"კალაძეები სწორად მოქმედებდნენ, ვიდრე სამართალდამცველებს დაუჯერებდნენ"

კახა კალაძისადმი კარალეთში დასმული კითხვა პროვოკაციულია, განგვიცხადა ინტერვიუს წინ კალაძეების ყოფილმა ადვოკატმა, ამჟამად დევნილმა ზურაბ დგებუაძემ, რომელიც გერმანიიდან დაგვიკავშირდა:

- ალბათ, იცით, რომ კალაძეებმა 2003 წლის ივნისში ცნობილ კრიმინალ ნოდარ გვიჩიანს გამოსასყიდი თანხა 200 ათასი დოლარი გადასცეს, რომელიც მას, თითქოსდა, სვანეთში აფრასიძეებისთვის უნდა მიეტანა. მე ვკითხე კახა კალაძეს: რატომ ენდეთ ცნობილი კრიმინალის საჭვო ინფორმაციას და ამხელა თანხა ისე გადაეცით, რომ სამართალდამცველები საქმის კურსში არ ჩააყენეთ-მეთქი. "მითხრა, რა გვექნა, სამართალდამცველები გვიმტკიცებდნენ, რომ ჩემი ძმა სვანეთში ჰყავდათ წაყვანილი, თანაც ერთი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი - კალაძეებს ფული ენანებათ და დამნაშავეები ბიჭს ამიტომ არ აბრუნებენო.

- ამ დროს ლევან კალაძე ხომ უკვე მოკლული იყო?
- ჯერ კარალეთელი პროვოკატორის კითხვას დავუბრუნდეთ და მისი სიტყვები გავაანალიზოთ -"ძმის გამყიდველო! ფული რომ არ გადაიხადე, ამიტომ მოკლეს შენი ძმა". პროვოკატორის აზრით, კახა კალაძეს გამტაცებლებისათვის ოფლით ნაშოვნი ფული უნდა გადაეხადა - აი, ეს მიაჩნია მას ზნეობრივ საქციელად. სამწუხაროდ, ამ პროვოკატორის ლოგიკას ჩვენს საზოგადოებაშიც აქვს გადგმული ფესვები. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ დაზარალებული დამნაშავის ნებას დაჰყვება. ასეთი საქციელი თავისთავად გულისხმობს დანაშაულის ხელშეწყობას და წახალისებას. წახალისებულ და გათავხედებულ ნაძირალას კი ვეღარ შეაჩერებ - შემდეგ სხვას მოსტაცებს შვილს, დას, ძმას... ჯანსაღ საზოგადოებაში ასეთი აზრი არც უნდა ჩნდებოდეს. თუ დამნაშავე პრობლემას გვიქმნის, დასახმარებლად სამართალდამცველებს უნდა მივმართოთ და არა რიმინალებს.

კრიმინალისთვის დახმარების თხოვნა კი არათუ დამღუპველი, არამედ კანონსაწინააღმდეგოცაა. ასე რომ, კალაძეები სწორად მოქმედებდნენ, ვიდრე სამართალდამცველებს დაუჯერებდნენ - მათ დაარწმუნეს კალაძეები, რომ ვიდრე ფულს არ გადაიხდიდნენ, გატაცებულს არ დააბრუნებდნენ. კალაძეებს მაშინვე რომ გადაეხადათ გამოსასყიდი, არავითარი გარანტია არ არსებობდა, რომ დამნაშავეები ლევანს არ მოკლავდნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითია მარიამ გოგინაშვილის საქმე.

- თქვენ ამ საქმეზეც მუშაობდით...
- დიახ, ვმუშაობდი და კარგად ვიცი საქმის დეტალები. მარიამ გოგინაშვილი ლევანის გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ, 2002 წელს გაიტაცეს. მარიამის მამა პოლიციელი იყო, მან კალაძეების "შეცდომა" გაითვალისწინა, ამიტომაც უყოყმანოდ დათანხმდა გარეწრების მოთხოვნას და დამნაშავეებს 70 ათასი დოლარი დათქმულ ადგილას მიუტანა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შედეგი ანალოგიური მივიღეთ - მარიამ გოგინაშვილი არავის დაუბრუნებია და დღემდე უკვალოდ არის გამქრალი.

- ისევ კალაძის გატაცების საქმეს დავუბრუნდეთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, "სვანეთის ვერსიას" პოლკოვნიკი ბათუ საღინაძეც ემხრობოდა.
- ბათუ საღინაძე ამ ვერსიაზე მართლაც მუშაობდა და ეს ლოგიკურიც იყო. გამოძიებას აინტერესებდა, რას ეფუძნებოდა კრიმინალ ნოდარ გვიჩიანის ინფორმაცია, სად წავიდა კალაძეების მიერ გადახდილი ფული; რა როლს თამაშობდნენ ამ საქმეში აფრასიძეები, კერძოდ - ომეხ აფრასიძე; ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ა.შ. სამწუხაროდ, არც ბატონ ბათუს და არც მე არ დაგვცალდა გამოძიების ბოლომდე მიყვანა. მას შემდეგ, რაც ომეხ აფრასიძემ ბათუ საღინაძესთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, პრეზიდენტის ბრძანებით, სოფელ ეცერში სპეცოპერაცია ჩაატარეს და მნიშვნელოვანი მოწმე ომეხ აფრასიძე მოკლეს.

- ბათუ საღინაძე დააპატიმრეს, თქვენ კი დღეს დევნილი ხართ...
- დიახ, შედეგი ასეთია... ამ საქმეზე მრავალი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. სხვათა შორის, თვითონ კალაძეებსაც შეუძლიათ ბევრ რამეს მოჰფინონ ნათელი. სამწუხაროდ, შეძლეს ჩვენ შორის განხეთქილების ჩამოგდება.

- რას გულისხმობთ?
- 2005 წლის მარტიდან, იმჟამინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან შეთანხმებით, უშუალოდ ვმონაწილეობდი ლევან კალაძის საქმის გამოძიებაში. ჩემი ამოცანა იყო, გამერკვია, რა როლს ასრულებდა ამ საქმეში 200 ათასი დოლარის წამღები გვიჩიანი და ვითომდა ამ თანხის მიმთვისებელი ომეხ აფრასიძე. სულ მალე, მოწინააღმდეგემ შეძლო გატაცებულის მამის, კარლო კალაძის ამხედრება ჩემ წინააღმდეგ და მან კატეგორიულად მომთხოვა, საქმეს ჩამოვშორებოდი.

- კახა კალაძის პოზიცია როგორი იყო?
- კახასთან პრობლემა არ მქონია...

- ამჯერად თუ გაქვთ მასთან ურთიერთობა?
- სამწუხაროდ, არა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონ არ სურს კონტაქტზე გამოსვლა და მის საქციელს ვერ ვხსნი. თვალყურს ვადევნებ კახას გამოსვლებს, სადაც კრიტიკულად და ემოციურად ილაშქრებს უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვინც რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა, მაგრამ არ ახსენებს 74 წლის პოლკოვნიკ ბათუ საღინაძეს, რომელიც 6 წელზე მეტია უკანონო პატიმარია. სასამართლო პრაქტიკაში იშვიათია მსგავსი უკანონობა და ცინიზმი, რაც საღინაძის წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა.

- იქნებ პოლკოვნიკ ბათუ საღინაძის საქმეზეც გვითხრათ რამე. როგორც ვიცი, თქვენ ამჯერად ევროპულ სასამართლოში იცავთ მის ინტერესებს.
- 2011 წლის სექტემბერში ჩავედი სტრასბურში და სახტად დავრჩი, როცა განმიცხადეს, რომ 2008 წლის 30 ივლისს წარდგენილი მე-3 საჩივარი, რომელიც ეხება საღინაძის უკანონო გასამართლებასა და მისთვის პატიმრობის შეფარდებას, ევროსასამართლომ არ განიხილა. ამ საქმის დახურვის მოტივი კი ის არის, რომ ბათალბი საღინაძის ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ თურმე თავის დროზე არ დაუდასტურა ევროსასამართლოს, განაგრძობდა თუ არა მომჩივანი დავას. სასწრაფოდ დავუკავშირდი ადვოკატ მალხაზ პატარაიას, რომელიც ჩემზე არანაკლებ გაოცდა ამ ინფორმაციით. მან მომაწოდა სათანადო დოკუმენტები, რომლებიდანაც ჩანს, რომ დადასტურება მას გაგზავნილი ჰქონდა. შესაბამისად, თანდართული მტკიცებულებებით გავგზავნე საჩივარი სტრასბურში. გარკვეული დროის შემდეგ სტრასბურიდან სრულიად სხვა შინაარსის პასუხი მივიღე. ადვოკატ მალხაზ პატარაიას 2010 წლის 2 სექტემბრის წერილზე, რომელშიც ევროპული სასამართლო ითხოვდა, გასაგებად აეხსნა, სურდა თუ არა საღინაძის საქმეზე 2008 წლის 30 ივლისის საჩივრის ცალკე საქმედ რეგისტრაცია, პასუხი არ გაუციაო.
ამჯერად ბატონ მალხაზს ევროსასამართლოს ეს პასუხი გავუგზავენე.

- რა გიპასუხათ ბატონმა მალხაზმა?
- გადაირია კაცი! გამოდის, რომ საღინაძის მტერი ვყოფილვარ და არა ადვოკატი, ასეთი წერილი რომ მიმეღო, რეაგირების გარეშე როგორ დავტოვებდიო. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცები სტრასბურშიც ცდილობენ ბათუ საღინაძის სკანდალური საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განხილვის საგნად არ იქცეს.

- ვისგან და რატომ მოდის დიდი წინააღმდეგობა?
- მავანმა ძალიან კარგად იცის, რომ უდანაშაულო პოლკოვნიკი, რომელიც მაფიის მსხვერპლია, აუცილებლად გამართლდება. ამ მაფიას სათავეში საქართველოს პრეზიდენტი უდგას, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ უშუალოდ მისი ბრძანებით დახოცეს აფრასიძეები და ამას ერთი წამითაც არ ნანობს.