სტუდენტური თვითმმართველობის წევრები Summer Job-ისგან უშრომლად მიიღებენ შემოსავალს

სტუდენტური თვითმმართველობის წევრები Summer Job-ისგან უშრომლად მიიღებენ შემოსავალს

Summer Job-ი დაიწყო. სტუდენტები, რომელთაც გაუმართლათ და ამ პროგრამაში მოხვდნენ, 20 აგვისტოს ხელზე 370 ლარს მიიღებენ. ეს მაშინ, როცა ოფიციალურად მათი ანაზღაურება 500 ლარი უნდა ყოფილიყო. როგორც გაირკვა, სტუდენტებსაც უქვითავენ თანხას. კერძოდ, 100 ლარს ქვითავს სახელმწიფო, ხოლო 30 ლარს იღებს ბანკი, რაც საბანკო სისტემაში უპრეცენდენტოა, რადგან საბანკო მომსახურებისთვის 30 ლარის საფასური არსად არის გათვალისწინებული.  

უკვე ცნობილია, რომ სტუდენტთა დასაქმების პროექტში მონაწილე თვითმმართველობის წევრები თავად არ მუშაობენ და უშრომლად მიიღებენ შემოსავალს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მათ უფრო მნიშვნელოვანი, პარტიული დავალებები აქვთ შესასრულებელი.

როგორც უნივერსიტეტის დამოუკიდებელი დელეგატი ლევან ლორთქიფანიძე აცხადებს, თვითმმართველობის წევრებს მუშაობა არ უწევთ და გასამრჯელოს უშრომლად მიიღებენ. ამასთან, პრესტიჟულ სამუშაო ადგილებზეც სწორედ თვითმმართველობის მმართველი ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან დარეგისტრირებულნი და არა - ჩვეულებრივი სტუდენტები.

დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავიდანვე ეს პროექტი დისკრიმინირებულად დაიწყო და თვითმმართველობის წევრებს ამ პროექტში სამომავლოდ მონაწილე სტუდენტთა სიები წინასწარვე გააჩნდათ. კერძოდ, პროექტში დარეგისტრირდნენ სტუდენტთა თვითმმართველობასთან დაახლოებული ახალგაზრდები, ხოლო დანარჩენებისთვის პროექტის საიტი, პირდაპირი მნიშვნელობით, დაიხშო.     

„ჩემი ინფორმაციით, არა მარტო თვითმმართველობის წევრები, არამედ ე.წ. დასაქმებულ სტუდენტთა 80 % არაფერს აკეთებს. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ირგვლივ ვინც არის, არაფერს აკეთებს. უბრალოდ, რეგისტრაციას გადის, ხელს მოაწერს იქ, სადაც გადანაწილებულნი არიან და სახლში ბრუნდებიან. რაც შეეხება თვითმმართველობას, ისინი ახლა სხვა რამით არიან დაკავებულნი. მათ აღარ სცალიათ, სამსახურში იარონ და სტაჟიორის კვალიფიკაცია აიმაღლონ. ეს პირდაპირ უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას“, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

მისი თქმით,  Summer Job-ში დარეგისტრირებულია ყველა სტუდენტი, რომელსაც თვითმმართველობასთან მიუწვდებოდა ხელი, ანუ მათთან დაახლოებული იყო.

„ერთი თვით ადრე ჰქონდა თვითმმართველობას სიები უკვე გაკეთებული და იცოდა, ვისაც დაარეგისტრირებდა. მოგვიანებით უკვე დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კი, რომელიც განათლების სამინისტრომ გამოაცხადა, სისტემა „გაიჭედა“ და დიდი პრობლემები შეიქმნა“.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, იმ სტუდენტებს, რომლებიც პროგრამაში მოხვდნენ, რასაკვირველია, უხარიათ, რადგან დასაქმების გარეშე თვის ბოლოს 400 ლარს მიიღებენ. თუმცა, ვინც პროექტში ვერ მოხვდა, თავისთავად, პროტესტის გრძნობა აქვს, რადგან ხედავს, რომ მათი თანატოლები პროექტში მოხვდნენ და პრივილეგირებულმა სტუდენტებმა ხელი შეუშალეს იმ სტუდენტებს, რომლებიც მოწყურებულნი იყვნენ სწავლას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მიეცათ საშუალება, რომ სწავლისთვის თანხა სწორედ ამ პროექტიდან გადაეხადათ.

„ამჟამად ზოგიერთი სტუდენტი ბანკებში სტაჟიორად არის გადანაწილებული, ზოგი განაწილებულია სხვადასხვა საამქროში, საწარმოში. მაგალითად, ბევრი სტუდენტი გაუშვეს აჭარაში. ზოგიერთი ვერ ჩავიდა, მაგრამ მაინც აიღებენ თანხას“.

ალექსანდრე კობაიძეს მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიაა, რათა სტუდენტი ხელისუფლების მადლიერი იყოს. მისი თქმით, აქ მატერიალური ინტერესია, თუმცა, როცა ადამიანს უჭირს, ცხადია, 400 ლარის გამო მადლიერი ვერ იქნება.

„როცა ადამიანი ლუკმა-პურის შოვნაზეა დამოკიდებული, 400 ლარს რომ გადაუგდებ, ის მადლიერი არასდროს იქნება. ისეთი ბაზარი უნდა არსებობდეს, რომ სტუდენტს არ სჭირდებოდეს მოწყალების მიღება. სახელმწიფოში ისეთი ბაზარი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდა დასაქმდეს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს დასაქმება არ ნიშნავს, რომ „მადლიერი“ სტუდენტები ხმას უთუოდ ნაციონალურ მოძრაობას მისცემენ“, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.  

საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის პრეზიდენტი მაია მიმინოშვილი For.ge-სთან საუბარში  აცხადებს, რომ სტუდენტური დასაქმების პროექტის შესახებ ინფორმაციას იმთავითვე მწირად ფლობდა, რადგან საკუთარი საქმით იყო დაკავებული.

„მართალი გითხრათ, არ ვიცი, როგორ წარიმართა ეს პროექტი და ვინ დასაქმდა და ვინ არა. თუმცა, ასეთი ხმები, რომ თვითმმართველობასთან დაახლოებული პირები დასაქმდნენ, ჩემამდეც მოდიოდა. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. თუ ეს მართლაც ასე მოხდა და თვითმმართველობის წევრებს სტუდენტთა სიები წინასწარ ჰქონდათ, ეს წინასაარჩევნოდ სტუდენტთა მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ბუნებრივია, თუ სტუდენტები წინასწარ შედგენილი სიებით დასაქმდნენ, ეს ყოვლად მიუღებელია და ნამდვილად მოსყიდვის ელფერი დაკრავს“, - აცხადებს მაია მიმინოშვილი.