ნანა ფიცხელაური,"ყველა სიახლე"
კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდებათ - მათ საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობის წარდგენა ევალებათ. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ევროპის 15 ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ, მათ მოითხოვეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანების გაუქმება და იმ ქვეყნებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ, საარჩევნო უბნების გახსნა. ბელგიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ეროვნული მოძრაობის ყოფილი წევრი გიორგი ლაფანაშვილი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ემიგრანტების გააქტიურებას უკავშირებს, ამბობს, რომ ხელისუფლებას ემიგრანტების მხარდაჭერის იმედი აღარ აქვს და ამიტომაც უზღუდავს უცხოეთში მცხოვრებ მილიონზე მეტ ქართველს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას:
- ვინაიდან ხელისუფლებამ დაინახა, რომ ემიგრანტთა შორის არ ჰყავს მხარდამჭერი, ამიტომაც მოიგონა ეს ბარიერი, შეზღუდვა, რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს რომ მოუსპოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ხელისუფლებამ იცის, რომ ყველა ემიგრანტი ბიძინა ივანიშვილს მიცემს ხმას და ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისათვის" ხმების დაკარგვას ემსახურება.
- ბატონო გიორგი, რატომ მოგიხდათ უცხოეთში გადახვეწა?
- 1997 წელს, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში წავედი ბელგიაში, რისი მიზეზიც არსებულ რეჟიმთან დაპირისპირება იყო. სტუდენტობისას აქტიურად ვიყავი ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, რომელიც, სამწუხაროდ, ორად გაიყო. ამას დაემატა ზურაბ ჭავჭავაძისა და მერაბ კოსტავას მკვლელობები. მე ავირჩიე ედპ-სთან ურთიერთობა, რომელსაც იმხანად გია ჭანტურია ხელმძღვანელობდა. მისი მკვლელობის შემდეგ კი გადავწყვიტე, თავი დამენებებინა პოლიტიკური აქტიურობისათვის.
ხელისუფლების მხრიდან ირიბი ზემოქმედების გამო მთელმა ოჯახმა დავტოვეთ საქართველო, მაგრამ არც მიფიქრია, რომ ჩვენი ემიგრაცია ასე დიდხანს გასტანდა. პროფესიით ეკონომისტი ვარ, ფრანგული ენის დახვეწის შემდეგ ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ჩვენ ბელგიაში ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს.
- შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხომ შეგეძლოთ დაბრუნება, რამ შეგაფერხათ?
- ახალი ხელისუფლების მხრიდან იყო დაბრუნების მოწოდება, მაგრამ გაანალიზების შემდეგ ემიგრანტებმა გადავწყვიტეთ, რომ არ ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა. მიმაჩნია, რომ საქართველოში არც კი ყოფილა დემოკრატიის დამკვიდრების მცდელობა. ქვეყანაში მივიღეთ დიქტატურა და ტოტალიტარული რეჟიმი, რომელსაც ფონად სდევს ქუჩებში დაღვრილი სისხლი, დახოცილი ახალგაზრდა ბიჭები, განადგურებული ოჯახები და გამწარებული დედები, პლუს დიდი პოლიტიკური სპეკულაციები... პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა საქართველოში და გაწბილებული დარჩა, მეტიც, ისინი დევნის ობიექტები გახდნენ.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპაში არ იციან, რა ხდება რეალურად საქართველოში, ვინაიდან საქართველოდან წამოსული ინფორმაცია აქ დღემდე იბლოკება. ეს პრობლემა საქართველოშივეა გადასაწყვეტი იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც თავიანთ წარმომადგენლებს აფინანსებენ.
ივანიშვილის განცხადების შემდგომ ემიგრანტები არ ერიდებიან ტელეეკრანზე გამოჩენას იმ მიზეზით, რომ მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს პრობლემები შეექმნებათ. გაჩუმების დრო აღარ არის. როცა ყველა გაჩუმდა, მივიღეთ კიდეც ქართული ფაშიზმი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ქართველი ერის მიმართ ფაშიზმი მძვინვარებს, რაც მიზნად ისახავს ქართული მენტალიტეტის შეცვლას.
- ოფიციოზი ხშირად ამბობს, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაციაო. ემიგრანტები რას ფიქრობთ ივანიშვილის პოლიტიკურ ორიენტაციაზე?
- ნებისმიერი ადამიანის შეფასებისას უნდა გადავხედოთ მის მიერ განვლილ ცხოვრების გზას. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ივანიშვილი არის რუსული ძალების მიერ მართული, როდესაც დღეს რამდენიმე პარლამენტარს რუსეთში ბიზნესინტერესები და ორმაგი მოქალაქეობა აქვს. გრიგოლ ვაშაძე დღემდე რუსეთის მოქალაქეა, მიუხედავად იმისა, რომ მან განაცხადა, პასპორტი გავგზავნე რუსეთშიო. მოქალაქეობაზე უარის თქმას მარტო პასპორტის ფოსტით გაგზავნა არ ყოფნის. ის ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქე იყო და არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე, თანაც ეს ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს რუსეთთან აქვს საომარი მდგომარეობა. ისიც მიუღებელია, რომ პრეზიდენტის ახლო გარემოცვა, კერძოდ, ბიძა - თემურ ალასანიაც რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელია და ეს ადამიანები ლაპარაკობენ ივანიშვილის რუსეთუმეობაზე?! ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა საქართველოში, დაწყებული მშენებლობებით და დამთავრებული ადამიანების გადარჩენით, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. სასაცილოა და სამარცხვინო ამ ადამიანის ქვეყნის მტრად გამოცხადება. დღეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ქმნის პოლიტიკურ ამინდს და არა ხელისუფლება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი ისეთივე კარგი პოლიტიკოსია, როგორიც ბიზნესმენი.
- ედპ ახსენეთ და, როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ედპ და მისი ლიდერი თუ არიან გია ჭანტურიას ღირსეული მემკვიდრეები?
- არა და მეტსაც გეტყვით: სამწუხაროა, რომ ამ პარტიას ედპ ჰქვია. ეს არის ჩემი გულისტკივილი, ადამიანები, რომლებიც ედპ-ს ირქმევენ, ნამდვილად არ არიან ის ეროვნულ-დემოკრატები, რომლებიც გიორგი ჭანტურიას მოეწონებოდა.
1943
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85