დაკარგული სამოთხე: აფხაზეთის დამოუკიდებლობის 20 წელი

დაკარგული სამოთხე: აფხაზეთის დამოუკიდებლობის 20 წელი

თუკი სადმე არსებობს კიდეც დედამიწაზე ადგილი, რომელიც ამდენ მელანქოლიურ მოგონებას და წუხილს იწვევს ვიდრე აფხაზეთი, ჩემთვის ის უცნობია. სევდიანი რესპუბლიკა – 250 ათასი ადამიანის სახლი, რომლებიც ჯერ კიდევ გლოვობენ თავიანთ დაღუპულ თანამემამულეებს და გეგმავენ საკუთარ მომავალს.

„გახსოვთ, როგორ იყო წარსულში?“ – კითხულობენ ისინი. „ეს პატარა საბჭოთა კავშირს გავდა“. არსებობს სასიამოვნო მოგონებები იმის თაობაზე, თუ როგორ მშვიდად თანაცხოვრობდა ერთ ჭერქვეშ აფხაზეთსა და საბჭოთა კავშირში ათობით და ასობით ერი. 1992-93 წლების სასტიკმა ეთნიკურმა კონფლიქტმა ბევრი რამ წაშალა, მაგრამ არა ის მოგონებები, რომელიც სისხლისღვრას უძღოდა წინ.

ფოტოგრაფ იური კოზირევის მოგონებებიც, რომელიც ზაფხულის არდადეგებს მეზობელ სოჭში ატარებდა, ანალოგიურია, როგორც ტკბილი, ასევე მწარე: მასაც, ისევე როგორც ყველა ბავშვს საბჭოთა კავშირიდან ახსოვს, როგორი სამოთხე იყო აფხაზეთი. უბრალოდ წარმოიდგინეთ: თბილი ზღვისკენ დაშვებული მაღალი მთები, სანაპიროები მწვანე ტყეების გასწვრივ, ვრცელი პრომენადები ნაყინის გამყიდვლებით პალმების ქვეშ.

23 ივლისს 20 წელი შესრულდა იმ დღის შემდეგ, როდესაც აფხაზეთმა პირველად გამოაცხადა საქართველოსგან დამოუკიდებლობა. 1992 წლის 23 ივლისის დეკლარაციას მთავრობის ეთნიკურმა ქართველებმა და დანარჩენმა მსოფლიომ ბოიკოტი გამოუცხადა. მაგრამ საკმაოდ სწრაფად დაიწყო ალკოჰოლით, ძველი წყენებითა და საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდის ქაოსით გაღვივებული თავდასხმების და რეპრესიების სერია. მალევე დაიწყო ნამდვილი ომი, რომელიც ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან, ძმათამკვლელ კონფლიქტად იქცა.

და მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებმა გაიმარჯვეს (მხოლოდ ისინი მართავენ დღეს აფხაზეთს) მათ მიერ გათავისუფლებულმა რესპუბლიკამ რეალურად დღემდე ვერ დაიწყო არსებობა.

კოზირევთან ერთად აფხაზეთში შარშან გახლდით, ვმოგზაურობდით რა სამხრეთში მართლმადიდებლურ სანაპიროზე, ავდიოდით მთებში და შემდეგ უკან ვეშვებოდით საქართველოს დაძაბულ საზღვართან გალში. კოზირევი აფხაზეთში ომის დროსაც იყო, ჩემთვის კი ეს პირველი ვიზიტი გახლდათ. თუმცა, ორივე გაგვაოგნა იმ განცდამ, რომელიც გეუფლება: აქ დრო თითქოს გაჩერებულია. სოხუმის სანაპიროზე დაჟანგული ტრაულერი გდია, გაცვეთილი ტაქსების რადიომიმღებიდან მხოლოდ ომთან დაკავშირებული სიმღერები ისმის. მეშახტეების ქალაქი ტყვარჩელი, რომელიც მთიან რაიონში მდებარეობს და ომის დროს შიმშილი და ბლოკადა გადაიტანა, თითქოს ნახევრად მიტოვებული და ძალიან არასტუმართმოყვარეა. აფხაზების ეროვნული გასართობი საშუალებაც კი საკმაოდ მთვლემარეა: ისინი განთქმულნი არიან თავიანთი ოსტატობით დომინოს თამაშში.

ნაწილობრივ ეს აპათია მათთვის თავსმოხვეულია. საქართველომ და მოკავშირეებმა, მათ შორის აშშ-მ, რესპუბლიკის იზოლირება წარმატებით მოახერხეს. ისინი აფხაზეთს მიიჩნევენ დამნაშავედ ქართველების ეთნიკურ წმენდაში ომის პერიოდში და მას შემდეგ. მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ვანუატუმ და სხვა პატარა კუნძულმა სახელმწიფოებმა აღიარეს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. საქართველომ დაბლოკა ყველა სამხრეთის სახმელეთო და საზღვაო მარშრუტები, ამიტომ აფხაზეთს უწევს მისი მეზობლის და მფარველის, რუსეთის კეთილგანწყობის იმედად ყოფნა, რომელსაც ის ხმელეთით ესაზღვრება.

მიუხედავად ამისა, ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს ბუნებრივი სიკეთეები. ომს არ გაუნადგურებია სანაპირო და მთები. რუსები, განსაკუთრებით კი ის რუსები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება სოჭის ნეონის სამოთხეში დაისვენონ, ამ სანაპიროსკენ მოისწრაფვიან.

აფხაზებს აქვთ ის, რაც მათ ძალიან მაღალ ფასად დაუჯდათ: თავისუფლება. ოცი წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია საკითხი იმის შესახებ, თუ რა უნდა უყონ ამ თავისუფლებას.
foreignpress.ge