საქართველოში ორგანიზაცია ,,თბილისის ჰელსინკის ჯგუფი“ დაფუძნდა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების საქმეების შესწავლასა და მათთვის სტატუსის მინიჭებაზე იმუშავებს. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 10 უფლებადამცველი - ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ლალი აფციაური, ზაზა დავითაია, ნათია სირაძე, ნათელა კორკოტაძე, ირმა ჭკადუა, ირინა ფუტკარაძე, ქეთევან კანდელაკი და ქეთი ბექაური. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქეთი ბექაური აირჩიეს.
როგორც ირკვევა, ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი სხვა უფლებადამცველებმაც გამოთქვეს, ამიტომ გამგეობის მომდევნო სხდომაზე ორგანიზაციის ახალი წევრები დასახელდება.
ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით ჰელსინკის ჯგუფებთან ითანამშრომლებს. „ჰელსინკის ჯგუფები“ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და პოლიტპატიმრების საქმეების შესწავლით არიან დაკავებულნი. უკვე ცნობილია, რომ „თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა“ საქართველოში 118 პირი სცნო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად.
პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესახებ For.ge ადვოკატებს გელა ნიკოლაიშვილსა და ლალი აფციაურს ესაუბრა.
გელა ნიკოლაიშვილის თქმით, დღესდღეობით საქართველოში ნამდვილად 118 პიროვნება ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ისევ ციხეშია. ზოგიერთმა პირმა სასჯელი მოიხადა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დატოვა.
„კონკრეტულად რამდენი პიროვნებაა დარჩენილი ციხეში, ამ სიებს ჩვენი საორგანიზაციო მდივანი ამოწმებს და პატიმრობაში მყოფი, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირების შესახებ ამ დღეებში სრულ სიას გამოვაქვეყნებთ. თუმცა, ეს რიცხვი ასზე ნაკლები ნამდვილად არ არის“.
რაც შეეხება პოლიტპატიმრების გახმაურებულ საქმეებს, გელა ნიკოლაიშვილს ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი, ცნობილი ბიზნესმენი მერაბ რატიშვილი, პროფესორი ვლადიმერ ვახანია, თემურ ჟორჟოლიანი, ახალი საქმეებიდან კი ე.წ. „ენვერის“ გახმაურებული საქმე ახსენდება, როცა პიროვნებები ჯაშუშობის მუხლით გაასამართლეს. სინამდვილეში კი, სასამართლოშივე გაირკვა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.
„თუ ცოტა ძველ პოლიტპატიმრებს გავიხსენებთ, გიორგაძის ე.წ. მომხრეების 12 კაციდან 9 უკვე გათავისუფლდა, რადგან სასჯელის ვადა დაუმთავრდათ, სამი მათგანი ციხეშია და მათაც წელიწადზე ნაკლები რჩებათ მოსახდელი“.
ადვოკატის თქმით, საინტერესოა, რომ ქართველი პოლიტპატიმრები შეწყალების განცხადებას არ წერენ. ისინი ჩვეულებრივ პირობებში იმყოფებიან, ისევე, როგორც დანარჩენი პატიმრები. თუმცა იმის მიხედვით, რამდენად მწვავდება სიტუაცია ქვეყანაში, მათ მიმართ დამოკიდებულებაც იცვლება. ზოგჯერ ზედმეტად შევიწროებულნი არიან და ზედმეტი შეზღუდვები უწესდებათ, ზოგჯერ კი ადვოკატებთან, ოჯახის წევრებთან, უფლებადამცველებთან კონტაქტის თვალსაზრისით, შედარებით მეტი თავისუფლება ენიჭებათ.
„ჩვენ არა მარტო ამ სიებს ვადგენთ, არამედ ვცდილობთ, ეს საქმეები საერთაშორისო დონეზე გახმაურდეს. ამიტომ ინფორმაციას შესაბამის საერთაშორისო უფლებადამცვლელ ორგანიზაციებს ვაწვდით, რათა მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლა მოხდეს. ერთი მხრივ, მიღწეულ იქნას მათთვის უფრო ადექვატური პირობების შექმნა და, მეორე მხრივ, ისინი გათავისუფლდნენ. ეს ჯგუფი სამ წელზე მეტია, მუშაობს. უბრალოდ, ახლა სტრუქტურულად ჩამოვყალიბდით და ამას „ჰელსინკის ჯგუფის“ სახელი დავარქვით. ჰელსინკის ჯგუფები შექმნილია ბევრ ქვეყანაში, თუმცა ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ფართო პროფილით მუშაობენ, ზოგიერთი პოლიტიკურ პარტიადაც გადაკეთდა, მაგალითად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ 1976 წელს შექმნილი ჰელსინკის ჯგუფი. ჩვენი პროფილი კი უფრო განსხვავებულია და მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების მიმართულებით ვმუშაობთ, ვიხილავთ მათ საქმეებს და გამოგვაქვს დასკვნა, არიან თუ არა ისინი პოლიტპატიმრები და პოლიტიკური მოტივი თუ ფიგურირებს მათ დაპატიმრებაში,“ - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
ადვოკატი ლალი აფციაური მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ძირთადად ცნობილ სახეებს აპატიმრებენ, თანაც - პოლიტიკური ნიშნით. მეტიც, ხელისუფლება პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებში ხედავს პრობლემას. ასეთი ადამიანები კი საქართველოში ძალიან ბევრია, თითქმის ყველა მათგანი დაიჭირეს, თუ არ ჩავთვლით ბოლო დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავებას, რომლებიც შეიძლება, არ იყვნენ ისეთი ცნობადი სახეები, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ეს ადამიანებიც უკვე ცნობილები გახდნენ.
„სწორედ ჩვენი ხელისუფლების პოლიტპატიმარია სამხედრო პირი, გენერალი ტრისტან წითელაშვილი, ნორა კვიციანი. სია უსასრულოა. ხელისუფლება თითოეული ადამიანის ბედს იმის მიხედვით წყვეტს, თუ როგორი პიარი ესაჭიროება თავად ხელისუფლებას. მათ ნაკლებად აღელვებთ ესა თუ ის ადამიანი, მთავარია, მათ სჭირდებოდეთ და პიარისთვის გამოადგეთ. ზუსტად ვიცი, რომ არცერთი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანი შეწყალებაზე არ მიმართავს განცხადებით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლება შელახული იმიჯის „აღდგენას“ ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ იმიჯს მაინც ვერაფერი უშველის, მაინც ცდილობენ, სიურპრიზებით გაგვანებივრონ და ასეთი სიურპრიზი იყო მაია თოფურიას გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ იგი გამოუშვეს, მაგრამ ეს იყო ხელისუფლების სურვილი. მათ უნდოდათ, ასე მომხდარიყო,“- ასკვნის ლალი აფციაური.
მისივე განმარტებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებზე, პირველ რიგში, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება. მართალია, ციხის ადმინისტრაცია მათ ფიზიკურად ნაკლებად ეხება, მაგრამ ხშირად ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება ადმინისტრაციასთან დაახლოებული პატიმრების ხელით. რა თქმა უნდა, ზეწოლა და ტერორია, როცა ადამიანი ავადაა და თვეობით უწევს იმაზე ომი და ბრძოლა, რომ ექიმი შეუყვანონ ან ექიმამდე მიიყვანონ. ლალი აფციაურისთვის ეს ფსიქოლოგიური ტერორის მაგალითია.
„საქმის მასალებიდან გამომდინარე, ხმათა უმრავლესობით ვწყვეტთ, მიენიჭოს თუ არა ამა თუ იმ პირს პოლიტპატიმრის სტატუსი. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტპატიმართა რიცხვი გამუდმებით მატულობს. რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, ჩვენს ე.წ. დემოკრატიულ ქვეყანაში ყოველდღიურად იმატებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა რაოდენობა“, - აცხადებს ლალი აფციაური.