"ქართუ ბანკისა" და "ქართუ ჯგუფის" ქონების დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ბანკში დროებით, ანუ 13-დღიან პერიოდში ყოფნისას, მოახერხა და 4 დეველოპერულ კომპანიას, მათ შორის, "ცენტრ-პონტის" სამართალმემკვიდრე "დექსუსს", 50 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაუფორმა. თუ "ქართუ ბანკი" ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს, ლიკვიდობის კოეფიციენტი დაირღვევა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ბანკში ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევა, მაგრამ "ქართუ ბანკმა" ეს თანხა რომ გადაიხადოს კიდეც, ბანკი გაკოტრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი დროებით ადმინისტრაციას "ქართუში" აუცილებლად შეუშვებს.
ვლადიმერ უგულავას, როგორც "ქართუ ბანკისა" და "ქართუ ჯგუფის" ქონების დროებით მმართველს, ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და სარჩელით სასამართლოს მიმართა. სამეთვალყურეო საბჭომ ხელშეკრულებაში უამრავი დარღვევა აღმოაჩინა, რაც კანონიერ საფუძველს ქმნის, რომ სასამართლომ ვლადიმერ უგულავას მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად სცნოს. "ვერსიას" "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, ნოდარ ჯავახიშვილი ესაუბრება:
- მოვიდნენ თუ არა, მაშინვე დაიწყეს მოლაპარაკება ევრობანკთან. "ქართუ ბანკის" ახალმა ხელმძღვანელობამ ევრობანკს მიმართა, რომ სესხებს ვადაზე ადრე დაფარავდნენ. არადა, ევრობანკის სესხები საკმაოდ იაფი რესურსია და ამ იაფი რესურსის წინმსწრები ტემპით უკან დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ მომგებიანი აქტივების წყაროების მიზანმიმართულ შემცირებას აპირებ. ეს გადაწყვეტილება ბანკის დაძირვის მცდელობას ნიშნავს, რადგან თუ ევრობანკის სესხებს გადაიხდიდნენ, "ქართუ ბანკი" არალიკვიდური გახდებოდა. ამის შემდეგ "ქართუ ბანკის" თელავის ფილიალის რეკონსტრუქციაზე დადეს ხელშეკრულება, საუბარია 800 000-ლარიან ხელშეკრულებაზე, თან ისე, რომ ამ ხელშეკრულებას არც დეფექტური აქტი და არც ხარჯთაღრიცხვა ახლავს თან. საიდან დაადგინეს, რომ მაინცდამაინც 800 000 ლარია საჭირო რეკონსტრუქციისთვის, იქნებ, 1 800 000 ლარი ჯდება? რაც მთავარია, რა შენი საქმეა რეკონსტრუქცია? დროებით მმართველობაში ხარ მოსული და ამის შედეგად, თელავის ბანკი მომგებიანიც რომ გამხდარიყო, რეკონსტრუქციას გარკვეული დრო სჭირდება. შენ, როგორც დროებითი მმართველი, ამაში ფულს უნდა ხარჯავდე, თუ პირიქით - ბანკის დავალიანების ამოღებას უნდა ცდილობდე? დროებითმა მმართველმა, ამ ბანკში ყოფნის ბოლო წუთებში დააძალა ჩვენს მთავარ ბუღალტერს, რომ თელავის ფილიალის რეკონსტრუქციისთვის საჭირო 800 000 ლარიდან, 300 000 ლარი ავანსად გადაერიცხა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მთავარი ბუღალტერი წინააღმდეგობას უწევდა და შემდგომ უკვე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ზარქუამ განკარგულების საფუძველზე დაავალა ბუღალტერს თანხის გადარიცხვა. ამ კამათში დრო გავიდა, შესაძლოა, დროის გაჭიანურება მთავარი ბუღალტრის შეგნებული ქმედება იყო და ამასობაში, 18:25 საათიც შესრულდა. ეს ზუსტად ის დროა, როდესაც კომერციული ბანკი საბანკო ოპერაციებს აღარ ასრულებს, რაც მთავარია, ეროვნული ბანკის სისტემა - "მონტრანი" ამ დროს უკვე დახურულია. ბოლო არგუმენტად ჩვენმა მთავარმა ბუღალტერმა სწორედ ეს ფაქტი დაასახელა, ანუ "მონტრანი" დახურულია და განუმარტა, რომ თანხას ვერ გადარიცხავდა. ბატონმა ზარქუამ მთავარ ბუღალტერს ღიად განუცხადა, რომ ეროვნულ ბანკში ელოდებიან და გადარიცხვის განხორციელება მოსთხოვა, უფრო ზუსტად, ჩაართვევინეს გამორთული "მონტრანი", რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედება, სწორედ ეროვნული ბანკის პირდაპირი მონაწილეობით განხორციელდა. ვინ არის ირაკლი ზარქუა? ის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედახედველობის დეპარტამენტის ბანკების ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტია, რომელიც 2012 წლის შემოდგომაზე, ეროვნული ბანკიდან "ქართუ ბანკში" შემოსული სარევიზიო კომისიის წევრი იყო. ეს ადამიანი უკვე 9 თვეა, ჩვენს ბანკში იმყოფება შემოწმებაზე, შემდეგ ფორმალურად გაათავისუფლეს ეროვნული ბანკიდან და გამოუშვეს, როგორც "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. რამდენადაც ვიცი, ამჟამად ირაკლი ზარქუა ისევ დაბრუნდა ეროვნულ ბანკში, პრეზიდენტის მრჩევლის, ან თანაშემწის თანამდებობაზე.
- ბატონო ნოდარ, კონკრეტულად, რა ხელშეკრულება გაუფორმა ვლადიმერ უგულავამ 4 დეველოპერულ კომპანიას, ან რატომაა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ეს ყოველივე?
- ეს ხელშეკრულება ქართულ თუ საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში არსებულ ყველა ნორმატიულ აქტს ეწინააღმდეგება. ეს არის "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ გაფორმებული, შეთქმულების დონის დოკუმენტი. არც ამ ხელშეკრულებას არ ახლავს ხარჯთაღრიცხვა, ბიზნეს-გეგმა, ან ფინანსური გაანგარიშებები. თავისი შინაარსის მიხედვით, ეს არის არაუზრუნველყოფილი სესხი, რადგან ამ ხელშეკრულებაში არის ასეთი მუხლი: ბანკი ვალდებულია, 5 დღის განმავლობაში გასცეს სესხი და თუ არ გასცემს, პირგასამტეხლოს სახით, წელიწადში 182,5% უნდა გადაიხადოს. ამავდროულად, კლიენტი ვალდებულია, სესხის უზრუნველყოფა 15 დღეში წარმოადგინოს, თანაც ეს ვალდებულება არაფრით არ არის გამაგრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არ წარმოადგენს, სანქცია არ დაეკისრება. აი, სწორედ ეს მუხლი გვაფიქრებინებს, რომ ეს სესხი არაუზრუნველყოფილია. გარდა ამისა, ამ ხელშეკრულებით დარღვეულია კრედიტის ფუძემდებლური პრინციპი - მიზნობრიობა, რადგან მიზნობრიობის პუნქტში წესდებით გათვალისწინებული საქმიანობაა მითითებული, ანუ ყველაფერი, რაც კანონით აკრძალული არ არის, ეს კი მიზნობრიობას სულაც არ ნიშნავს, პირიქით, ეს ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგო, არამიზნობრივ სესხზეა გაფორმებული. რაც მთავარია, ესაა ვადიანი სესხი, რომელიც გაცემულია 13%-ად და თუ კლიენტი ვადას გადააცილებს, 12% უნდა გადაიხადოს, ოღონდ სესხის დაფარვას კლიენტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იწყებს. მსოფლიო საბანკო პრაქტიკაში, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საჯარიმო სანქცია უფრო ნაკლებია, ვიდრე საპროცენტო განაკვეთი.
- შეგიძლიათ დაგვისახელოთ, რომელ ოთხ კომპანიაზე გასცეს ასეთი სესხი?
- სამწუხაროდ, ჯერ არ მაქვს ამ ინფორმაციის განსაჯაროების უფლება. მართალია, სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი ამ ხელშეკრულების ბათილობაზე, რასაც სასამართლო 5 დღეში განიხილავს, მაგრამ როგორც იურისტები მეუბნებიან, კონფიდენციალობის დარღვევის უფლება არ მაქვს. პრინციპში, ამას არც აქვს მნიშვნელობა, რადგან მთავარი აქ სულ სხვა რამაა და მინდა, სწორედ ამაზე გაამახვილოთ ყურადღება - მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო, მეოთხე ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილიც კი, ერთობლივად ებრძვის და მეათე თვეა ცდილობს, საბანკო დაწესებულება წააქციოს. რაც მთავარია, ამას ახერხებს ქვეყანაში არსებული დანარჩენი კომერციული ბანკების, საბანკო გაერთიანებებისა, თუ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების აბსოლუტური მდუმარების ფონზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მხოლოდ საქართველო კი არა, მსოფლიოს დიდი ნაწილი ჩალითაა დახურული.
- კიდევ რა დარღვევები აღმოაჩინეთ ამ ხელშეკრულებაში?
- ამ ხელშეკრულებაში ყველაზე მეტად გაუგებარი ერთი პუნქტია, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ფული სულ სხვა დანიშნულებით უნდა გაიცეს და აგიხსნით, რას ვგულისხმობ: მაგალითად, დეველოპერს ერთ ჩარიცხვაზე 15 მილიონი ლარი ერიცხება, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან 15-მილიონიანი ობიექტი 1-2 წლის მანძილზე შენდება, ამიტომ ნებისმიერი ბანკი მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში და მათ შორის, "ქართუ ბანკიც", ასეთ სესხებს ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად გასცემს. მეტიც, კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს სესხი სხვა კომერციულ ბანკში გადავრიცხოთ, შესაბამისად, რომელ მიზნობრიობაზეა საუბარი, როდესაც თვალსაც კი ვერ გავაყოლებთ, თუ სად და როგორ მიდის ეს სესხი. გარდა ამისა, ხელშეკრულება გაფორმებულია ნოტარიულად, მაგრამ ნოტარიუსმაც დაარღვია კანონი, რადგან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ ვალდებული იყო, შედეგების შესახებ ორივე მხარისთვის წერილობით ეცნობებინა, რაც არ გაუკეთებია. ნოტარიუსს უფლება აქვს, პირველივე მოთხოვნის საფუძველზე, გამოწეროს აღსრულების ფურცელი და ამ გზით თუ წავიდნენ, გარწმუნებთ, დღეს ან ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 1 აგვისტოს - ავტ.), ზუსტად იგივე პროცესი განმეორდება, ოღონდ არ ვიცი, ისევ ვლადიმერ უგულავა მოვა დროებით მმართველად, თუ ვინმე სხვა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დააყადაღებენ ბანკს და დროებით მმართველობას შემოიყვანენ. ეს არის პირველი სცენარი, ახლა მეორე სცენარიც განვიხილოთ: მართალია, ეს ხელშეკრულებები აბსოლუტურად ლოგიკურად და რაც მთავარია, არგუმენტირებულად ვცანით ბათილად, მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი, რადგან მთავარია, სასამართლომ სცნოს ბათილად. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლო არ დააკმაყოფილებს ჩვენ სარჩელს, რადგან როდესაც სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიება მოვთხოვეთ, ჩვენი სარჩელის ამ ნაწილზე უარი უკვე მივიღეთ. სასამართლო აბსოლუტურად არ ითვალისწინებს იმას, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება ბანკს დღესვე დაღუპავს. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ამ ხელშეკრულებას ბათილად არ სცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართუ ბანკი" ვალდებულია სესხი გასცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, გასცემს თუ არა სესხს, ბანკი არალიკვიდურია, რადგან ლიკვიდურობის მინიმალური კოეფიციენტი 30%-ია, თუ ლიკვიდობის კოეფიციენტი 30%-ზე დაბლა ჩამოვა, ბანკი უკვე დიდი დარტყმის საშიშროების ქვეშ დგას. თუ ჩვენ ამ 50 მილიონ ლარიან ვალდებულებებს შევასრულებთ, აუცილებელი 30%- ის ნაცვლად, გვექნება 19%-იანი ლიკვიდობა. ამის შემდეგ, ეროვნულ ბანკს უკვე აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი ექნება, რომ დროებითი ადმინისტრაცია შემოიყვანოს. დღეს ორი "შესანიშნავი" გამოსავალი აქვს ხელისუფლებას, ან ერთი გზით წავლენ, ან მეორით, მაგრამ შედეგი ერთი და იგივე იქნება - ნებისმიერ შემთხვევაში, "ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შემოვა. გარწმუნებთ, გარდა იმ აბსურდული ხელშეკრულებებისა, რაზეც უკვე გესაუბრეთ, იმ ორი კვირის მანძილზე, როდესაც ჩვენ აქ არ ვიყავით, როგორც ჩანს, დროებით მმართველს ამ შენობის გაყიდვა უნდოდა, რადგან თბილისშივე, ერთთვიანი ვადით, თვეში 23 000 დოლარად იქირავეს შენობა, სადაც შესაძლებელი იყო, ბანკი განეთავსებინათ, ცხადია, თანამშრომლების შემცირებული ოდენობით. ამ ფაქტზე შემთხვევით არ გესაუბრებით, რადგან სწორედ ერთ თვეში დახურავენ "ქართუ ბანკს" და ბოლომდე გააკოტრებენ. ტექნიკურად, ეს შესაძლებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მთელი ხელისუფლების ნება ერთმნიშვნელოვანია.
- ბატონო ნოდარ, უარი, რომელიც სასამართლოდან მიიღეთ, მათი საბოლოო გადაწყვეტილება იყო?
- არა, სასამართლომ უარი უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გვითხრა, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ საქმეს განიხილავენ. ისე, ამ ხელისუფლებისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ გუშინ (31 ივლისს - ავტ.), გვიან ღამით მივიღეთ უზენაესი სასამართლოს აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდული და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. "ქართუ ბანკს" ჰყავდა მოდავე, ვინმე კახაბერ ვარდუკაძე, უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ ჩვენ საქმის კურსშიც კი არ ვიყავით და რაც მთავარია, შეგებებული სარჩელიც გვქონდა წარდგენილი, არც კი დაგვიძახეს, პირდაპირ მიიღეს გადაწყვეტილება და 400 000 დოლარზე ცოტა მეტით დაგვაჯარიმეს ვარდუკაძის სასარგებლოდ. არადა, სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით, თაღლითობის მუხლით, ვარდუკაძე ციხეშიც კი იჯდა (საუბარია 2002 წელს ჩადენილ დანაშაულზე, როდესაც სამართალდამცავებმა ვარდუკაძე და "ქართუ ბანკის" რამდენიმე თანამშრომელი სალომბარდო აფერაში გამოიჭირეს - ავტ.). იცით, როგორი სიტუაციაა, ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ისეთი, რომელსაც არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია "ქართუ ბანკთან", ან "ქართუ ჯგუფთან" მოგვიგებს პროცესს, თუკი ჩვენს წინააღმდეგ შეიტანს ყველაზე აბსურდულ სარჩელსაც კი. მთავარია, "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ იყოთ განწყობილი, ხელისუფლება მწვანე შუქს აგინთებთ.
- როგორ ფიქრობთ, ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს? მართალია, სასამართლოში სარჩელი კი გაქვთ შეტანილი, მაგრამ აშკარად გეეჭვებათ, რომ სამართალი აღსრულდება, არ აპირებთ, საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართოთ?
- ასე მძიმედ არ დავხატავ ამ სურათს, რადგან ბოლოს და ბოლოს, "ქართუ ბანკი" საქართველოს საბანკო სისტემის ერთ- ერთი შემადგენელი ელემენტია. "ქართუ ბანკი" იარსებებს, თუ არა, ამით საქართველოს ხვალინდელი დღის ბედი არ წყდება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა მის ამომრჩეველს - მე თავხედი ვარ, არ ვცნობ არანაირ კანონს, არანაირ სამართალს, არანაირ ლოგიკას და რასაც მინდა, იმას ვაკეთებ! საინტერესოა, საბოლოო ჯამში, ვინ გაიმარჯვებს, ქართველი ხალხი და სამართლიანობა, თუ ეს ხელისუფლება და უსამართლობა? თავის დროზე, ეს ყველაფერი წარმატებას მოგვიტანს და "ქართუ ბანკს" აუცილებლად აღვადგენთ.
- იმის გამო, რომ სარჩელი სასამართლოში გაქვთ შეტანილი, ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია ვეღარ შემოვა?
- არა, ამის უფლება აქვთ და ჩვენ უკვე მოლოდინის რეჟიმში ვართ, რადგან შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოვიდეს აღსრულების ფურცელი. უკვე მივმართეთ სანოტარო პალატას, მეტიც, საქართველოში მოქმედ ყველა ნოტარიუსს გავუგზავნეთ წერილები, სადაც გარკვევით აღვნიშნეთ, რომ იმ ნოტარიუსმა, რომელმაც ხელშეკრულება დაამოწმა, კანონი დაარღვია, შესაბამისად, ხელშეკრულება ბათილი უნდა სცნოთ და არც ერთმა არ გამოწეროთ აღსრულების ფურცელი. ძნელი წარმოსადგენია, რომ ხელისუფლება საქართველოში მოქმედ, 200-ზე მეტ ნოტარიუსში ვერ მოძებნის ერთს, რომელიც თუ გნებავთ, საკუთარი მამის დახვრეტას მოაწერს ხელს, სავარაუდოდ, ასეთი ნოტარიუსი აღსრულების ფურცელზე ხელს აუღელვებლად მოაწერს.