თეფშებიდან ჩანგლებამდე

თეფშებიდან ჩანგლებამდე

ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშულებების მიმართ ზეწოლა არჩევნების მოახლოების პროპორციულად სულ უფრო იზრდება, სადამდე მივა მთავრობის ფანტაზია, ალბათ გარკვეულწილად თავად მედიასა და ქართულ საზოგადოებაზეც არის დამოკიდებული, მივა იქამდე სადამდეც მივუშვებთ და არა მხოლოდ მედიასთან მიმართებაში.

ამ ეტაპზე საქართველოს მედიასაშუალებებმა ინფორმაციის შეზღუდვის წინააღმდეგ მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ „ტელეკომპანია „მაესტროს“, პროკურატურის შუამდგომლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩამოართვეს მისი კუთვნილი დიდი რაოდენობის სატელიტური ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები, რითაც ის აპირებდა, საკუთარი პროდუქტი - ამ შემთხვევაში ინფორმაცია - მეტი ადამიანისთვის მიეწოდებინა, რაც ყველა მედიასაშუალების ბუნებრივი მიზანია.

ეს ტექნიკა მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, მიეღო სხვა ტელეარხებიც ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მათ შორის, „მაესტროსგან“ დიამეტრულად განსხვავებული პოზიციის მქონე ტელევიზიებიც.

მიგვაჩნია, რომ „მაესტროსთვის“ ტექნიკის უკანონოდ ჩამორთმევამ, ერთის მხრივ, შელახა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და, მეორეს მხრივ, ადამიანის უფლება, მიიღოს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აზრი და ინფორმაცია.

პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რაც შემდეგ სასამართლომ გაიზიარა, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ გაცხადებული დემოკრატიული განვითარების პრინციპებთან და ხელს უშლის მოქალაქეების მიერ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.

ჩვენ ამას აღვიქვამთ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. აღვნიშნავთ იმასაც, რომ სრულიად მიუღებელია მედიის წინააღმდეგ, პოლიტიკური მიზნებით, ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება, როგორიცაა პროკურატურა და სამართლო.

ჩვენ, მედია-საშუალებების წარმომადგენლები მოვითხოვთ დაუყოვლებლივ მოიხსნას ყადაღა „მაესტროს“ კუთვნილ ქონებაზე და დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს“, - ნათქვამია მედიასაშუალებების მიმართვაში. 

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ და რადიო „უცნობის“ ხელმძღვანელმა ბასა ჯანიკაშვილმა აღნიშნული მიმართვა მთავარ პროკურატურაში შეიტანეს.

როგორც ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნია, რომ „მაესტროს“ ქონება უკანონოდ ჩამოართვეს და მის დაბრუნებას ითხოვენ, ასევე გააგრძელებენ პროტესტს და აქტივობას სამართლიანობის აღსადგენად.

სად გაქრა ის დემოკრატია, რომელზედაც 8 წელია, ლაპარაკობს სააკაშვილის ხელისუფლება?! და თუ არ გამქრალა, რა არის ის, რაც მმართველი ძალისთვის დემოკრატიაა, ხოლო დანარჩენი საქართველოსთვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, ადამიანის უზენაესი ღირებულებების შელახვა.

„სამწუხაროდ, არაერეთხელ ყოფილა აღნიშნული საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ქვეყნების ორგანიზაციების მხრიდან, რომ საქართველოში დემოკრატია მთელი სისრულით არ არის მოცემული, ეს ნახევრად დემოკრატიული ქვეყანაა, ამ ტიპის ელემენტებიდან გამომდინარე ითქმის - მედია არ რის თავისიფალი, სასამართლო არ არის თავისუფალი და ბიზნესი არ არის თავისუფალი, პატიმრების რიცხვითაც ჩემპიონები ვართ ევროპაში და მე მგონი, მსოფლიოშიც საპატიო ადგილზე გავდივართ, რა შეიძლება, ამაზე ითქვას, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია“ – აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

რამდენად – ძნელი სათქმელია, მაგრამ მაინც რომ აღელვებს ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების შეფასება, ეს – ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც შეეცდებოდა, დემოკრატიის ფასადის შესაქმნელად ძალა, დრო, ფული და ენერგია დაეხარჯა.

როგორც ექსპერტი კახა კახიშვილი ამბობს, ერთის მხრივ გვაქვს ვირტუალური დემოკრატია – უცხოელები რომ ჩამოდიან, თითქოს ხედავენ, რომ დაცულია დემოკრატიული ღირებულებები, მაგრამ მეორე მხრივ, 2004 წლიდან, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში, პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ ტელეკომპანია „იბერია“ დახურა, პარალელურად კი ხდებოდა წილების გადაფორმება „რუსთავი-2“-ში.

„მერე „იმედის“ ამბებიც გვახსოვს, 2007 წელს. კანონმდებლობით შემოიღეს ისეთი რეგულაციები, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია სიხშირის მოპოვება. ტელევიზია არის ბიზნესი, ვინმეს ფულიც რომ ჰქონდეს და ამ ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტოს, უბრალოდ, სიხშირეს არ მისცემენ – ამბობენ, არ გვაქვსო.

მეორე ბერკეტი ის არის, რომ საკაბელო მაუწყებლით დაიწყო ტრანსლირება, მაგრამ როგორც წესი, საკაბელო მაუწყებლებს, ყველას ერთი გემოვნება აქვს და როგორც ჩანს მათ გემოვნებაში არ ჩაჯდა მხოლოდ სამი არხი, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“, რაც საფუძვლიან ეჭვებს ბადებს, რომ მათ ეს გემოვნება ხელისუფლების ჩარევის გარეშე არ ჩამოუყალიბდათ“.

ოც წელზე მეტია, საქართველო ანალოგიური პრობლემების წინაშეა, გამუდმებით დემოკრატიის დეფიციტზე ისმის ლაპარაკი, თუმცა მედიის მიმართ ასეთი წნეხი კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ ქართულ საზოგადოებას ნაკლებად ახსოვს.

დასავლეთი მიგვანიშნებს, თუმცა შენიშვნების პარალელურად არსებული ხელისუფლების მიმართ ლოიალურია, ამიტომ მაინც ჩნდება ეჭვი, რამდენად მნიშვნელოვანია, რა შეფასებას მისცემს დასავლეთი მედიის მდგომარეობას.

რამაზ საყვარელიძე: „დასავლეთი შეფასებებს აკეთებს, მაგრამ ის ყოველთვის თანამშრომლობს და კეთილგანწყობას ავლენს იმ ხელისუფლებასთან, რომელიც არის ქვეყანაში. კეთილგანწყობის გამოხატულებას არ იშურებდა შევარდნაძის ხელისუფლებისთვის, მაგრამ ვარდების რევოლუციის მერე თქვა, რომ დემოკრატიისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგაო. ჰქონდა კრიტიკული შენიშვნები, განსაკუთრებით კორუფციასთან დაკავშირებით, მაგრამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის საფუძველს არასოდეს არ იფუჭებს. არ უნდა ველოდოთ, რომ ის მასწავლებლისა და ჭკუის დამრიგებლის როლში გამოვა, კორექტულად რაღაც შენიშვნებს გააკეთებს, მაგრამ დანარჩენი გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს“.

ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთის მიერ გამოთქმულ მკაცრ ტონსა და შენიშვნებს საკმაოდ დიდი ხანი ველოდეთ, ზოგჯერ მკაცრი ტონიც ყოფილა, მაგრამ, როგორც ჩანს ქართულმა საზოგადოებამ ის დრო და მომენტი ბევრჯერ გაუშვა ხელიდან, ან ვერ გააცნობიერა, რომ ის, რასაც ღირებულებები ჰქვია მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით უნდა მოიპოვო. ამასობაში კი, ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რისი უფლებაც სხვადასხვა მიზეზების გამო საზოგადოებამ მისცა.

კახა კახიშვილი: „საბოლოოდ ვნახეთ, რომ თეფშების მიმართაც აგრესია ჩამოუყალიბდათ, თითქოსდა სისხლის სამართლის ჭრილში გადაჰყავთ, თითქოს არ ჩანს, რომ მედიაას ებრძვიან. გვახსოვს შს მინისტრის მოდგილის კომენტარიც, როდესაც განაცხადა, რომ თეფშების დაყადაღება არ ნიშნავს მაუწყებლობასთან ბრძოლას.

სხვათა შორის, თეფშებთან ბრძოლა დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ერთპიროვნული მმართველობისკენ იხრებიან. იგივე აზერბაიჯანსა და თურქმენეთში განაცხადეს კავშირგაბმულობის მინისტრებმა, რომ როგორც კი გადავლენ ციფრულ მაუწყებლობაზე, იმ ხალხსაც, ვისაც თეფშები უკვე უყენია, ჩამოუხსნიან, რადგან ციფრული მაუწყებლობის ფარგლებში ექნებათ 10 არხი და ეს სრულიად საკმარისია, ხოლო ანტენები ფასადს ამახინჯებს.

იგივე მიდგომებია ირანში, სადაც პირველად 16 წელის წინ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტმა, თეფშების აკრძალვასთან დაკავშირებით, მაგრამ ხალხი მაინც ახერხებდა მის შენიღბვას. როგორც კი დაიწყო მღელვარება არჩევნების შემდეგ, პოლიცია სახლებში შედიოდა, და პირველი, რასაც აკეთებდა, თეფშების კონფისკაცია იყო“.

როგორც კახიშვილი ამბობს, ეს არის მედიასთან ბრძოლა და სხვა არაფერი: „ამის გარდა, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება სიტყვის თავისუფლებისა, მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ თითქოსდა სამართლებრივი საფუძვლების გამოყენებით ებრძვიან მას, თუმცა შორს არის სამართლებრივი პრინციპებისგან ის, რაც ხდება დაყადაღების სფეროში. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს ყადაღის გამოყენების წესებსა და დროს.

უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ბრალდებულის სახით ვიღაც დაპატიმრებული უნდა იყოს. მხოლოდ მას შემდეგ ხდება მისი ქონების დაყადაღება. ფაქტობრივად კი, არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ ყადაღა დაედო „მაესტროს“ თეფშებსაც კი.

ერთადერთი არგუმენტი აქვთ, რომ ამ თეფშებს გლობალის სტიკერი ჰქონდა მიკრული, „მაესტროს“ საკუთარი თანხით „გლობალ ტვ-სგანაც“ რომ ეყიდა თეფშები, რა პრობლემა იყო, თუ „მაესტრო“ მასთან არ არის დაკავშირებული პოლიტიკური ნიშნით?

იმასაც ვერ ასაბუთებენ, რომ პოლიტიკურად არის დაკავშირებული, მაგრამ მეორეს მხრივ, ვხედავთ თეფშების დაყადაღებას - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების სრულ დარღვევას“.

ერთადერთი, რაც ხელისუფლებას ადარდებს, მის მიმართ კრიტიკული აზრის შეზღუდვაა, ამისათვის კი საკუთარ თარგზე მოჭრილ კანონსაც კი დაუფიქრებლად არღვევს.

კახა კახიშვილი: „ეს ყველაფერი უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ მაუწყებლობა არ გავრცელდეს მთელ საქართველოში, რადგან ის ბერკეტი, რომელიც თვითონვე გამოიყენეს ხელისუფლებაში მოსასვლელად ჩაჭრან, რომ სხვას რ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში.

თბილისი მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, ხოლო რეგიონებში ვიცით, რაც ხდება – ეს სამი არხი სულ სხვანაირად აწვდის ინფორმაციას და მაყურებელს არ აქვს საშუალება, თვითონვე აბალანსებდეს მოსმენილ და მიღებულ ინფორმაციას.

სხვათა შორის, როგორც კი ეგვიპტეში დაიწყო მღელვარება, ერიტრეაში (ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანა) მაშინვე დაიწყეს თეფშების აკრძალვა. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთს ემსახურება – თავისუფალი სიტყვა არ გავრცელდეს.

გვეუბნებიან, რომ „მასთ ქერი“ მიიღეს, მეორე მხრივ კი უკვე ალოგიკურია ამაზე ლაპარაკი. როგორც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, ეს უნდა ყოფილიყო მუდმივი და ამიტომაც ჰქვია „მასთ ქერი“. საინტერესოა, რით ასაბუთებენ, რატომ უნდა იყოს მხოლოდ კენჭისყრამდე ეს მაუწყებლობა? მოსახლეობის ინტერესის საგანს წარმოადგენს როგორც კენჭისყრის, ასევე მისი შემდგომი პროცედურები. არეჩევნები მთელი ეტაპია, რომელიც არჩევნების შედეგების შეჯამებით სრულდება.

ისიც ჩაიდო, რომ არ უნდა იყოს დისკრიმინაციული „მასთ ქერის პრინციპის“ გამოყენება, რადგან ეჭვი გვქონდა, რომ შესაძლო იყო ამ პერიოდშიც კი სხვადასხვა ხარისხით მიეწოდოს მაყურებელს ეს სამი არხი და ამან ფაქტობრივად, არაყურებადი გახადოს.

კანონში კი ჩაიწერა, რომ დისკრიმინაციას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მეორეს მხრივ, მარეგულირებელი კომისია არ გვესაუბრება იმ სანქციებზე, რომელიც გამოიყენება იმ ტრანზიტული მაუწყებლობის დროს, რომელიც შეგნებულად გააფუჭებდა ხარისხს.

ასეთი პრეცენდენტები გვაქვს, როდესაც ერთი და იგივე შენობიდან ხდება ტრანსლირება საზოგადოებრივი არხისაც და მეორე არხისაც, მაგრამ მეორე არხი თბილისშიც კი ცუდად უჩვენებს და რეგიონებში – მითუმეტეს. თუმცა, ამაზე არავინ ლაპარაკობს.

რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრისას ითქვა, რომ როდესაც „მაესტროზე“ ან „კავკასიაზე“ სერიოზული დებატებია, ხმა წყდება ან ხარისხი იმდენად ფუჭდება, რომ იძულებული ხარ, გადართო. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ნაკლები ინფორმაცია ჰქონდეს მაყურებელს.

გაზეთებსაც, ერთის მხრივ, აძლევენ საშუალებას, რომ ნებისმიერი ცენზურის გარეშე ნებისმიერი სტატიის გამოქვეყნებნა მოხდეს, მაგრამ ის ჯიხურები, რომელიც პრესას ავრცელებდა, უაზრო მოზეზებით დახურეს. შემდგომში უკვე რთული გახდა პრესის შეძენა, თანაც გაძვირდა, რეგიონებში მოსახლეობას საშუალება არ აქვს, რომ ერთ გაზეთში ამხელა ფული გადაიხადოს. ერთობლივად მთელი კამპანიაა, რომ როგორმე მოხდეს ინფორმირებული ხალხის რაოდენობრივად შეზღუდვა“.

მედიისთვის კიდევ ერთი ახალი წესი დადგინდა და შესაძლოა, მედიის წარმომადგენლებს მინისტრების კომენტარების ჩაწერის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის პრესსამსახურში განუმარტეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა წესით მოუწევთ ჟურნალისტებს მუშაობა. აქამდე ჟურნალისტები მთავრობის სხდომის დაწყებიდან დასრულებამდე მე-12 სართულზე იმყოფებოდნენ, სადაც უშუალოდ სხდომა მიმდინარეობდა. სხდომის შემდეგ კი, ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრებისგან კითხვებზე პასუხები მიეღოთ. 

აღარ სურთ მინისტრებს ჟურნალისტების მეშვეობით საკუთარ ხალხთან საუბარი თუ ხელისუფლება იმ სერიოზული საფრთხის წინაშეა, როდესაც მინისტრს რაღაც შეიძლება წამოსცდეს, ან ისე ვერ თქვას, როგორც საჭიროა? მინისტრებთან გასაუბრების ეს ფორმა მოსაწონი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა სულ არაფერს, ალბათ, სჯობდა.

როგორც კახა კახიშვილი ვარაუდობს, შესაძლოა, თავიანთთვის სასარგებლოდ მოხდეს ინფორმაციის მიწოდება, ჟურნალისტებს ჰქონდათ საშუალება მთავრობის სხდომიდან გამოსული მინისტრის ჩაწერისა, მინისტრი ზოგჯერ არ იყო მზად და ეპარებოდათ ისეთი კომენტარები, რაც მათი აზრით არ უნდა გაპარვოდათ, კახიშვილი ფიქრობს, რომ ახლა ორგანიზებულად მოხდება ეს ყველაფერი, პრესცენტრის მეშვეობით იქნება ურთიერთობა და ერთნაირი ტექსტებით გამოვლენ.

„გახსოვთ, ალბათ, შევარდნაძის სხდომები პირდაპირ ეთერში იყო ტრანსლირებული და ეს იყო დღევანდელი ხელისუფლების მოთხოვნა. ამას ჯერ იუსტიციის მინისტრის რანგში ხოლო შემდეგ ოპოზიციაში გადასული სააკაშვილი ითხოვდა და როგორც კი თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე აკრძალეს.

ნებისმიერი სახელისუფლებო შეხვედრები ტელევიზიის მიერ კადრების აკრეფით შემოიფარგლება, ან საერთოდ კრძალავენ და დახურულად აცხადებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში გვამყოფებენ, ხოლო რა ინფორმაციაც სურთ, რომ გავრცელდეს, მათთვის სასურველი ფორმით აწვდიან, თანაც ისე, რომ ალტერნატიული ინფორმაციის მოპოვების საშუალებას არ გაძლევენ.

ირანსა და ბელორუსიაში სოციალურ ქსელებს თიშავენ ხოლმე და თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ, შესაძლოა დიდი საპროტესტო აქციის დროს ინტერნეტი და „ფეისბუქიც“ კი გაგვითიშონ“, - აცხადებს კახიშვილი.

რამაზ საყვარელიძე: „ასეთი პრაქტიკა, რომ დერეფანში ინტერვიუ აიღო, იშვიათად შემხვედრია უცხოეთის ქვეყნებშიც. საქართველოში ამას მოუწესრიგებელი ფორმები აქვს, მაგრამ მინისტრებმა ეს შეიძლება გამოიყენონ იმისათვის, რომ საერთოდ არ გასცენ კითხვებზე პასუხი. ვიცით, რომ ქართველ ჟურნალისტებს ისედაც ხალისიანად არ აძლევენ ინტერვიუს და რუსებთან უფრო ენაწყლიანები არიან.

მთავრობას ხალხთან საუბარი რომ არ სურდეს, ეს გასაკვირი არ არის, როდესაც ბევრი არაფერი აქვს სათქმელი, არ სურს ხოლმე საუბარი მთავრობას, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ საუბარსაც თავისი ფორმა და წესი აქვს. საფრთხე ის არის რომ ამ წესის შეცვლით ყველანაირ ინტერვიუს გაექცევიან, მაგრამ თავისთავად, დერეფანში აღებული ინტერვიუც არასერიოზულ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს, ესეც ფაქტია“.

შესაძლოა, მცირე დეტალია და ისიც ნაკლებად საინტერესოა, რას ამბობენ მინისტრები, მაგრამ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გართულდეს ინფორმაციის მოპოვება. რაშია გამოსავალი, ყველასათვის ნათელია, თუმცა ხელისუფლებას მსგავსი ქმედებებისთვის თავი რომ აერიდებინა, შესაძლოა, ძალაუფლებას ასე გამწარებული არ ჩაბღაუჭებოდა და ფორმალურად თუ არაფორმალურად, ბევრად მარტივად გადაებარებინა ქვეყნის მართვის სადავეები სხვა პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც შემდეგ ისევ არჩევნებით დაიბრუნებდა.

კახა კახიშვილი: „პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების აქტიურიობა თუ არ იქნება, უცხოელები ამაში ნაკლებად ჩაერევიან, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საელჩომ ხელისუფლებას მიმართა, ეგებ „მასთ ქერის“ პრინციპი როგორც მინიმუმ მთელი საარჩევნო პერიოდის მანძილზე გავრცელდესო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ გადაწყვეტილებას.

ამიტომ, ერთია როდესაც ინფორმაციის გავრცელების საშუალებას არ აძლევენ ტელევიზიებს, ამით კონსტიტუციის ერთ მუხლს არღვევენ. მეორე მხრივ, როდესაც ხალხს არ აძლევენ ამ ინფორმაციის მიღების საშუალებას, ამით კონსტიტუციის მეორე მუხლს არღვევენ.

ვიცი, რომ ჟურნალისტებმა დაიწყეს აქტიურობა, შევუერთდებით არასამთავრობოებიც, როდესაც ყველა ერთად გავაპროტესტებთ და მოვითხოვთ, იმის უფლებას რაც გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერი კონვენციით, რომელიც ამ სფეროს არეგულირებს ევროპაში, საითაც ჩვენ მივისწრაფით, შედეგიც იქნება.

თუ ამასაც ისე მივატოვებთ, თითქოს არაფერი არ ხდება, კვლავ ასე გაგრძელდება. 2004 წლიდან, როდესაც ერთი ტელევიზია დაიხურა და ხმა არ ამოვიღეთ, ამას ძალიან ბევრი ტელევიზიის დახურვა მოჰყვა“.

რამაზ საყვარელიძე: „მთლიანობაში უნდა შეიცვალოს ქვეყანაში სიტუაცია, მხოლოდ მედია ხომ არ არის ამ მდგომარეობაში იგივე ითქმის სხვა სფეროებზეც. მხოლოდ მედიის სეგმენტი რომ იყოს ასეთი წნეხის ქვეშ, კიდევ შეიძლებოდა გამოსავალზე ფიქრი, მაგრამ ასეთივე წნეხის ქვეშაა ბიზნესი, იუსტიციის სისტემა და ა.შ.

ეს წნეხი და ზეწოლა უნდა მოიხსნას აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ და მაშინ გათავისუფლდება მედიაც. მხოლოდ მედიის გათავისუფლება რთული რამ არის, რადგან ასეთი მედია ცუდ პოლიტიკოსს სჭირდება იმისათვის, რომ მისი სიცრუე დაიფაროს და არ გაცხადდეს. ამიტომ უნდა შეიქმნას ჯერ ისეთი სტრუქტურები, რომლებსაც არ ექნებათ შიში, რომ მათი ნამოქმედარი გამომზეურდება“.