როგორ აყაჩაღებენ კახა კალაძეს

როგორ აყაჩაღებენ კახა კალაძეს

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ხელისუფლებამ კახი კალაძის შეჩერება გადაწყვიტა. ჯერ იყო, გაუთავებლად ამტკიცებდნენ, კახი კალაძე მილანში ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ შეხვდაო და კახი კალაძის მილანური ვოიაჟიდან ლამის „ქურდულ ოცნებამდე“ გაავლეს პარალელი...

შემდეგ, კარალეთში ქვების ტყორცნაში ისევ კალაძე და მისი ვირტუალური 50-მდე კუნთმაგარი მეგობარი დაადანაშულეს და არაფერი ახსენეს ბადრი ბასიშვილისა და მისი რაზმის მონაწილეობაზე ამ ლოკალურ კონფლიქტში.

დღეს კი პროკურატურამ კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღების შესახებ განცხადება გაავრცელა. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვა. ამავე ანგარიშიდან დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციად მიჩნეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გადინება. კერძოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაძის საბანკო ანგარიშიდან ეტაპობრივად განხორციელდა 1 600 000 ლარამდე თანხის ნაღდი ფულის სახით გატანა, რომლის შემდგომი მოძრაობაც არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება.

„შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით, გამოძიება ვალდებულია, გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის (1 600 000 ლარი) საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოში არსებული ანგარიშების დაყადაღების შესახებ კახი კალაძისთვის გუშინ გახდა ცნობილი. დღეს კი კალაძის ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შევიდა. საჩივრის განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოს 48 საათიანი ვადა აქვს.
კახი კალაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურამ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ კალაძის ანგარიშების დაყადაღება უბრალოდ კაპრიზია, რათა ხელისუფლებამ მის ჯიბეში ხელი აფათუროს. ადვოკატის თქმით, ფულის გათეთრების დროს დანაშაულის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ფულის წარმომავლობაა. კალაძის შემთხვევაში კი, დანაშაულზე საუბარი შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, თუ გაურკვეველი დარჩებოდა ვის მიერ, რა მიზნით, სად და რა რაოდენობის ფული იქნა გადარიცხული, ანუ, თუ არ დადგინდებოდა ფულის წყარო, ფულის მიმღები და ვერ მოხდებოდა ფულის მოძრაობის იდენტიფიცირება. კახა კალაძის შემთხვევაში კი ყველაფერი ნათელი იყო. მეტიც, პროკურატურამ იცოდა, საიდან მოვიდა ეს ფული. თუმცა ამას მალავენ, რათა კალაძის მიმართ პოლიტიკური დევნა განახორციელონ.

ადვოკატისვე განმარტებით, პირის მიერ საკუთრების უფლების გამოყენება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გულისხმობს და ნებისმიერ პირს შეუძლია, საკუთრების უფლება გამოიყენოს როგორც უნდა, რა რაოდენობითაც უნდა და რა სახითაც უნდა, ნაღდი ფულით თუ უნაღდო ანგარიშსწორებით.

„კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღება იურიდიულად დასაბუთებული რომ არ იყო, ამიტომაც გავასაჩივრეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. ცალსახად, ეს კახი კალაძის მიმართ პოლიტიკური დევნაა. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, რადგან სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მე კახი კალაძის ანგარიშებს არ ვაკონტროლებ, მე მისი ადვოკატი ვარ, ამდენად, არც ის ვიცი, რა თანხების ჩარიცხვა განხორციელდა. თუმცა დავინტერესდები, მოვიკითხავ და ამის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რა თანხები ჩაირიცხა, ვისთან და როგორ,“– გვითხრა შალვა თადუმაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ ცდილობს ხელისუფლება კალაძეს ფულის გათეთრების ბრალი წაუყენოს, შალვა თადუმაძე აცხადებს: „დანაშაულს აქვს თავისი შემადგენლობა. იმას, რასაც სასამართლო თავის განჩინებაში ამბობს და პროკურატურა ამას განცხადებით გადმოსცემს, ცალსახად მიუთითებს, რომ დანაშაულის აღნიშნული შემადგენლობა არ არსებობს. შესაბამისად, აშკარაა, რომ კალაძეს დანაშაული არ ჩაუდენია“.

ჩვენს შეკითხვაზე, რომ სამართალი, ალბათ, არ იცნობს ისეთ პრაქტიკას, რომ ბრალდების გარეშე საბანკო ანგარიშები დაყადაღდეს, შალვა თადუმაძე გვპასუხობს: „კანონი ამბობს, რომ დაშვებულია მხოლოდ ბრალდებულის საბანკო ანგარიშების დაყადაღება. აქედან გამომდინარე, საქმეში არ არსებობს ბრალდებული და არც კახი კალაძე არ არის აღნიშნულ საქმეში ბრალდებულად ცნობილი. ამდენად, მისი ანგარიშების დაყადაღება დაუშვებელია“.

ამასთან, შალვა თადუმაძის თქმით, მართალია, მან გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველოს სასამართლოში სიმართლის გატანა არანაირად არ ესახება. ეს თითქმის შეუძლებელი გახდა, მით უფრო, პოლიტიკური ნიშნით დევნის შემთხვევაში. თუმცა, ყველა ფორმალური საფუძველი უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ აღნიშნული დავა საერთაშორისო სასამართლოში გადავიდეს.

მისი თქმით, კახი კალაძე თავადვე არ ამბობს უარს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და ამის შესახებ საჯარო განცხადებასაც გააკეთებს. მეტიც, იგი მიმართავს პროკურატურას, რომ მზად არის, ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, რომელიც მის მიმართ გააჩნიათ. თუმცა, ფიქრობს, რომ მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გამოიტანეს.   

For.ge ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის ერთ-ერთ ადვოკატს ალა კახნიაურს ესაუბრა.

ყოველგვარი ბრალდების გარეშე კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღება რომელიმე სამართლებრივ ჩარჩოში თუ ჯდება?

– ჩვენ სამართლებრივი სივრციდან გასული ქვეყანა ვართ. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი მოქმედება კანონის ფარგლებში ვერ ჯდება. კახა კალაძესთან მიმართებით რაც მოხდა, ამას ახსნა არ აქვს. ეს დღისით-მზისით ყაჩაღობაა. ანგარიშების დაყადაღება და მსგავსი ქმედებების შესრულება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს პირი ეჭვმიტანილია. ამდენად, კალაძე ეჭვმიტანილი მაინც ხომ უნდა იყოს, ბრალდებული ხომ უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეში, რომ მერე მოხდეს აღნიშნული ამკრძალავი ქმედების განხორციელება?! ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ, თუ კონკრეტულად არ არის დადგენილი ბრალეული პირი, გამორიცხულია, ვინმეს ანგარიშებს დაედოს ყადაღა. იურისტმა შეიძლება,  განმარტება კანონებიდან გამომდინარე გააკეთოს. ამათი ქმედება კი ვერ ჯდება ვერცერთი კანონის მოთხოვნაში. ამიტომაც არ ვიცი, მომავალში რა მოხდება. ალბათ, ეს საქმე წავა ევროპულ სასამართლოში. ვფიქრობ, ამ ანგარიშების დაყადაღებაც დროებითი მოვლენაა, რადგან ახლა მათი მიზანი არის თანხების მოძრაობის შეჩერება. შესაბამისად, მოიფიქრეს, რომ, ალბათ, შეძლებულია ბატონი კახი კალაძე და ეშინიათ, რომ მან თანხები არ დახარჯოს.

სხვათა შორის, კახი კალაძემაც აღნიშნა, რომ მას ისეთი სოლიდური ფინანსური შემოსავალი გააჩნდა, რომ შეეძლო, ამდენი თანხა ჰქონოდა ანგარიშზე.

– რა თქმა უნდა, ექნებოდა ეს თანხა. ეს ბუნებრივიცაა. ადამიანი საზღვარგარეთ წარმატებული ფეხბურთელი გახლდათ, იგი იყო ბიზნესმენი და ა.შ. შესაბამისად, ანგარიშზე თანხები აუცილებლად ექნებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ პირადად მე არაერთ პროცესში მიმიღია მონაწილეობა, სადაც ჩვენ ვასაბუთებდით, რომ კონკრეტულ პირს ჰქონდა თანხები ანგარიშზე და შეეძლო, გაეკეთებინა შემოწირულობა, მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევდა ამ ვითარებას და არც ღებულობდნენ მტკიცებულებად. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ადვოკატი უძლურია, რომ მტკიცებულებითაც კი დაასაბუთოს პოზიცია.

როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების სურვილი ის ხომ არ არის, რომ კახი კალაძის საქმე ფულის გათეთრების ბრალდებისკენ წაიყვანოს?

– გამორიცხული არ არის, რადგან ისინი ყველაფერზე მიდიან და, მათ შორის, ამასაც გააკეთებენ.

პროკურატურამ გაავრცელა განცხადება კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ფეხბურთელის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდში დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა, ხოლო საეჭვო ოპერაციად შეფასდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის გადინება.

– თუ გარკვეული თანხები მოძრაობდა კალაძის ანგარიშებზე, ბუნებრივია, პროკურატურას ან ნებისმიერ სხვა ორგანოს შეეძლო, განმარტება მოეთხოვა ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, კახი კალაძე დაასაბუთებდა თანხების მოძრაობას, ხოლო, თუ დასაბუთებას ვერ შეძლებდა, მაშინ შეეძლოთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ასე თუ მივყვებით, ნებისმიერი ოპერაცია საეჭვო გამოდის. ახლა მე რომ მერიცხება ხელფასი, გამორიცხული არ არის, ცოტა ხანში ესეც საეჭვო გახდეს. ნებისმიერ ქვეყანაში, როცა ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ასეთი ბრალდების წაყენება, ბუნებრივია, ეჭვები დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, გამოქვეყნებული მტკიცებულება არ ჩანს. ამდენად, ხელისუფლების მხრიდან რას ემყარება ეს საქმე, ვერ გეტყვით.