საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების დღედ პირველი ოქტომბერი დაასახელა.
პირველ ოქტომბერს, გარდა იმისა, რომ არჩევნები უნდა გაიმართოს, სხვა დატვირთვაც აქვს. ამ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხული ეროვნული გმირის, რწმენისა და საქვეყნო საქმისთვის წამებული ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს აღნიშნავს.
სწორედ აქედან დაიწყო ვნებათაღელვა, რომელიც ერთი მხრივ, წმინდანისა და ეროვნული გმირის წამდაუწუმ, არც თუ შესაფერის კონტექსტში ხსენებისა და მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენისადმი არასერიოზული მიდგომის ფონზე მიმდინარეობს.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ფაქიზი და სერიოზული მოვლენებისადმი მსგავსი დამოკიდებულება არახალია. თავის დროზე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია დაუკავშირდა ათეული წლების წინ მომხდარ ხოცვა-ჟლეტას, რომელიც, უბრალო დამთხვევის წყალობით, 9 მარტს მოხდა. მაშინ ხშირად გაისმოდა, რომ ეს "ცხრიანი" ცუდად დაგვებედა და მომხდარში, რუსის ხიშტების გარდა, მასაც ედო წილი. შემდეგ, სწორედ 1991 წლის 9 აპრილს მოეწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. მანამდე კი 31 მარტს, მაშინდელი პრეზიდენტის დაბადების დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. ისე ჩანდა, რომ ჩვეულებრივ თარიღებს, ხან ანგარიშს ვუსწორებდით, ხანაც მათი შემწეობის იმედად ვიყავით დარჩენილნი.
რამდენად იღბლიანი გამოდგა ეს უნებლიე თუ გამიზნული დამთხვევები, ცალკე საუბრის თემაა, ერთი კი ფაქტია - ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებისას არაარსებით თემებზე ხშირად ისეთი ხმაური იწყება, რომ საპასუხისმგებლო პროცესი უპასუხისმგებლო სახეს იღებს.
ამჯერად საპარლამენტო თარიღის "დამთხვევებთან" დაკავშირებით გაჩაღდა სჯა-ბაასი. გამოითქვა აზრი, რომ ხელისუფლებამ კენჭისყრა განზრახ დაამთხვია ბიძინა ივანიშვილის ანგელოზის დღეს, რათა მისი დამარცხება (რაშიც ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება) ასე უფრო შთამბეჭდავი და სასტიკი გახადოს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს დამთხვევა, რომელიც ხელისუფლებას "გაეპარა", სულაც არ არის შემთხვევითი და ოპოზიციის ლიდერს "ზეგარდმო ძალები" მფარველობენ.
პოლიტიკა ის სფეროა, სადაც წარმატების მისაღწევად ყველასა და ყველაფრის გამოყენება "მოსულა", განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის მწვავე დეფიციტია. ამ დროს პილიტიკოსებისგან ყველაფერს მოისმენ და გაიგონებ. არასერიოზული ეჭვების გაჩენის საფუძველიც სწორედ ეს უნდა იყო. მითუმეტეს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ლამის საფირმო ნიშნად იქცა საკუთარი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აქტივობების რელიგიურ დღესასწაულებთან "დამთხვევა" და მათი სასურველ ფონად გამოყენება. ასე მაგალითად: მაინც და მაინც გიორგობის წმინდა დღესასწაულზე უნდა დამხობილიყო თბილისში შევარდნაძის, ხოლო ბათუმში აბაშიძის რეჟიმი, რაც 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებით დაგვირგვინდა.
რატომ "დაამთხვია" მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების თარიღი "ბიძინობას", ცნობილი არ არის. შესაძლოა, ეს მართლაც შემთხვევით მოხდა. ამ "საკრალური" მოვლენის მთავარი გმირის, ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა განმარტება გააკეთა კენჭისყრის თარიღთან დაკავშირებით. "ჩვენი გათვლა იყო სწორედ ის, რომ არჩევნები შეიძლება ყოფილიყო 1 ოქტომბერს, შესაბამისად, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანია 27 მაისს დავიწყეთ, გაწერილი გვაქვს მთელი გეგმა, მათ შორის დარჩენილი 60 დღე და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს", - განაცხადა "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ახალ "დამთხვევებზე" საუბარი მიჩუმდება და ადგილს წინასაარჩევნო კამპანიას დაუთმობს.
ახლა, რაც შეეხება ბიძინობის ზეიმს. როგორც აღვნიშნეთ, ქართული ეკლესია და მისი მრევლი პირველ ოქტომბერს მთავარმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს აღნიშნავს. შესაბამისად, ყოველი ქართველისთვის ეს თარიღი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ტრადიციული ზეიმი კი ბიძინა ჩოლოყაშვილის მშობლიურ ახმეტაში იმართება. იქ კახელები სანთლებს დაანთებენ, შემდეგ ალბათ ჭიდაობაც გაიმართება, ცხვარსაც დაკლავენ და მრავალჟამიერსაც დააგუგუნებენ. იმედია, წლევანდელ ბიძინობაზე, სანამ სუფრას მიუსხდებიან, საარჩევნო უბანში მისვლასაც მოახერხებენ.