დიტო გელოვანი: თევზთა დუმილი

დიტო გელოვანი: თევზთა დუმილი

 

– მისმინეთ, თანადგომით ვარამკურასი. მისმინეთ მე, ჩემით ამბობს ვარამკურა, – დაიქოქა თმაშენახული ბიძა – სულებო, იფიქრეთ რა არის კარგი, თანადგომით მარამკურასი. როცა ფიქრობთ მარამკურაზე, გაიმეორეთ მისი სახელი ოცდაერთჯერ, სახელი მისი ხელქვეითის ვარიმკურასი ჩვიდმეტჯერ, სახელი მცოდნე ჯემალისა თერთმეტჯერ, სახელი ჩემი, მოლოდინ ნუგზარისა, ცხრაჯერ და თქვენი სახელი ერთხელ თქვით. როცა ითქმება თქვენი სახელი სამჯერ, მარამკურა თანგიდგებათ თავისი ნიშნით და გეტყვით, შეგიძლია უარი სთქვა იმაზე რაც ფუჭია? თანადგომით მარამკურასი! შეგიძლია? – მიაცივდა იმ შუანა ქალს.

– მხოლოდ ლოცვით და ფიქრით – აღიარა ქალმა – ჯერ საქმით არა – თანადგომით მარამკურასი

(აკა მორჩილაძე, „სულები და ხბორები“)

 „...კლინიკის მთავარი ექიმის განმარტებით, მსგავსი სახის ოპერაცია გულისა და სისხლძარღვთა კლინიკაში წელიწადში საშუალოდ ორჯერ ტარდება. ოპერაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ საფეხურზე ხორციელდება გულის გაჩერება დაბალი ტემპერატურის პირობებში, როდესაც ორგანიზმის სისხლით მომარაგებას სისხლის მიმოქცევის სპეციალური დანადგარი უზრუნველყოფს. გაჩერებული გულიდან სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ ხდება გაჩერებული გულის ამუშავება და სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატიდან პაციენტის მოხსნა. კლინიკიდან პაციენტი ერთი კვირის ვადაში გაეწერება“ – ეს ციტატა არც „იადიგარ დაუდიდან“ არის და, მით უმეტეს, არც არჩიბალდ ჯოზეფ კრონინის „ციტადელიდან“. „ინტერპრესნიუსის“ ლენტაში ამოვიკითხე და, ალბათ ხვდებით, რა გზაც გაიარა აღნიშნული ოპერაციის ინსტრუქციამ, სანამ ჩემი მეგობარი სააგენტოს ვირტუალურ ფურცლებზე მოხვდებოდა: პრემიერ–მინისტრი – თანაშემწე – ჯანდაცვის მინისტრი – თანაშემწე – პრესსამსახურის უფროსი – პრესსამსახურის მთავარი სპეციალისტი – სპეციალისტი – ექიმი. შემდეგ – უკან, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსამდე და იმისგან სააგენტოში.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ „გაჩერებული გულიდან სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ ხდება გაჩერებული გულის ამუშავება და სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატიდან პაციენტის მოხსნა“. თუ ყველას ეცოდინება, რომ „პირველ საფეხურზე ხორციელდება გულის გაჩერება დაბალი ტემპერატურის პირობებში“, ყველა მიხვდება, რომ: ა) მეტი სარგებელი ხალხს; ბ) საქართველო სიღარიბის გარეშე; გ) საქმე ლაპარაკის ნაცვლად... პ) მილიონი სამუშაო ადგილი... ს) შენდება და მშვენდება ჩვენი რესპუბლიკის დედაქალაქი... ტ) ყველაფერი საუკეთესო – ბავშვებს... ფ) მოაბიჯებენ გლდანის რაიონის მშრომელები... ყ) მიშა მაგარია.

არადა, მიშა მართლა მაგარია. ვანო ოპერაციას ესწრება – მიშა ოლიმპიადაზეა; ვანო ხვდება მწველავებს – მიშა ხვდება მომღერლებს; მიშამ მონაწილეობა მიიღო ფესტივალის გახსნაში – ვანო დაესწრო ვინდოუსის გადაყენებას და საკუთარი ხელით დააყენა ანტივირუსი... ბაჩო ახალაიამ თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა – ვანოს 1000–ლარიანი ვაუჩერების დარიგება ესიზმრება და ცივ ოფლში გაწურული იღვიძებს. ვანომ ვერა და ვერ ისწავლა ლაპარაკი, მიშა კი კახელ გლეხებს ეუბნება, მე თუ არ ვიცი ვაზის მოვლა, მაშ ვინ იცისო.

საწყალი ვანო... საწყალი ჭია... ცხოვრობდა წყნარი, ევროპული ცხოვრებით, გასცქეროდა ჟენევის ტბას... ახლა დიდუბის მეტროს გასცქერის.

დაგცხა, ფისო?

„მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერისა და მინისტრის სტუმრობამდე რამდენიმე წუთით ადრე, წარმატებით დასრულდა გულიდან სიმსივნის ამოკვეთის ურთულესი ოპერაცია. მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი იმ სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ, რომელიც ოპერაციაში მონაწილეობდა და რთული ქირურგიული ოპერაციის დეტალები უშუალოდ კლინიკის მთავარი ექიმისგან მოისმინეს“...

არადა, როგორ კიდიათ... სოფლის პროგრამით სოფელ ურთხვაში სკვერი მოეწყობა. მიმდინარე წელს დაგეგმილია სკვერის შემოღობვა და შესასვლელი კარის დამონტაჟება, ასევე, შეღებვის სამუშაოები – ესეც კიდიათ და ისიც კიდიათ, ნასარიძისმაგვარი კაპანაძის ძალისხმევით საქართველოს მოქალაქეებს კოლუმბიაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა რომ მიეცემათ.

ისე, ამბობენ, პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებააო, მაგრამ სააკაშვილისა და მისი შნირების გაუთავებელ წანწალს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკა უცხოეთში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობაა და სხვა არაფერი. ახალგორში ვიზის გარეშე რომ ვერ შეხვალ და...

და ამ დროს გამოდის ერთი უვიცი, უქნარა, უზრდელი, ცრუპენტელა და გიმტკიცებს, რომ „საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც შეუძლია დღე და ღამე იმუშაოს და ყველაფერი აღადგინოს“. სწორედ ეს სიტყვები უთხრა სააკაშვილმა ობუჯის თემში მცხოვრები თენგიზ ქუთელიას ოთხსულიან ოჯახს.

იცით, ამბობენ, დაგინების ინსტიტუტი აღარ არსებობსო, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საბჭოთა კავშირში ნამდვილად არსებობდა სექსი, საქართველოშიც ასევე, რამდენჯერაც არ უნდა ჩაისვაროს გურამ ჩახვაძემ, ნამდვილად არსებობს ელიტარული კორუფცია და, რაც შეეხება დაგინების ინსტიტუტს, ამ ინსტიტუტში შესაბამის უნარ–ჩვევებს ოთხი მილიონი ადამიანი ეუფლება. მტყუანის ასე, მტყუანის ისე, მტყუანს ის, მტყუანს ეს... აგინებენ პარტიას, მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს... თუმცა, ჩვენი სინამდვილე ერთი თავისებურებით გამოირჩევა – რამდენსაც და რამდენიც არ უნდა აგინონ, დაუგეგმავი ორსულობა მხოლოდ ერთ ხანშიშესულ ქალბატონს ემუქრება. მთავარია, ბაზალეთის ტბის ძირას არ იმშობიაროს.

ვაგრძელებ საუბარს „ნაციონალური მოძრაობის შესახებ“. გასულ კვირაში ე.წ. „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერები გორის რაიონის სოფელ ყელქცეულის მოსახლეობას სიმინდის ყანის გამარგვლაში დაეხმარნენ. მაგათივე პრესსამსახური იტყობინებოდა – დაეხმარნენო, თორემ ჩვენ ხომ ვიცით, ვის და როგორაც ეხმარებიან ჰალსტუხიანი ხვლიკი, ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა! „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ყელქცეულის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის საკუთარი პროგრამა - „ქდმ-ს 10 ნაბიჯი სოფლის მეურნეობის განსავითარებლად“ გააცნეს“ – როგორ მოგწონთ? საერთოდ, გსმენიათ რამე ამ პროგრამის შესახებ? არ გსმენიათ, მაგრამ თუ დავეყრდნობით დედუქციის მეთოდს, რომლის წყალობითაც მიშას ზონდერების ბოზიშვილობა გამოვიცანით, ამ შემთხვევაშიც შეიძლება რამდენიმე დასკვნის გამოტანა. პირადად მე, იმ ათი ნაბიჯიდან სამი უკვე გამოცნობილი მაქვს – ტრაქტორი 10 თეთრი, კომბაინი 5 თეთრი, შხამქიმიკატები უფასოდ.

მიხეილ ცაგარელი რომ გამოდის და ზღაპრებს რომ ყვება, სატურნი იუპიტერიდან გამოდის და ნეპტუნში შედისო, „ლივერპულზე“ არ დადოთ – ვარსკვლავებმა მამცნესო... გამოვიდეს ახლა და თქვას, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ ჩაიარა გასულმა კვირამ საქართველოში. ვერ იტყვის, მე კი ვიტყვი – თევზები იგრძნობოდა და დასტურად ამისა ნიუსსაც გაახლებთ:

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლევან ბეჟაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია შეცვლის. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თორდიას კანდიდატურას  პარლამენტს ხვალ წარუდგენს. საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ ლაშა თორდიას ახალ თანამდებობაზე პარლამენტის ხვალიდნელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ“.

ანუ, შებოლილი თევზი შეცვალა მოხარშულმა თევზმა და, შესაბამისად, მოხარშული თევზით პოლიტიკური პარტიები მოიწამლებიან, ხოლო შებოლილი თევზი კახეთის სტიქიით დაზარელებულ მოსახლეობას აუშლის კუჭს. დიდი თევზობაა საქართველოში, იმდენად დიდი, რომ ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დიდი... ყ) მიშა მაგარია.

ახლა კი ამ ნიუსის ბოლო აბზაცსაც გაგაცნობთ: „...თორდიას ადგილს კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სავარაუდოდ, მისი პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე დაიკავებს“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასული კვირა, თევზებთან ერთად, სულ ცოტათი მორიელსაც ეკუთვნოდა.

ეს რა კირჩხიბი გვჭირს, ტო!!!

ბაჩუკი ქარდავას სხვა კირჩხიბი ადარდებს – ყველაზე ცუდი არის ის, რომ საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია და მხოლოდ ორ სუბიექტს ხედავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებასო“. დარდობს, ვერ მხედავენო და ავიწყდება, რომ მხედველობის გარდა არსებობს კიდევ ოთხი გრძნობა და მათ შორის ერთ – ერთი არის ყნოსვა. დიახ, საზოგადოება მხოლოდ იმ ორ სუბიექტს ხედავს, მაგრამ, სამაგიეროდ, ეროვნულ – დემოკრატიულ პარტიას გრძნობს ყნოსვით და ეს გურამ ჩახვაძის დამსახურებაა.

მოკლედ, ჩახვაძის წყალობით, ედეპე მუდმივად ცვეტშია, მაგრამ ხომ გაგიგიათ – დაუოკებელი მადა ერთი რამის ჭამაში მოდისო? ეგრეა და, გასულ კვირაში ქარდავამ მორიგი ნიუსი შექმნა – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ვებგვერდზე რუსეთიდან კიბერშეტევა ხორციელდება. 26 ივლისს საღამოს, ედპ-მ მიიღო ოფიციალური წერილი იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსგან, რომლის ანალიტიკური ჯგუფის მოკვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებული IP მისამართებიდან, კიბერ - შეტევის შედეგად დაზომბირებულ იქნა ედპ-ს ცენტრალური ოფისის ყველა კომპიუტერი და 29 ივნისიდან მოყოლებული ერთი თვის მანძლზე კონტროლდებოდა, რითაც შესაძლებელი იყო თვალთვალი პარტიის ცენტრალურ ოფისზე“.

ეგ რა არის, მეტსაც ვიტყვი – რუსულმა სპეცსამსახურებმა ბაჩუკი ქარდავა მოაჯადოვეს (ჯადოს მოსახსნელად რომელიმე პრინცესამ, ხათუნა გოგორიშვილმა ან ნათია მოგელაძემ უნდა აკოცოს), პოლიტიკურად არც რჩება და არც კვდება. რომ მოკლა, წვიმა წამოვა. არ კლავ და ამდენ ხალხს ტყუილებით ბერავს. ედპ-ს ცენტრალური ოფისის ყველა კომპიუტერიო და, მეთქი თქვენს ოფისში ასე და ისე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ჩახვაძემ თავის პარტიაში უკვე ასეც ქნა და ისეც.

მოკლედ – რუსი ჰაკერები... ეგენი ანგრევენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მაგათ გამოა, შუკვანმა 5 წამი რომ ვერ გაძლო, თურქაძემ წონა რომ ვერ ჩააბარა და ნადირაძე ველოსიპედიდან რომ გადმოვარდა და მაგათი ბრალია, რომ... „ლეიბორისტული პარტიის“ ოფიციალური ვებგვერდი პარალიზებულია, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტიის განცხადების მიხედვით, ვებგვერდის გათიშვა წინასაარჩევნოდ შეგნებულად ხდება. „ამას წინასაარჩევნოდ შეგნებულად ახორციელებს სააკაშვილი - ივანიშვილის ერთობლივი ხაკერთა ჯგუფი, რის გამოც „ლეიბორისტული პარტია“ ორივე დაჯგუფებას აკისრებს პასუხისმგებლობას და საიტის დაუყოვნებლივ განახლებას მოითხოვს“.

მე ახლა ინტერნეტ – ტექნოლოგიების ცოდნაზე თავს დიდად არ დავდებ, მაგრამ ედეპესაც და ლეიბორალისტებსაც ერთ რამეს მაინც ვეტყვი: გათიშეთ ქსელიდან პორნოსაიტები და იქნებ რამე გეშველოთ.

ხოლო ქართველ ამომრჩევლებს ვეტყვი: გათიშეთ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ერთად გაითიშებიან სუნიანი ბაყაყები, ჰალსტუხიანი ხვლიკები და ბლაგვი ნაჯახები. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოში წამოწყებული „კარდაკარის“ აქცია პოლიტიკიდან „ახალი მემარჯვენეების“ ჩამოცილებას ემსახურებაო – თქვა გასულ კვირაში ფიქრია ჩიხრაძემ. ეგენიც გაითიშებიან.

ვანო რომ გათიშულია, ამაზე ეს ნიუსიც მეტყველებს: „ვანო მერაბიშვილმა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული  სფეროს მეცნიერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პრობლემების განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებების პრევენციის საკითხს“.

ამ შეხვედრაზე ვანოს განსაკუთრებული ყურადღება გაუმახვილებია ჯილეხზე და უთქვამს, ძროხების ვაქცინაცია პირველი რიგის ამოცანააო, თუმცა პრემიერ მინისტრმა აღარ დააკონკრეტა, ჯერ დედალი ძროხები უნდა აიცრან თუ მამალი ძროხების აცრა უფრო საჩქაროა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანებმა მეტი სარგებელი იგრძნონ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობებიც აქტიურობენ. მაგალითად,  ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ილია ბურჯანაძის ინიციატივით, ქარელის ცენტრში წმინდა გიორგის მონუმენტის ადგილს შადრევანი დაიკავებს. „არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ წმინდა გიორგის მონუმენტი ამ ადგილას იდგეს, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ რომელიმე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება“ – აცხადებს ილია ბურჯანაძე და ქარელელებს ეხვეწება, არ შემაგინოთ, ილია ვარო...

აკაკი მინაშვილი გახარებულია: „IRI–ს კვლევით, საარჩევნო კამპანიაში მყოფ „ქართულ ოცნებაზე“ ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს მმართველ გუნდს, რომელსაც კამპანია ჯერ არ დაუწყია“.

დაგინების ინსტიტუტი... ანუ, რამდენიც დაწყებული აქვთ, აკაკი მინაშვილს და მის სიდედრს იმდენი – რა?! რა და...

„როცა თქვენი ამბავი გავიგე, მაშინვე წამოვედი. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და დავრჩები გაჭირვებულების დამცველად საქართველოში. ვინც ჩემსა და იმ გაჭირვებულ ადამიანებს შორის ჩადგება, რომლებსაც ჩემთან მოსვლა და თავისი გაჭირვების შესახებ საუბარი სურს, პასუხს ვაგებინებთ. ეს იქნება დიდი გაკვეთილი იმისთვის, ვისაც ჩემსა და გაჭირვებულს შორის ჩადგომა სურს. ძალიან გაბრაზებული ვარ. თქვენც გაგაბრაზეს, მაგრამ მე შეურაცხყოფილი ვიყავი. ვერასდროს ვერავინ უნდა გაბედოს, რომ ჩემსა და იმ ადამიანს შორის ჩადგეს, რომელსაც უჭირს“.

დაგინების ინსტიტუტი... აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი იმდენად შეურაცხყოფილი იყო, რომ გერმანელი ბოზი ჩამოათრია... თბილისის წყალდიდობამ ისე გაამწარა, რომ დაჰკრა ფეხი და მილანში წავიდა საათის საყიდლად... გასულ კვირაში კი იმდენად გაოგნებული იყო როზა წყაბელიას უბედურებით, რომ ლონდონში გაემგზავრა ოლიმპიადაზე დასასწრებად.

თბილისში თითო გზაჯვარედინზე თითო მათხოვარი დგას, გასულ კვირაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა და ისე როგორ იქნება, რომ მომავალ კვირაში და იმის შემდეგ კიდევ, რამდენიმე ათას ქართულ ოჯახში არ დატრიალდეს ტრაგედია.

თითო უბედურებას თითო ზეიმი, ანუ – გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. აკეთებენ კიდეც.

„პირველი სიყვარულის“ ქანდაკება ბათუმში სანაპირო ზოლზე დაიდგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. „პირველი სიყვარული“ სკულპტურულ-ალეგორიული კომპოზიციაა, რომლის ავტორიც მოქანდაკე ირაკლი წულაიაა. ქანდაკების აღწერილობის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „პირველი სიყვარული“ არის სკულპტურულ-ალეგორიული კომპოზიცია. ქანდაკება ორფიგურიანია. ბიჭის და გოგოს ფიგურები ერთმანეთს სათუთად ეხებიან, მოკრძალებას და გრძნობას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ. ქანდაკების სიმაღლე იქნება 4 მეტრი, სიგანე 4.70 მეტრი. ქანდაკება შესრულდება ბრინჯაოში. პედესტალის მასალაა გრანიტი და პედესტალი ორდონიანია. მისი საერთო სიმაღლე 80 სანტიმეტრია, რაც საშუალებას იძლევა ქანდაკება იყოს კონტაქტური, მასთან ჩამოსხდნენ ტურისტები, ჰქონდეთ მასთან შეხების საშუალება და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები. ქანდაკების დადგმა გათვალისწინებულია ზღვის სანაპიროზე მისი ხასიათისა და თემიდან გამომდინარე, რათა კომპოზიციის ფონი იყოს უკიდეგანო ზღვა და მზის ჩასვლისას გათამაშდეს ბუნებრივი სურათი - ზღვაში ჩამავალი მზე შეყვარებულის ხელებში“.

ახლა ვხვდები, რომ დაგინების ინსტიტუტი მართლაც მოძველებულია. ეს ინსტიტუტი უნდა დაიხუროს და მის ნაცვლად შეიქმნას შეგინების ინსტიტუტი და სწორედ ამ ინსტიტუტის დევიზი უნდა იყოს „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“.

მომავალ კვირაში უკვე რაჭაში ვიქნები.იქ ვნახავ ფრიდონას,რომელმაც შარშან მითხრა, აქ რომ ხარ, მიშას წყალობით ხარო. კი... მჟავანაძის წყალობით დავდიოდი, შევარდნაძის წყალობით დავდიოდი, პატიაშვილისა და გუმბარიძის სახელით დავდიოდი, მერე გამსახურდიამ მიწყალობა, შემდეგ ისევ შევარდნაძემ და ახლა, აი, სააკაშვილის წყალობით მივემგზავრები.

მაგათ კი მოხვდათ არმაგედონის ზანგის იქ, ბათუმში, პირველის სიყვარულის ქანდაკებასთან.

მთავარი კი... ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. ვულოცავ ყველა ქართველს და ყველა შავდათუაშვილს, განსაკუთრებით ვულოცავ ზურაბ დათუაშვილს.

ესაა ჩემი კომენტარი.

კ. დ. (კარგად დავიმახსოვროთ) – სულნი მარამკურასი იპყრობს სხეულს კეთილად. შენს სხეულში დაწყებულია, სულო, – დაჯერებით თქვა კაცმა – ნუ აღუდგები წინ. გიშველოს მარამკურამ. სავსემთვარეობას, უეჭველად უნდა დასვა პირობა წინაშე მარამკურასი, რა შეგიძლია და აღსრულებით ამისა, წარმოითქმა სამჯერ სახელი შენი სულისა.

– სიგარეტს აღარ ვეწევი – თქვა ქალმა.

(აკა მორჩილაძე, „სულები და ხბორები“)