წიაღის აგებულებისა და წიაღისეულის მარაგების რესურსების შესახებ ინფორმაციის მესაკუთრე სახელმწიფო ხდება. აქამდე კი ეს ინფორმაცია იმ პირის საკუთრება იყო, ვისი სახსრებითაც ხდებოდა ამ ინფორმაციის მოპოვება. ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება იმით ხსნის, რომ “გაუგებრობები თავიდან იქნას აცილებული”.
წიაღის აგებულებისა და წიაღისეულის მარაგების რესურსების შესახებ ინფორმაციის საკუთრებასთან დაკავშირებით ცვლილება “წიაღის შესახებ" კანონში შედის, რომლის პროექტიც პარლამენტში სტიქიასთან დაკავშირებულ საბიუჯეტო ცვლილებებთან ერთად შევიდა.
კანონპროექტის ავტორი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, პროექტი საშემოდგომო სესიაზე უნდა იყოს განხილული.
აქამდე, ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეული მარაგების რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობების და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, იმ სუბიექტის საკუთრება იყო, რომლის სახსრებითაც იყო ისინი მოპოვებული. იმავდროულად, ასეთ პირს ამ ინფორმაციის გაყიდვაც შეეძლო და, შესაბამისად, დაშვებული იყო ასეთი ინფორმაციის შესყიდვაც.
კანონის შესაბამის მუხლში ასევე არსებობს ჩანაწერი, რომ საქართველოს კანონმდებლობა იცავს საკუთრების უფლებას წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიურ ან სხვა ინფორმაციაზე და დაუშვებელია სახელმწიფო საფინანსო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით კი დგინდება, რომ ინფორმაცია როგორც წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეული მარაგების რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობების და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, ასევე, პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური ინფორმაცია, მონაცემები ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ, საწარმოო მონაცემები, სამთო ქანების ნიმუშები, სახელმწიფო საკუთრებაა, მიუხედავად იმისა, თუ ვისი სახსრებით არის ეს ინფორმაცია მოპოვებული.
კანონპროექტით ასევე დგინდება, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელს, უფლება აქვს თავისუფლად და უსასყიდლოდ ისარგებლოს ამ ინფორმაციით, მონაცემებითა და ნიმუშებით საქართველოს და უცხო ქვეყნებში, თუმცა, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოქმედების პერიოდში და იმ პირობით, რომ დაცული იქნება ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, გაუმჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია თავის ფილიალს, ნებისმიერ პროფესიონალ მრჩეველს, ბანკს ან საფინანსო ორგანოს, რომლისგანაც ის ცდილობს ფინანსების მოზიდვას. ამ ინფორმაციის გამჟღავნებაც იმ პირობით იქნება შესაძლებელი, თუ მისი კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება გაუგებრობის თავიდან აცილებით ხსნის.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, “წიაღის შესახებ" კანონის თანახმად, საქართველოს წიაღი საქართველოს საკუთრებაა და აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელჰყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას. შესაბამისად, ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია წიაღის გეოლოგიური აგებულებასთან, წიაღისეულის მარაგებასა და რესურსების, საბადოს დამუშავებასთან, სამთო ტექნიკურ პირობებთან და სხვა თვისებებთან ან პარამეტრებთან, მათ შორის, პირველად გეოლოგიურ, გეოფიზიკურ, გეოქიმიურ ინფორმაციასთან, ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ მონაცემებთან, საწარმოო მონაცემებთან, სამთო ქანების ნიმუშებთან, თავისთავად წარმოადგენს სახელმწიფო სკაუთრებას.
“აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონის მიღების მიზეზს წარმოადგენს, დაკონკრეტდეს და ნათლად იქნეს გაწერილი, თუ საქართველოს საკუთრებაში არსებულ წიაღთან დაკავშირებული რომელი ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რათა შემგომ თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი გაუგებრობა და სახელმწიფოს შეეძლოს მის საკუთრებაში არსებული ქონების შეუფერხებელი ფლობა, სარგებლობა და განკარგვა", – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში და ხაზგასმულია, რომ პროექტის მიზანია, სახელმწიფოს, როგორც წიაღის მესაკუთრეს შეეძლოს შეუფერხებლად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, თავისი საკუთრების განკარგვა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონში კონკრეტდება იმ ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც არსებითია სახელმწოფოს საკუთრებაში არსებული წიაღით შეუფერხებელი სარგებლობისა და განკარგვისთვის და თავისი არსით უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს, როგორც ქონების მესაკუთრის საკუთრებას.