სტიქია სარეზერვო ფონდებსაც დაატყდა თავს

სტიქია სარეზერვო ფონდებსაც დაატყდა თავს

სტიქიამ კიდევ ერთი მარადიული პრობლემა ამოატივტივა - სარეზერვო ფონდები. მთავრობისა და პრეზიდენტის ფონდებში არსებული განუკითხაობა, ძირითადად, წლის ბოლოს ხდება ხოლმე განსჯის საგანი, მაგრამ კახეთის სტიქიამ პროცესი დააჩქარა.

დეპუტატ გია ცაგარეიშვილის განცხადებით, პარლამენტში შესული ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პირველ სამ თვეში 38 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 4 თვეში კი - 2 მილიონ 131 ათასი ლარი. თუმცა რაში დაიხარჯა თანხები, ცაგარეიშვილის განცხადებით, ამ ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია.

მისი თქმით, „საქართველოს რეგიონების განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დახარჯული თანხის ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. კერძოდ, ფონდიდან მთავრობის კანცელარიას ამ გრიფით 1 მილიონი ლარი გამოეყო. ამასთან, ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ამავე ფონდიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რამდენიმე ტრანში საერთო ჯამში 4 მილიონი ლარი გამოეყო, საიდანაც ერთ-ერთი ტრანში სოფელ განმუხურში წყლის პარკისა და ატრაქციონის მოწყობაზე დაიხარჯება.

„სააკაშვილმა ერთხელ განაცხადა, რომ სვანეთიდან ჩამოსრიალდება და პირდაპირ ზღვაში ჩახტება და ეტყობა ამისთვის სჭირდება წყლის პარკი, რომ პირდაპირ ტალღებში გადაეშვას“, - დასძინა ცაგარეიშვილმა, რომლის ინფორმაციითვე, ამ ფონდიდან თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილ 5 მილიონ ლარს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

ამას გარდა, გიორგი ცაგარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში შადრევანისთვის გამოყოფილ 75 ათას ლარზე და სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ პრეზიდენტის რეკლამისთვის დახარჯულ 76 ათას ლარზე.

სარეზერვო ფონდების შესახებ ინფომარციას ითხოვს „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურიაც. მან ეს საკითხი დღეს, პარლამენეტის რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე დააყენა.

„გაუგებარია რატომ გვჭირდება ბიუჯეტში ცვლილებები, როცა ასეთი შემთხვევისთვის არსებობს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები, რომლის მოცულობაც 50-50 მილიონს შეადგენეს. თუ ფონდებში ეს თანხები უკვე აღარ არის, მაშინ მთავრობამ პლენარულ სხდომაზე მოგვახსენოს რაში გახარჯეს“, -  აღნიშნა ბაღათურიამ.

მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და დეპუტატს მოუწოდა, ფრაქციაში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე მოიწვიონ და აღნიშნული კითხვები მას დაუსვან. დავით ბაქრაძის განმარტებით, ბიურო არ არის ის ადგილი სადაც საკითხის განხილვა ხდება.

დეპუტატების მორიგი აქტიურობა სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით სტიქიის ზარალის სალიკვიდაციო თანხებს და ბიუჯეტში ცვლილებებს უკავშირდება, რომლის პროექტიც პარლამენტში უკვე შევიდა.

პროექტის თანახმად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება 1,350.0 ათასი ლარიდან 1.280.0 ათას ლარამდე მცირდება, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება - 115,759.0 ათასი ლარიდან 110,759.0 ათას ლარამდე.  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტოს - 125, 100.0 ათასი ლარიდან 124, 900.0 ათას ლარამდე შეუმცირებენ ბიუჯეტს. მხოლოდ 50 ათასი ლარი მოაკლდება შინაგან საქმეთა სამინისტოს ბიუჯეტს და 585,200.0 ლარიდან 585.050.0 ლარამდე შემცირდება.

იმავდროულად იზრდება შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 6 მილიონი ლარით, რაც სამუშაოს მაძიებელთა აღწერას უნდა მოხმარდეს. რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსება კი 348, 106.4 ათასი ლარიდან 354, 106.4 ათას ლარამდე იზრდება. ასევე, იქმნება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ცალკე მუხლი, სადაც თავს მოიყრის 50 მილიონი ლარი.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საბიუჯეტო პროექტს დღეს კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომაზე, 25 ივლისს კი რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

რაც შეეხება ფონდს, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, 50 მილიონი გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას მოხმარდება. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა კი განმარტა, რომ სპეციალურ ფონდში, აკუმულირებული თანხა დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას, პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურების გამო კომპენსაციის გაცემას მოხმარდება.

მისი თქმით, ეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მოკლევადიანი გეგმა იქნება. გრძელვადიანი გეგმა კი კახეთის განვითარების პროგრამის გამსხვილებასა და მისი დაფინანსების 110 მილიონ ლარამდე გაზრდას გულისხმობს. ეს თანხა ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურიზმის ხელშეწყობას, დასაქმებას მოხმარდება. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და მოსახლეობის კომპენსირებისათვის დაახლოებით 162 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ზარალის ოდენობასთან, საბიუჯეტო ცვლილებებთან და სხვა ახლომდებარე საკითხებთან დაკავშირებით კითხვები ხელისუფლების ყველაზე მძლავრ მოწინააღმდეგეთა ბანაკში - „ქართულ ოცნებაში“ გაჩნდა.

„ზარალის ზუსტი შეფასება ცნობილი არ არის. თუ 50 მილიონ ლარადაა შეფასებული ზარალი, რამდენს გამოყოფს მთავრობა ამ ზიანის კომპენსირებისთვის. თუ გამოყოფენ 50 მილიონს, როგორია ზარალის რეალური ღირებულება, რადგან ჩვენ სხვადასხვა ციფრები მოვისმინეთ 15 მილიონიდან 150 მილიონამდე. ერთი რამ ცხადია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ზარალი სათანადოდ უნდა იქნას კომპენსირებული.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის შემოსავალი, რასაც გლეხი იღებს მოსავლის მოწევით, ხშირად იმისთვისაც კი არ არის საკმარისი, რომ თავი მომავალ მოსავლამდე გაატანოს, ისინი თავს სიღარიბის დონეზე ინარჩუნებენ ხოლმე. როდესაც ზარალის კომპენსირება ხდება და ეს არის მცირე ნაწილი, ამ შემთხვევაში, ადამიანებს ჩვენ საშიმშილოდ ვწირავთ. რიცხვები კარგად უნდა იქნას გათვლილი და ყველაფერ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამის დასაფარავად ყველა რესურსი მოიძებნოს“, - აცხადებს დაპუტატობის კადიდატი „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ ხმალაძე.

კოალიციის წევრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული 20-25 მილიონი ლარი ბიუჯეტისთვის დაუგეგმავი შემოსავალია და ხელისუფლებამ ყველა ამბიცია და შურისძიება უნდა გადადოს, რადგან ადამიანებს შველა სჭირდებათ.