ქსნის ტუბზონიდან ეგრეთ წოდებულ რეზბალნიცაში გადაყვანილი პატიმრების მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პრესა.გე-ს მოაწოდა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, რომელიც ამავდროულად არის ა/ო “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი. მან ჩვენთან საუბრისას დააკონკრეტა იმ პატიმრების ოჯახების წევრების ვინაობა, ვინც დახმარებისთვის მიმართა, მათ არასამთავრობო ორგანიზაციას. პატიმრები მათი ოჯახების წევრების აქტიურობის გამო, რომ არ დაისაჯნონ, გვარებს არ ვასახელებთ.
ქსნის ტუბზონიდან “რეზბალნიცაში“ გადაყვანილ ექვს პატიმარს: კოტე სალემიანს, რეზო ხარძიანს, ზაზა შიუკაშვილს, ლერი გირგვლიანს, გიგა ლომთათიძეს და ბადრი პატარაიას (რომლებსაც სხეულზე დაზიანებები აქვთ მიყენებული), 8 ნოემბრამდე უკან თუ არ დააბრუნებენ, ისინი მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ - შიმშილობას დაიწყებენ...
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ექვსიდან ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი, ა/ო “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელთან, ნანა კაკაბაძესთან შეხვედრის შემდეგ პრესა.გე-ში მოვიდა. იგი ტიროდა და დახმარებას გვთხოვდა. როცა დეტალურად შევიტყვეთ კონკრეტული პატიმრის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, რაც არა მხოლოდ ტუბერკულიოზით დაავადებაში გამოიხატება (!), პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ინტერვიუს გამოქვეყნებით პატიმარი უარეს მდგომარეობაში შეიძლებოდა ჩაეგდოთ და რადგან ხმაურის გარდა კიდევ არსებობდა დაავადებული პატიმრის გადარჩენის ალტერნატიული გზა, ინტერვიუს გამოქვეყნებისგან თავი შევიკავეთ.
გელა ნიკოლაიშვილი: “ჩვენთან მოსული იყო ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი. იგი ტიროდა. მან თქვა, რომ მისი პატიმარი ქსნის ზონიდან სხვებთან ერთად გადაიყვანეს ე.წ. რეზბალნიცაში და რომ მას დაზიანებები ჰქონდა. ამბობდა რომ ნაცემია, რის შესახებაც, მას სხვა პატიმრის ოჯახის წევრმა ტელეფონით შეატყობინა. იმ დღეს ამ ადამიანს ვერაფრით დავეხმარებოდით, რადგან პატიმრის მოსანახულებლად საპყრობილეში შესვლა, დიდი რიგების გამო, პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ. სახალხო დამცველს დავუკავშირდით. მან საქმის ვითარება იცოდა, რადგან წინა დღეს სახალხო დამცველის ოფისში პატიმრის ოჯახის წევრს განცხადება შეუტანია.
მეორე დილას ეს ადამიანი ჩვენთან კიდევ ორი პატიმრის ოჯახის წევრებთან ერთად მოვიდა. მათაც იგივე ისტორია გვიამბეს. ტიროდნენ, გვითხრეს, რომ ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. გვთხოვეს, ეგებ რაიმენაირად შეხვიდეთ და გაარკვიოთ, რა მდგომარეობაში არიან პატიმრებიო. მოგეხსენებათ, მერვე საპყრობილეში და იქვე არსებულ “რეზბალნიცაში“ შესვლა რა გაწამაწიასთან და ჯოჯოხეთთან არის დაკავშირებული - ხალხი რიგს დილის რვაზე იკავებს და საღამოს ძლივს ახერხებს შესვლას. მე მათ ვუთხარი, ორდერს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გამოვწერ და შევალ, ოღონდ თქვენ რიგი დამიკავეთ და როცა რიგი მომიწევს, დამირეკეთ-მეთქი. დილა იყო რომ წავიდნენ და საღამოსთვის რიგმა მომიწია.
აღმოჩნდა ისე, რომ ჩემი შესვლა იმ ექვსი პატიმრიდან ორი მათაგანის ადვოკატის შესვლას დაემთხვა. ჩვენთან შესახვედრად ამოყვანილ სამივე პატიმარს ჰქონდა დაზიანებები და როგორც თავად თქვეს, ქსნის ტუბზონიდან გადმოყვანილი დანარჩენი სამი პატიმარიც იგივე მდგომარეობაში იყო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შემდეგი სახის თვითდაზიანებები ჰქონდა: მარცხენა ხელზე 5-6 ჭრილობა, მუცელზე და ყელზე რამდენიმე ჭრილობა”.
პატიმრებმა ადვოკატებთან საუბრისას განმარტეს, რომ აქვთ ტუბერკულიოზის მულტი-რეზისტენტული ფორმა, აქტიური ფაზა; ანუ ქრონიკული ტუბერკულიოზი, რაც ნიშნავს, რომ ეს დაავადება შეიძლება გადაედოთ იმათ, ვისთან ერთადაც საკანში არიან.
”ჩვენთან შესახვედრად როცა ამოიყვანეს, პირბადე ჰქონდათ გაკეთებული, მაგრამ ეს რამდენად არის დამცავი სხვებისთვის, სხვა საკითხია. ქსანში ყველა მათგანი მკურნალობდა. მათთვის აუცილებელია მთელი დღის განმავლობაში ჰაერზე ყოფნა, მედიკამენტების, რძის ნაწარმის (ხაჭოს, მაწონის, არაჟანის, კარაქის, როგორც წამლების) მიღება. ქსნის ტუბზონიდან გადმოყვანის შემდეგ მათ რძის ნაწარმს აღარ აძლევენ, დღის განმავლობაში ჰაერზე ვეღარ არიან, მხოლოდ მედიკამენტებს იღებენ. ისინი ამბობენ, წამლების ზემოქმედება დახურულ სივრცეში ფსიქიკაზე ზემოქმედებას იწვევსო. მათი განმარტებით, თვითდაზიანებები სწორედ ამის გამო მიიყენეს”, - ამბობს გელა ნოკალიაშვილი.
მისივე განმარტებით, პატიმრების ერთადერთი მოთხოვნაა ქსნის ტუბზონაში დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 8 ნოემბრიდან შიმშილობის დაწყება აქვთ დაგეგმილი. ”რაც ფაქტიურად თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან ასეთი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ორ-სამ დღეზე მეტი ხნის შიმშილობა უკვე სიკვდილს ნიშნავს. ისინი ამბობენ, ჩვენთვის ასეთ დახურულ სივრცეში და პირობებში ყოფნა, სადაც, არც ამანათი შემოდის, არც რძის ნაწარმი და არც ჰაერია, ფაქტიურად, სიკვდილს ნიშნავს და ნელ სიკვდილს გვირჩევნია ეს პროცესი დავაჩქაროთო”, - ასე გადმოგვცა გელა ნიკოლაიშვილმა ავადმყოფი პატიმრების პოზიცია, რომლებსაც ციხის უფროსის სახელზე განცხადებები აქვთ დაწერილი - ორშაბათამდე თუ არ გადაგვიყვანთ, შიმშილობას ვიწყებთო.