„ქართული ოცნება" კახეთში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს, - ამის შესახებ ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ფანჯიკიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მთლიანად კოალიცია თანაგრძნობას უცხადებს სტიქიის შედეგად დაშავებულებს და დაზარალებულ ადამიანებს.
"სამწუხაროა, რომ არსებული კანონმდებლობა ბიძინა ივანიშვილს არ აძლევს ქველმოქმედების საშუალებას და არც კოალიციას აქვს იმის საშუალება, რომ რაიმე სახის დახმარება, გარდა ფიზიკური დახმარებისა აღმოუჩინოს დაზარალებულ მოსახლეობას. ჩვენ ვიცით, რომ შექმნილია საგანგებო სალიკვიდაციო შტაბი. ჩვენ მზად ვართ ამ შტაბის მუშაობაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ასევე, მზად ვართ, თუ ხელისუფლება გამოიჩენს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს და გვაჩვენებს ლეგალურ გზებს, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა ადამიანების დახმარებაში, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ: დღეს საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონებში მომხდარი სტიქიის გამო პარლამენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევა დაავალა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა თელავში, მთავრობის წევრებთან საგანგებო თათბირზე განაცხადა, აუცილებელია კომპენსაციების საკითხის განხილვა, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსავლის თითქმის 100% გაუნადგურდა.
პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებია შესატანი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საგანგებო სიტუაცია შეიქმნა, ასეთი რამ შეიძლება 100 წელიწადში ერთხელ მოხდეს და ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. პრეზიდენმა თათბირზე მინისტრებს სტიქიისაგან დაზარალებულ დასახლებულ პუნქტებში გზების გაწმენდა, კომუნიკაციების აღდგენა, მოსახლეობის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებში დაბინავება და მიყენებული ზიანის აღმოფხვრა დაავალა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სტიქიის შედეგად თელავში 770 სახლს სახურავი აქვს გადახდილი, ხოლო 6 ათას ჰექტარზე მეტი 80%–ით დასეტყვილია.
ინფორმაციისთვის: პრეზიდენტის ბრძანებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური შტაბია შექმნილი.