რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ სამხარაძემ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა. საქმე ეხება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ „მედია ჰაუს დეკომისთვის“ თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭებას, რასაც ასევე რადიო „ჰერეთიც“ ითხოვდა, მაგრამ კომისიის გადაწყვეტილებით სიხშირე „მედია ჰაუს დეკომის“ რადიო „ცხელმა შოკოლადმა“ მიიღო.
რადიო „ჰერეთი“ კახეთის რეგიონში მაუწყებლობს და როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, კომპანიის განვითარებისთვის მას თბილისში რადიოსიხშირის მიღება სურდა. რამაზ სამხარაძის განცხადებით, „ჰერეთს“ იმის რესურსი აქვს, რომ თბილისის ბაზარზეც შემოვიდეს, მაგრამ მას უკვე 6 წელია ამის საშუალებას არ აძლევენ.
„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას თბილისში ჩვენთვის სიხშირის მონიჭების მოთხოვნით, მაგრამ უარი გვეთქვა. ბოლოს კი სასამართლოს მივმართეთ, რადგან კომუნიკაციების კომისიამ ჩვენი აზრით ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ლიცენზია არ მოგვანიჭა. მან ტენდერში გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას დღემდე ვაპროტესტებთ, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვებრძვით „ცხელ შოკოლადს“, ჩვენ ვებრძვით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომელმაც არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებს რამაზ სამხარაძე.
მისი თქმით, სასამართლომ დავაში მესამე მხარედ ჩართო „მედია ჰაუს დეკომი“ და მიუხედავად იმისა, რომ პროცესი უკვე შვიდი თვეა გრძელდება, კომპანიამ ჯერაც ვერ წარმოადგინა სარეგისტრაციო მონაცემები, რის გამოც დღესაც გაურკვეველია, არის თუ არა მისი დამფუძნებელი ოფშორული კომპანია.
„მოგეხსენებათ, მაუწყებლობის შესახებ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ლიცენზიას ფლობდეს ისეთი კომპანია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის ოფშორთან კავშირში. სწორედ ეს გახდა ჩვენი ადვოკატის დაინტერესების საგანი, როდესაც აღმოჩნდა, რომ „მედია ჰაუს დეკომის“ 50%-იანი წილის მფლობელი არის უცხოური კომპანია „ვიდოფონი“. ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ამ საკითხით არ დაინტერესებულა, ამ კომპანიასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გერმანიიდან ჩვენ გამოვითხოვეთ. გერმანიიდან მიღებული პასუხის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია 2010 წლიდან აღარ არსებობს. ამდენად, გამოდის, რომ ლიცენზია არარსებულმა კომპანიამ მიიღო.
გარდა ამისა, „მედია ჰაუს დეკომის“ მიერ სასამართლოში შემოტანილ შესაგებებელ სარჩელს არ ჰქონდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რაც ასევე დარღვევაა და ეს სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და ბოლოს, კიდევ ერთი მომენტია, რაც ჩვენ არ გვესიამოვნა. კერძოდ, „მედია ჰაუს დეკომის“ ინტერესებს სასამართლო პროცესზე ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მდივანი დავით კლდიაშვილი (რომელსაც იურიდიული კომპანია აქვს) იცავდა. მიგვაჩნია, რომ ეს ეთიკის ქარტიის პრინციპებთან წინააღდეგობაში მოდის“, - აღნიშნავს რამაზ სამხარაძე.
აქვე იგი აღნიშნავს, რომ კანონი კლდიაშვილს არ უკრძალავს ამგვარი საქმიანობის განხორციელებას, მაგრამ მაინც გამოდის ისე, რომ ეთიკის ქარტიის წარმომადგენელი ერთი კონკრეტული მედია-საშუალების ინტერესებს იცავს. წინა სასამართლო პროცესზე კი „მედია ჰაუს დეკომის“ ინტერესებს გიორგი მშვენიერაძე იცავდა, რომლის პარტნიორიც (იურიდიულ კომპანიაში) არის დავით კლდიაშვილი. აქვე სამხარაძე დავით კლდიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. კერძოდ, დავით კლდიაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან გიორგი მშვენიერაძეს არ ეცალა, მან უბრალოდ საბუთები წარადგინა სასამართლოზე. რამაზ სამხარაძე ამის საპასუხოდ ამბობს, რომ ამ საბუთების პროცესზე წარმოდგენა „მედია ჰაუს დეკომის“ ნებისმიერ დამფუძნებელს შეეძლო.
რამაზ სამხარაძე ასევე აცხადებს, რომ თბილისში კიდევ ოთხი რადიოსიხშირე არსებობს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თქმით, „ცხელი შოკოლადისთვის“ სიხშირის მინიჭებით თბილისში უკანასკნელი რადიოლიცენზია გაიცა. სამხარაძე ვერ ხსნის, რატომ მიიღო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება „ცხელი შოკოლადის“ სასარგებლოდ, თუმცა ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები აქვს.
„თუკი რადიო „ცხელი შოკოლადის“ დამფუძნებლები, მათ შორის ქალბატონი შორენა შავერდაშვილი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებს ყოველთვის აპროტესტებს, ამ შემთხვევაში სულ სხგვაგვარი სურათი მივიღეთ. იმ დღეს ძალიან მშვიდად და შეხმატკბულებულად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რადგანაც მარეგულირებელმა ამ გადაწყვეტილების მიღების დღეს „მედია ჰაუს დეკომის“ კონცეფციის მხოლოდ პოზიტიური ასპექტები წარმოადგინა და „ჰერეთის“ კონცეფციის ნეგატიური ასპექტები. ჩვენთვის ლიცენზიის არმიცემის ერთ-ერთ მოტივად კომისიამ დაასახელა ის გარემოება, რომ „ჰერეთს“ საბავშვო გადაცემები არ აქვს, რაც აბსოლუტური სისულელეა, რადგან არსებობს კვლევები, რომლებითაც დასტურდება, რომ თბილისის მოსახლეობა საბავშვო გადაცემებს არ ითხოვს“, - აღნიშნავს სამხარაძე.