ეს ქალი უკვე დიდიხანია ქუჩაში ცხოვრობს. ხუთი–ექვსი წლის წინ თავი ერთ–ერთი იტალიური ეზოს სარდაფს შეაფარა. პირობები, რომელშიც ჩვენს გმირს არსებობისთვის ბრძოლა უხდება, შემზარავია: ჭერი – ასფალტის დონეზე, იატაკზე ყრია მიწა, სამშენებლო ნაგავი, პარკები; არ არის გათბობა და დენი. წყლით ეზოდან სარგებლობს. როდესაც შუქი დასჭირდება, სანთელს ანთებს. წლების მაძილზე თავს, ძირითადად, მათხოვრობით ირჩენდა. ფსიქიკურად დაავადებულია და ეს პრობლემებს კიდევ უფრო უმძიმებს.
ამჟამად მისი ბედით არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ. 2011 წელს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ განახორციელა პროექტი „თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები“, რომელიც ფსიქიატრიული მომსახურების ახალი მოდელების ეფექტის შეფასებას ითვალისწინებს. სამიზნე პოპულაციად შეირჩა ასამდე ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი. მათ შორის ჩვენი გმირი, რომელიც ამ მომენტისთვის ფსიქიატრიის ინსტიტუტის ამბულატორიულ განყოფილებაში იყო რეგისტრირებული.
ამ ქალბატონის ისტორია არა მარტო იმით არის გამორჩეულად საინტერესო, რომ ერთმნიშვნელოვნად დაგვანახა ფსიქიატრიული მომსახურების გარდაქმნის აუცილებლობა. მისი ცხოვრების პერიპეტიებში დაუნდობელი სიცხადით გამოჩნდა მიმდინარე სოციალური პოლიტიკის არასრულფასოვნება და საქართველოს მოქალაქის დაუცველობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მე ვარ ირმა!
ირმა ორმოცი–ორმოცდაერთი წლისაა. საკუთარ თავზე ხშირად მესამე პირში ლაპარაკობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ცხოვრების მძიმე მომენტებზე ჩაეკითხები. ათიოდე წლის წინ, ჩვენს მრავალ სხვა თანამემამულეთა მსგავსად, საზღვარგარეთ არალეგალურად გაემგზავრა. ლონდონში ერთ–ერთ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და თურქი ემიგრანტისგან ბავშვი გააჩინა. მამაკაცი მისი ცხოვრებიდან მალევე გაქრა. მშობიარობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ირმას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. სოციალურმა სამსახურებმა ჩვილი ბავშვთა სახლში მოათავსეს. ხოლო დედა ჯერ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს, შემდეგ კი დეპორტით გამოუშვეს სამშობლოში.
როდესაც თავი უკეთ იგრძნო, ბავშვის მოსაძებნად ლონდონში დაბრუნება გადაწყვიტა. ბინა, საუბედუროდ, მის სახელზე იყო გაფორმებული, ამიტომ უპრობლემოდ დააგირავა და თურქეთის გავლით გაემგზავრა. როგორც ჩანს, აეროპორტში არაადეკვატურობა შეამჩნიეს და საქართველოში გამოაბრუნეს. ფული გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა. ასე დაიწყო მისი ბუნკერ–ბუნკერ სიარული. 2006 წელს ვიღაც დაჭრა და იძულებითი წესით ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაამწესეს. გამოწერის შემდეგ ისევ ქუჩაში აღმოჩნდა და ბოლოს თავი იმ სარდაფს შეაფარა.
ბავშვის ბედი გაურკვეველია. ისიც კი არ ვიცით, არსებობს თუ არა საერთოდ. ერთი რამ უტყუარია: ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ცხოვრების პირისპირ ერთი–ერთზე აღმოჩნდა.
„ტრამვაი „სურვილი“ – რეალური ვერსია
ირმა: მშობლები არ მყავს, დიდი ხნის წინათ გარდამეცვალნენ. აღარც მახსოვს, არ იყო ის ჩემი ოჯახი. ახალგაზრდობაში ისე მინდოდა უცხოეთში წასვლა! აი, ფილმ „სანტა–ბარბარას“ რომ ვუყურებდი, კიდევ უფრო... ვეტრფი მე მაგ ცხოვრებას. მიყვარს კატალოგები და ჟურნალები. რვეულში ხანდახან ჩემთვის რაღაცას ვხატავ (მაჩვენებს ფერად–ფერადი ხაზებით აჭრელებულ რვეულს– ავტ.); საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული...
ზამთარში გლდანის თავშესაფარში მიგიყვანეს თბილად და კომფორტულად რომ ყოფილიყავი. რატომ წამოხვედი?
– რა, ვიცი.. მე მიყვარს მყუდრო ადგილი, სადაც ჩემთვის ვარ. იქ კი ბევრი გიჟი ქალები იყვნენ. თავისი კუთხე აქვთ, სადაც სხედან და სულ ერთმანეთს გვანან, მე კი არ ვგევარ მაგათ. მე სულით არ ვარ ეგრე დაზიანებული ჯერ. ვერ ვახალისებდი მაგათ ჩემი ლამაზი თმებით, ლამაზი ქცევით. ფიქრობდნენ, ამას მეტს მოაწოდებენო, მეტს დაუსხავენო, მეტ შაქრიანს აჭმევენო. ჩემთვის კი არაფერი უწყენინებიათ, მაგრამ მე რომ მიყურებდნენ, წყინდათ.
თურქეთში რა შეგემთხვა?
– ერთ კვირაზე მეტიც არ ვიყავი თურქეთში და პოლიციამ დამაბრუნა. მითხრეს თბილისში იყავი და პატრონი რომ გამოგიჩნდება, მერე წადი ლონდონშიო. იმიტომ, რომ თუ პატრონი არ გამოგიჩნდა, იქ იმდენ წამლებს გაგიკეთებენ, სულ ვერ მიხვდები შენს მდგომარეობასო. თუ ვინმეს იქ უნდიხარ, მოსაწვევს გამოგიგზავნიან და წაგიყვანენო. თბილისში მიდი საპასპორტოში, უთხარი ბავშვზე შენი გასაჭირი და იქ გაგიკეთებენ ვიზასო.
მენატრება ჩემი შვილი. მინდა მასთან ვიყო, ან ის მაინც ვიცოდე როდის შეიძლება მივიდე და ვნახო. ასათიანში რაღაც ცნობა მაქვს შეტანილი, რომ შემახვედრონ ჩემს შვილს. მამამისი? ისე მინდა მოვძებნო! ან იქნებ თვითონ მომძებნოს? იქნებ მოვყვე ჩემი ამბავი იმისთანა ადგილას რომ გამიმართლოს?! ყველგან ვერ ვყვები, მეშინია, არავინ დამიცავს. თუ მოვხვდები ევროპაში, მერე მოვყვები.
რატომ მაინცდამაინც ევროპაში?
– მომწონს უცხოეთი. აი, დიდ მსახიობები რომ ცხოვრობენ მანდ და ლამაზ სახლებში რომ არიან, იმიტომ. როცა გამიჭირდება, ვიტყვი ხოლმე, წავალ ამერიკაში–მეთქი. ამერიკას ვეძახი მე ევროპას და მაგას ყველაფერს. იქნებ, ჰოლივუდში ვიცხოვრო და მსახიობი გავხდე?! ხანდახან სიზმარშიც კი ვხედავ, რომ მერილინ მონროს მოვწონვარ. ეკლესიაში დავდივარ და სანთლებს ვანთებ. ვლოცულობ, რომ ოცნებები ამისრულდეს. თქვენც მითხარით, ხომ ამისრულდება ოცნებები?..
ამ ეტაპზე მაქსიმუმი მოხერხდა
ბაია ნიკოლაიშვილი (საქართველოს ფსიქოსოციალური ასოციაცია „ნდობის“ სტრესული დახმარების და ფსიქიკური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი): „ირმას შეზღუდული უნარების მეორე ჯგუფი დაუდგინდა. მას დაენიშნა პენსია 80 ლარის ოდენობით. დავაწერინეთ განცხადება, რომლის საფუძველზე მიიღო პოლისით განსაზღვრული შეღავათები და დახმარება; აგრეთვე მივამაგრეთ უფასო სასადილოს დღეში სამჯერადი კვებით.
პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მას მუდმივად ნახულობდა ექიმი. დაზღვევით უკვე სარგებლობს, მკურნალობაზეც მოგვყვება, მაგრამ არ აქვს საშუალება თავს სრულფასოვნად მიხედოს და მიღებული შედეგი შეინარჩუნოს. მისი მთავარი პრობლემა საცხოვრისია. თვითმომსახურების უნარ–ჩვევები შენარჩუნებული აქვს: კვირაში ერთხელ აბანოში წასვლასაც ახერხებს. ინტერპერსონალური ურთიერთობაც არ უჭირს. ეზოში, სადაც ახლა შეფარებულია, მეზობლები კარგად ახასიათებენ. თავისი კუთხე რომ ჰქონდეს, მუშაობასაც მოახერხებდა და თავის გატანასაც.
გვინდოდა ირმას მონაცემები უსახლკაროთა სიაში დაფიქსირებულიყო, რაც პერსპექტივაში ბინის მიღების შანსი იქნებოდა. მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურს მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ფსიქიკურად დაავადებულ პირს ბინას ვერ მისცემდნენ. ეს არის პარტნიორი შვეიცარული კომპანიის მოთხოვნა. როგორც ჩანს, ბინის საკითხს ასე იოლად ვერ მოვაგვარებთ. რა იქნება, სარდაფი მოწესრიგდეს და დროებით მფლობელობაში გადაეცეს, თუნდაც ათი წლით?!.. ამასობაში, კიდევ რამე გამოჩნდება“.
გიორგი გელეიშვილი (საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის აღმასრულებელი; ფსიქიატრი): „გასულ ზამთარში ჩვენმა მობილურმა ჯგუფმა გლდანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს თავშესაფარში ყოფნა შესთავაზა. სამი დღე ძლივს გაჩერდა და სარდაფში დაბრუნდა. თავისუფლება მისთვის აშკარად უფრო ძვირფასია, ვიდრე სითბო და ცხელი წყალი. ირმას ფსიქიკური პრობლემები არა არის იმ ტიპის, რომ პიროვნული „მე“ ბოლომდე დაუნგრიოს. წარმოიდგინეთ, ჩვენს დანახვაზე მაშინვე იწყებდა პირის ბანას, თმის ვარცხნას. მაინცდამაინც ბოლომდე უნდა მოწესრიგებულიყო. სადღაც ღრმად მასში ზის სალონური ქალი: იპრანჭება, უნდა რომ კარგად გამოიყურებოდეს. განსაკუთრებული ტანსაცმელიც აქვს, რომელიც შედარებით ნაკლებადაა დასვრილი. ბოლომდე მოწესრიგებული ვერ იქნება: სარდაფში რეცხავს და იქვე აშრობს. ტუალეტიც კი არ აქვს და როგორ აგვარებს ამ პრობლემას, არ ვიცი. სამწუხაროდ, ირმას პრობლემების ას პროცენტს, ალბათ, მხოლოდ ხუთი თუ გამოვაკელით“.
ვეთანხმებით ჩვენს რესპოდენტს: ირმას პრობლემების მხოლოდ ხუთი პროცენტის მოგვარება თუ მოხერხდა. მობილურმა ჯგუფმა გააკეთა იმის მაქსიმუმი, რაც ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი.
ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ადვილად მანიპულირებადია. ჩნდება ლოგიკური კითხვა: ბინის დაგირავებისას ხომ არ მოხდა ირმას მდგომარეობის ბოროტად გამოყენება?
ლალი სურმავა ((საქართველოს ფსიქოსოციალური ასიციაცია „ნდობის“იურისტი): „კანონით ფსიქიკურად დაავადებულ პირს შეუძლია თავისი ქონების გაყიდვა ან დაგირავება. ცხადია, თუ იმ მომენტში ქმედითუნარიანია. გადამოწმება ახლა უკვე ძნელია. დავინტერესდი, ხომ არ შეიძლებოდა რამის გაკეთება, მაგრამ როდესაც სიტუაცია შევაფასე, მივხვდი რომ არაფერი გამოვიდოდა. რაც შეეხება ბავშვს, ადრე ვიღაცამ დააწერინა განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენც დავაწერინეთ და პასუხისთვის სამჯერ მაინც მივაკითხეთ. ბოლოს გვითხრეს, ჩვენ თვითონ შეგატყობინებთო. მას შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა და ჩამი–ჩუმიც არ ისმის.
კახა კოჟორიძე („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; იურისტი): „საგირავნო გარიგება რომ ბათილად გამოცხადდეს, საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა ადამიანის არაქმედითუნარიანობაზე მოცემულ პერიოდში. პრობლემა კიდევ იმაშია, რომ გასაჩივრებას აქვს დადგენილი ვადა. გარიგების გასაჩივრება შეიძლება მისი დადებიდან ერთი წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში რამდენიმე წელია გასული, რაც პრობლემას წარმოადგენს. ზუსტი შეფასებისათვის დოკუმენტაციაა საჭირო.
რაც შეეხება ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის მიერ ასეთი ტიპის გარიგებების დადების კანონიერებას, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს სრულ ქმედუნარიან, შეზღუდულ ქმედუნარიან და ქმედუუნარო ადამიანებს. შეზღუდული ქმედუნარიანობის ადამიანებს გარკვეული კატეგორიის გარიგებების დადება შეუძლიათ. ქმედუუნაროებს ეს უფლება ეზღუდებათ. თუ მოქალაქე ქმედუუნაროდ ცნობილი არ არის, მაგრამ ნოტარიუსი არაადეკვატურობას შეატყობს, იგი უფლებამოსილია უარი თქვას გარიგების გაფორმებაზე. ამ ქალბატონის შემთხვევაში ძნელი სათქმელია გაუჩნდა თუ არა ნოტარიუსს ასეთი ეჭვი. ხანდახან მოქალაქეები ჩივიან, რომ ნოტარიუსი გარიგებაზე წავიდა ავადმყოფ ადამიანს ბინა დააკარგვინა. ამისი დამტკიცება ძნელია. ფსიქიკურად დაავადებულს აქვს პერიოდები, როდესაც სავსებით ადეკვატურად იქცევა. თუ გარიგება ასეთ პერიოდში დაიდო, მისი ბათილად ცნობის საკითხი საერთოდ ვერ დადგება.
ბედის და სახელმწიფოს ანაბარა
ექსპერტების პასუხები გვარწმუნებს, რომ ირმას ბინის დაბრუნების შანსი არა აქვს. მაგრამ აუცილებელია ასეთი ფაქტების პრევენცია. ქვეყნის სოციალურ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა გაძლიერდეს სოციალური ზრუნვა–მეურვეობის მიმართულება. ეს გაართულებს ბედის და სახელმწიფოს ანაბარა დარჩენილ ადამიანთა უმწეობის ბოროტად გამოიყენებას.
სიტუაცია ერთდროულად ტრაგიკულიცაა და გროტესკულიც. წარმოიდგინეთ, ფსიქიკურად დაავადებულ ქალს დეპორტაციას უკეთებენ და საკონსულო კი საერთოდ არ ჩანს. მაინც, როგორ უნდა გამოჩენილიყო? თვალი მიედევნებინა პროცესისთვის, გაეწია საჭირო დახმარება და შეეტყობინებინა საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის, რომ მალე საზღვარს გადმოკვეთდა მოქალაქე, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებდა. ფაქტია, რომ დეპორტაციის შემდეგაც არავინ დაინტერესდა ავადმყოფი, მარტოხელა ადამიანის ბედ–იღბალით. შედეგი: მან დაკარგა ბინა და ათასი უბედურების შემდეგ ჯურღმულში აღმოჩნდა.
ჩნდება კითხვა: რა სახელმწიფოა ის სახელმწიფო, სადაც ეს ხდება? და რა საზოგადოებაა ის საზოგადოება, რომელიც ამას უშვებს?
– როგორ გგონია, დამეხმარებიან? – მკითხა ირმამ გამომშვიდობებისას.
რა თქმა უნდა–მეთქი, ვუპასუხე. აბა რა მექნა?! მაგრამ არ მინდა ტყუილი გამომივიდეს.