მერეთის ინცინდენტის მონაწილე „ნაციონალებმა“ დანიაში გაასეირნეს

მერეთის ინცინდენტის მონაწილე „ნაციონალებმა“ დანიაში გაასეირნეს

გორის მუნიციპალიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლები უცხოურ ვოიაჟებს განაგრძობენ. ამჯერად  გორის „დილას“ საგულშემატკივროდ 47 კაციანი შემადგენლობით დანიას ეწვივნენ და მერეთის ინცინდენტის მონაწილე ვინმე ალექსანდრე ოდიშვილიც წაიყვანეს, დაუფასეს რა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მომხრეებისადმი გამოვლენილი შეურაცმხყოფელი გამოხტომები და ადგილობრივებთან შეხვედრის ჩაშლა.

თუმცა, მათი ქომაგობა დანიაში ორი ქართველის დაკავებით დასრულდა. ერთი წევრი კი დელეგაციიდან „გაქრა“. ამდენად, დელეგაცია საქართველოში 3 კაცით ნაკლები დაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ორჰუსის პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქართველები ტანსაცმლის მოპარვის ბრალდებით დააკავეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გორის „დილას“ გულშემატკივრების მხრიდან ქურდობის ფაქტს არასერიოზულად მიიჩნევენ. თავად გორის „დილას“ წარმომადგენლები დანიაში ქართველების დაკავების შესახებ გავრცებულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

უკვე ცნობილია, რომ დანიაში დაკავებული ქართველების დეპორტაცია 14 დღეში განხორციელდება.

თავის მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი კახა ტოლიაშვილი, რომელიც დელეგაციის წევრი იყო, აცხადებს, რომ მან დეტალები არ იცის, თუ რატომ დააკლდა დელეგაციას 3 წევრი.

For.ge შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს საბა წიწიკაშვილს ესაუბრა.

- დანიაში ჩასვლამდე ეს დელეგაცია გერმანიაში იმყოფებოდა. შემდეგ ნაწილი იქიდან გადავიდა, ნაწილი კი მოგვიანებით დანიაში შეუერთდა. მას შემდეგ, რაც შსს-მ საკუთარი პატრონაჟობით აიღო საფეხბურთო კლუბი, გორის მუნიციპალიტეტის ქომაგები და გულშემატკივრები ამ გუნდს საკმაოდ ბევრი ჰყავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემიძლია გვარებიც დავასახელო, თუ ვინ იყვნენ დანიაში გორის მუნიციპალიტეტიდან: გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი კახა ტოლიაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე, ალექსანდრე ოდიშვილი, რომელიც მერეთის ინცინდენტის დროს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი გახლდათ და მოგვიანებით დააკავეს. ადმინისტრაციული წესით, მას ათდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. როგორც ჩანს, მოგვიანებით ღვაწლი დაუფასეს და დანიაში გაგზავნეს. ასევე, იყვნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ლევან ისაკაძე, კობა ტლაშაძე. მთლიანობაში, 47 კაციან დელეგაციაში გორის მუნიციპალიტეტიდან საკმაოდ სოლიდური ჯგუფი წავიდა. 

კონკრეტულად ტანსაცმლის მაღაზია გაიქურდა?

- დიახ, ტანსაცმლის მაღაზია გაიქურდა და ნაქურდალ ნივთებში მაისურები და ქამარი აღმოჩნდა. დანიის პოლიციამ იმ მაღაზიაში მყოფი პირები დაკავა. მართალია, ამჟამად  მხოლოდ ორი პირია დაკავებული, მაგრამ თავდაპირველად, მათთან ერთად ვინც იმყოფებოდა, კიდევ რამდენიმე პირი იყო დაკავებული. უბრალოდ, მათ ჩანთაში არ აღმოაჩნდათ ნაქურდალი და ისინი გამოუშვეს, ხოლო ვისზეც დადასტურდა დანაშაული, ის ორი პიროვნება დააკავეს. შემდეგ ეს დელეგაცია წამოვიდა. რა თქმა უნდა, მათ ვერ ჩამოყვა დაკავებული ორი პიროვნება, მესამე პირი კი გადავიდა ჩეხეთში, ანუ დელეგაციიდან გაქრა. ჩეხეთიდან სად წავიდა, აღარ ვიცი. ამ დეტაპზე დელეგაციის წევრებმაც არ იცოდნენ იმ პიროვნების ადგილ-სამყოფელი. მანამდე ყველას ვესაუბრეთ გორში და არავის უარყვია აღნიშნული ფაქტი. აქეთ მეხვეწებოდნენ, იქნებ, შენ რამე გაიგოო. კვირას დავუკავშირდით დანიის პოლიციას. ორშაბათს მათი პასუხი მივიღეთ, გვეკითხებოდნენ, კონკრეტულად რა გვაინტერესებდა. დეტალურად აღუწერეთ კონკრეტული ფაქტი. დღეს ისევ მომივიდა დანიის პოლიციისგან ოფიციალური პასუხი, რომ დაკავებული ჰყავთ 18 და 25 წლის ახალგაზრდები. ამ პიროვნებების იდენტიფიცირება არ მოუხდენიათ, რადგან მათ არ გაამჟღავნეს ვინაობა. თუმცა, სავარაუდო გვარები და სახელები მივწერე, მოიწერეს, ესენი არ არიანო და დამატებითი დეტალებისთვის საელჩოსთან დაკავშირება მთხოვეს, რადგან მათ აცნობეს საელჩოს ამის შესახებ. არსებობს გადაღებული ფოტომასალა, თუ ვინ იყვნენ გულშემატკივრები. ეს ფოტოები ჩვენ მოვიპოვეთ და ცნობილია, ვინ ქომაგობდა გორის „დილას“. იმ 47 კაციანი დელეგაციიდან ფოტოებზე ათი კაცი ჩანს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩანს გუბერნატორის მოადგილე, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი, ჩანან სხვა პირებიც, მათ შორის, პირადად ჩემთვის უცხო ადამიანებიც არიან, სავარაუდოდ, თბილისიდან.

ამ ადამიანების დაკავების შესახებ ინფორმაცია რომელიმე გულშემატკივრისგან გაიგეთ?

- დიახ, კვირას გავიგე, როცა დანარჩენი გულშემატკივრები ჩამოფრინდნენ და მთხოვეს, ეს ინფორმაცია გამერკვია. დილით ვესაუბრე ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც დანიაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი ჩემი წყარო სწორედ ამ დელეგაციის წევრი იყო.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გორისდილასგულშემატკივრების მხრიდან ქურდობის ფაქტს არასერიოზულად მიიჩნევენ. რატომ მალავენ მომხდარს? საბოლოოდ მაინც ხომ გაირკვევა, როცა დაკავებულები დეპორტაციის შემდეგ ჩამოვლენ?

- რატომ მალავენ, არ ვიცი. დანიის პოლიცია ადასტურებს დაკავების ფაქტს. სხვათაშორის, ესენი გულშემატკივრობაში მონაწილეობასაც უარყოფენ. არადა, წყარომ მითხრა, რომ თავად მინისტრი ვარძელაშვილიც იქ იმყოფებოდა და საკმაოდ სერიოზული კამათი ჰქონდათ, მთელი დელეგაცია აღელვებული იყო მომხდარის გამო. ყოველ შემთხვევაში, საბუთების შეცვლასა და უარყოფას არაფერი წინ არ უდგას, მაგრამ დანიის ოფიციალური წერილიდან სულ სხვა რამ იკვეთება. არსებობს დანიის პოლიციის ოფიციალური კომენტარი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ხალხი ფეხბურთისთვის იყო ჩასული. ამდენად, ჩვენები უსირცხვილოდ იტყუებიან.

სხვათაშორის, სერიოზული დელეგაცია ჩავიდა დანიაში. გორის „დილა“ პირველად გავიდა ევროპის ლიგაზე, ასეთი მასშტაბის გამარჯვება, დიდი ხანია, არ მინახავს. ამდენად, გორიდან წასულები იყვნენ მაღალჩინოსნები. ეს დადასტურებით შემიძლია გითხრათ. მათი ფოტოებიც არსებობს.

ის ორი პიროვნება, ვინც იქურდა, გორის მუნიციპალიტეტიდან იყო?

- არა, ესენი მაღალჩინოსნები არ იყვნენ, რადგან მაღალჩინოსნები უკვე გორში არიან და დასტურდება, რომ არ არიან დაკავებულნი. უბრალოდ, ამ დელეგაციის შემადგენლობაში იყო ეს ორი პიროვნება და მათი ქმედების გამო პასუხისმგებლობა ამ მაღალჩინოსნებზეა, რადგან ისინი რეკომენდატორები არიან. შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ამ ფაქტს შეეწირა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი დუჩიძე. იგი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, პასუხისმგებელი იყო ამ პიროვნებების შემადგენლობა-დაკომპლექტებაზე. თუმცა, მხოლოდ დუჩიძემ აგო პასუხი და ჩვენ უკვე ახალი ხელმძღვანელი გვყავს. მას შემდეგ, რაც ახალაია დაინიშნა, დუჩიძე არ იყო შეცვლილი, იგი დატოვეს და ბოლო დრომდე იყო, მაგრამ ამ ფაქტს შეეწირა მისი თანამდებობა. ყოველ შემთხვევაში, დაკავებულები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ. გორიდან ვინც ჩავიდა, ყველა მათგანი მუშაობს და დასაქმებულია.

რაც შეეხება მერეთის ინციდენტის მონაწილეს?

- კადრებში ნათლად ჩანს, თუ იგი როგორ ყვირის და ქომაგობს გორის „დილას“.

დაკავებულთა დეპორტაცია 14 დღეში მოხდება?

- დიახ, 14 დღეში ჩამოვლენ. დაუზუსტებელი ინფორმაციაც მაქვს, რომ ერთ-ერთი დაკავებული გერმანიაში გადაგზავნეს. როგორც ჩანს, გერმანიიდან იყო ჩასული და გერმანიაშივე დააბრუნეს.

გორის მუნიციპალიტეტში რამდენად ხშირია პარტიულადდამსახურებულიადამიანების პატივისცემა?

- ასეთ გაუხმაურებელ მივლინებებში გამგზავრება საკმაოდ ხშირია. ბევრჯერ მინახავს თუნდაც ადმინისტრაციის უფროსი კახა ტოლიაშვილი ჰოლანდიაში, პოლონეთში გამგზავრებული, ძალიან ხშირად დადიან უცხოეთში. ეს არ არის ოფიციალური გაგზავნა, არამედ - მეგობრობის, პატივისცემის ნიშნით მოგზაურობენ. ერთმანეთს პატივს სცემენ და ამით გამოხატავენ, რომ ისინი პრივილეგირებული ადამიანები არიან. თანაც, გაითვალისწინეთ, ეს არაოფიციალური ვიზიტებია და ბოლო პერიოდში უცხოეთში ოფიციალურად წასული არავინ მინახავს. ნებისმიერი საშუალება მიეცემათ თუ არა, იყენებენ ბიუჯეტის ხარჯებს და მიემგზავრებიან უცხოეთში. ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია ამაზე უარყოფითია. ჯერ ერთი, როდესაც შენი ქალაქის გუნდის საგულშემატკივროდ მიდიხარ და ამ დროს ქურდობ, ეს იმ ქალაქის შეურაცხყოფაა, საიდანაც ეს გუნდია გაგზავნილი. ამიტომ, გორელები ხშირად ცინიკურადაც მოიხსენიებენ ამ ადამიანებს.

შესაძლოა, ესენი არც იყვნენ ისეთი გულწრფელი გულშემატკივრები, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი გორელები არიან?!

- გეთანხმებით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ნამდვილი გულშემატკივრები არ არიან. ისინი იმ ხალხის გულშემატკივრები არიან, ვინც პატრონაჟობს გორის „დილას“. ისინი გორის „დილას“ კი არა, შსს-ს „საბალეშჩიკოდ“ წავიდნენ.

მომხდართან დაკავშირებით For.ge პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ასანიძეს დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ, რაც დანიაში მოხდა, საქმის კურსში არ იყო. ამასთან, არც ის იცოდა, ნამდვილად გორის მუნიციპალიტეტის წევრებით იყო თუ არა დაკომპლექტებული გულშემატკივრთა გუნდი. თუმცა გიორგი ასანიძე ბიუჯეტის ფულით ვოიაჟებს, თუკი ასეთი რამ ნამდვილად მოხდა, გაუმართლებლად მიიჩნევს.

„უცხოეთში ქომაგთა გამგზავრება კარგია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საკუთარი ხარჯით მიემგზავრებიან. თუ ბიუჯეტის თანხით გაემგზავრნენ, პირადად მე ამას არ დავეთანხმებოდი,“ - გვითხრა გიორგი ასანიძემ.