„უდესიანები“ ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებენ

„უდესიანები“ ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებენ

სპორტის დამსახურებული ოსტატი და მწვრთვნელი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტების წარუმატებელ გამოსვლას მწვრთვნელებისა და ფედერაციის არასწორ მუშაობას უკავშირებს.  

მისი თქმით, მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ ზაიზენბახერმა არასწორად დაგეგმა მოსამზადებელი პერიოდი, უხეში შეცდომები დაუშვა სპორტსმენების ფიზიკური მომზადების კურსში, გუნდის წევრები ზედმეტად დატვირთა და გადაღალა ხანგრძლივი მოგზაურობითა და არაფრისმომცემ ტურნირებზე გამოსვლით.

„ეს არის პასუხისმგებლობა თვითონ მწვრთვნელის და ოლიმპიური კომიტეტის, ფედერაციასთან და სამინისტროსთან ერთად. არ ვიცი, პიტერ ზაიზენბახერს ურეკავდა თუ არა ვინმე და ახდენდნენ თუ არა მასზე პოლიტიკურ ზეგავლენას, მაგრამ ერთი წლის წინ თავად მწვრთვნელის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შევაფასეთ. მოგვიანებით ისევ ისე გაგრძელდა მისი მოღვაწეობა და ასეთი ლოგიკური შედეგი მივიღეთ“, - აცხადებს შოთა ხაბარელი For.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, საქართველოში საუკეთესო მწვრთვნელები გვყავს. ამდენად, პირადად მას ყოველთვის მიაჩნდა, რომ პიტერ ზაიზენბახერის ავსტრიიდან ჩამოყვანა შეცდომა იყო.

„ადრეც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ საქართველოში მისი ჩამოყვანა ყველაზე დიდი შეცდომაა. გარდა ამისა, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისთვის. ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები ხელს უშლის სპორტსმენს და რაც უმუშავია, ყველაფერი წყალში ჩაიყრება ამ ზემოქმედების გამო. სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს. დღეს სპორტი პოლიტიზირებულია. ამიტომ, თუ სპორტი პოლიტიკას ჩამოშორდება, ყველაფერი თავის ადგილას იქნება“, - გვითხრა ხაბარელმა.

მისივე განმარტებით, ის, რომ ლონდონში შედეგს მხოლოდ ერთმა ძიუდოისტმა - ლაშა შავდათუაშვილმა მიაღწია, ყველაზე ნაკლებად არის უშუალოდ სპორტსმენების ბრალი.

ჭიდაობაში ხუთგზის ევროპის ჩემპიონი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ღირსების ორდენის კავალერი, ვახტანგ გორგასლის III და II ხარისხის ორდენის კავალერი, სპორტის რაინდი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ლუკა კურტანიძე For.ge-სთან საუბარში იმ უსამართლობაზე საუბრობს, რომ ოლიმპიადაზე გასაგზავნი დელეგაცია პოლიტიკური ნიშნით კომპლექტდება და არა ერისთვის საამაყო სხვადასხვა სფეროს ადამიანებით, როგორც ეს წინათ ხდებოდა.

„სპორტსმენის ფსიქოლოგიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მან სახელმწიფოებრივი მოვალეობა უნდა შეასრულოს არენაზე და ვიწრო პარტიული აზრის გატარებას არ უნდა შეეცადოს. სპორტი ის სახეობაა, სადაც სხვადასხვა მრწამსისა და პოზიციის ადამიანებს წლების განმავლობაში ვაერთიანებდით. დღეს კი, თუ სპორტსმენი საერთაშორისო არენაზე გაიმარჯვებს, ეს ე.წ. პრეზიდენტის საკუთრებაა, ამ ხელისუფლების საკუთრებაა და მხოლოდ ისინი უნდა ზეიმობდნენ. ამ რვა წლის მანძილზე, რაც ეს ავადმყოფი ხელისუფლება მოვიდა, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყველა სპორტის სახეობაში, რომელიც განთქმული იყო გვერდში დგომითა და თანამებრძოლობით, შუღლი შეეტანათ. გუნდი, რომელიც ერთი ოჯახი უნდა იყოს, ერთმანეთს დაუპირისპირეს. ჩვენ ვიცით მრავალი შემთხვევა, როცა გუნდი ორად გაიყო - მწვრთვნელებს დაუპირისპირდნენ სპორტსმენები და პირიქით. ამ დაყოფილ სპორტსმენებს კი მმართველი გუნდი თავისი მიზნებისთვის იყენებდა, რაც დაეტყო კიდეც ოლიმპიადების შედეგს“, - აცხადებს ლუკა კურტანიძე.

მისი აზრით, ამჟამინდელი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი სააკაშვილის ჩემპიონი კი არ არის, არამედ ის მთელი საქართველოს ჩემპიონია. მთელმა საქართველომ უნდა გაიზიაროს მისი სიხარული და არა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც, ლუკა კურტანიძის შეფასებით, უკვე დალპა თავისი ფსიქოლოგიით.

რაც შეეხება ბეთქილ შუკვანს, ლუკა კურტანიძის თქმით, მას თავიდანვე აგრძნობინეს, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო იგი ზედმეტი იყო და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა. მეტიც, ლუკა კურტანიძეს ეეჭვება, რომ ქართულმა დელეგაციამ გამიზნულად არაფერი გააკეთა და მსაჯის უსამართლობა არ გააპროტესტა.

„მრავლად გვაქვს ასეთი მაგალითი და შეიძლება, ქართული დელეგაციის წევრებმა სპორტსმენს ხელი შეუშალეს, რომ მას არ მოეპოვებინა გამარჯვება, რადგან იგი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რომელიც, თავის მხრივ, ამ ხელისუფლების მომპალ ძირს აღიარებს მთელ მსოფლიოში. მე მგონია, დელეგაციის ეს წევრები ციხეში უნდა იყვნენ, ძალიან მალე შეიცვლება ხელისუფლება და უდესიანები უმკაცრესად დაისჯებიან. ისინი ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებენ და, ამისთვის, ნებით თუ უნებლიეთ, გარკვეული ჯგუფები ჩაითრიეს. უდესიანის გასაკიცხი რა სჭირს შუკვანს?! ბინძური ადამიანი როგორ უნდა აგინებდეს იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერენ?! რა გაუკეთებია იმის ფასი, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმეებს შეედაროს?! ეს ადამიანი აუცილებლად მოხვდება ციხეში, თუ თავისი უგუნური ცხოვრებით ციხემდე მიაღწია“.

ლუკა კურტანიძის აზრით, ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით გასული ადამიანები გმირები არიან და ამ გმირების ბედი ვიღაც უგუნური ადამიანების კარნახით არ უნდა წყდებოდეს.

„დელეგაციაში გონებადაბნელებულ ხალხს რა უნდა?“ - კითხვას სვამს ლუკა კურტანიძე და მიიჩნევს, რომ დელეგაცია უნდა დაკომპლექტდეს ადამიანებით, რომლებიც მაგალითები არიან სპორსტმენებისთვის არა მარტო სპორტში, არამედ მეცნიერებაში. ესენი არიან ინტელიგენციის წარმომადგენლები და არა ზონდერბრიგადების ხელმძღვანელები.

„კომუნისტების დროს ყველაფერი ცუდი კი არ იყო?! ოლიმპიური დელეგაცია ნებისმიერი სფეროს წარმატებული ადამიანებით კომპლექტდებოდა. ეს სწორი მიდგომა იყო. ახლა თუ არ ხარ ნაცმოძრაობის მომხრე, რაც არ უნდა ლეგენდარული  ადამიანი იყო, მიუღებელი ხარ. დიდი მაგალითები გვაქვს -ნონა გაფრინდაშვილი, ზვიადაური, ხაბარელი, თედიაშვილი, ამათთვის ყველანი მიუღებლები გახდნენ, ისინი თურმე აგენტები ყოფილან. სამაგიეროდ, გათახსირებული ხალხი გახდა ამ ხელისუფლების მისაბაძი და ყველაფერს აკეთებენ მათი რეკლამირებისთვის. შეიძლება, დღეს ამაზრზენი ცხოვრების მქონე ადამიანი ვასკვლავი იყოს. ამას თავისი არხებით გვაყურებინებენ, რაც ალპობს ჩვენს სულიერებასა და ღირებულებებს“.

ლუკა კურტანიძის თქმით, იმ დროს, როცა ყველა ქვეყნის დელეგაცია ყველაფერს აკეთებს, რათა ოლიმპიურ თამაშებში საუკეთესოდ წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა,  ჩვენი დელეგაციის ზონდერხელმძღვანელები ოლიმპიურ თამაშში მონაწილე ადამიანს მისდევენ, აშინებენ და ემუქრებიან. არადა, 4 მილიარდზე მეტი ადამიანია ჩართული ამ თამაშებში მთელი მსოფლიოდან.

ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ზურაბ ზვიადაური For.ge-სთან კომენტირებისას აცხადებს, რომ ოლიმპიადას წარმატება თუ წარუმატებლობა ყოველთვის ახლავს. უფრო მეტიც, შეიძლება, ძალიან კარგად მოემზადოს სპორტსმენი, მაგრამ შეცდომა დაუშვას, ან რაღაც მოხდეს, ან შეიძლება, მწვრთვნელის ბრალიც იყოს.

ზვიადაურის თქმით, ვარლამ ლიპარტელიანისა და ბეთქილ შუკვანის იმედი მათ ყოველთვის ჰქონდათ. თუმცა, სამწუხაროდ, გამგზავრების წინ ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს ბიჭებმა, ამიტომაც კარგად ვერ გამოვიდნენ ოლიმპიურ თამაშებზე.

„ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ბეთქილ შუკვანი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. დღესდღეობით არავის უჭირს ასეთი ამბის გაგება. ყველასთვის ნათელი იყო, რომ შუკვანი მას შეხვდა. კარგად ვიცით, თუ ვინმე ახსენებს „ქართულ ოცნებას“, მას ხელისუფლებისგან პრობლემა ექნება და მასზე ზეწოლა ხორციელდება. შუკვანსაც ასე მოექცნენ. თვითმფრინავში მას შეურაცხყოფა მიაყენეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერზე მოქმედებს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიაზე. გარდა ამისა, ალბათ, ნახეთ, როგორ ჰქონდა თითი. ძიუდო ისეთი რამაა, ასეთ დროს ვერანაირად ვერ იჭიდავებ. შეტრიალდა და მსაჯს აჩვენა, რომ თითი სტკიოდა. როდესაც თითი გაფუჭებული გაქვს და მსაჯს მიმართავ, შეხვედრა უნდა გაჩერდეს. მსაჯმა კი არ გააჩერა, თუმცა მანამდეც დაუკარგეს ორი გდება, როცა შეიძლებოდა, მანამდე დამთავრებულიყო შეხვედრა“.

ზურაბ ზვიადაური მიიჩნევს, რომ შუკვანის წარუმატებლობა პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. ამას მოჰყვა ლაპარაკი უდესიანთან. ზვიადაურს უკვირს, საერთოდ, რა უნდოდა უდესიანს იქ, თავის ე.წ. ზონდერბრიგადებთან ერთად?!

რაც შეეხება მწვრთვნელს - პიტერ ზაიზენბახერს, ზურაბ ზვიადაური იხსენებს, რომ  ზაიზენბახერზე ზეწოლა თავის დროზეც ხორციელდებოდა.

„მეც მოვესწარი იმ დროს, როდესაც ზაიზენბახერთან ერთად ვიყავი მწვრთვნელი. სიმართლე გითხრათ, ის ძალიან კარგად ატარებდა წვრთვნებს, ოღონდ მას ჰქონდა პრობლემები. ამ ყველაფერში ხელისუფლება ერეოდა. მოგეხსენებათ, პოლიტიზირებულია ძიუდო, როდესაც მე ვიყავი მწვრთვნელი მასთან ერთად, ზაიზენბახერზე იყო ზეწოლა, რეკვა... ჩემი ყურით გამიგონია, რომ ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, გინდა თუ არა, ეს სპორტსმენი უნდა წაიყვანო შეკრებაზე, ოლიმპიადაზე. ვერ აკეთებდა ეს ადამიანი იმას, რაც თვითონ სურდა. სპორტის სამინისტროდან მას პირადად მინისტრი ურეკავდა“, - იხსენებს ზურაბ ზვიადაური.