„ალია ჰოლდინგის“ საგანგებო განცხადება სასამართლო გადაწყვეტილებაზე

„ალია ჰოლდინგის“ საგანგებო განცხადება სასამართლო გადაწყვეტილებაზე

სააკაშვილი სასამართლოს მეშვეობით „ალიასა“ და „კვირის ქრონიკას“ ემუქრება!

50-ათასლარიანი ფინანსური ჯარიმის  შემდეგ, რომელიც მიშამ „ალია ჰოლდინგს“ სასამართლოს გამოყენებით დააკისრა, დაგვემუქრნენ, რომ სიმართლის წერის გამო, კიდევ ერთხელ დაგვსჯიან!!!

ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში სასამართლო, რომელმაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცავი გაზეთები, „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა, იმისთვის, რომ ამ გაზეთებმა თავის რესპონდენტებს არ შეუზღუდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დაწერეს სიმართლე და პედოფილობაში ამხილეს სააკაშვილის ფავორიტი ოთარ კობერიძე, ახლა გვეუბნება, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა... ამის შემდეგ სასამართლო მოგვიწოდებს, პატივი ვცეთ უკანონო გადაწყვეტილებას და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებით გავაგრძელოთ.

ამ ყველაფერს მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს პირობებში აქვს აზრი და არა იმ ქვეყანაში, სადაც კანონიცა და სამართალიც ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის ხუშტურებზეა აგებული...

საინტერესოა, თავის განცხადებაში რას ეძახის სასამართლო შეურაცხმყოფელ სტატიებს? იმას, რომ „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ მართლაც პერმანენტულად წერს უკანონო განაჩენებსა და გადაწყვეტილებებზე? თუ იმას, რომ მოსამართლეები მონურად ასრულებენ პროკურატურის დავალებებს?

ის მასალები, რომელიც ჩვენს გამოცემებში ქვეყნდება, ეყრდნობა კონკრეტული რესპონდენტების ნათქვამსა და კონკრეტულ დოკუმენტებსა და თუ სასამართლოს შეურაცხყოფად მიაჩნია მწარე სიმართლე, ანუ მათი მხრიდან უკანონო გადაწყვეტილებების მიღება და პროკურატურის დავალებების მონური შესრულება, ეს არა ჩვენი, არამედ თავად სასამართლოს პრობლემაა...

სასამართლო მოგვიწოდებს, პატივი ვცეთ უკანონო გადაწყვეტილებას!!!

სასამართლო გვირჩევს, არ დავწეროთ სიმართლე სასამართლოსა და მოსამართლეების ქმედებებზე, რადგან ეს მათთვის შეურაცხმყოფელია!!!

სასამართლო გვაფრთხილებს, რომ სამართლიანი პროტესტი და სიმართლის ღიად წერა დაბალი სამართლებრივი კულტურის მანიშნებელი ყოფილა!!!

სასამართლო გვემუქრება, რომ სიმართლის წერის გამო დაგვსჯიან!!!

ალბათ, სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით გაგვასამართლებენ, სადაც წერია, რომ სასამართლოს უპატივცემულობა ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება...

ისე, სასამართლოს იმასაც შევახსენებთ, რომ მუქარაც სისხლის სამართლის დანაშაულია და კოდექსის 151-ე მუხლით, ასევე, ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით!!!

ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ალია ჰოლდინგის“ საქმე არის პირველი პრეცედენტი, როცა მედიასაშუალება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის, სიმართლის წერისთვის დასაჯეს!!! ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პრეცედენტის გათვალისწინებით სხვა მედიასაშუალებების ჯერიც დადგა!!! ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილმა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი მეთოდით დაიწყო, რასაც დაჯარიმებებითა და შესაბამისად, ფინანსური პრობლემების შექმნით მათი განადგურება ჰქვია!!!

და ბოლოს, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას!!! გავაგრძელებთ იმის მიუხედავად, დაგვაჯარიმებთ, დაგვაყადაღებთ, გამოცემებს გაგვიჩერებთ თუ დაგვიჭერთ!!! ესაა ბრძოლა უკანონობის წინააღმდეგ, ხოლო „ალია ჰოლდინგი“ უკანონობას არასდროს შეგუებია და არც შეეგუება!!!

„ალია ჰოლდინგი“

სასამართლოს განცხადებაზე „ალია ჰოლდინგის“ ვრცელი პასუხი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:

www.alia.ge