"Wall Street Journal"-მა ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოაქვეყნა, სახელწოდებით - "როგორ ავაშენებდი მშვიდობას კავკასიაში".
როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წერს, 8 აგვისტო წელს მეოთხედ აღინიშნება, როგორც ხანმოკლე, მაგრამ ძალადობრივი ომი რუსეთსა და საქართველოს შორის, რაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის რუსეთის მიერ ოკუპირებამდე მივიდა. "სამწუხაროდ, განვლილმა წლებმა საბოლოო მშვიდობა ვერ მოიტანა", - ამბობს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ადარდებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგან კონფლიქტი ემუქრება ევროპისა და ამერიკის მზარდ ინტერესებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
"ჩვენ აღარ ვართ იზოლირებული, მთიანი ქვეყანა. ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჩვენ გვაქცევს განახლებული ურთიერთობების ცენტრად რუსეთისა და ცენტრალური აზიის ურთიერთობაში ირანთან, თურქეთთან და დასავლეთთან. აქ არის უდიდესი პოტენციალი იმისათვის, რომ გავლენა მოხდეს ენერგორესურსების მიწოდებაზე. რუსეთი განაგრძობს ისტორიული მტრობის ქექვას იმისათვის, რომ შეარყიოს ისეთი ქვეყნების ბალანსი, როგორიცაა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ თამაშობს. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ასწია ფსონი უსაფრთხოების დასამარების ისეთი გამონათქვამების გამოყენებით, როგორიც არის საქართველოსა და რუსეთს შორის "ახალი ბერლინის კედლის" რღვევის დაპირება", - ამბობს ივანიშვილი.
მისი თქმით, საბედნიეროდ, საქართველოს შეუძლია აირჩიოს ახალი ხელისუფლება 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გზით. ივანიშვილის განცხადებით, არჩევის შემთხვევაში, მისი კოალიცია, "ქართული ოცნება" შეწყვეტს ცივი ომის რიტორიკას და იმუშავებს უკეთესად, რათა განმუხტოს ფეთქებადი სიტუაციის გამომწვევი ნამდვილი მიზეზები რეგიონში.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ფოკუსირებას დემოკრატიაზე მოახდენს. "დღესდღეობით საქართველოს არ ჰყავს ფუნქციონარული სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ტვირთად გვაწევს უცვლელი, ერთპარტიული, ავტორიტარული მოდელი. წარსულში სუსტი და დანაწევრებული ქართული ოპოზიციის ქმედებები უხეშად იყო ჩახშობილი, სწორედ ამიტომ, მე, როგორც კერძო მოქალაქე, დავეხმარე 6 პარტიას, რომ გაძლიერებულიყო კოალიცია "ქართული ოცნების" საშუალებით", - ამბობს ივანიშვილი.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" აპირებს იქონიოს მჭიდრო თანამშრომლობა დასავლეთთან, აღიარებს რა დასავლური ფასეულობების ღირებულებას. "ჩვენ ვისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროატლანტიკური ინსტიტუტების მნიშვნელოვანი ნაწილი. ისევე, როგორც ამჟამინდელი მთავრობა აცხადებს ამას, ჩვენც ვართ მოტივირებული, რომ გავათავისუფლოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ასევე, ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს მეგობრებთან ერთად შევქმნათ ძლიერი თავდაცვის სისტემა, მაგრამ აქ მთავრდება ჩვენი მთავრობასთან თანხვედრა. ჩვენ ვიქნებით რეალისტურები საქართველოს შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო არის პატარა რეგიონული ძალა, ძალიან საშიშ სამეზობლოში და მყარი მომავალი ვერ აშენდება ჩვენი სამხედრო ძალის რუსეთის ან სხვის წინააღმდეგ გამოყენებით", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ისტორიული მტრობის განმუხტვის გრძელვადიანი მოდელისთვის ისინი გამოიყენებენ სამხრეთ აფრიკისა და გერმანიის გამოცდილებას, დიალოგს პოლონეთსა და რუსეთს შორის და ყველაზე მეტად ევროგაერთიანებას.
რაც შეეხება რუსეთთან დიალოგს, ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს მტკიცე და პრინციპული იქნება. "კონფლიქტი წარმოიშვა კონფრონტაციული და ქსენოფობიური სტილიდან, რომელიც ორივე ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი. თუ შევთანხმდებით, რომ ორივე მხარემ დავუშვით შეცდომები, ეს უკვე პროგრესი იქნება. მე მინდა დავარწმუნო ჩემი უცხოელი მეგობრები, რომ ჩვენ არ ვგეგმავთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა დავასუსტოთ, არამედ ვაპირებთ უფრო ჭკვიანურად გამოვიყენოთ. მათ, ვინც აცხადებს, რომ ჩვენი მოქმედება არის რუსული სცენარი საქართველოს დასასუსტებლად, მოვუწოდებ, ყურადღება იმ კონფლიქტებზე მიმართონ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ხდება. თავისუფლების იმედის გარეშე ჩვენი საზოგადოება საბოლოოდ შიდა უთანხმოებით აფეთქდება", - აცხადებს ივანიშვილი.