„ასობით ობიექტი გვაქვს გაკეთებული და მსგავსი უსაფუძვლო შეურაცხყოფა არავის მოუყენებია,“ - აცხადებს ასოციაცია „ატუ“-ს გენერალური დირექტორი კარლო ლეკვეიშვილი კულტურის მინისტრ ნიკა რურუას განცხადების საპასუხოდ, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტებული ყველა ობიექტი თავიდან სარემონტოა.
როგორც კარლო ლეკვეიშვილმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, თუ ვინმეს პრეტენზია ჰქონდა, ამის შესახებ მაშინვე უნდა ეთქვა, როცა სამუშაოები სრულდებოდა.
რუსთაველის, მარჯანიშვილის, დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრები, ეროვნული ბიბლიოთეკა, თსუ-ს პირველი კორპუსი, ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი, კახიძის მუსიკალური ცენტრი, სტადიონები, დელფინარიუმი, ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ (ეს უკანასკნელი 60 მილიონი დაჯდა თავის ატრაქციონებიანად) და კიდევ უამრავი შენობა-ნაგებობა ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითაა აღდგენილი, რესტავრირებული ან ხელახლა აშენებული. თუმცა ხელისუფლების მიერ ამ პომპეზურად გახსნილ შენობებს „ხარვეზები“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ „აღმოუჩინეს“.
ნიკა რურუას განცხადების შემდეგ ოპერის თეატრის სარემონტო სამუშაოებს გააგრძელებთ?
- სამუშაოები არც ერთი წუთით არ შეგვიჩერებია, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. რა თქმა უნდა, ორგანიზაცია „ელიტა ბურჯისა“ და შპს. „ბურჯის“ დაყადაღება შემდგომში შეაფერხებს ჩვენს მუშაობას, რადგან თავად „ელიტა-ბურჯი“ ძალიან დიდი ორგანიზაციაა და ძალიან ბევრ სამუშაოს გვისრულებს. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, დაახლოებით ამის 25-30%-ს გვიკეთებს „ელიტა ბურჯი“. ძირითადად ისინი ასრულებენ სპეცსამუშაოებს, არასტანდარტულ მოწყობილობებს ამზადებენ, ლითონის, ხის კონსტრუქციებს, დარაბების, ფანჯრების დამზადება სწორედ აქ ხდება. სპილენძის სახურავები, რომელიც ოპერის თეატრში ახლახანს გაკეთდა და მთლიანად გამოიცვალა, ესეც მათი დამზადებულია. რაც შეეხება დარბაზსა და ფოიეებში არსებულ ისტორიულ ჭაღებსა და ბრებს, სწორედ „ელიტა ბურჯის“ წარმოებაში იყო ჩატანილი და სწორედ ისინი ახდენდნენ მათ რესტავრაციას. ამ ობიექტის გარდა, ზემოხსენებული ორგანიზაციები სხვა ობიექტებზეც მუშაობენ. ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს, მათ შორის, სტადიონები, რაგბის სტადიონები. ამჟამად ვმუშაობთ დიდ დიღომში, რუსთავში, მარტყოფში, ასპინძაში, ქუთაისში, ფოთში. სამომავლოდ ბათუმსა და გორშიც ვაპირებთ სტადიონების მოწყობას. ამიტომ ეს ორგანიზაციები დიდ სამუშაოებს ასრულებენ. კერძოდ, ლითონის კონსტრუქციები - ტრიბუნების გადახურვა, სტადიონის მოედნის განათება, მეტალის ღობეები.
ყველაზე დიდი ობიექტი კი შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მშენებლობაა, რომელიც 10 ათას მაყურებელზეა გათვლილი, აქედან 8 ათასი ტრიბუნებზეა, 2 ათასი - პარტერში. საკმაოდ რთული გადახურვა აქვს ამ ობიექტს, ასევე, რთული შეფუთვა აქვს კედლებს. წარმოიდგინეთ, ღია სახურავი, რომელიც ამინდის გაუარესებისა და წვიმის დროს ავტომატურ რეჟიმში იკეტება. ასევე, ქარის ამოვარდნისას კედლები ავტომატურად იკეტება. ამ ყველაფერს „ელიტა ბურჯი“ ახორციელებდა. ლითონის შესაძენად მათთვის თანხები უკვე გადარიცხული გვაქვს. დაახლოებით, 1200 ტონა ლითონის კონსტრუქცია უნდა დაამუშაოს ამ წარმოებამ. საამისოდ თითქმის ერთი წელია, მიმდინარეობს მუშაობა.
რეგიონებში ხელისუფლების მიერ პომპეზურად გახსნილ ოპერებსა და თეატრებში წყალი ჩადის და ინგრევა. ამას წინათ ქუთაისის პარლამენტის ახლად აშენებული ნაგებობის ფლიგელი ჩამოინგრა. რატომ შენიშნეს არასრულყოფილება მაინცდამაინც თქვენს მიერ გარემონტებულ შენობებში?
- რაც შეეხება ნიკა რურუას განცხადებას, მან აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტდა, თავიდან სარემონტოა. მაგალითისთვის დაასახელა რუსთაველის თეატრი. რურუას თქმით, თურმე დღეს გაირკვა, რომ საფუძვლების ნახევარი არ გაამაგრეს რაღაც მიზეზების გამო და, ფაქტობრივად, თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია. სხვა მაგალითი მას არ მოუტანია. რაც შეეხება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, ბრძანა, რომ ამ თეატრში სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელებას სახელმწიფო დააფინანსებსო, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ სარემონტო სამუშაოები. ასევე, აღნიშნა, ოპერა და ბალეტი პოლიტიკური შურისძიების ანგარიშსწორების მიღმა უნდა იყოს და, როგორც გავაკეთეთ ქუთაისში, ისე აღვადგენთ ამასაცო.
სამწუხაროა, ნიკა რურუამ ასეთი განცხადება რომ გააკეთა. ჩვენს კომპანიას, ასოციაცია „ატუ“-ს ასზე მეტი ობიექტი აქვს გაკეთებული და მსგავსი უსაფუძვლო შეურაცხყოფა არასდროს არავის არ მოუყენებია, არცერთ სამინისტროს და არცერთ იმ უწყებას, ვისი დაკვეთითაც შევასრულეთ ესა თუ ის ობიექტი და შემდეგ უსასყიდლოდ გადავეცით. ვერ გეტყვით, რატომ განაცხადა ასე ბატონმა მინისტრმა, არ ის ვიცი, რა ჰქონდა მხედველობაში და რა მიზანი აქვს და რას ემსახურება ეს განცხადება.
რაც შეხება რუსთაველის თეატრის ფუნდამენტს, რომლის ნაცვლად მინისტრმა რატომღაც თეატრის საფუძველი ახსენა, 1996 წელს დაიწყო ამ ობიექტის ფუნდამენტის გამაგრება და სადღაც 1999 წლამდე კეთდებოდა. მართლაც დანგრევის პირას იყო მისული რუსთაველის თეატრი და ამ თეატრის ფუნდამენტი გაამაგრა „საქგვირაბმშენმა“, რაც დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაჯდა. ხოლო რუსთაველის თეატრის რეკონსტრუქცია 2001 წელს დაიწყო და 2003 წლამდე სარემონტო სამუშაოებს შპს. „ინტერსერვისი“ ასრულებდა, დაახლოებით 3 მილიონ 700 ათასი ლარის სამუშაო შეასრულა, რაც მოგვიანებით გააგრძელა შპს. „ბურჯმა“, რომელმაც 2004-2005 წლებში დაახლოებით 4 მილიონ ასი ათასი ლარის სამუშაოები განახორციელა. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს გარდა, თეატრს 3 მილიონ 300 ათასი ლარის მოწყობილობა-დანადგარები შეუძინეს. ეს ყველაფერი, ჯამში, ფუნდამენტის გარდა, 11 მილიონი ლარი დაჯდა, რაც საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გაიღო. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა და არ ვიცი, ახლა რა აღმოაჩინეს, რომ თურმე დღეს გაირკვა, რომ საფუძვლის ნახევარი არ გაუმაგრებიათ აბსოლუტურად აუხსნელი მიზეზის გამო.
დავუშვათ, მართლაც ხარვეზით ჩატარდა სამუშაოები. იმ პერიოდში, როცა სახელმწიფო იბარებდა შენობებს, რატომ გამოხატავდნენ კმაყოფილებას? გამოდის, რესტავრირებულ ნაგებობებს ყოველგვარი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე იბარებდნენ და არავინ ამოწმებდა?
- ასოციაცია „ატუ“-მ 2006 წლიდან საკუთარი ძალებით დაიწყო ობიექტებზე მუშაობა. მანამდე არსებობდა საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელიც სხვადასხვა ობიექტს აფინანსებდა და სამუშაოებს სხვადასხვა ორგანიზაციები ასრულებდნენ. ზოგიერთი ორგანიზაცია მოწვეული იყო. 2006 წლიდან საკუთარი ძალებით დავიწყეთ ობიექტების გაკეთება და უკვე ასზე მეტი ახალი ობიექტი გვაქვს აშენებული, რესტავრირებული და გარემონტებული.
გარემონტებულ ნაგებობებს სახელმწიფო შემოწმების გარეშე იბარებდა?
- რა თქმა უნდა, არა. უნდა ენახათ კიდეც და თუ რაიმე შენიშვნა ჰქონდათ, თავის დროზე უნდა ეთქვათ.
ასეთი დაუფასებლობის ფონზე გიღირთ კი შენობების რესტავრირება? მით უფრო, თუ ხელისუფლება თავიდან აპირებს ამ სამუშაოების შესრულებას?
- ყველაზე გულდასაწყვეტი და საკვირველი ისაა, რომ არავის ჩვენთვის არ მოუმართავს. თუ ვინმეს პრეტენზია ჰქონდა, როცა სრულდებოდა სამუშაო და, მით უმეტეს, თვითონაც ჩართულნი იყვნენ მუშაობის პროცესში, მაშინვე უნდა ეთქვათ. როცა ობიექტს ვასრულებთ, ჩვენთან ერთად ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი - საპროექტო სამსახური, ზედამხედველობა და ა.შ. თუ პრეტენზია აქვთ, რა თქმა უნდა, მაშინვე უნდა განაცხადონ და მაშინ აღარ გაკეთდება უსაფუძვლო განცხადებები, თუ რატომ ინგრევა ნაგებობა?! მას შემდეგ ამდენი წელიწადი გავიდა, სადღაც 12-15 წელი, ამიტომ ამას პერიოდული დაკვირვება სჭირდებოდა. რუსთაველის თეატრის ქვეშ (და არა მარტო ამ თეატრის ქვეშ), რუსთაველის პროსპექტზეც, ბევრგან უძველესი სანიაღვრე არხებია და წყლებია. ალბათ, გახსოვთ მაშინდელი სიუჟეტებიც, როცა რესტავრაცია კეთდებოდა, სხვადასხვა სტრუქტურა იყო ჩართული, აქ იყვნენ ექსპერტები და ცნობილი მშენებლები. გამორიცხული არაა, რომ ამ ხნის მანძილზე ეს წყლები ისევ პრობლემა იყოს, რადგან მიწისქვეშა წყლები ხომ არავის შეუჩერებია?! ამას პერიოდული დაკვირვება სჭირდებოდა. ჩვენ არ ვართ იმისთვის მოწოდებული, რომ ვისაც ობიექტი გავურემონტეთ ან ავუშენეთ, მერე მთელი ცხოვრება ვაკვირდებოდეთ იმ ობიექტებს.
რაც შეეხება ოპერას, მის ირგვლივ სპეციალური გასანიავებელი არხები გავაკეთეთ, გავამაგრეთ ფუნდამენტი. ერთი-ორი თვის წინ ოპერიდან 50 მეტრში, იქვე ახლოს რუსთაველის ქუჩა ჩაინგრა. ჩაყრიან რაღაცას, ამოავსებენ, მერე წყალს გასასვლელი აღარ აქვს, იჭედება და სადღაც ამოდის. ამიტომ სანიაღვრე ქსელებს დიდი ყურადღება სჭირდება.
ოპერის სარემონტო სამუშაოები როდის დასრულდება?
- ერთი დღითაც არ გაგვიჩერებია, მაგრამ მომავალში შეფერხება გვექნება, რადგან „ელიტა ბურჯი“ და შპს. „ბურჯი“ დააყადაღეს. ამიტომ, სხვა ორგანიზაციის მოძებნა მოგვიწევს, რათა ის სამუშაოები შეასრულოს, რასაც ისინი ასრულებდნენ. 2013 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს ოპერის სარემონტო სამუშაოები, ისე, როგორც იყო განსაზღვრული. ახლა არ ვიცი, ბატონმა ნიკამ კატეგორიულად განაცხადა, ამ ობიექტს ჩვენ დავასრულებთო, როგორც გავაკეთეთ ქუთაისი და ბათუმიო. თუ მათ უნდათ, ჩვენ შეგვაჩერონ და მერე თვითონ გააგრძელონ სამუშაოები, არ ვიცი. მაშინ ოფიციალურად უნდა მოიტანონ წერილი. ისინი კი არ შემხმიანებიან.
მთლიანობაში, ყველანაირი მშენებლობა რა დაგიჯდათ?
- ის, რაც სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გვაქვს გაკეთებული, 300 მილიონზე მეტია. რაც გამზადებული გვაქვს, უკვე გადაცემის პროცესშია და გაგზავნილი გვაქვს წერილები, რომ დასრულებულია და, გთხოვთ, უსასყიდლოდ ჩაიბაროთ, კიდევ 270 მილიონისაა. გარდა ამისა, კიდევ მიმდინარეობს მშენებლობები და ქველმოქმედებასაც ვეწევით.
ძველი თბილისის რეაბილიტაციას თუ განიხილავთ?
- ამ საქმეში ჩვენი ინიციატივით არ ვერევით. როგორც წესი, სახელმწიფო სტრუქტურები მოგვმართავენ, ან რომელიმე სამინისტრო, ან მუნიციპალიტეტი და მერია. მოგვიანებით ვიხილავთ ამ საკითხებს და, თუ ფონდი გადაწყვეტს, ვერთვებით ამ პროექტში. ფონდი გამოყოფს გრანტებს და გვაძლევს შესასრულებლად.
აქამდე, ყველა ობიექტის შემთხვევაში, დახმარებისთვის სახელმწიფო მოგმართავდათ?
- დიახ, ასე იყო. ძველ თბილისს რაც შეეხება, შარდენის ქუჩის მხარე როცა კეთდებოდა, იქვე მარიონეტების თეატრია, სადაც, ასევე, ჩვენ ვმუშაობდით. გარდა ამისა, ექვსი წლის მანძილზე 32 სკოლა ავაშენეთ.