ადვოკატი მამუკა ნოზაძე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს

ადვოკატი მამუკა ნოზაძე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს

ადვოკატი მამუკა ნოზაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შვილმა ახალგაზრდა ქალბატონის ტატიანა ტატურევიჩის ჯანმრთელობა დააზიანა, რის შემდეგაც მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ცინცაძეების ოჯახმა მიყენებული ზიანის ანაზღაურება საკუთარი ნებით არ ისურვა, ხოლო თავად სოსო ცინცაძე სასამართლო პროცესებზე გავლენის მოხდენას ხელისუფლების წინაშე მისი „დამსახურების“ გათვალისწინებით შეეცადა.

– ე.წ. პოლიტოლოგი, სოსო ცინცაძე, რომელიც მენტორის ტონით არიგებს საზოგადოებას, ცდილობს, ხელისუფლების წინაშე მისი „დამსახურების“ გათვალისწინებით, ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოზე და მოსამართლეებს ტენდენციური გადაწყვეტილება მიაღებინოს.

საქმე ისაა, რომ სოსო ცინცაძის შვილმა, რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, ავარიაში მოაყოლა ტატიანა ტატურევიჩი, რომელსაც ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. მოგვიანებით ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა საქმე რამდენჯერმე შეწყდა, რადგან ცნობილია, თუ როგორ ეპირფერება სოსო ცინცაძე დღევანდელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს და მათი ყველა უკანონობისა და უსამართლობის გამართლებას ცდილობს. ამიტომ, ბუნებრივია, ხელისუფლებაც დაინტერესებულია და ვალშია ამ ე.წ. პოლიტოლოგის მიმართ. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილ იქნა ერთხელ და მეორედაც შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა.

იგი გაამართლეს, ვითომცდა, მისი ბრალეულობით არ მომხდარა ეს ავარია. ამ დროს კი საჭესთან თავად პაატა ცინცაძე იჯდა, სოსო ცინცაძის ვაჟი, და ამ ქალბატონმა მიიღო დაზიანება. პირადად მე საქმეში გვიან ჩავერთე და ეს საქმე, ცალკე წესით, გასაჩივრებულია ევროპულ სასამართლოში. შემდგომში ჩვენ მოვუგეთ პროცესი პაატა ცინცაძეს და სასამართლომ მას, სამოქალაქო წესით, 20 000 ლარი დააკისრა, რადგან მისი ბრალეული ქმედებით იქნა მიყენებული ტატიანა ტატურევიჩის მიმართ ზიანი.

ქალბატონ ტატიანას არც ოპერაცია გაუკეთა ცინცაძის ოჯახმა, რომელიც სხვის ზნეობაზე საუბრობს... ყველანაირად მიატოვეს და ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ ამ ახალგაზრდა ქალმა ფეხი დაკარგა. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საპასუხოდ, ცინცაძემ განაცხადა, ტატურევიჩმა შემაწერა ფულიო. არადა, მას სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა თანხა.

დღეს გამოდის სოსო ცინცაძე და ბიძინა ივანიშვილის მიმართ სასამართლოს მიერ უკანონოდ დაკისრებულ თანხაზე აპელირებს, რომ, აგერ, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ივანიშვილმა თანხა უნდა გადაიხადოსო. ამ დროს კი მის ოჯახს სწორედ სასამართლოსგან მიუვიდა დაკისრებული თანხა და ამას „შეწერას“ ეძახის, როცა ახალგაზრდა ქალი დააინვალიდეს, დააზარალეს. მისი შვილი იმ დროს მთვრალი იყო, ხოლო თვითონ ტატიანა ტატურევიჩი ამბობს, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყოო. ამჟამად ეს პიროვნება თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, მაღალ თანამდებობაზე. ტატურევიჩს მასთან ჰქონდა ურთიერთობა და ამბობს, რომ იგი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. თუმცა ექსპერტის დასკვნაში სიმთვრალე უწერია.

რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება მფარველობს პოლიტოლოგს?

– იმიტომ, რომ ამჟამად საქმე შეწყდა და საქართველოში ამოიწურა ყველა სამართლებრივი საშუალება. საქართველოს ხელისუფლებამ მფარველობა გაუწია სოსო ცინცაძეს იმ დამსახურების გამო, რომ მათ აქებს და ადიდებს. ამ ხელისუფლების უკანონობას ამართლებს. შემდეგ გაზეთ „ქრონიკაში“ ტატიანა ტატურევიჩსა და მის ოჯახს გამომძალველები უწოდა და „პუტანკად“ მოიხსენია. არადა, ტატიანას დედა დამსახურებული ექიმია, ძალიან კარგი ოჯახი აქვს და წესიერი ხალხია. მაგრამ სოსო ცინცაძე საკუთარ გავლენას იყენებს და ტრაბახობს, თითქოსდა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. სინამდვილეში, ასეთი კვალიფიკაცია მას არ აქვს, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი იგი არ არის, იგი არის პოლიტოლოგი, რომელიც კომუნისტური პარტიის დროს ამერიკას აძაგებდა ხოლმე და საბჭოთა კავშირს ხოტბა-დიდებას ასხამდა, ახლა ამერიკასაც და რუსეთსაც აძაგებს.

მან ცუდ კონტექსტში მოიხსენია ტატურევიჩის ოჯახი. ამჯერად მორალურ ზიანზე მიმდინარეობს დავა, საქმე უზენაეს სასამართლოშია. სხვათაშორის, პირველ ინსტანციაშიც მოსამართლეზე ახდენდა ზეგავლენას, რომ ის იყო ვითომდა ექსპერტი, სააკაშვილის პირადი მრჩეველი და მოსამართლეებმაც საკმაოდ ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღეს და არ დააკმაყოფილეს ტატურევიჩის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით. ტატიანა ტატურევიჩი 1 მილიონ ლარს ითხოვდა მორალური ზიანის სახით.

„ქრონიკის“ ჟურნალისტმაც დაადასტურა, რომ გაზეთში გამოქვეყნებული სიტყვები სწორედ სოსო ცინცაძის ნათქვამი იყო და მან მიაყენა შეურაცხყოფა ამ ქალბატონს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყვეტილებაში ჟურნალისტს მიუთითა, თუ როგორ უნდა დაიწეროს სტატია. ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის კლასიკური ნიმუშია. აპელაციამაც ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება და ამჟამად უზენაესი სასამართლო ზეპირი მოსმენით იხილავს საკითხს, ანუ, მხარეთა მიწვევით.

უკვე ჩატარდა მეორე სასამართლო სხდომა. სასამართლო მხარეებს მორიგებას გვთავაზობს. წესით, სოსო ცინცაძე, ასაკიდან გამომდინარე, მოწიწებას უნდა იწვევდეს, მაგრამ იგი ძალიან ცინიკურად ექცევა მხარეს და ტატიანა ტატურევიჩს დასცინის წარმომავლობის, სოციალური მდგომარეობის გამო, ხაზს უსვამს საკუთარ პროფესორობას. ეს ის პიროვნებაა, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებით გამოდის და ჭკუას არიგებს ბიძინა ივანიშვილს და აბსოლუტურად მთლიან ოპოზიციურ სპექტრს.

მისი ვაჟი არ მონაწილეობს სასამართლო პროცესში?

– მისი შვილი არცერთ სასამართლო პროცესში არ მონაწილეობდა. მას წარმომადგენელი ჰყავდა, ამჟამად დაკისრებული აქვს თანხა და ყოველთვიურად სამსახურში სამი ათას ლარიანი ხელფასიდან ათას ლარზე მეტს უკავებენ და ტატიანა ტატურევიჩი იღებს იმ თანხას, მაგრამ, ბუნებრივია, ეს 20 ათასი არ არის ის თანხა, რაც მას მორალური და მატერიალური ზიანი მიადგა.

ტატიანა ტატურევიჩის ორი საქმე ევროპულ სასამართლოშია წასული. მათ შორის, პირველია, რომ, სოსო ცინცაძის ზეგავლენით, უკანონოდ შეწყვიტეს სისხლის სამართლის საქმე, ხოლო მეორე, ტატურევიჩს ექიმების მიმართ აქვს პრეტენზია, რადგან ისეთმა ექიმმა გაუკეთა ოპერაცია, რომ, როგორც ტატურევიჩი ამბობს, იგი იყო ცინცაძის მძახალი, ვინმე არველაძე, რომელმაც, ფაქტობრივად, დაამახინჯა ქალბატონი და ფეხი მოაჭრა.

ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების კომისიის დასკვნაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ ექიმს არ ჰქონდა ლიცენზია ქირურგიაში და მას არ შეეძლო აღნიშნული ოპერაციის ჩატარება. ამის თაობაზე კლინიკის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოვითხოვეთ და ქართულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამიტომ ეს მეორე საქმეც ევროპულ სასამართლოშია.

როგორ მოხვდა მაინცდამაინც ამ ექიმთან ეს ქალბატონი?

– არ ვიცი. იგი არამიანცის საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ეჭვობს, განზრახ მიიყვანეს იმ საავადმყოფოში, რადგან თავად ტატიანა ტატურევიჩი გონზე არ იყო და ვერ აცნობიერებდა თავის მდგომარეობას. ექიმები არც მის ოჯახს დაუკავშირდნენ. არადა, როცა მძიმე ოპერაცია კეთდება, რომელიც ამა თუ იმ ორგანოს მოჭრას უკავშირდება, ოჯახის ან თავად პაციენტის ნებართვაა საჭირო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე წინმსწრებად რისი თქმა შეგიძლიათ?

– უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ნუნუკა კვანტალიანი, ძალიან ობიექტურია და ცდილობს, საქმე მორიგებით დამთავრდეს. მორიგებასთან დაკავშირებით ჩვენც მზაობა გამოვხატეთ, მაგრამ სოსო ცინცაძეს კვლავაც შეურაცმხყოფელი განცხადებების იმედი აქვს, რომ, როგორც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები, უზენაესი სასამართლოც გაითვალისწინებს მის ე.წ. „პადხალიმურ“ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლებასთან და ამიტომ მიიღებენ მისთვის მოსაწონ გადაწყვეტილებას. თუმცა, მორალურ ზიანთან დაკავშირებით, თავად ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, უზენაეს სასამართლოში, დიდი პრაქტიკა არსებობს.

ასევე, საერთაშორისო ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა ასეთი – გურგენიძე საქართველოს წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ სულ სხვაგვარი შეფასება მისცა მორალურ ზიანთან დაკავშირებულ გარემოებებს. თუ უზენაესი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბუნებრივია, ჩვენ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს. თუმცა, გარკვეული იმედი მაქვს, რადგან მოსამართლეები, საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, დაინტერესებულნი არიან და მათი სურვილიცაა, რომ ამ საქმეზე მოხდეს მორიგება.

კანონიც ავალდებულებს, მორიგება შემოგვთავაზონ. ამდენად, თუ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს საქმე საერთაშორისო ასპარეზზე აღარ მოხვდება. სოსო ცინცაძე არ არის ის პიროვნება, მის გამო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალოს. დღეს აღარ ვართ შუა საუკუნეების საქართველოში, კანონის წინაშე ყველა თანაბარ უფლებიანია და არავის აქვს უფლება, წარმომავლობის ან გვარიშვილობის ან განათლებიდან გამომდინარე, შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა ადამიანს. ჩემს მიმართ მამალი გიჟივით გაიძახის, ციხეში რომ იყავიო. თუ ამ ხელისუფლების გამო ციხეში მოვხვდი, ეს რეპრესიები ჩემთვის საამაყოა. ამაზე ფილმიცაა გადაღებული, ევროპულმა სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა და საქართველოს მთავრობას მოუწევს ამაზე პასუხისმგებლობის აღება.