მომაკვდავი პატიმრის, ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დაავადებული 35 წლის ზაქარია ქიტიაშვილის სიცოცხლე ახლა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლაზარე ძირკველიშვილის ხელშია. უახლოეს დღეებში სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რის შემდეგაც გაირკვევა ქიტიაშვილს სასჯელი გადაუვადდება, თუ ისევ საპყრობილეში დარჩება.
მსჯავრდებულ ზაქარია ქიტიაშვილის საქმის ირგვლივ არსებული სიახლე for.ge-ს მისი უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ შეატყობინა.
პატიმარ ზაქარია ქიტიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ არაერთი სტატია მოვამზადეთ და გამოვაქვეყნეთ. 35 წლის ზაქარია ქიტიაშვილი ამჟამად ქსნის N19 დაწესებულებაში, ე.წ. ტუბზონაში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მისი უფლებების დამცველი ადვოკატის განმარტებით, პატიმარი ისეა დაუძლურებული, რომ ლოგინიდან წამოდგომა და ტელეფონთან მისვლაც კი არ შეუძლია, რომ ოჯახის წევრებს დაურეკოს და დაელაპარაკოს. ზაქარია ქიტიაშვილს 35-წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და მეხუთე წელია, რაც სასჯელს იხდის.
ქიტიაშვილის საქმის ირგვლივ სტატიების მომზადება და გამოქვეყნება განაპირობა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის დაგვიანებამ. ახლა, როგორც იქნა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნის დაწერა დაასრულა და პატიმრის ადვოკატს გადასცა. ასე რომ, მომაკვდავ პატიმარს ექსპერტიზის დასკვნამ სულზე მიუსწრო. ახლა ჯერი სასამართლოზეა, რომელმაც ამ დასკვნაზე დაყრდნობით უახლოეს დღეებში უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება - სასამართლოს შეუძლია 35 წლის ზაქარია ქიტიაშვილს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, ან სასჯელის გადავადებაზე უარი თქვას და მომაკვდავი პატიმარი საპყრობილეში დატოვოს.
როგორც მამუკა ნოზაძემ გვითხრა, ექსპერტიზის დასკვნა 2012 წლის 13 ივლისს ჩაბარდა - „მაშინ, როცა ექსპერტიზის ბიუროსთან ხელშეკრულება იანვარში გავაფორმეთ. ექსპერტიზა თებერვალში ჩატარდა, მარტში დასრულდა, ამავე თვეში ექსპერტებმა დასკვნას ხელი მოაწერეს, მაგრამ 13 ივლისამდე ცოცხალი თავით არ გადმოგვცეს“.
ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებით გადაცემის მიზეზს ადვოკატი ასე ხსნის:
„ქიტიაშვილს დიაგნოზში ეწერა ავადმყოფობის მძიმე ხარისხი. როცა ამგვარი დიაგნოზი იწერება, სასამართლო ვალდებულია პატიმარს სასჯელი გადაუვადოს. ამიტომ, ექსპერტიზის ბიურო თავს იკავებს ხოლმე ამგვარი დასკვნების გაცემისგან. აქედან ჩანს ის, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დამოუკიდებელი არ არის, ამ ბიუროში უმეტესწილად ხელისუფლებისთვის სასურველი დასკვნები იწერება. ჩემი ვარაუდით, ამ სამი თვის მანძილზე ისინი კალმახელიძის უწყებას ეთათბირებოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ივნისში ექსპერტიზის ბიურომ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მაცნობა, რომ ხელშეკრულების პირობებს ვერ ასრულებდა და ამიტომ, დასკვნას უკან მიბრუნებდა. ამის შესახებ 28 ივნისს მასალა ხომ თქვენს საიტზეც იყო გამოქვეყნებული. რომ არა თქვენი მედიასაშუალებისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ აქტიურობა, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ხელში დღემდე არ მექნებოდა“.
ზაქარია ქიტიაშვილის მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე ადოვკატ მამუკა ნოზაძის შუამდგომლობას განიხილავს გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაზარე ძირკველიშვილი. ადვოკატმა შუამდგომლობა სასამართლოში 16 ივლისს ფოსტით გაგზავნა. მეორე დღეს მოსამართლე ლაზარე ძირკველიშვილის თანაშემწე დაუკავშირდა და გარკვეული დოკუმენტების გადაგზავნა მოსთხოვა. როგორც მამუკა ნოზაძე ამბობს, ყველა საჭირო დოკუმენტი გარდაბნის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნილია. მოსამართლე ლაზარე ძირკველიშვილი პატიმარ ქიტიაშვილის საქმეს ზეპირი მოსმენით განიხილავს.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე და პატიმრის მოხუცი მშობლები, რომლებიც ამავდროულად სოციალურად დაუცველები არიან, დღედღეზე ელოდებიან მოსამართლე ლაზარე ძირკველიშვილის გადაწყვეტილებას.