ბოლო დღეების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი მწვავე შეფასებების საგანი გახდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებების მიზანია დიპლომატიური სამსახურის ოპტიმიზაცია და ეროვნული ინტერესების უკეთ დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა, ოპოზიციისა და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები რეორგანიზაციის ფარგლებში რიგი თანამშრომლების გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივაციასა და ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერაზე შესაძლო ზეწოლას უკავშირებენ, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატეგორიულად უარყოფს.
ბოჭორიშვილის განცხადებით, რეორგანიზაციის მიზანია უწყების ეფექტური ფუნქციონირება და დიპლომატიური რესურსის რაციონალური გამოყენება.
„ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დიპლომატიური რესურსი არასწორად გამოვიყენოთ. რეორგანიზაციის პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო. სამწუხაროდ, ნაწილი თანამშრომლების არ ჩაერთო შერჩევის პროცესში და თავად არ გამოთქვა სურვილი, რომ განეგრძო მუშაობა. რეორგანიზაციასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი რეალობას არის მოკლებული და ემსახურება უწყების დისკრედიტაციას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე არც ერთ ახალ თანამშრომელს არ დაუწყია მუშაობა, შესაბამისად, „საუბარი რაიმე სახის წმენდებზე მიზანმიმართულად წარმოადგენს საზოგადოებისთვის მცდარ ინფორმაციას“, - ამბობს მინისტრი.
თუმცა რეორგანიზაციას ეხმაურებიან დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები და ოპოზიციური ლიდერები. მათი შეფასებით, პროცესი შესაძლოა უკავშირდებოდეს პოლიტიკურად მოტივირებულ გათავისუფლებებს.
დიპლომატიური კლუბის თანადამფუძნებელი გიგი კუბლაშვილი აცხადებს, რომ ეს არის მცდელობა, დიპლომატიური სამსახური დაკომპლექტდეს ისეთი კადრებით, რომლებიც მმართველ გუნდს სრულად დაემორჩილებიან და არ ექნებათ დამოუკიდებელი პოზიცია.
ხოლო „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოჭორიშვილი გეგმავს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმებას და ასობით თანამშრომლის გათავისუფლებას, რაც საფრთხეს უქმნის საგარეო კურსის ინსტიტუციურ სიმტკიცეს.
ხოლო გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი ამტკიცებს, რომ პოსტიდან დათხოვნა უკავშირდება მათ მიერ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიციის ხელმოწერას. გიორგი კობახიძე, საქართველოს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი ლიეტუვაში, აცხადებს: „თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი არ განმიმარტეს, თუმცა სიტყვიერად მითხრეს, რომ კონტრაქტი აღარ გაგრძელდებოდა. მანამდე კი იყო საუბარი იმაზე, რომ პეტიციის ხელმომწერები, სავარაუდოდ, გათავისუფლდებოდნენ“, - აცხადებს ის.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მრავალი ფაქტორით არის განპირობებული და დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა ნამდვილი ფრონტია, სადაც ქვეყნის ინტერესების დაცვა მხოლოდ მოტივირებულ და პროფესიონალ დიპლომატებს შეუძლიათ.
„გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, დღეს საგარეო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლებასთვის ნამდვილ ფრონტად იქცა. მმართველ გუნდს ყოველდღიურად უწევს ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე, რათა საქართველოს ეროვნული ინტერესები დაიცვას. ეს არის ბრძოლის ველი, სადაც დიპლომატი საკუთარ ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს – სწორედ ასე ვუყურებ ამ პროფესიას და მჯერა, საზოგადოებაც ასე ფიქრობს“, – აცხადებს გიორგი ახვლედიანი.
მისი შეფასებით, ვინც ამ ბრძოლაში ჩართვას არ აპირებს და სამსახურებრივად თავს არიდებს პასუხისმგებლობას, სჯობს დატოვოს დიპლომატიური სამსახური.
„არიან დიპლომატები, რომლებიც აცხადებენ, რომ „პრაქტიკოსი“ დიპლომატები არიან და ამიტომ ბრძოლა მათთვის მიუღებელია. მაგრამ სად გაგონილა, რომ დიპლომატი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს ან არ დაეთანხმოს საკუთარი მთავრობის პოლიტიკას და ამას საჯაროდ აფიქსირებდეს?! დიპლომატი არ არის პირადი შეხედულებების გამტარებელი, ის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელია და ვალდებულია, ქვეყნის პოზიცია დაიცვას“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, დიპლომატებმა უნდა გააფართოონ კონტაქტები იმ ქვეყნების პოლიტიკურ ელიტებთან, სადაც მსახურობენ და შეძლონ საქართველოს გზავნილების ეფექტურად მიწოდება.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი პირიქით – ქვეყნის პოზიციის საბოტაჟს ახორციელებდა. ხელს აწერდნენ პეტიციებს, რომლებიც საქართველოს საგარეო კურსს არ ემსახურებოდა. წლების განმავლობაში ისინი არ იჩენდნენ არც აქტიურობას და არც შრომისმოყვარეობას, რათა საქართველოს ინტერესები დაეცვათ დასავლურ სივრცეში“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, უკვე დიდი ხანია დადგა აუცილებლობა, რომ „სამინისტრო სერიოზულად გადაიხედოს“.
„ამ რეორგანიზაციას მივესალმები. აუცილებელია, რომ თითოეული ელჩი, განსაკუთრებით სტრატეგიულ ქვეყნებში, დილიდან საღამომდე არა საკუთარი კარიერის, არამედ საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე იდგეს. ეს უნდა იყოს ძირეული და არა კოსმეტიკური ცვლილება“, - მიიჩნევს ახვლედიანი.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც საქართველო ებრძვის ფსევდოლიბერალურ გავლენებს და ეროვნულ ინტერესებზე დათმობას, ელჩები ვალდებულები არიან, ქვეყანას გვერდით დაუდგნენ.
„როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებში ვრცელდება დეზინფორმაცია და ფეიკები, ელჩს უნდა შეეძლოს, ალტერნატიული, სიმართლეზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდოს პარტნიორებს. ამისთვის საჭიროა მჭიდრო სამუშაო რეჟიმი, კონტაქტები, ავტორიტეტი. უნდა იბრძოლო ქვეყნისთვის – განსაკუთრებით მაშინ, როცა დასავლეთიდან მოდის ცალმხრივი ნარატივი. სამწუხაროდ, ოპოზიცია ხშირად უფრო აქტიურია დასავლეთის მიმართულებით, ვიდრე ჩვენი ელჩები“, - ფიქრობს ახვლედიანი.
მისი შეფასებით, დიპლომატიური კორპუსი უნდა დაკომპლექტდეს ერთგული, მებრძოლი და პრინციპული თანამშრომლებით, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს.
„ეს ნამდვილად არის დიდი ბრძოლა, სადაც საქართველოს სჭირდება ერთგული, შეუპოვარი და ღირსეული დიპლომატები. ამიტომაც სრულად ვუჭერ მხარს დაწყებულ რეორგანიზაციას – ის სისტემის გაჯანსაღებისთვის აუცილებელი და დროულია“, - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.