საქართველოში ბუნების მიმართ ვანდალური მოპყრობა გრძელდება. ქვეყანაში არ არსებობს ნორმალური კანონმდებლობა, რომელიც მწვანე, რეკრეაციულ ზონებს განადგურებისგან დაიცავდა. უკვე მთელ მწვანე მასივებს სპობენ და ძირფესვიანად ანადგურებენ.
„რესპუბლიკელები“ ხელისუფლებას დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა თინა ხიდაშელმა და სოფიო ხორგუანმა აღნიშნულ ტყე-პარკში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
„თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დიღმის ტყე-პარკში საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფართობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია საკრებულოს 2009 წლის 11 სექტემბრის №10–24 გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ინტერაქტიულ რუქაზე დიღმის ტყე-პარკში საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა დაახლოებით 8 ჰა ფართობზე არსებობს, ხოლო საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს ზონა 1 ჰა-თი განისაზღვრა.
მივმართავთ ქალაქ თბილისის მერიას, გამოაქვეყნოს ის სამართლებრივი აქტი, რომლითაც ეს ცვლილება განახორციელა, ასევე მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, როდის და რა სახის სამშენებლო სამუშაოები იგეგმება დიღმის ტყე-პარკის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ტერიტორიაზე“, – აცხადებენ „რესპუბლიკელები“.
პარტიის წამომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩეროს გამწვანების ამ სპეციალურ ზონაში ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა და ლეგალიზაცია, იზრუნოს ტყე-პარკის მოვლა-შენარჩუნებაზე, სარწყავი სისტემის გაყვანაზე და ხეების მკურნალობაზე.
მათივე ინფორმაციით, დიღმის ტყე-პარკი თბილისის ქარსაცავიც არის და სანერგე მეურნეობაც.
ტყე-პარკის გაშენება 1934 წელს 200 ჰექტარზე დაიწყო, დღეს კი დაახლოებით 75 ჰექტარია დარჩენილი. 2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულომ ტყე-პარკის ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიანიჭა.
არსებული მცირე სტატისტიკითაც კარგად ჩანს, რომ საქართველოში ბუნებისადმი ვანდალური დამოკიდებულება გრძელდება. ქვეყანაში რეალურად არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მწვანე, რეკრეაციულ ზონებს განადგურებისგან დაიცავს. უკვე მთელ მწვანე მასივებს სპობენ და ძირფესვიანად ანადგურებენ.
იყო დრო, როდესაც თითო ხის მოჭრასაც კი თბილისში დიდი პროტესტი და აურზაური მოჰყვებოდა ხოლმე. კანონმდებლობა იმდენად მკაცრი იყო, რომ ხეებს ატანდნენ ხოლმე რესტორნებში. შუაგულ რესტორნებში აშხვართულ ხეს წააწყდებოდით, ასეთი რეალობა იყო. მეპატრონეებს მოჭრის სურვილი კი ჰქონდათ, მაგრამ კანონის სასჯელის ეშინოდათ.
ექსპერტთა შფასებით, „ვარდების ხელისუფლებამ“ სათავეში მოსვლისთანავე ეს კანონმდებლობა შეარბილა. შედეგად ყველას მიეცა უფლება ბუნებას ისე მოექცეს, როგორც თვითონ მოესურვება. ამან მთელი მწვანე მასივების განადგურება გამოიწვია. ორ–სამი ხის მოჭრაზე უკვე ლაპარაკიც აღარ არის.
მაგალითისთვის, ცნობილი ფაქტია, რომ მარტო ალექსეევკას აეროპორტის ტერიტორიაზე სამასი ძირი საუკეთესო წიწვოვანი ხე მოიჭრა. ეს არის პრეცედენტი, რომელსაც ადრინდელ წლებში უბრალოდ ანალოგი არ ჰქონია. 150 ძირი ხე ერთად არის მოჭრილი პავლოვზე ( ვაჟა ფშაველაზე). ხომ „ ლოგიკურია“ მკითხველო ბუნების ასე ძალუმად განადგურება ვაჟას გამზირზე?
ასევე დიდ დიღომში, მუხათგვერდის სასაფლაოს ასასვლელში დაახლოვებით 200 ძირი ხე მოჭრეს. მწვნე მასივი მთლიანად ამოიღეს. რეალურად საქმე გვაქვს ბუნების მიმართ ბარბაროსულ მოპყრობასთან. ალბათ მსგავსი პრეცედენტების სხვაგან ნახვა შეუძლებელი იქნება.
თბილისში მშენებლობების წარმოება რეკრეაციულ ზონებში უკვე დაშვებულია და ლამის ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მშენებლობები დაუშვეს წყნეთის მთელ გზატკეცილზე, სადაც უნიკალურად გაშენებული ტყეებია. მას ძალიან სერიოზული, რეკრეაციული და ეკოლოგიური დანიშნულება აქვს თბილისისთვის. ეკოლოგიის ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა ამ ტყესაც შეესევიან (თუ უკვე არ არიან შესეულები) და მთლიანად გადაჭრიან. თუმცა იქ ისედაც სერიოზული პრობლემები იყო.
ასევეა დიდ დიღომში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მთლიანად, თბილისის მიმდებარე დასახლებული სოფლების გამწვანებულ ნაწილში, სადაც ტყის მასივები გვხვდება. დიღმის ტყე–პარკის დიდი ნაწილიც სწორედ ასე ამოიღეს რეკრეაციული ზონებიდან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1934 წელს შექმნილ ტყე–პარკს წმინდა ეკოლოგიური დანიშნულება ჰქონდა. ერთ–ერთი ბოლო მონაცემის თანახმად, 70 ჰექტარიდან ახლა სულ 20–25 ჰექტარი არის დარჩენილი. ალბათ დიღმის ტყე–პარკსაც შეესევიან და ნაცნობ სტილში გაანადგურებენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნით ერთ მოსახლეზე 50 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფარი უნდა მოდიოდეს. ჩვენთან ხუთ კვადრატულზე ნაკლები მოდის, ანუ 50–ჯერ უფრო ნაკლებია. ამგავარ კატასტროფულ რეალობის წინაშე ვიმყოფებით.
ამასთანავე დარგის ექსპერტების განმარტებით თავისი გეოგრაფიიდან გამომდინარე თბილისი ეკოლოგიურად მძიმე ქალაქია. რადგან ქალაქის განიავება საკმაოდ ძნელად ხდება. დედაქალაქი ფაქტობრივად ქვაბულშია განლაგებული. თბილისს მეწყერული, ეროზიული ფერდობებიც ბევრი აქვს, ამიტომ ასეთ ადგილებში ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ტყის მასივები იყო. პარალელურად ისინი საჰაერო ატმოსფერული ფილტრის ფუნქციასაც ასრულებენ.
მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ დღეს ქალაქებში დარგული ხის ჯიშები ორჯერ ნაკლებად ცოცხლობენ, ვიდრე ტყეში დარგული იგივე ჯიშები. იმდენად დიდი დატვირთვების მიღება უწევთ საკუთარ თავზე.
აშკარად არასახარბიელო ვითარებაა თბილისელების ერთ–ერთ უსაყვარლეს დასასვენებელ ადგილას – ვაკის პარკშიც. ზედა ნაწილში სხვადასხვა შენობები, მათ შორის საელჩოები ისე აშენდა, რომ იმ ტერიტორიაზე ფოთოლიც კი არ დატოვეს. პარკში სქელი მესერით ისეთი ორგანული დასასვენებელი ადგილები შემოღობეს, ამაზე დიდი სისხლის სამართლის დანაშაული წარმოუდგენელია.
გარემოსადმი ასეთი ბარბაროსული დამოკიდებულების გამო ექსპერტები ერთ სამწუხარო დასკვნას აკეთებენ ქალაქის მესვეურების მიმართ: ან არ იციან რას აკეთებენ, ან იციან და განგებ აკეთებენ და მაშინ კიდევ უფრო მძიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება. ამის თქმის უფლებას მათ აძლევს ქალაქის მიმართ დღემდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, როგორიცაა ეკლოგიურად სუფთა ტრანსპორტის – ტრამვაის და ტროლეიბუსების გაუქმება, საზოგადოებრივი სივრცეების – მოედნების, პარკების, ტროტუარების, სკვერების გაყიდვა და ა.შ.