ამერიკის „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) პოლიტიკურ პარტიებს რეიტინგების კვლევის შედეგები გააცნო. ანგარიში მედიისთვის ორ კვირაში გამოქვეყნდება. როგორც IRI-ს წარმომადგენელმა დავით შერვაშიძემ განაცხადა, კვლევის კონკრეტულ მიზნებსა და საკითხებზე კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს. მისი თქმით, კვლევა ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს ეხება.
შედეგების გამოქვეყნებისაგან თავი შეიკავა „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“, თუმცა მისი ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ამბობს, რომ კვლევაში ტენდენციები მაინც ჩანს, მისი განმარტებით, სამსუბიექტიანი პარლამენტის არსებობის ტენდენცია დაფიქსირდა და ესენი იქნებიან „ქრისტიან-დემოკრატები“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“
სხვა პარტიებისაგან განსხვავებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე გაასაჯაროვა გამოკითხვების ნაწილი.
კვლევის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხოლო პარტიების რეიტინგში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.
სააკაშვილის მაჩვენებელი 73 პროცენტია.
კითხვაზე – „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?“ – 43% პასუხობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, 24% - „ქართულ ოცნებას“, 7% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 21% ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა – 37% მხარს დაუჭერდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 24% ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 7% გიორგი თარგამაძეს.
სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: „რჩება შთაბეჭდილება, რომ ხან NDI წვალობს, ხან IRI და ბოლოს კმაყოფილი რჩებიან. ბოლომდე გაწვალებული და გაუგებრობაში აღმოჩენილი მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაა, რომელიც ალბათ საინტერესო ვითარებაში იმყოფებოდა, როდესაც 70%-ზე მაღალი შეფასება გამოუხატა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ როდესაც ასეთი შედეგი მთლიანად 7 წლის განმავლობაში ამ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონია, მაშინაც კი, როდესაც მისი პოლიტიკური კონკურენტები ნომინალური მოთამაშეები იყვნენ პოლიტიკაში“.
ცისკარიშვილისთვის ასევე საინტერესოა, ყველა შეკითხვას ახლდა დამატებითი კითხვები თუ არა, „...რადგან დამატებითი კითხვების ანალიზი, რაზეც იქნება შემდგომში ყურადღება ორიენტირებული, გაგვცემს პასუხებს კითხვებზე, რომელიც იბადება ამ ციფრების გაცნობისას“- ამბობს ცისკარიშვილი.
მისივე განმარტებით, საინტერესოა მონაცემები, რომელიც ვრცელდება მეორადი არჩევანის კუთხით. ანუ ვის დაუჭერდი მხარს, იმ შემთხვევაში თუ გადაიფიქრებ დასახელებული პარტიისთვის ხმის მიცემას.
ცისკარიშვილის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მეორად არჩევანში დასახელების პროცენტი საკმაოდ მცირეა, სამაგიეროდ, მაღალი პროცენტი გააჩნია „ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას“.
სოსო ცისკარიშვილი: „ქვეყანა, რომელიც ჩართულია არალეგიტიმურ საარჩევნო პროცესებში - არ გამოცხადებულა თარიღი არჩევნებისა და უკვე ნახევარ წელზე მეტია ცხოვრობს საარჩევნო რეჟიმში. ესეც ერთ-ერთი ფანდია ხელისუფლების, რომელიც არ იზღუდება ამ პირობებში წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული მოთხოვნებით ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის მიმართ. ანუ ჰა, ბურთი და ჰა, მოედანიო – ასე გაიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი საქმიანობის შესაძლებლობა არდანიშნული არჩევნების პირობებში, და ჭრის და კერავს, როგორც მოეპრიანება.
თუმცა IRI-ს კვლევა ცალკეულ შემთხვევებში უფრო სანდოდ გამოიყურება ვიდრე NDI-ს, და ეს სანდოობა ეფუძნება ჩაკითხვის ანუ მეორადი კითხვის დასმის მეთოდს.
ეკითხებიან, რომ რატომ აძლევ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ არ შეგისრულეს ეს, ეს და ეს, სხვა შემთხვევაში ეკითხებიან, რატომ აძლევ ხმას „ქართულ ოცნებას“, რომელიც არის რუსული პროექტი და ა.შ. აქ უფრო მეტი არის რესპონდენტი, რომელიც დაბეჯითებით აღარ იმეორებს საკუთარ პოზიციას „ქართული ოცნების“ მიმართ, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ აქვთ ჩამონათვალში შესრულებული ხელისუფლების მიერ, ჯიუტად იმეორებენ, რომ ისინი მაინც ხმას მისცემდნენ მმართველ პარტიას.
ამის ახსნა საინტერესოა თავად გამოკითხვის ორგანიზატორებისგან. თუ ისინი მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოს ასრულებენ, მაშინ ეგებ დამკვეთებმა გვითხრან, მაგრამ ის, რასაც ბრძანებს ბატონი ნავარო – რომ გამორიცხულია, საქართველოში გამოკითხულებს ჰქონდეთ რაიმე შიშის განცდა, მაშინ, როცა ისინი თავისუფლად პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს პრესასა და ტელევიზიაში – ძალიან პრიმიტიული არგუმენტია და ვშიშობ, შეიძლება რომელიმე შტატში მუშაობდეს ასეთი მიდგომა, მაგრამ მთლიანად ამერიკის შეერტებულ შტატებშიც არ იქნება ასე, თუ ხელისუფლებამ დაიწყო ძალადობა ამომრჩეველზე.
ანუ, კითხვა რჩება იგივე – რა ვალდებულება აქვს ამისთანა NDI-სა და IRI-ს, რომ ცდილობს, კიდევ უფრო აამღვრიოს წყალი ისედაც დატბორილ ქართულ საარჩევნო ველში და მაზოხისტური სიამოვნებით განიმსჭვალონ საკუთარი ანგარიშების გამოქვეყნებისას, რომელიც ოფიციალურ გამოქვეყნებამდე უკვე აღარ წარმოადგენს საიდუმლოებას და ყველა დაინტერესებულ პირს ასე თუ ისე, ინფორმაცია აქვს“.
საქართველოში არ არსებობს ალტერნატიული სოციოლოგიური კვლევები, რომელიც შედეგების შედარების საშუალებას მოგვცემდა და დაგვარწმუნებდა რამდენად ობიექტურ ანგარიშს სთავაზობენ ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებას.
როდესაც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ასეთი ორგანიზაცია, რომელმაც რადიკალურად განსხვავებული შედეგები დადო, ხელისუფლებამ ის სარწმუნოდ არ მიიჩნია, სამაგიეროდ სჯერა სააკაშვილის 73%-იანი რეიტინგის, იმის მიუხედავად, რომ მედიასაშუალებებით ჩატარებული გამოკითხვებითაც რეიტინგებში ოპოზიცია ლიდერობს. ამიტომ საინტერესოა, რისი მიღწევა სურთ ამ ინსტიტუებს, რადგან საქართველოში საზოგადოებრივ განწყობაზე მსგავსი მეთოდით ზეგავლენა ამ პოლიტიკურად დამუხტულ პერიოდში მეტისმეტად გაჭირდება.
როგორც სოსო ცისკარიშვილი ამბობს, სამწუხაროდ გამოიწვევენ მხოლოდ ანტიამერიკანიზმს, რადგან თვითონ გვასწავლიან რა გამჭვირვალეობას, არასოდეს აცხადებენ ღია ტენდერს ასეთი სამუშაოს შემსრულებელი კომპანიების გამოსავლენად.
„ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს ჯერ კიდევ იმ წუთიდან, როდესაც NDI ან IRI მოიპოვებს თანხას ასეთი კვლევის ჩასატარებლად.
საინტერესოა, არიან თუ არა მოხალისენი, არიან თუ არა ფსიქოლოგები ამ ჯგუფში, რომ უკეთ განისაზღვროს ადამიანის მდგომარეობა. ყველასათვის ცნობილია და ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ რაც უფრო დათრგუნულია პიროვნება, უფრო მარტივად მართვადია.
თუ ქვეყანაში სადაც საშუალო კლასი პრაქტიკულად არ არსებობს, რის გარეშეც ვერ იარსებებს დემოკრატია, ატარებ კვლევებს, არ შეიძლება ისეთი სტანდარტული მიდგომები გამოიყენო, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია მიღებული. რომელი ინივიდუალური მახასიათებელია შერჩეული ასეთი გამოკვლევებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ კვლევა მიმდინარეობს საქართველოში და არა ფინეთში? - ამაზეც უნდა იყოს ინფორმირებული მოსახლეობა, იმისათვის, რომ ასეთი კვლევების მიმართ ნდობა იყოს მაღალი. თუ არ სურთ ასეთი ნდობა და არ აინტერესებთ ნდობის ფაქტორი, მაშინ ეს ყოფილა პრიმიტიული დაკვეთა და მიკვირს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა ხმები 100 %-ზე ნაკლები აქვს“ - აცხადებს ცისკარიშვილი.
სავარაუდოდ IRI პარტიების რეიტინგებს შედარებით სრული სახით ორ კვირაში გაასაჯაროებს, თუმცა მთავარი – რომ მიხეილ სააკაშვილი 73%-იანი ლიდერია, უკვე ცნობილია. სხვა საკითხია, ჯერა თუ არა ამის საზოგადოებას, თუმცა ყველაზე მეტად საინტერესო ერთი საკითხია, რაზე გულწრფელ პასუხსაც ალბათ, ვერ მივიღებთ - თავად სააკაშვილს თუ სჯერა ამ შედეგის.