კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებმა ლანჩხუთის რაიონის პოლიციის თანამშრომლის, შმაგი ურატაძის მოხსენებითი ბარათი მოიპოვეს, რომელზეც მოსახლეობის შესახებ ინფორმაციაა ჩამოწერილი.
როგორც ცნობილი გახდა, პოლიციელის მოხსენებით ბარათში ჩამოწერილია სოფლების - აცანასა და ჯურუყვეთის მოსახლეობის სია, სად არიან დასაქმებულები, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს და რომელი სამაუწყებლო კომპანიის სატელიტური თეფში აქვთ დამონტაჟებული. მოხსენებით ბარათში ასევე შესულია პოლიციელ ბენდელიანის მიერ სოფელ ჯურუყვეთის მოსახლეობის შესახებ შეგროვილი ინფორმაციები.
ირაკლი მელაშვილი კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი: „პოლიციელს მოხსენებით ბარათში აქვს შეყვანილი ყველა მონაცემი, სადაც ჩამოწერილია ამ სოფელში ვინ არის ოპოზიციის მომხრე, ვინ ხელისუფლების, ვინ არის საჯარო მოხელე, ვინ მუშაობს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ საწარმოში, ვის აქვს ანტენები, ვის შემოაქვს ანტენები სოფელში, ანუ ფაქტობრივად, თუკი ეს ინფორმაცია მართალია, ეს არის დადასტურება იმისა, რომ რაღაც ღონისძიების ჩასატარებლად ემზადებიან.
ჩვენ ხელთ გვაქვს ეს „ჩიპი“, მივმართეთ უწყებათაშორის კომისიას, რომ გამოძიება დაიწყოს და ეს ფაქტი ან დადასტურდეს ან უარყოფილი იქნას. „ჩიპი“ არის ავტორიზებული, აწერია ვისია, გარდა ამისა, სპეციალისტის დახმარებით სულ 5 წუთშია შესაძლებელი იმის დადგენა რომელ კომპიუტერშია ეს ჩიპი შეყვანილი და არის თუ არა შს სამინისტროს კუთვნილი კომპიუტერები.
ეს ინფორმაცია საჯარო გავხადეთ იმისათვის, რომ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას, რომ ამ კომისიასთან ერთად შეიაქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც მასთან ერთად, ერთობლივად შეისწავლის ამ საკითხს.
უარს ვამბობთ, რომ ეს ჩიპი გადავცეთ სამართალდამცავებს, რადგან რა ფაქტებიც არის მოყვანილი მიუთითებს სწორედ სამართალდამცავი ორგამოების უკანონო მოქმედებაზე და ბუნებრივია, ისინი ვერ იქნებიან და არ უნდა იყვნენ ამ ინფორმაციის შემსწავლელი, რადგან ეს ინტერესთა კონფლიქტია.
თუ დადასტურდა, ეს ნიშნავს რომ ეს არის პოლიტიკური პოლიცია, რომელიც სრუილიად უკანონოდ აგროვებს იმ ინფორმაციას, რომელიც არ შედის პოლიციის კომპეტენციაში. რა პოლიციის საქმეა სახლში ანტენა მიყენია თუ არა, ან ვისი საკუთრებაა კომპანია, რომელშიც მე ვმუშაობ“,- აცხადებს მელაშვილი.
მისივე შეფასებით, აქ არის საინტერესო რამდენიმე მომენტი, ვისაც სატელიტური თეფში აქვს, იმ მოქალაქეების გასწვრივ მითითებულია მათი სოციალური სტატუსი, ვინ იღებს სახელმწიფო დახმარებას და ვინ არის პენსიონერი.
ირაკლი მელაშვილი: „ასეთ შემთხვევაში გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ამ ინფორმაციის საფუძველზე შეუწყდეთ იმ ადამიანებს დახმარება, რომელსაც ისინი იღებენ. ასეთი ფაქტი მრავლად არის და ალბათ, მოგვიწევს რამდენიმე დღეში მსგავს ფაქტებზე საუბარი.
გარდა ამისა, ყველა მოქალაქის გასწვრივ მითითებულია პირადი ნომერი. ეს ის ნომერია, რომელიც გამოიყენება არჩევნებზე, ანუ საარჩევნო კომისიაში რომ მიდიხარ, იქ რეგისტრირდები სწორედ პირადი ნომრით. ეჭვს იწვევს ისიც, რა საჭიროა ამ პირადი ნომრის შეგროვება და რა დანიშნულება აქვს მას. შეუძლია ვინმეს, გვითხრას - რას ნიშნავს, მაგალითად, ოპოზიციონერი ჩხაიძე- პირადი ნომერი ესა და ეს? ან რისთვის გროვდება? ეს არის კითხვები, რომელიც მოითხოვს პასუხის გაცემას სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან.
მაქვს ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი სჭირდებათ არჩევნებისათვის, სჭირდებათ ზეწოლისთვის, ხოლო დანარჩენი გამოძიებამ უნდა აჩვენოს, იმიტომ, რომ როდესაც საუბარია ვინ არის ოპოზიციონერი და ამაზე პატაკებს ადგენ, როდესაც პატაკში ჩაწერილი გაქვს ვის აქვს თეფში, ანუ ვინ არის შედარებით მეტად ინფორმირებული და ამის აღრიცხვას აწარმოებ, როგორც ჩანს, რაღაც საქმისთვის გჭირდება. ეჭვი მეპარება რომ პოლიციელი შმაგი ურატაზე საკუთარი ინიციატივით ასრულებდეს ამ შრომატევად სამუშაოს. ვინც მას ეს დაავალა, საინტერესოა, რისთვის სჭირდებოდა..
ასეთი ინფორმაციის მოგროვება სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ეჭვს ბადებს, რომ ამ მოქალაქეების მიმართ ზეწოლის მექანიზმებს გამოიყენებენ“.
სავარაუდოდ, მსგავსი ტიპის ინფორმაცია არა მხოლოდ გურიაში, არამედ საქართველოს დანარჩენ რეგიონებსა და მათ შორის, დედაქალაქშიც გროვდება, თუმცა სამწუხაროდ, შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.
რას ნიშნავს სასამართლოს სანქციის გარეშე მოსახლეობის თვალთვალი და რა ხდება დასავლეთის მიერ დემოკრატიის შუქურად წოდებულ საქართველოში, ალბათ, არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ დასავლეთის შესაფასებელიც არის. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, ეს არის არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ არსებული კანონმდებლობის დარღვევაც.
„პოლიციელს კანონით ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურის დროს თუ სამსახურის შემდეგ, ის, ვინც არის პოლიციის თანამშრომელი, არანაირი უფლება არ აქვს, მიიღოს მონაწილეობა აგიტაციაში, იმუშაოს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციითაც აკრძალულია და შემდგომი კანონებითაც“, - ამბობს ხმალაძე
ფაქტია, რომ ეს არის საარჩევნო გარემოზე ზემოქმედება, თუმცა რას დაუპირისპირებს ამ ყველაფერს ოპოზიცია ძნელი სათქმელია.
ამ ბარათში მეორე პოლიციელიც ფიგურირებს, რომელიც ურატიძეს აწვდის ინფორმაციას და როგორც ხმალაძე ამბობს, ეს მეტყველებს, რომ ორგანიზებულად მიდის კანონის და კონსტიტუციის დარღვევა.
ვახტანგ ხმალაძე: „ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ყველაფერი ვაპროტესტოთ, ხმამაღლა ვთქვათ, ყველას ვუთხრათ, მაგრამ ამის აღკვეთის შესაძლებლობა აქვს ისევ ხელისუფლებას. შემდეგ, თუ კიდევ რაიმე მსგავსი მოხდა, შეგვიძლია, ვწეროთ საჩივრები პროკურატურაში, რადგან ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულზე გადის და სისხლის სამართლის დანაშაულის წაყენების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. პროკურატურა ისევ ხელისუფლებაა მოგეხსენებათ და ყველა პრობლემა იქ იყრის თავს, რომ ხელისუფლება კანონს იყენებს შერჩევით. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ საზოგადოებას დავანახოთ ამ ხელისუფლების მოქმედების მთელი უკანონობა. მერე ამომრჩეველმა გააკეთოს დასკვნები, უნდა ასეთი ხელისუფლება თუ აღარ უნდა“.
როგორც ექპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, პოლიცია დიდი ხანია, ამ ქვეყანაში პოლიტიზებულია.
„სამწუხაროა, რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ თანდათან შორდებოდა საკუთარ ინტელექტუალურ მხარდამჭერთა ჯგუფებს და მათი ინტერესი ხდებოდა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების მარტივად სამართავი ჯგუფები. ფაქტი სახეზეა, უკიდურესი პოლიტიზირება ქართული პოლიციისა, არაერთხელ გამჟღავნებულა როგორც რითმში „მიშა, მიშას“ სკანდირებით, ასევე რითმში რეზინის ჯოხებითა და ცრემლმდენი აირებით მოსახლეობის დაწიოკებისას.
კარგად მახსოვს 2008 წლის წინასაარჩევნო სცენა დადგმული ქუთაისის პოლიციის შენობის წინ, სადაც მინისტრი მერაბიშვილი უამრავი ტელეკამერის წინ მიმართავდა საკუთარ თანამშრომლებს, რომ არ გაებედათ, ჩარეულიყვნენ არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესში და ყოფილიყვნენ ნეიტრალურნი.
რატომ დასჭირდა მინისტრს მიმართვის ასეთი ფორმა ქვეშევრდომებთან, როდესაც საკმარისი იყო, ერთი ნახევარსტრიქონიანი წინადადება ბრძანების სახით, რომელიც უმალ იქნებოდა დაყვანილი თითოეულ პოლიციელამდე?
ეს მორიგი უკბილო მცდელობა იყო თვალში ნაცრის შეყრისა საკუთარი მოსახლეობისთვის და სულ რამდენიმე დღეში დავრწმუნდით, ჟურნალისტების ცემის ფაქტები იქნებოდა ეს თუ ვიდეოკამერების დამტვრევის. კადრები, ასახული არჩევნების დღეს სულაც არ იყო გამოძიებული, არამედ შემჩნეულიც კი, იმ პოლიციელების მიერ, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, წესრიგი დაეცვათ საარჩევნო უბნებთან.
ამიტომ, „ჩემი პოლიცია მე მიცავს“, ასეთი საბჭოთა დროინდელი ლოზუნგი დღეს საქართველოში მოქმედებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის, სხვისთვის - არა.
ამ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერთათვის, პოლიცია საიდუმლო პოლიციაა, რუსული ოხრანკის თუ ფაშისტური ჟანდარმერიის მსგავსი, რომელიც არა საკუთარი სურვილით, მაგრამ ძალიან ერთგულად ასრულებს დავალებას ხელისუფლების უმაღლესი შტოდან წამოსულს, რაც არის პოლიტიკური დევნა თითოეული მოქალაქისა, რომელიც სიზმარშიც „მიშა მიშას“ არ ყვირის საკუთარ ბალიშზე“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე შეფასებით, ასეთი ინფორმაციის მოძიება არ შეიძლება იყოს მხოლოდ გულის მოსაფხანი, წუთიერი კმაყოფილების საგანი.
„უამრავი საერთაშორისო დამკვირვებელი აპირებს ჩამოსვლას საქართველოში და ოპოზიციამ, რომელმაც, რატომღაც კოორდიონირებული მუშაობა წარმოიდგინა, როგორც მაჟორიტარ დეპუტატებად განლაგება საპარლამენტო სავაძლებში, დროა, თვალები მოიფშვნიტოს და იფიქროს, როგორ იმუშაონ ამ დამკვირვებლებთან ერთობლივად.
ასეთი ფაქტები უნდა დაფიქსირდეს, უნდა მოექცეს გარკვეულ ბიულეტენში, რომელსაც ყოველდღიურად გამოაქვეყნებს ოპოზიციური ერთობა და არა ცალკე აღებული რომელიმე ოპოზიციური ძალა.
არის დიდი საშიშროება გაყალბდეს არჩევნები არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, არამედ ოპოზიციური სიხისტეც არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გუნდის პერსპექტივაზე ფიქრობენ და ამა თუ იმ ლამაზი ფრაზის საგნად რჩება ერთიანობის თემა და ვერ დგამენ ნაბიჯს, თუნდაც სხვა საკითხებზე შეუთანხმებელი პოლიტიკური ძალები, რომ საარჩევნო გარემოს მიმართ ადექვატური ინფორმაცია, ჩამოყალიბებული, არგუმენტირებული დოკუმენტირებული, მიაწოდონ ამომრჩევლებს.
როგორც ყოველთვის, ჩამოვლენ ეს ჩვენი საიმედო დამკვირვებლები, მოხვდებიან ერთი-ორ ვახშამზე კარგი ქართული სიმღერით და შემდგომ დაკარგავენ სმენას ყველა იმ ტექსტის მიმართ, რომელიც აუგს ამბობს გულუხვ მასპინძელ „ნაციონალებზე“-ამაბობს სოსო ცისკარიშვილი და შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში, მთელი ოპოზიციის გაერთიანებაში. მისი შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მოიპოვა, უნდა დაუკავშირდეს ყველა ოპოზიციუირი პარტიის ლიდერს და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვოს.
სოსო ცისკარიშვილი: „აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია, თავისი საკმაოდ ავტორიტეტული ხელმძღვანელის სახით უნდა დაუკავშირდეს ყველა ოპოზიური პარტიის ხელმძღვანელს, არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილის ლანძღვით აქვს დაკავებული მთელი დღე, თუ ივანიშვილის, და მოითხოვოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ასეთი ფაქტების მიმართ, რომ ბოლოს და ბოლოს, საქართველოს მოსახლეობა გაერკვეს, ვისთან გვაქვს საქმე.
როდესაც უკვე ვაშინგტონს უჩივის ლეიბორისტული პარტია, რატომ გვითვალთვალებ, რატომ დაგვდევ და გვებრძვიო, იქნებ უფრო რეალური და სანდო ნაბიჯები ქვეყნის შიგნით გადადგას ამ პარტიამ, რომელმაც სრულიად მკაფიო საჯარო პოლიტიკა აირჩია და ვწუხვარ, რომ ვერაფრად წაადგება დიდი გამოცდილებისა და საკმაოდ საინტერესო პოტენციალის პარტიას.
ასევე გული მწყდება, რომ ჩემი მეგობარი ახალი მემარჯვენეების ლიდერი სატელევიზიო არხებით უკანასკნელი წლების განმავლობაში რეკორდს ამყარებს და მისი კრიტიკა მხოლოდ მიმართულია ერთი კოალიციის ლიდერის მიმართ.
ამდენად თვითლუსტრირების ნაცვლად ეგებ შევეცადოთ რაიმე ერთობლივი საქმიანობის ინიცირებას. ასეთ სურვილს კი რეალურად მხოლოდ ბატონ კახა კუკავას ვატყობ, სხვები თავს იქნევენ, მაგრამ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ.
დაქსაქსულ ოპოზიციას ხალხის ნდობაც არ ექნება და მხოლოდ გაუმარტივებს ხელისუფლებას საკუთარი უკანონო ქმედებებით გაანულოს პოტენციალი ოპოზიციური წინააღმდეგობისა“.
როგორც ცისკარიშვილი ამბობს, ასეთ შემთხვევაში ნაბიჯი კოალიცია „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა გადადგას, თუ სურს, რომ მისი ბრძოლა საბოლოოდ წარმატებული აღმოჩნდეს.
„მათაც აგრეთვე უნდა მოიხსნან შემავიწროვებელი ლინზები საკუთარი ხედვისა და დაინტერესდნენ იმ პროცესებით, რომელიც გააერთიანებს ყველა ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე და ჩამოუყალიბებს მათ ერთიანობის განცდას.
არ შეიძლება ოპიოზიციური გუნდის სხვადასხვა წარმომადგენელი საარჩევნო უბნებზე მხოლოდ საკუთარი პარტიის ინტერესით მოქმედებდეს და სხვის მიმართ გამოჩენილ უსამართლობაზე თვალს ხუჭავდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბნებში იქნება, ერთიანი, წინასწარ შეთანხმებული ქმედება, პარტიათა წარმომადგენლებისა ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას თავისი ჩვეული სიყალბის გზით სიარული“ , - აცხადებს ცისკარიშვილი.
ექსპერტების შეშფოთება უსაფუძვლო არ უნდა იყოს, რადგან ხელისუფლება, როდესაც პოლიციას საკუთარი ხალხის ოპოზიციური თუ სახელისუფლო განწყობების კონტროლს ავალებს, გულხელდაკრეფილი ნამდვილად არ ზის. არჩევნებამდე დიდი დრო არ რჩება და ალბათ, ოპოზიციამაც უნდა მოახერხოს როგორმე კოორდინირებული მოქმედება. თუმცა, თუ ისტორია მეორდება, ალბათ, ისევ „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ლეიბორისტების“ გარეშე დავემშვიდობებით ამ რეჟიმსაც ისვეე, როგორც შევარდნაძის რეჟიმთან გამოთხოვება მოხდა ამ ორი პოლიტიკური სუბიექტის ძალისხმევის გარეშე.