იტალიაში მცხოვრები ბექა გოგოსაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, არჩევნებში ხმის მიცემის აკრძალვის მიუხედავად, ქართველი ემიგრანტები საკუთარ ხმებს მაინც დაიცავენ და არავის გააყალბებინებენ, რადგან სამშობლოს, ოჯახისა და ახლობლებთან დაშორების შემდეგ, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ.
„ჩვენ ამ ხელისუფლების უვადო პატიმრები ვართ“, - აცხადებენ ქართველი ემიგრანტები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოს საკონსულოებში აღრიცხვის პროცედურის გამარტივებას მოითხოვენ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებულებას აპროტესტებენ. ამ მიზნით მიუნხენში, საბერძნეთსა და იტალიის სამხრეთით მდებარე პროვინცია კალაბრიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა თეატრალიზებული საპროტესტო აქციები გამართეს.
რატომ ჩამოგერთვათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ემიგრანტებს?
- წლების განმავლობაში ეს ხელისუფლება თავად იპარავდა ხმებს. ასე მოხდა 2004 წელს, 2008 წელს, ახლაც ხმების მოპარვას ცდილობენ 2012 წლისთვის. ხელისუფლებას გაუჩნდა საშიშროება, რომ ემიგრაციიდან ვერცერთი ხმას ვერ მიიღებს. სინამდვილეში, ეს მართლაც ასეა. ამიტომ ერთადერთი კოზირი, რაც ამ ხელისუფლებას დარჩა, ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაჩეხონ ისე, როგორც მათ აწყობთ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა და როგორ არის. ემიგრაცია მიხეილ სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს, ეს გადასარევად იცის თავად სააკაშვილმაც და მმართველმა გუნდმაც, რადგან სწორედ ემიგრანტების ემიგრაციაში ყოფნის მიზეზი ამ ხელისუფლების მმართველობაა. არ დაწყებულა ეს არც დღეს და არც გუშინ. 1992 წლიდან წავიდნენ პირველი ემიგრანტები. ამის შემდეგ, 2004 წლიდან, საქართველოდან კიდევ განხორციელდა მორიგი დიდი ემიგრაცია. აქედან გამომდინარე, მე აქ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ვერავინ ვნახე.
საქართველოში ჩამოსულ ზოგიერთ ემიგრანტს მოსწონს ახლად დაგებული გზები, განათებული თბილისი, მაგრამ მათ არ იციან, რომ აქ ხალხი შიმშილობს. რა განწყობაა ემიგრანტებში ბიძინა ივანიშვილის მიმართ?
- ჩემი და ჩემი სამეგობრო წრის სახელით გეტყვით, რომ ემიგრანტები საქართველოს ხერხემალი ვართ. რეალურად თუ ვიაზროვნებთ, ხელისუფლება ყველანაირ პირობას უნდა გვიქმნიდეს იმისთვის, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ფაქტობრივად, ჩვენ სახელმწიფოს გასაკეთებელს ვაკეთებთ. ემიგრაცია ინახავს საქართველოში საკუთარ ოჯახებს, ნაწილობრივ, ემიგრაციას თავის თავზე აქვს აღებული სახელმწიფოს ვალდებულება. ამდენად, ეს არის უხეში მეთოდი, რომ არჩევანის უფლება წაგვართვეს.
რაც შეეხება ბატონ ბიძინასადმი მხარდაჭერას, ივანიშვილი 15 და 20 წლის მანძილზე ისე აკეთებდა ქართულ საქმეს, რომ არავინ იცოდა, იგი ვინ იყო. ამდენად, ახლა როგორი განწყობაა მის მიმართ, თვითონ თქვენს მკითხველს მივანდოთ. მე მგონი, ბატონ ბიძინას მიმართ ემიგრაციაში უფრო უკეთესი განწყობაა, ვიდრე საქართველოში. 90 % თუ არა, 85 % მაინც მხარს უჭერს ივანიშვილს. ყოველ შემთხვევაში, რასაც მე ვუყურებ ემიგრაციაში, ასეთი განწყობაა.
გამოსავალს რაში ხედავთ, რათა საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა ემიგრანტებისთვის ისევ გამარტივდეს და თქვენ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ შეგეზღუდოთ?
- ჩემს აზრს მოგახსენებთ, საპროტესტო აქციების მოწყობა აუცილებელია, ვინაიდან საქართველოდან ევროპულ ქვეყნებში ჩამოსული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სულ სხვა სურათს გვიხატავენ, ვითომ საქართველო შენდება და განათებულია. გეთანხმებით, მართლა განათებულია საქართველო, მაგრამ 21-ე საუკუნეში არ შეიძლება, ადამიანს განათება დააყვედრო და ის უთხრა, გზა გავაკეთეო. მაშინ, როცა ადამიანები, ჩვენი შვილები, დები, ნათესავები უმუშევრები არიან. ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ უკვე აღარ გვაინტერესებს, რომ აქეთ ჩვენ ვართ დატყვევებულები და მოწყვეტილნი ვართ ჩვენს ქვეყანას, უკვე აღარ ვიცით, როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. მე ასე ვხედავ, რომ ჩვენ, ემიგრანტები, ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით. მოგვცემენ თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. რამდენადაც ვიცი, ამ კვირაში უნდა გამოცხადდეს არჩევნების თარიღი. ყველა ემიგრანტს იმის განცდა აქვს, რომ ერთადერთი, რაც გვქონდა, ეს ჩვენი ხმა იყო. ამათ მარტო კი არ გაგვირთულეს საკონსულოში აღრიცხვა, არამედ, პირდაპირი მნიშვნელობით, ხმა წაგვართვეს. ჩვენს შემთხვევაში, საბუთს, რომელსაც იტალიასთან მიმართებით ითხოვენ, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. იტალიაში ასეთ საბუთს ვინ მომცემს? საცხოვრებელი ადგილის სერთიფიკატს ვინ გასცემს? იგივე სიტუაციაა გერმანიაში, აშშ-ში. ერთადერთ შანსს გვიტოვებენ, რომ წავიდეთ არჩევნების დღეს და გავაკეთოთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, სიტყვაზე, 2008 წელს, უნდა გაგვეკეთებინა უფრო ადრეც - ახალგაზრდების დახოცვის შემდეგ. ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა და ეს ჩვენს თავზე ავიღოთ, რადგან ეს ვიღაცის გასაჭირი კი არ არის, არამედ, რაც დღეს გვჭირს, ეს ერის უბედურებაა. მილიონნახევარი ქართველი მშობლიურ მიწასაა მოწყვეტილი, რაც ნიშნავს, რომ მილიონ ნახევარი ოჯახი დანგრეულია. აქ ცოტა სხვა სიტუაციაა, არსებობს შიშის ფაქტორიც, მაგრამ ემიგრაციაშიც არიან ადამიანები, რომლებიც პირადი ცხოვრების მაგალითზე აჩვენებენ დანარჩენ ემიგრანტებს, რომ არ ეშინიათ. მართლაც, ჩვენ არ გვეშინია, რადგან მეტი რა უნდა გაგვიკეთონ? ოჯახს მოგვწყვიტეს, ქვეყანას მოგვწყვიტეს, ნათესავს, ახლობლებს მოგვწყვიტეს. ადამიანისთვის ამაზე მეტი ცუდის გაკეთება არ არსებობს.
ემიგრანტები აცხადებთ, ჩვენს სათქმელს მაინც ვიტყვითო, მაგრამ, თუ თქვენ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება დაგაკარგვინეს და აღრიცხვაზე არ აგიყვანეს, მაშინ რა მეთოდით დააფიქსირებთ პოზიციას?
- ამ ეტაპზე ვმუშაობთ და ამ მხრივ რაღაცის გაკეთება შეიძლება. ყველაფერი ისე იქნება, რომ, თუ ჩვენ ხმას სასურველ კანდიდატურას ვერ მივცემთ, იმის უფლებასაც არ მივცემთ ვინმეს, რომ ჩვენი ხმები გამოიყენონ, ჩვენი სახელები და გვარები გამოიყენონ, როგორც იყენებდა იუსტიციის სამინისტრო პირადობის მოწმობების დაბეჭდვით და ა.შ. ამ ხალხს ბრმად იყენებდნენ.
ამას როგორ გააკეთებთ?
- არაფერი, დავაფიქსირებთ აქ, ვინც ვართ, რამდენიც ვართ, რანაირად ვართ, რა პოზიციის ვართ. ამის მიხედვით, ჩვენი მონაცემები შემდეგ გადამოწმდება. არსებობენ არასამთავარობო ორგანიზაციები, რომლებიც ამას ყურადღებას მიაქცევენ.
როდესაც ნაციონალები ევროპაში ჩადიან, ზოგიერთი ემიგრანტი მათ სიხარულითა და პატივისცემით ეგებება. ესეც ინფორმაციის ნაკლებობით აიხსნება?
- იმ ემიგრანტებს, რომლებსაც რეალურად სურთ, ვიღაცას შეხვდნენ და საკუთარი პოზიცია გამოხატონ, ნაციონალების ჩამოსვლას არ აგებინებენ. ნაციონალებს ჰყავთ პატარ-პატარა ზონდერ-ჯგუფები, მაგალითად, იტალიის ყველა ქალაქში, და საერთოდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფაქტობრივად, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს უმალავენ, რომ ნაცმოძრაობის წევრები მათ ქალაქში ჩადიან. სულ ახლახანს ასეთი რამ მეც შემემთხვა, როცა 18 ივნისს პაპუნა დავითაია ჩამოვიდა იტალიაში. ფაქტობრივად, 16 რიცხვიდან მოყოლებული, ვურეკავდი ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელს და ვეკითხებოდი, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს, რომ უნდა ჩამოსულიყო პაპუნა დავითაია, რაზეც უარყოფით პასუხს ვიღებდი, რომ, არანაირ ჩამოსვლას არ ველითო. ფარულად აკეთებენ ამ ყველაფერს, იმისთვის, რომ გარკვეული ჯგუფი შეეგებოს ნაციონალებს. რეალურად, ემიგრაციაში მხარდამჭერები არ ჰყავთ, ეს ყველაზე კარგად იციან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რაიმეს აკეთებენ ემიგრანტების მისამხრობად?
- იმდენად გადაიღალა ხალხი, რომ ხმამაღლა ვიტყვი, ის ადამიანები, ვინც აზროვნებს, ვისაც ქართული ენა აქვს შერჩენილი (ემიგრანტების 95 % ასეთია, რადგან ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს), მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, რომ მართლა არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. შესაძლოა, პირადად მე, ბექა გოგოსაშვილი მომხრე ვიყო, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა მივიდეს არჩევნებამდე, მაგრამ, როცა გავაანალიზებ ამას, არაფერი კარგი არ მოგვიტანა რევოლუციებმა. ხალხმა ეს დაინახა. ხალხმა დაინახა, რომ რეალური ძალა „ქართული ოცნებაა“ და სწორედ ამიტომ დაიმსახურა ივანიშვილმა ემიგრაციის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ წაგვართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რადგან „ქართულ ოცნებას“ დავუჭერდით მხარს. ეს იყო დარტყმა მთლიანად საქართველოსთვის. წარმოიდგინეთ, მილიონი ემიგრანტის უკან რამდენი ადამიანი დგას. ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ, ამ ხმებს არავის ვაჩუქებთ. აქციები ყველა ქალაქში მოეწყობა, თუკი სადმე ერთი ქართველია და თავის სამშობლოზე გული შესტკივა, აქციებში მონაწილეობის მისაღებად გამოვა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვიღაცის დაფინანსებით გაკეთდება. არა, ჩემო კარგო, შეიძლება, მე
მიხელ სააკაშვილს ვუჭერდე მხარს, რატომ წამართვეს უფლება, რომ არჩევანი გავაკეთო?! ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ემიგრანტები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მოვიდეს ის ძალა, რომელიც რეალურად ხალხზე იზრუნებს და ასე გახლეჩილ ხალხს თავის ქვეყანაში დააბრუნებს.