ქვემო ქართლში თავინთ საქმიანობას ზონდერი „ჟურნალისტები“ აგრძელებენ - დაყვებიან კოალიცია “ქართული ოცნების“ ლიდერებს, პროვოკაციულ კითხვებს უსვამენ მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს. მათი ოპერატორები იღებენ ყველა მოქალაქეს, რომელიც „ოცნების“ შეხვედრებზე მიდის. სწორედ მათი მეშვეობით დააშინეს 24 ივლისს ზვიად ძიძიგურთან შეხვედრაზე დასწრების მსურველი რუსთაველებიც. „უთხრეს გადავიღებთ ყველას ვინც მივა ძიძიგურთან შეხვედრაზე. შევადგენთ სპეციალურ სიებს...“ - ამბობს რუსთავის მე-12მკ/რ-ს 37-ე კორპუსის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, კარლო ციკუტანია.
„რატომ გადამიღე ფოტო?! შენ, აიღე ნაბართვა ჩემგან?“ - გამოენთო მანქანიდან ზონდერ–ჟურნალისტების მძღოლი. უფლებები სწორედ, მაშინ გაახსენდა, როცა თემა პირადად მას შეეხო. ის, თუ რატომ დასდევს ჩვენ კოლეგებს და ახდენს მათზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ეს მისთვის მეათეხარისხოვანია.
მას შემდეგ, რაც ვცდილობთ სისტემატიურად გადავიღოთ ზონდერი „ჟურნალისტების“ მუშაობა, მათი აგრესიის ობიექტი თავად გავხდით.
„მანონი, მე ვიცი შენ საიდან ხარ წამოსული“ – 26 ივლისს ზონდერ ჟურნალისტები მარიამ სოლოღაშვილი და ნინო კაპანაძე ასეთი სიტყვებით აგვეკიდნენ. კითხვაზე – მაინც საიდან ვარ წამოსული? – თემა შეცვალეს. „რატომ გადაიღე ჩვენი მძღოლი?! რა გინდა? რატომ გვიღებ? თუ გინდა, აი, აქ ვართ და გადაიღე. არ გრცხვენია შენი საქციელის?!“ - მომმართავდნენ ნინო კაპანაძე და მარიამ სოლოღაშვილი. ცნობისთვის, კაპანაძე, რომელსაც „უსირცხვილოდ“ მივაჩნივარ, სწორედ, ის „ნამუსიანი ჟურნალისტია“, რომელიც წალკაში ივანიშვილის ვიზიტისას მთელ ხმაზე გაჰკიოდა - აბა, რამდენ მილიონად გაყიდით სამშობლოსო.
კაპანაძის და სოლოღაშვილის აზრით სასირცხვილოდ საქმე არა მათ, არამედ მე მაქვს. აქვე ვიტყვი, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელთანაც წლების მანძილზე მითანამშრომლია, საზოგადოებაში, მხოლოდ, პატივისცემით სარგებლობს.
ამავე დღე, 26 ივლისს, როდესაც კახი კალაძის რუსთავში სტუმრობას ვაშუქებდით, ჩვენთან ერთად სოლოღაშვილის და ნინო კაპანაძის აგრესიის ობიექტი გახდა, ადგილობრივი გაზეთის ,,რუსთავის ამბების“ ჟურნალისტი ეკა კუდარავა.
„სოლოღაშვილმა პრეტენზია წამიყენა, რომ მას ჩუმად ვუღებდი. მე ვუთხარი, რომ შეეძლო ენახა ჩემი გადაღებული კადრები, სადაც ის არსად არ იყო. მან სურათების ნახვა არ ისურვა. მისი მიზანი ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება იყო. მე ნებისმიერ დროს შემიძლია გადავუღო მათ ფოტო, თუმცა ეს არ გამიკეთებია, რადგან მათი სახეები უკვე, მთელმა ქვეყანამ ისედაც იცის“ - საუბრობს კუდარავა.
შეგასენებთ, რომ რეგიონში მომუშავე ზონდერი „ჟურნალისტები“ და ოპერატორები ადგილობრივი ტელევიზიის „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია – ტვ.4“–ის ყოფილი კადრები არიან. აღნიშნული ტელევიზიის დირექტორი, კირკიტაძის ყოფილი პრესმდივანი და მეგობარი - ხათუნა მამარდაშვილია. ასევე, მაუწყებლის აქციების 51% -ს გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ხამაშურიძე ფლობს. ხამაშურიძე მამარდაშვილის მსგავსად კირკიტაძის გუნდის წევრია.
რადგან ზემოთხსენებული „ჟურნალისტები“ ამ ტელევიზიის ყოფილი კადრები არიან, მათ დღეს რეგიონში კირკიტაძის კანტორას უწოდებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ for.ge-ს არა ერთხელ მოუმზადებია კრიტიკული სტატია დავით კირკიტაძის შესახებ, ადვილი მისახვედრია რა სიხარულით შეხვდება გუბერნატორი ჩვენს წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციებს.