ენერგოვაუჩერების პროგრამა თელასისა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასიდან ჩამოჭრილი თანხით დაფინანსდა. ამ ინფორმაციას For. ge-სთან საუბარში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ფაცაცია ავრცელებს. მისი განმარტებით, ენერგოვაუჩერების პროგრამა ნაციონალების მორიგი ფარსი იყო.
კერძოდ, დავით ფაცაცია გასული ზამთრის პერიოდს იხსენებს, როცა მოსახლეობას ენერგოვაუჩერები დაურიგდა. რეალურად კი ამის დასაფარი თანხა თელასის თანამშრომლებს ჩამოაჭრეს.
„თელასის თანამშრომლებს 200-200 ლარი ხელფასიდან ჩამოაჭრეს. არადა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვაუჩერების საფასური ვითომ ხელისუფლებამ გადაიხადა. ასევე მოხდა იუსტიციის სამინისტროშიც. იქაც თანამშრომლებს 200-დან 300 ლარამდე ჩამოაჭრეს, რასაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა“, - აცხადებს დავით ფაცაცია.
მეტიც, მისი თქმით, ყოველი არჩევნების წინ საჯარო რეესტრში თანამშრომელთა ხელფასებიდან თანხების 200-დან 300 ლარამდე ჩამოჭრა ჩვეულებრივ ამბად იქცა.
დავით ფაცაციას განმარტებით, მართალია, ეს ადამიანები სამსახურის დაკარგვის შიშით ამ თემაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს ეყოფათ ვაჟკაცობა და მალე ამას საჯაროდ გაახმიანებენ.
„თელასის ყველა თანამშრომელს ჩამოართვეს 200-200 ლარი და ამ თანხით დაფინანსდა ე.წ. ენერგოვაუჩერი, რომელიც მოგვიანებით მთავრობამ ხალხს დაურიგა. იმ მომენტში ეს ჩემთვის აღმაშფოთებელი და დაუჯერებელი გახლდათ. თავადვე ვერ დავიჯერე, მაგრამ ამის ბევრი მოწმე არსებობს და მომხდარს ბევრი ადამიანი ადასტურებს. აქამდე ამის საჯაროდ თქმას ერიდებოდნენ. ამ ტიპის ანალოგიური ქმედება ხდება სამოქალაქო რეესტრთან მიმართებითაც, რის შესახებაც მომავალ კვირას გაცნობებთ,“ - აცხადებს დავით ფაცაცია.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ეს თანხა მთლიან ენერგოვაუჩერიზაციას ვერ გასწვდებოდა, მაგრამ ეს მისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ რუსულ კომპანია - „რაოესში“ ასეთი რამ ხდება. საუბარია გაზპრომზე, პუტინის ძვირადღირებულ კომპანიაზე.
იმ პერიოდში, როდესაც თელასის თანამშრომლებს თანხა ჩამოაწერეს, მათთვის მიზეზი არავის განუმარტავს. ამას დავით ფაცაცია იმით ხსნის, რომ, ზოგადად, დაქირავებული ადამიანები ჩვენთან მონებად არიან ქცეული და უსიტყვოდ ემორჩილებიან უფროსის განკარგულებას. მართალია, თელასის თითქმის ყველა თანამშრომელს შეღავათები აქვს და, პრაქტიკულად, უფასოდ ეძლევათ საოჯახო მოხმარების ელექტროენერგია. ამასთან, 500 ლარზე ნაკლები ხელფასი არცერთ თანამშრომელს არ აქვს, მაგრამ ეს 200 ლარი მათთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო. ამ ადამიანებს ხომ, თელასის მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, 5-6-7 ათასამდე ლარის ოდენობით ხელფასი არ გააჩნიათ?! თელასის მენეჯმენტში კი ხელფასები კიდევ უფრო მაღალია.
დავით ფაცაციას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თელასის უფროსად შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი დაინიშნა, ამ ორგანიზაციაში გაუსაძლისი პირობები შეიქმნა. კერძოდ, არსოშვილმა მთელი თავისი გუნდი, ყოფილი მოადგილეები და თანამშრომლები მიიყვანა. ყველაზე არაადექვატური კი ისაა, რომ ნაცმოძრაობის ძალიან ბევრი კუნთმაგარი კოორდინატორი და წევრი მიიყვანა, არაპროფესიონალებით დააკომპლექტა შტატი. ყოფილ თანამშრომლები კი აიძულა, განცხადება დაეწერათ და წასულიყვნენ.
„ყველას დააწერინეს განცხადება, თანაც თარიღის გარეშე. რიგრიგობით ათავისუფლებენ ადამიანებს და ნაცმოძრაობის თანამშრომლებს ნიშნავენ. არსოშვილის მიერ ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაინიშნა ალეკო ბაშიაშვილი, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, ავთო მეტივიშვილი, ენერგოგასაღების ხელმძღვანელი, მამუკა ქობალია, ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ჭანტურია (გიორგი ჭანტურიას შვილი), რომელიც ამერიკიდან ჩამოიყვანეს და მათი მეუღლეები მეგობრები არიან. თვითონ არსოშვილის მეუღლე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაინიშნა. თელასის გენერალური დირექტორი ოფიციალურად აშოტ მანუკიანია. თუ არ ვცდები, ეს ადამიანი ერევნიდანაა ჩამოყვანილი, მაგრამ მას არანაირი ფუნქცია არ აქვს, რადგან ზურაბ არსოშვილი არის ფინანსურიც, კომერციულიც და ტექნიკური დირექტორიც“, - აცხადებს ფაცაცია.
მისი ინფორმაციით, თელასიდან უკვე ასზე მეტი ადამიანია დათხოვნილი, თანამშრომლებს ყოველდღიურად ითხოვენ და მათი ჩანაცვლება, როტაცია მიმდინარეობს. მათ შორის, ადამიანებს პოლიტიკური ანტიპათიითაც უშვებენ. ორ მათგანს მაგიდაზე 27 მაისის სურათები დაუდეს და უთხრეს, რომ შენი პოლიტიკური აქტიურობის გამო შენი ოჯახის წევრებს გაფრთხილება ეძლევათ ჩვენგან. ერთ-ერთი მათგანი დატოვეს, მეორე კი სამსახურიდან გაუშვეს. ასეთი შემთხვევა თელასში მრავალია.
ამასთან, დავით ფაცაცია არ გამორიცხავს, რომ თელასშიც იგივე სქემა მოქმედებდა, რაც საჯარო რეესტრში. კონკრეტულად, თავის დროზე რეესტრის ხელმძღვანელი ვაშაძე საკუთარ თანამშრომლებს ორმაგ პრემიებს ურიცხავდა, მოგვიანებით კი, თავისი მოადგილის ციმაკურიძის დავალებით, ხელზე იბრუნებდა ამ თანხებს, რაც ნაცმოძრაობის საარჩევნო დაფინანსებასა და კამპანიას ხმარდებოდა. ამ გზით ფულის გათეთრება ხდებოდა, რასაც, ძირითადად, სანდო ადამიანების (პარტიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების) ხელით ახორციელებდნენ.