად სატელიტურ თეფშებს სთავაზობენ, თუმცა დათანხმდება თუ არა ხელისუფლება ამ შემოთავაზებას, ჯერჯერობით უცნობია. არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა გუშინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილით მიმართეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 50 000 სატელიტური თეფშის ეპოპეა / მოგელაძე უკვე დაყადაღების გეგმას ადგენს, დარჩიაშვილი კი ემიგრანტთა მიმართვას "უტაქტო წერილად" მიიჩნევს.
"უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მხარს ვუჭერთ ყველა დადებით მოვლენას, მაგრამ ზუსტად ასევე გვაღელვებს ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად იჩენს თავს. ასეთად მიგვაჩნია ხელისუფლების მიერ სატელიტური თეფშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაჩაღებული კამპანია, რომელსაც ჩვენი აზრით არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებთან. მიგვაჩნია, რომ სატელიტური თეფშების დაყადაღება ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის პრევენციის მოტივით არ შეიძლება იყოს გამართლებული და დასავლურ, ევროპულ ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. სატელიტური თეფში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რასაც საპარლამენტო არჩევნების წინ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს", - ნათქვამია პრეზიდენტის სახელზე მომზადებულ მიმართვაში. ემიგრანტების ამ შეთავაზებას გუშინვე უარყოფითად უპასუხა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩემი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა - ასეთი წერილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ "გლობალ ტივის" უკან პოლიტიკური ძალა იდგა. ეს არის უტაქტოდ დაწერილი წერილი, იმიტომ რომ მერიის მიერ ინტერნეტსივრცის გაფართოებას შეადადარო პოლიტიკაში მოსული კერძო მილიარდერის მიერ ქონების დარიგება და ამაში დემოკრატიის შეზღუდვა დაინახო, ეს მინიმუმ, უტაქტოდ დაწერილი წერილია", - აღნიშნავს დარჩიაშვილი. როგორც "რეზონანსს" "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის" ლონდონის ოფისის ხელმძღვანელმა ნანა ელიოტმა უთხრა, სატელიტური ანტენების საჩუქრად გამოგზავნის სურვილი 16 ქვეყნის ემიგრანტებს აქვთ. თუმცა დათანხმდება თუ არა ხელისუფლება მათ შემოთავაზებას, ელიოტმა ჯერ არ იცის", - დასძენს გამოცემა.
"ემიგრანტთა არასამთავრობო ორგანიზაციები კოალიციად 25 ივლისს ჩამოვყალიბდით და ბრიუსელში კონფერენციაც გვქონდა. გაერთიანება იმ ერთი იდეის გამო მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს დავხმარებოდით. საზღვარგარეთ მილიონზე მეტი ქართველი იმყოფება და მათ უმრავლესობას ამ დახმარების სურვილი აქვს. დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება ჩვენს შემოთავაზებას, ვერ გეტყვით, თუმცა იმედი ნამდვილად გვაქვს - ევროსტრუქტურების მეთვალყურეობის ფონზე შესაძლოა ასეც მოხდეს. ელემენტარული რამეა - ინფორმაციის მიწოდებაზეა საუბარი, ეს ფუფუნება ხომ არ არის?! როგორც ჩანს, უკვე მიიჩნიეს, რომ ხელისუფლებისთვის ასეთი შემოთავაზება მიუღებელია - დარჩიაშვილის განცხადება შეთანხმებული იქნებოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ჩვენი შემოთავაზების მიღებას არ აპირებს, რაც ძალიან გულსატკენია. გამოდის, ემიგრანტების შემოთავაზება არაადეკვატურად მიიღეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა ელიოტი.
"თუ ხელისუფლება არ დათანხმდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ანტენებს ვერ შემოვიტანთ. არანაირი საშუალება არ გვაქვს, ჩვენ თვითონ დავარიგოთ და დავამონტაჟოთ ეს სატელიტური თეფშები. ამიტომ ვთხოვეთ ხელისუფლება დახმარება. სამწუხაროა, რომ რაც ხელისუფლების ინტერესებში არ ჯდება, ყველაფერი ოპოზიციურ წინადადებად მოისაზრება. თუ თბილისში ადამიანი "მაესტროს" უყურებს, ეს ნიშნავს, რომ მოსყიდულია და რეგიონებში ვინც ვერ უყურებს, მოსყიდულები არ არიან?! - ეს ჩვენთვის გაუგებარია და პასუხს ათი დღის ვადაში ველოდებით. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ განცხადებების გაკეთების შემდეგ ხელისუფლება არ აპირებს, ჩვენს წინადადებას დათანხმდეს. ჩვენი ინიციატივა ასე არაადეკვატურად რომ ფასდება, ყველაზე მეტად გულსატკენი ეს არის", - დასძენს ნანა ელიოტი.
"თუ ემიგრანტები, ხელისუფლების უარის მიუხედავად, მაინც გადაწყვეტენ საქართველოში სატელიტური თეფშების შემოტანას, არ არის გამორიცხული, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქმით დაინტერესდეს - ამის შესახებ "რეზონანსს" სახელმწიფო აუდიტის პრესამსახურის უფროსმა ფატი მამიაშვილმა განუცხადა", - წერს სტატიის ავტორი.