დაჩი ცაგურია: ხელისუფლებამ ძირძველი ქართული მიწები უმეტესად რუსეთზე გაასხვისა

დაჩი ცაგურია: ხელისუფლებამ ძირძველი ქართული მიწები უმეტესად რუსეთზე გაასხვისა

 

„საქართველოს ხელისუფლებამ ძირძველი ქართული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი, უმეტესად რუსეთის ფედერაციაზე, ასევე, სხვა მეზობლებზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაასხვისა“,- აცხადებს უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

მისი თქმით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდგომარეობა დღესდღეობით სავალალოა - ქართველი მესაზღვრეები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მამისონის უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი და ოცი კილომეტრით ქვეყნის სიღრმეში უკან დაეხიათ; თუშეთში დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა საზღვარი თვითნებურად სამი კილომეტრით გადმოსწია და 24 კვ.კმ მიიტაცა. უფრო მეტიც, საქართველო-რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული 44 გადასასვლელიდან 24-ს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს. დაკარგულია დარიალის ხეობის 850 მეტრი ოსეთის მონაკვეთზე, ლალვარის ქედის მონაკვეთი, მამისონის უღელტეხილი გადმოიწია 20 კილომეტრით, ლარსის მონაკვეთი – 1,5 კილომეტრით, დაკარგულია ჰუჯაბის მონასტრის ტერიტორია, სოფელ ყაჩალის მიდამოები, ბაბაყრისის ქედი, სოფელ ერის იმედის სასოფლო–სამეურნეო მიწები, წითელი ხიდის 400 ჰექტარი მონაკვეთი, მთა უდაბნო და გარეჯის მონაკვეთი.

დაჩი ცაგურიას თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს საკითხები, რომლებიც 2004-2012 წლებში სხვადასხვა ადგილას საზღვრის გადმოწევას ეხება, რამაც ქართული მიწები სხვა სახელმწიფოებს გადაულოცა. მისი მტკიცებით, ხელისუფლება ვალდებულია, აუხსნას საკუთარ ხალხს, თუ რა მიზეზით დათმო ძირძველი ქართული მიწები, რომლებიც სადაოც არასდროს ყოფილა და რა კულუარულ გარიგებებს აწარმოებდა საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან ამ თემაზე რუსეთის ხელისუფლებასთან.

For.ge დაჩი ცაგურიას ესაუბრა.

ლარსის სასაზღვრო – გამშვებ პუნქტზე ქართველმა მესაზღვრეებმა უკან დაიხიეს?  

- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩავიდეს ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში და ნახავს, რომ საზღვარი გადმოწეულია. ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოხდა გარკვეული მონაკვეთის გადმოწევა და რუსებმა გვირაბამდე მოახდინეს საზღვრის გადმოწევა. გვირაბის ჩრდილოეთ მხარეს იდგნენ რუსები, ხოლო ქვემოთ დადგნენ ჩვენი მესაზღვრეები, რაც უკვე დარღვევა იყო, ვინაიდან თავის დროზე გვირაბის იქითა მხარესაც ჩვენ ვაკონტროლებდით. სააკაშვილის ხელისუფლების დროს კი გვირაბიდან კიდევ გადმოიწიეს ჩვენმა მესაზღვრეებმა, უკან დაიხიეს და დაახლოებით ორი კილომეტრის სიღრმეში შემოვიდნენ. ქსნის ხეობის გზა საიდანაც იწყება და ქსნის ხეობაში შესასვლელი საიდანაც არის, თითქმის იქამდე არიან.

ძალიან  მიყვარს მთაში სიარული და, როდესაც იქ ჩავდივარ, მიხდება სასაზღვრო პუნქტის გავლა იმისთვის, რომ ქსნის ხეობაში მოვხვდე. ამ ორი კილომეტრის გადმოწევამ ძალიან ცუდი რამ გამოიწვია. გარდა იმისა, რომ ტერიტორია ტერიტორიად დაიკარგა, სტრატეგიული მნიშვნელობის იყო ის მონაკვეთი. მაგალითად, მყინვარის ჩრდილოეთი ფერდობიდან მყინვარზე ასასვლელი უკვე რუსების მიერ არის კონტროლირებადი და ჩვენ დავკარგეთ ამ ტერიტორიაზე კონტროლი.

ასეთივე მდგომარეობაა მამისონის უღელტეხილზეც?

- მამისონის უღელტეხილზე ჩვენი მესაზღვრები 20 კილომეტრით არიან სიღრმეში შემოსულნი. მთელი მეტეოსადგური, რომელსაც ჩვენ ვფლობდით მამისონის უღელტეხილზე, საიდანაც საზღვარი იწყებოდა, ახლა რუსების მიერ არის კონტროლირებადი. ანუ ეს ის ტერიტორიებია, რომლებიც აგვისტოს ომთან არავითარ კავშირში არ არის და ეს მიწები, უბრალოდ, დათმობილია.

ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით თქვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ ჩაატარეთ ბრიფინგი. პასუხი თუ მიიღეთ ამ უწყებისგან?

- არანაირი განმარტებები არ მოგვისმენია ამ ხელისუფლებისგან. საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტები დასვამენ ამ შეკითხვას. სამწუხაროდ, არ მაქვს საშუალება, ამ უწყების წარმომადგენლებს შევხვდე, რადგან ისინი არ გვხვდებიან. 

ფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია? როგორ გგონიათ, რატომ მალავენ ამ ინფორმაციას, საბოლოოდ მაინც ხომ გაირკვეოდა და, თქვენს მსგავსად, ვინმე მოხვდებოდა ლარსზე და გადმოწეულ საზღვარსაც დაინახავდა.

- დიახ, პირადად ვნახეთ გადმოწეული საზღვარი. იქ, სადაც დგანან ქართველი მესაზღვრეები, ორი კილომეტრის სიღრმეში, იმის იქით აღარ გიშვებენ. არადა, ადრე იქ თავისუფლად შეგვეძლო გადაადგილება. მესაზღვრეები არ გიშვებენ შუაგულ ჩვენი ქვეყნის მიწა-წყალზე და გეუბნებიან, იქით ვეღარ ვაკონტროლებთ საზღვარსო. აქამდე ხელისუფლებას მიჩქმალვის პოლიტიკა ჰქონდა რეგიონებთან მიმართებით. მახსოვს, მამისონთან დაკავშირებით როცა ხმაური ატყდა, ხელისუფლებამ განაცხადა, ჩვენი მესაზღვრეები მკაცრი ზამთრის გამო დროებით ჩამოვიდნენ და მერე ისევ ავლენ და დაიკავებენ პოზიციებსო. მაგრამ ასე არ ხდება, როგორც წესი, ცივი ზამთრის გამო მესაზღვრეები არ იხევენ უკან. მესაზღვრე იმისაა, რომ ზამთარ-ზაფხულ იქ უნდა იყოს, სადაც საზღვარია. კარგით, ვთქვათ, მკაცრი ზამთრის გამო უკან დაიხიეს, იმის შემდეგ სამჯერ მოვიდა ზაფხული და აღარ დაბრუნებულან უკან. იმ მეტეოსადგურზე, სადაც ჩვენი დროშა ფრიალებდა და ჩვენი მესაზღვრეები იდგნენ, ახლა რუსები დგანან.

სხვა საზღვრებზე რა ვითარებაა?

- ანალოგიური მდგომარეობაა. ხევსურეთში გადმოწეულია საზღვარი. იქ იყო ასეთი სოფელი, ფიჭვნარი, რომელიც უკვე რუსეთის კონტროლქვეშ მოექცა. უფრო სწორად, უკვე ნასოფლარია ფიჭვნარი, რუსეთის კონტროლის ქვეშაა და იქ შესვლა შეუძლებელია. ასევე, მთა-თუშეთში, დიკლოს მთასთან, დაახლოებით ოთხი კილომეტრის სიღრმეში, არის გადმოწეული საზღვარი. საუბარია 25 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე, რომელიც  რატომღაც რუსებს დაუთმეს. ასეთივე ვითარებაა წითელ ხიდთან, 400 ჰექტარი ქართული მიწა მოექცა სომხეთის კონტროლის ქვეშ.

ამ ფაქტის გახმიანების შემდეგ იმედი გაქვს, რომ საზოგადოება ატეხავს განგაშს?

- არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ყველას შეგვაწუხებს ეს პრობლემა და ყველა ერთად რაღაცას მოვიფიქრებთ.

საზღვრის გადმოწევას ქართული სოფლების დაცლასა და მცოცავ მიგრაციას ხომ არ უკავშირებ?

- ესეც ამ ხელისუფლების დანაშაულია. საერთოდ, საზღვრის დაცვისა და საზღვრის კონტროლის ყველაზე კარგი საშუალება ადგილობრივი მოსახლეობაა, რომლებიც საზღვრის პირას ცხოვრობენ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესებულია. ამ მიმართულებითაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს და საზღვრისპირა რეგიონებში დემოგრაფიული სურათი უფრო და უფრო მძიმდება. ჩვენი ეს აქტივობა ეფუძნება სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის მიერ ჩატარებულ მონიტორინგს. ჩვენთვის ეს კვლევა იყო ბოლო წვეთი, რათა საზღვრის გადმოწევის გამო პროტესტი გამოგვეთქვა.