საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ლონდონის ოლიმპიადაზე საპატიო სტუმრების სტატუსით იმყოფებიან და მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტების არანაირი უფლება აქვთ.
„სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო წუხს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის წარუმატებელი გამოსვლის გამო და აცხადებს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სპორტსმენს წარმატებული ასპარეზობისთვის. რაც შეეხება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ დღეს წამოყენებულ ბრალდებებს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპორტსმენებს, რომ გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა და საკუთარ სპორტულ წარმატებებს თუ წარუმატებლობას ნუ გამოიყენებენ იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ოლიმპიადაზე გამგზავრებისას თვითმფრინავში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრო ლადო ვარძელაშვილი და საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გია უდესიანი მას ემუქრებოდნენ და „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის გაწყვეტას „ურჩევდნენ“. ამის შესახებ სპეციალურ პრსეკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ მას ტრავმა ჰქონდა (თითი აქვს დაზიანებული), ბეთქილ შუკვანმა პირველი შეხვედრა მოიგო. მეორე მეტოქესთან მან ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა ორთაბრძოლის დასრულებამდე 10 წამი იყო დარჩენილი, როდესაც თითიდან სისხლი წასკდა და მსაჯმა თამაში არ გააჩერა. მას გაუუქმეს 2 წარმატებული გდება და შეხვედრაში დამარცხდა. ბეთქილ შუკვანმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრსა და ქართულ დელეგაციას მიმართა და მათ უსამართლო მსაჯობაზე რეაგირება სთხოვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. შემდეგ შუკვანი სასტუმროში იმყოფებოდა, როდესაც მას უთხრეს, რომ გია უდესიანი 10 კაცთან ერთად ქვემოთ ელოდებოდა. ბეთქილი სიტუაციის გამწვავებას მოერიდა და ფანჯრიდან გადახტა, რათა სასტუმრო დაეტოვებინა. დელეგაციას ლონდონში ყოფნისას მასზე არ უზრუნია და ის თავისი მეგობრების დახმარებით საქართველოში დაბრუნდა. ეს არის კლასიკური ნიმუში საქართველოში გავრცელებული სამწუხარო ტრადიციისა, როცა ხელისუფლება სპორტსმენებს „თავისიანებად“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად ჰყოფს და მას სპორტის განვითარება არ აინტერესებს“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ამის საპასუხოდ განაცხადეს, რომ სპორტსმენები სასტუმროში მერვე სართულზე ცხოვრობდნენ და შეუძლებელი იყო შუკვანი მერვე სართულის ფანჯრიდან გადმომხტარიყო და გადარჩენილიყო. ამასთანავე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავში ლადო ვარძელაშვილი და გია უდესიანი ბეთქილ შუკვანისგან შორს ისხდნენ, არც კი მიახლოებიან მას და ამდენად, შეუძლებელია, მასზე რაიმე სახის მუქარა განეხორციელებინათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით for.ge-მ განმარტების გაკეთება ბეთქილ შუკვანს სთხოვა.
ბეთქილ შუკვანი: „მე არც მითქვამს, რომ ვარძელაშვილი და უდესიანი ჩემს გვერდით ისხდნენ. ლადო ვარძელაშვილი იქ არც ყოფილა, მაგრამ მისი და ზოგადად, ხელისუფლების დავალებით მოქმედებს უდესიანი. თვითმფრინავში მე და ჩემი მეგობარი გვერდი-გვერდ ვისხედით და ფილმს ვუყურებდით. ერთი ყურთსასმენი მე მქონდა გაკეთებული, მეორე კი - ჩემს მეგობარს. გია უდესიანი ჩაივლიდა, ამოივლიდა და ისე მიბღვერდა, რომ ბიჭებს ვკითხე კიდეც, ეს ვინ არის-თქო. მათ მიპასუხეს, ეს გია უდესიანიაო. შემდეგ იგი ჩემი სავარძლის საზურგეს უკნიდან უხეშად ჩამოეყრდნო, ისე, რომ ხელი ჩამოარტყა მას, რათა ჩემი ყურადღება მიექცია, ხელი გამომიწოდა და ჩამომართვა, მეც ჩამოვართვი ხელი. უდესიანმა მტკივან ხელზე ხელი მაგრად მომიჭირა, რაზეც ვუთხარი, რომ ხელი მტკიოდა.
როგორც ჩანს, კონტაქტში ვერანაირად რომ ვერ შემოვიდა ჩემთან, ცოტა ხანში დაიწყო იმ სპორტსმენების მისამართით გინება, ვინც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა აღუთქვა. მათ შორის ავალიანიც ახსენა, მით უმეტეს, იცის, რომ მე და ავალიანი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ამასთანავე, როგორც ჩანს, მათ უკვე იცოდნენ, რომ 22 ივლისს მე ბიძინა ივანიშვილს შევხვდი, მასთან ფოტოც გადავიღე, რომელიც ეტყობა ნახეს. მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანზე გული შეგტკივა და მას შენი თანდასწრებით აგინებენ, ეს შენზე მოქმედებს. აქვე გეტყვით, სპორტი ისეთი რამ არის, მართალია 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარ, მაგრამ ნერვიულობის შედეგად უცებ ვიკლებ დაახლოებით 5 კილოგრამს. უდესიანი კი არ მოერიდა არაფერს, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ სპორტსმენებს.
ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიაში ქართველი სპორტსმენების ყოფნის დროს თქვენ მაღაზიიდან რაღაც ნივთები მოიპარეთ. ადასტურებთ ამ ფაქტს?
- ეს არის ტყუილი. მე მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ გერმანიაში არა მხოლოდ მე, არამედ იქ მყოფი ყველა სპორტსმენი დაიჭირეს და ყველა მათგანი დაკითხეს. იმ პერიოდში გერმანიაში 5000 სპორტსმენი იყო ჩასული და იმ მომენტისთვის, როცა იქ რაღაც ინცინდენტი მოხდა, ვინც კი სავაჭრო ცენტრში არსებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, ყველა დაიჭირეს, დაკითხეს და შემდეგ გამოუშვეს. მოგეხსენებათ, გერმანელებს მართლმსაჯულების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ. ისინი ჩვენი ხელისუფლების მსგავსად არ მოქმედებენ. ჩვენთან ჭორის დონეზე რომ რაღაც იციან, მაშინვე გიჭერენ. იქ კი განსხვავებული სიტუაციაა. როდესაც გერმანელებმა ნახეს, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი, ბოდიში მომიხადეს, პოლიციიდან გამომიშვეს და სასტუმროშიც თვითონვე მიმიყვანეს. სხვა იქ არაფერი მომხდარა. ჩვენს ხელისუფლებაში ტყუილის დაბრალება კარგად იციან, ალბათ კიდევ ბევრ რამეს მომიგონებენ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ესენი და ვინ არის ბეთქილ შუკვანი.
გია უდესიანი პირადად თქვენ თუ გეუბნებოდათ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ უნდა გეთანამშრომლათ, ან რაიმე მსგავსი თუ უთქვამს თქვენთვის?
- მათ ისიც განაცხადეს, რომ გვცოდნოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ოლიმპიადაზე არ წავიყვანდითო. მინდა გითხრათ, რომ ოლიმპიადაზე წაყვანა-არწაყვანა ასე არ წყდება. ოლიმპიადაზე წასვლა მე მეკუთვნოდა და ვინც ჩემი კონკურენტი იყო, მას სუფთა ბრძოლაში მოვუგე, რის შემდეგაც თავად ამ სპორტსმენმა მითხრა, ოლიმპიადაზე შენ უნდა წახვიდეო და მომილოცა კიდეც. ამდენად, როდესაც ადამიანს ოლიმპიადაზე წასვლა ეკუთვნის, ვარძელაშვილი კი არა, ვინც გინდა იყოს, ვერანაირად დაგბლოკავს.
ბეთქილ, ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ოლიმპიადაზე მიმავალ სპორტსმენებს ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში ჯილდოდ გარკვეულ თანხას დაპირდა, მაგრამ შემდეგ, ვინაიდან მათთვის სასურველმა სპორტსმენებმა ოქროს მედლები ვერ მიიღეს, ხელისუფლებამ ეს დაპირება გადათქვა. ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?
- ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც სპორტსმენები ქობულეთში დაგვპატიჟეს და იქ მოვიდა მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად ვესწრებოდი ამ შეხვედრას, სადაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში სპორტსმენი ჯილდოდ ერთს კი არა, ორ მილიონ ლარს მიიღებსო. მეც ჭორის დონეზე გავიგე, რომ შემდეგ ითქვა, თითქოს ეს ცრუ ინფორმაცია იყო, მაგრამ როგორც გითხარით, ჩემი ყურით მოვისმინე, სააკაშვილმა როგორ მოგვცა ეს დაპირება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სანამ ოლიმპიადაზე წავიდოდით, ვარძელაშვილმა დაგვიბარა და გვითხრა, როგორც ოლიმპიადის მონაწილეებს, თითოეულ თქვენგანს ანგარიშზე ხუთი ათას ფუნტ სტერლინგს ჩაგირიცხავთო, მაგრამ ეს დაპირება დაპირებადვე დარჩა.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სპეციალური განცხადებით უპასუხა თქვენს ბრალდებებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ოლიმპიადაზე საპატიო სტუმრების სტატუსით იმყოფებიან და მსაჯის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აქვთ. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
- მაშინ რისი მინისტრია ლადო ვარძელაშვილი? თუმცა აქვე აღვნიშნავ, მე არ ვითხოვდი, რომ თავად ვარძელაშვილს გაეპროტესტებინა ეს ამბავი. მე იმას ვითხოვდი, მინისტრს დავალება მიეცა ისეთი ადამიანისთვის, ვისაც ეს ევალება, რომ სიტუაციაში ბოლომდე გარკვეულიყვნენ. მე მხოლოდ ამას ვამბობდი და სჯობს, ჯერ კარგად მოისმინონ, ვინ რას ამბობს და განცხადებები ამის შემდეგ აკეთონ, თორემ მე იმას არ ვითხოვდი, რომ ვარძელაშვილი თვითონ მისულიყო მსაჯებთან და ეჩხუბა. უბრალოდ, ის მინისტრია და შეეძლო, ამ საკითხზე რეაგირება მოეხდინა. მან კი პასუხიც არ გამცა, რის გამოც იმდენად შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ გამოვტრიალდი და წამოვედი.
თქვენ განაცხადეთ, რომ გია უდესიანი რამდენიმე ადამიანთან ერთად სასტუმროსთან გელოდათ, რის გამოც თქვენ სასტუმროს ფანჯრიდან გადახტომა მოგიწიათ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამის საპასუხოდ ამბობენ, რომ სპორტსმენები სასტუმროს მერვე სართულზე ცხოვრობდით და ფანჯრიდან ვერანაირად ვერ გადახტებოდით. სინამდვილეში რა მოხდა?
- საქმე იმაშია, რომ როდესაც ეს ამბავი მოვყევი, ფაქტები არ დამიკონკრეტებია, რადგან არ მეგონა, სიტყვებზე თუ ასე გამომეკიდებოდნენ. რადგან დაკონკრეტებაა საჭირო, გეტყვით, რომ როდესაც გავიგე, რომ უდესიანი ქვევით მელოდებოდა, ლიფტით არ ვისარგებლე, ჩამოვედი კიბით, ე.წ. „ჩორნი ხოდით“. მეორე სართულზე იყო ფანჯარა, რომელიც სხვა ეზოში გადიოდა. სწორედ ამ ფანჯრიდან გადავედი და იმ ეზოს „ჩორნი ხოდით“ გავედი ქუჩაში. თუკი დაკონკრეტებაა საჭირო, სწორედ ასე მოხდა ეს ყველაფერი.