საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი დაასახელა. არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელიც ე.წ. must carry-ს პრინციპს ეხება, ეს პრინციპი არჩევნების თარიღის დანიშვნის დღიდან უნდა ამოქმედდეს.
„საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამ პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში, აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მაუწყებლობის ტრანზიტზე კი ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისთვის უზრუნველყოს მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება.
თუმცა დამოუკიდებელ მედია-საშუალებებს ეჭვი აქვთ, რომ მათ must carry-ში ჩართვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებათ. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური ამბობს, რომ მის არხს must carry-ს პრინციპთან დაკავშირებით ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან. კერძოდ, „მეცხრე არხის“ მიერ რვა საკაბელო კომპანიისთვის გაგზავნილი წერილები ტელეკომპანიას უკან დაუბრუნდა. ამასთანავე, ბექაური თავად კანონში არსებულ ხვრელებზე საუბრობს, რაც საკაბელო ტელევიზიებს გარკვეული მანევრირების საშუალებას აძლევს.
დღესვე კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კახა ბექაურის საპასუხოდ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც ბექაურს სიცრუეში ადანაშაულებს.
„კახა ბექაურის განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანიებმა თავად უნდა მიმართონ საკაბელო ტრანზიტორებს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ მათ არხის პაკეტში ჩასმის ვალდლებულება, არასწორია. მისივე თქმით, ტელეკომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის საკაბელო მაუწყებლების სია, რაც გააჭიანურებს სავალდებულო არხების ჩართვის პროცესს“, - ნათქვამია მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში.
ამასთანავე, უწყებაში განმარტავენ, რომ ბექაურის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 29 ივნისს, კახა ბექაურმა წერილობით მიმართა კომისიას, ყველა ავტორიზებული პირის სიის მიწოდებასთან დაკავშირებით. 4 ივლისს კომისიამ დააკმაყოფილა „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის წერილობითი მოთხოვნა და გაგუგზავნა მას ავტორიზებულ პირთა სია. ამ ეტაპზე, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების იურიდიული და ფაქტობრივი მისამართების და სხვა მონაცემების დაზუსტებული სია კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზეც ხელმისაწვდომია.
ამის საპასუხოდ, for.ge-სთან საუბარში კახა ბექაური აცხადებს, რომ სწორედ მარეგულირებელი კომისიის მიერ მისთვის მიწოდებულ მისამართებზე გაგზავნილი წერილები დაუბრუნდა უკან. ასევე ბექაური ამბობს, რომ თუკი მისი ნათქვამი სიცრუეა, მარეგულირებელმა კომისიამ უნდა უარყოს მისივე დადგენილი წესი.
For.ge კახა ბექაურს ესაუბა.
კახა ბექაური: „ჩემს განცხადებას და მარეგულირებელ კომისიის ხელმძღვანელთან პოლემიკას კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც „მარიოტში“ გაიმართა მინიმუმ 30 ადამიანი ისმენდა. მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელს მე პირდაპირ ვკითხე, რომ თუკი მე საკაბელო კომპანიას არ მივმართავ მოთხოვნით, ასეთ შემთხვევაში მას კანონი თუ ავალდებულებს, რომ მაინც ჩამრთოს თავის პაკეტში. ამაზე მან უარყოფითი პასუხი გამცა. ასეთი ფრაზაც იყო იქ ნათქვამი, რომ საკაბელო ოპერატორს ვალდებულება მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშვება, რაც ჩემი წერილობითი მოთხოვნა მის პაკეტში ჩემი ტელეარხის ჩართვასთან დაკავშირებით ეჭირება ხელში. ეს ყველაფერი იმ შეხვედრის მონაწილე დაახლოებით 30-მა ადამიანმა მოისმინა და სასაცილოა ახლა მარეგულირებელი კომისია ამას რომ უარყოფს.
თუ ახლა იგი ამბობს, რომ საკაბელოს მაუწყებლის მიმართვის გარეშე აქვს მისი ჩართვის ვალდებულება, სჯობს დააზუსტოს, რას გულისხმობს, რადგან თვითონ ის ფრაზა, რაც მის განცხადებაშია ნათქვამი, ამ ყველაფრის უარყოფას არ გულისხმობს. კეთილი ინებოს მარეგულირებელმა კომისიამ და უარყოს, რომ საკაბელო პაკეტში მაუწყებლის ჩართვისთვის აუცილებელია ამ უკანასკნელის წერილობითი მიმართვა.
ბატონო კახა, თავად იმ ნორმაში, რომელიც must carry-ს პრინციპს ეხება, არის ჩადებული ასეთი პირობა, რომ საკაბელო პაკეტში მაუწყებლის ჩართვისთვის მისი მიმართვა არის საჭირო?
- კანონში განსაზღვრულია უფლებისა და ვალდებულების თემა, კერძოდ, რაც შეეხება უფლებას, იქ წერია, რომ საკაბელო ოპერატორს უფლება აქვს მაუწყებელი თავის პაკეტში ჩართოს მიუხედავად იმისა, მიმართავს თუ არა მას მაუწყებელი ამ თხოვნით. ეს არის უფლება, რომელიც ვალდებულებას არ გულისხმობს. რაც შეეხება ვალდებულების ნაწილს, კანონში წერია, რომ საკაბელოს უარის თქმის უფლება არ აქვს, მაგრამ იქ არ არის დაზუსტებული, რომ თუკი მაუწყებელი საკაბელო ოპერატორს მიმართავს ამ თხოვნით, ამ თხოვნაზე საკაბელოს უარის თქმის უფლება არ აქვს. საერთოდ, უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მიმართვა არსებობს, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, კანონში ეს დაზუსტებული არ არის. მარეგულირებელმა კომისიამ კი ამ ნორმის ასეთი ინტერპრეტირება გააკეთა, რომ საკაბელოს მხოლოდ მაუწყებლის მისთვის წერილობითი მიმართვის გაკეთების შემთხვევაში წარმოეშვება მაუწყებლის თავის პაკეტში ჩართვის ვალდებულება. მაშინ ისიც კი განგვიმარტეს, რომ შეგვიძლია საკაბელო კომპანიებს დაზღვეული წერილით მივმართოთ.
აქვე აღვნიშნავ, რომ ხშირად საკაბელო ტელევიზიები არ იძებნებიან, ანუ ისინი არა მათ იურიდიულ მისამართზე, არამედ სხვაგან საქმიანობენ. ამიტომ, მარეგულირებელი კომისიის იურისტს კახი ყურაშვილს ამ შეხვედრაზე პირდაპირ ვკითხე, რომ თუკი მე კომისიას წარვუდგენ დაზღვეულ წერილს, რომელიც საკაბელოს გავუგზავნე და ვთქვათ, ის იმ მისამართზე არ დამხვდა და ვერ ჩაიბარა, იქნება თუ არა ეს იმის საფუძველი, რომ საკაბელო ოპერატორის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული სანქციები აამოქმედონ? ამაზე ყურაშვილმა მიპასუხა, რომ მარეგულირებელ კომისიას ექნება ცხელი ხაზი, რომელზეც შემიძლია დავრეკო და კომისია დაინტერესდება, რატომ არ ჩაბარდა წერილი, გაარკვევენ ამას და ა.შ. სწორედ ამ საკითხზე გაგრძელდა პოლემიკა. ამიტომ ახლა მარეგულირებელმა კომისიამ ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებოს და კეთილი ინებოს, თუკი კანონი ყველა საკაბელო ოპერატორს ყველა მაუწყებლის ჩართვას ავალდებულებს, ამ პროცესის განხორციელება უზრუნველყოს.
თუკი საკაბელო ოპერატორი ვალდებული არ არის, მაუწყებელი თავის პაკეტში ჩართოს, შეიძლება თუ არა ეს ნორმა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული?
- რა თქმა უნდა, კანონში იმიტომაც ჩაიდო ასეთი ნორმა და მარეგულირებელიც იმიტომ აკეთებს კანონის ასეთ ორაზროვან ინტერპრეტაციას, რომ ყველაფერი ეს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართონ. Must carry-ც მხოლოდ ფარატინა ქაღალდია, რომელიც ხელისუფლებამ იმისთვის მიიღო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს აჩვენოს, თითქოს ასეთი კარგი კანონი აქვს მიღებული. სინამდვილეში ეს ასე არ არის. თქვენ ნახავთ, თავისუფალ მედიასაშუალებებს საკაბელო ოპერატორების პაკეტებში ჩართვის პროცესში რამდენი პრობლემა შეექმნებათ.
შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ ხუთი წერილი მომივიდა უკან, დღეს კი სამი, ანუ მთლიანობაში რვა წერილი დამიბრუნდა, რომლებითაც საკაბელო ოპერატორებს მათ პაკეტში ჩართვის თხოვნით მივმართე. ამასთანავე, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ყველგან ჯერ არ დაუვლიათ, ეს მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ნაწილი იყო და უკვე რვა საკაბელო ოპერატორი ვერ იპოვეს. აღსანიშნავია, რომ წერილები იმ მისამართებზე გავგზავნეთ, რომლებიც მარეგულირებელმა კომისიამ მოგვაწოდა და ამ მისამართებზე ეს საკაბელო ოპერატორები არ არიან. ამდენად, ეს პროცესი გაგრძელდება, დაიწყება პინგ-პონგის თამაში, გვეტყვიან, - რატომ ვერ იპოვეთ, უკაცრავად მისამართში რაღაც შეგვშლია, დაგველოდეთ, ხვალ ვნახავთ, ამაზე იქნებ წერილი მოგვწეროთ და ა.შ. ამასობაში კი დრო გავა.