მსოფლიო პოლიტიკის მთავარმა ღერძმა ახალ რეგიონში გადაინაცვლა?

მსოფლიო პოლიტიკის მთავარმა ღერძმა ახალ რეგიონში გადაინაცვლა?

[მანანა აბაშიძე]
”ასეანის” - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაცია - ქვეყნებმა ვაშინგტონთან და მოსკოვთან თანამშრომლობის გაღრმავება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლები აღმოსავლეთ აზიის სამიტში მონაწილეობისთვისაც მიიწვიეს. მართლაც, სერგეი ლავროვმა და ჰილარი ქლინთონმა მონაწილეობა მიიღეს ”ასეანი”-ს ქვეყნების სამიტში. ამ ფორუმის ფარგლებში ისინი ერთმანეთსაც კი შეხვდნენ. გაკეთდა ერთობლივი განცხადებებიც. თუმცა, ეს იმდენად საინტერესო არ არის.

საინტერესო ისაა თუ როგორ მოხვდნენ ისინი ამ სამიტზე. ვინ და რატომ მიიწვია ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლები ერთობლივად ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად... მსოფლიო მედიამ გაავრცელა ოფიციალურ პირთა განცხადებები. ფორუმის ორგანიზატორთა თქმით, ვაშინგტონისა და მოსკოვის ერთობლივი მონაწილეობა საჭიროდ ჩათვალეს, რადგან ”რუსეთისა და ამერიკის გააქტიურება რეგიონში უზრუნველჰყოფს რეგიონული ჰეგემონის, ჩინეთის როლის შესუსტებას”.

იმავე დღეებში, მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის გარკევული დაძაბულობაა. ერთი სიტყვით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან დაკავშირებით, დროის მოკლე მონაკვეთში ბევრი ინფორმაცია გაჩნდა.

რას ნიშნავს ეს? რეგიონის სახელმწიფოებმა მართლაც თავად გადაწყვიტეს, რომ რეგიონში ამერიკისა და რუსეთის როლი გაეაქტიურებინათ - ისე, როგორც ეს, ოფიციალური პირების პირების მხრიდან ითქვა? ან იქნებ, მსოფლიო პოლიტიკის მთავარმა ღერძმა - ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებმა - სხვა, ახალ რეგიონში გადაინაცვლა? ”პრესა.გე” ექსპერტს, გოგი ხუციშვილს ესაუბრა.

- ჰო, ეს ნაბიჯი რეგიონში ჩინეთის გავლენის დასაბალანსებლად გადაიდგა... საერთოდ, ძალიან რთულია მაგ რეგიონში არსებული სიტუაციის ერთმნიშვნელოვნად აღწერა. თუმცა, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უკვე როგორღაც, ყველას გაუჩნდა ერთგვარი შიში რადგან ჩინეთი მართლაც დისპროპორციულ გავლენას იძენს. ყოველ შემთხვევაში, იმ მხარეში მაინც.

აქეთ, დასავლეთისკენ - ამერიკა აბალანსებს; კონტინენტზე - უფრო, ევროპა... აი ჩინეთმა, ევრაზიის აზიური მხარე ყველა მხრიდან ჩაიგდო როგორღაც ხელში.

ჩვენ ვიცით, რომ ნორმალური ხალხი ათეულობით წლებით წინ აკეთებენ გათვლებს. ეს გათვლები კი აჩვენებს, რომ ჩინეთის გავლენა მომავალში სულ უფრო და უფრო გაიზრდება. მათ შორის, გაიზრდება მისი გავლენა რუსეთზე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო და უფრო მეტად ხდება ციმბირის ჩინეთიზაცია. ამიტომ რუსეთი ცდილობს როგორღაც ჩაერთოს ამ პროცესებში და როგორმე სიტუაცია დააბალანსოს. თვითონაც აწუხებს მას ეს საკითხი.

თუ ის გვკივირს, რომ ჩინეთის დასაბალანსებლად რუსეთს იყენებენ... იქ რუსეთს არ ხედავენ ისე როგორც ჩვენ - საფრთხედ არ აღიქვამენ. აზიაში -ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამხრეთ აზიაში - რუსეთი საფრთხედ არ არის შეფასებული; გაცილებით უფრო დიდ საფრთხედ სწორედ ჩინეთი აღიქმება.

ამერიკა, მათთვის მაინც, შორსაა. თან, თვითონ ჩინეთიც არ მიიყვენს იქამდე, რომ რეგიონში ყველაფერი ამერიკამ ჩაიგდოს ხელში. ამიტომ, რეგიონში ჩინეთის გავლენის შემცირებას სწორედ რუსეთის დომინირების გაძლიერებით ცდილობენ. მისი არ ეშინიათ, რადგან რუსეთი მაინც, სუსტია. მათი გათვლებით, ეს რეალური სტრატეგიაა. რა შედეგებს გამოიღებს და საერთოდ, გამოიღებს თუ არა რაიმე შედეგს, ეს უკვე სხვა საკითხია.

სწორედ ამიტომაცაა გასაოცარი, რომ ორივე ”მიიპატიჟეს რეგიონში” - რუსეთიც და ამერიკაც. მხოლოდ რუსეთი ან მხოლოდ ამერიკა რომ მიეწვიათ, ეს უფრო მარტივად გასაგები იქნებოდა...
- აქ პირადად ობამას ფაქტორმა იმოქმედა. ეს მისი ახალი, ”გადატვირთვის” პოლიტიკა რუსეთთან; ის, რომ უკვე სულ სხვაგვარად, სხვა პრინციპებით იგებაურთიერთობები ამერიკა-რუსეთსა და ევროკავშირს შორის... ეს ყველაფერი მოქმედებს და აძლევს მათ იმის იმედს, რომ თუ რეგიონში ამერიკასა და რუსეთს ერთად მიიწვევენ, ისინი როგორღაც ერთად იმოქმედებენ რაც, თავის მხრივ, რეგიონში ჩინეთის გავლენას შეასუსტებს.

ეს ძალიან ვრცელი საუბრის თემაა, მაგრამ მაინც...შეიძლება თუ არა უკვე დღეს ითქვას, როგორ განვიტარდება მოვლენები იმ შემთხვევაში თუ ორივე ქვეყანა მართლაც გააქტიურდა ამ რეგიონში? იქნებ ეს, ტრადიციული, მძაფრი პოლიტიკური ბრძოლა რუსეთსა და ამერიკას შორის თუ პროცესები მშვიდად, ასე ვთქვათ, ”შიდა კულუარული გადანაწილების”, პრინციპით წავა?
- არა, არანაირი გადანაწილება არ იქნება...

გავლენის სფეროების გადანაწილებას ვგულისხმობდი...
- არა, არა, არავითარი გავლენის სფეროების გადანაწილება არ იქნება. ამ შემთხვევაში, იმ ადგილობრივი მოთამაშეების იმედი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთიც და ამერიკაც ჩინეთს საფრთხედ განიხილავენ. ცხადია, ვგულისხმობ არა თვითონ ქვეყანას, არამედ, რეგიონში მისი დომინირებისა და გავლენის განუხრელ ზრდას. ასეა ორივე - ამერიკისაც და რუსეთისაც - მხრიდან.

ამიტომ, ადგილობრივი - აზიის ქვეყნების ექსპერტები თვლიან, რომ ვინაიდან მოიხსნა ის ტრადიციული დაპირისპირება რაც ამერიკასა და რუსეთს შორის ადრე იყო, ამიტომ შესაძლებელია მათი გამოყენება და რეგიონში სიტუაციის გადალაგება. რა თქმა უნდა, რასაც აკეთებენ, ეს სარისკო ნაბიჯია. სარისკო ნაბიჯია როგორც ამერიკის მხრიდან ასევე - რუსეთის მხრიდანაც. სარისკო ნაბიჯია, მაგრამ არ მგონია, რომ მაგ რეგიონში რუსეთი და ამერიკა ერთამნეთს დაუპირისპირდნენ. თუმცა, ალბათ არც ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ, რადგან მეტისმეტად განსხვავებული ინტერესები აქვთ.

და რა არის რუსეთის ინტერესი მაგ რეგიონში?
- თავის დროზე, რუსეთმა მაგ რეგიონში შანხაის ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაცია შექმნა. მის მუშაობაში ჩინეთიც აქტიურად იყო ჩართული და ცდილობდა, ევრაზიული - აღმოსავლეთში პირველი - ნატოს სახის რაღაც ალიანსი შეექმნა. ასეთი პირი უჩანდა: ჯერ ეკონომიკური იყო და მერე ალბათ, სამხედრო ალიანსიც იქნებოდა.

მერე შანხაის ორგანიზაციას ინდოეთი შეუერთდა და როგორღაც, გაბათილდა ეს. მერე, თან ამასობაში აღმოჩნდა ისიც, რომ თვითონ ჩინეთსა და რუსეთს შორის ინტერესების ძალიან დიდი სხვაობაა და რაღაცნაირად, ეს ორგანიზაცია ვერ ამუშავდა. ამასობაში რეგიონში გამოჩნდა ალიანსის ინტერესიც, რაც იმით იყო განპირობებული, რომ როგორც გითხარით, რუსეთ-ჩინეთის ინტერესები არ დაემთხვა.

და ამერიკის ინტერესი რა არის მაგ რეგიონში?
- ნუ, ამერიკის ინტერესი ისაა, რომ თავისი მონაწილეობა გაზარდოს.

უბრალოდ დარჩენა რეგიონში და მეტი არაფერი?
- დარჩენაც და გარკვეული პროცესებიც. მაგალითად, იქ არის ჩრდილოეთ კორეის საკითხი - ეს აწუხებს ამერიკას. გარდა ამისა, გამწვავდა ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ურთიერთობა... ამ პროცესებზეც გავლენის მოხდენა რაღაც მესამე მხარეების და მესამე ქვეყნების საშუალებით. უკვე რაღაც ახალი ალიანსები უნდა იყოს იქ განვიტარებული და ა.შ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ისეთი, როგორიც მიდის ყოველთვის და განსაკუთრებული არაფერია.

საერთოდ, ბოლო პერიოდში, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ რომ ამერიკამ პოლიტიკა შეცვალა... არ ვიცი ამას რა შეიძლება ეწოდოს... გააქტიურება, ვექტორის ცვლა...
- რა თვალსაზრისით? თუმცა კი, რა თქმა უნდა შეცვალა...

თითქოს, უფრო გაატიურდნენ, ნაკლებად იდეალისტური პოლიტიკაა...
- არა, არა... აქტიური ყოველთვის იყო ოღონდ ამ ობამას ”გადატვირთვის” პოლიტიკამ რუსეთის მიმართ, ისეთი შთაბეჭდილება შექმნა თიტქოს, ამერიკა ნაკლებადაა პროაქტიური და შემტევი.

არა, პირიქით...
- არა, ეს ასე არ იყო. მხოლოდ მეთოდი იყო შეცვლილი. უბრალოდ, ბუშს ჰქონდა ძალიან სწორხაზოვანი და აარსწორი მიდგომა რომელმაც არ გაამართლა. ახლა უკვე სხვა მეთოდებს მიმართავენ.

სწორედ ამას ვამბობდი: ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ თიტქოს მას შემდეგ, რაც გამოჩნდა რომ ამ ”გადატვირთვის” პოლიტიკამ იმუშავა, ამერიკის პოლიტიკა უფრო აქტიური გახდა.
- კი, რა თქმა უნდა, ამან მართლაც გააქტიურა ამერიკის პოლიტიკა. თუმცა, ეს გააქტიურება ბუშის პოლიტიკისკენ დაბრუნებას არ ნიშნავს - ამაზე საბოლოოდ ითქვა უარი.

ცოტა სასაცილო კითხვას დავსვამ... იმ რეგიონში ამერიკის გააქტიურება, ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემების გამწვავება თუ სხვა, ჩვენზე აისახება? გნებავთ, მხოლოდ საქართველოზე, გნებავთ - მთლიანად რეგიონი ავიღოთ - სამხრეთ კავკასიაზე...
- არა, ეს ერთმანეთისგან იმდენად დაშორებული რეგიონებია, რომ ასეთი პირდაპირი პარალელები არ გამოვა. უბრალოდ, ჩვენ ყოველთვის კარგად უნდა ვიცოდეთ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში; იგივე, თუნდაც ირანთან დაკავშირებით.

ირანი და ირანის პრობლემაა ამერიკის დღისწესრიგში. გარდა ამისა, ახალი გაზსადენები რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისთვის. ”ნაბუკო” თუ ”სამხრეთ ნაკადი” თუ სხვა, ესენი ევროპისთვის სასიცოცხლო საკითხებია და ყოველთვის ზედმიწევნით უნდა ვიცოდეთ ეს თემები - უნდა ვიცოდეთ რომ გავლენას ახდენს და უნდა ვიცოდეთ, როგორ გავლენას ახდენს. რაც შეეხება შორეულ აღმოსავლეთს, არა მგონია, ასეთ უშუალო კავშირში იყოს ჩვენთან.

ანუ ამერიკას ჩვენი რეგიონი უყურადღებოდ არ დარჩება?
- მეტი რარა უნდა დარჩეს, ისედაც საკმაოდ დაქვეითდა ყურადღება ამ ბოლო დროს. უკვე ისედაც დაქვეითებულია ინტერესი ჩვენს მიმართ. თუ რაღაც გადანაწილებებს გულისხმობთ... არ მოხდება ისე, რომ ამერიკამ გადაანაწილოს და რაღაც...

აშშ-ს ყოველთვის შეიძლება გაუჩნდეს ინტერესთა ახალი სფეროები; გააქტიურდეს რომელიღაც რეგიონში, მაგრამ ეს არ მოქმედებს მის ინტერესთა სხვა სფეროებზე და რეგიონებზე. თან, ნურც ირანის ფაქტორი დაგვავიწყდება. ამიტომ არ მოხდება ყურადღების თუ ინტერესის შესუსტება კავკასიის მიმართ. რაც სეეხება იმას, დაიწევს თუ აიწევს საქართველო ამის შედეგად დღის წესრიგში... მე მგონი ისედაც დაწეულია.