გაიცანით ალისტრახო (VIDEO)

გაიცანით ალისტრახო (VIDEO)

გიხაროდენ!

საქვეყნოდ ქებულ ქართულ რეალ-ჟურნალისტიკას კიდევ რამდენიმე ცნობადი სახელი შეემატა.

ახალი, კაშკაშა ვარსკვლავები ჩადგნენ თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სამსახურში.

თუ აქამდე მათ შესახებ, ძირითადად, სოციალური ქსელის მეშვეობით იყო ცნობილი, გასულ კვირას, ნანა ლეჟავას ”კვირის რეპორტაჟის” შემდეგ უკვე ინტერნეტით არამოსარგებლე საზოგადოებამაც იხილა ახალი დროის გმირთა სახეები.

სახელები?

სახელებიც ცნობილია, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, თუმცა მათი საპასპორტო და დემოგრაფიული მონაცემები არაფერ შუაშია. თუ მაინც ვწერთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეპოქის სულისკვეთება მოითხოვს - მოვლენას, როგორც ასეთს, შესაფერისი სახელი დაერქვას და კუთვნილი ადგილი დაიკავოს არა მხოლოდ ჟურნალისტიკის, ზოგადად- საქართველოს უახლეს ისტორიაში.

ჩვენც დიდხანს ვიფიქრეთ და თანამედროვე ვიდეოკომპრაჩიკოსების აღსანიშნავად განმაზოგადოებელი ტერმინი მოვიფიქრეთ. მოდით, პირობითად, მას ალისტრახიზმი ვუწოდოთ.

ეს სახელი ახალ ჟურნალისტურ ფენომენს, ნათია ლეჟავას გადაცემის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, ლუარსაბის პატიოსანი ღაბაბის მქონე ალისტრახო როხვაძის საპატივცემულოდ დავარქვით. დღეის შემდეგ სწორედ ის უნდა ჩაითვალოს ახალი მიმართულების განმსაზღვრელ სახედ.

ვინ არის ალისტრახო, საიდან მოვიდნენ ალისტრახოები და რას წარმოადგენს ალისტრახიზმის ფენომენი?

ამის გასარკვევად ჩვენ ალისტრახიზმის ერთი დედალი ადეპტის მიერ პრაქტიკაში დანერგილი დედუქციური მეთოდი მოვიმარჯვეთ, რომელიც უებარი საშუალებაა მსგავსი ტუტუცების ჭაობიდან გამოსათრევად.

ასეთ სუბიექტებს ყველაზე მეტად ხომ მზის სინათლისა ეშინიათ.

+ + +

ამ სამიოდე კვირის წინ სოციალურ ქსელში უცნაური ვიდეოსიუჟეტი გავრცელდა. მასზე აღბეჭდილია, თუ როგორ დასდევს ვიდეოგადამღებით აღჭურვილი და მიკროფონმომარჯვებული ხუთი-ექვსი მუტრუკი ყაზილარი მეცხრე არხის ზესტაფონელ ჟურნალისტს ეკატერინე დუგლაძეს.

აქეთ წავიდა გოგო, იქიდან მოუარეს, იქით წავიდა, აქიდან მიუდგნენ, წინიდანაც ჩაუხერგეს გზა-სავალი და უკნიდანაც. მიკროფონები ლამის პირში ჩასჩარეს და გასაქანს არ აძლევდნენ.

შეკითხვები?

ამაზე ბრიყვული არაფერი მომისმენია. გამეორებას აზრი არ აქვს, რადგან, დარწმუნებული ვარ, ეს კადრები ყველამ ნახეთ...

მერე და მერე ასეთი სიუჟეტები გამრავლდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალი კადრები ლაგოდეხიდან, გურჯაანიდან, ბოლნისიდან, გორიდან, ბათუმიდან... სცენარი ყველგან ერთია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა მუტრუკების ნაცვლად კაპარჩხანა, მწივანა, ცინიკური გამომეტყველების მქონე გოგოშკები აქტიურობენ მეცხრე არხის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ვიდეოტერორში.

საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგა ხანია დაკარგა ადამიანური სახე, ჩვენ კი, მოსახლეობამ- გაოცების უნარი. აღარ გვიკვირს არანაირი ჯურის სისაძაგლე, რომელიც მათ მახინჯ გონებაში იშვა, განხორციელდა ან სამომავლოდ იგეგმება, თუმცა ამ ორგანიზებულმა ვიდეოდევნამ მართლა სახტად დაგვტოვა. ესაა ლაგამწაყრილი უზნეობის, უხამსობის, უკულტურობისა და კიდევ რამდენი უ-ს მაგალითი, რომლის ავტორ-განმახორციელებლებს ნორმალურ ქვეყანაში სალამიც კი არ უნდა მისცე წესიერებაზე მინიმალური პრეტენზიის მქონე კაცმა.

ნორმალურ ქვეყანაში- კი!

მაგრამ საქართველოში?

ეს ხომ ის სახელმწიფოებრივად არშემდგარი გეოგრაფიული ნიშანდობლიობაა, სადაც, აწგანსვენებული ნიკო გომელაურის თქმით, ყველაფერი მოსულა და სადაც ჯამლეთამ ჯონდო დააორსულა.

ამ ქვეყანამ იცის ნაძირალების აღზევების, გონებაშეზღუდულთა ჭკუისკოლოფობისა და თახსირთა გრიმიტის სახელმწიფოებრივად წახალისებული უამრავი მაგალითი.

ეს ის ქვეყანაა, სადაც ბექაურს ბიზნესმენს ეძახიან, ხაბაზს პარლამენტის წევრს, ნასარიძეს მწერალს და ჩიტაძეჩოლოყაშვილთავხელიძეებს - აზროვნების მეტრებს.

და რა გასაკვირია, რომ ასეთ ქვეყანაში გაჩნდა ახალი, მანამდე არნახულსმენილი სინდრომი. ზემოთ უკვე შევთანხმდით, რომ იგი ალისტრახიზმის სახელით დამკვიდრდება ისტორიაში.

ჩვენ უკვე მისი არაერთი წარმომადგენელი ვიხილეთ და ყველას სათითაოდ დახასიათება შორს წაგვიყვანს, მაგრამა ზოგადი პორტრეტის წარმოსადგენად ერთი მათგანის დასურათხატებაც საკმარისი იქნებოდა.

და რაკი ასეა, რამდენიმე სიტყვით ალისტრახიზმის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, თვით მის უდიდებულესობა ალისტრახო როხვაძეს წარმოგიდგენთ.

+ + +

წინამდებარე სტატიას სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოსიუჟეტიც ახლავს თან. კიდევ ერთხელ ნახეთ ეს კადრები და ალისტრახოს გამოცნობა არ გაგიჭირდებათ.

გარეგნულად ის ძალიან წააგავს ”უდიპლომო სასიძოს” ერთ, მეორეხარისხოვან პერსონაჟს, იმ რესტორნის მებუფეტეს, სადაც თავისი ქალიშვილის გაბედნიერება აღნიშნა სასიძოს შოვნით გახარებულმა ვარდენმა. თავზე ჩეფჩიკი რომ დაახურო და ხელში ქაფქირი მისცე, საბჭოთა პერიოდის საზკვების ობიექტის გაქსუებული მუშაკის ტიპიურ პორტრეტს მიიღებთ.

ქუთაისში ინფორმირებული წყაროები მოვიძიეთ, რომლებიც ჯერ კიდევ ყმაწვილობიდან იცნობდნენ მომავალ ალისტრახოს. საყვარელი ბავშვი იყო, დაბალი, ჩაპუტკუნებულ-ჩაკურატებული და სახემოცინარიო- შეგვატყობინეს..

მერე, ერთ მშვენიერ დღეს ეს ყმაწვილი უკვე უნივერსიტეტის სტუდენტი გამხდარა.

ისიც გვითხრეს, სტუდენტი სახელად ერქვა, თორემ, აუდიტორიაში ლექციაზე მჯდარი ეგ არავის უნახავსო. წიგნთან და სწავლასთან ფრიად მწყრალად ყოფილა ალისტრახო. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სახელმწიფო გამოცდებამდე ერთი წაკითხული ფურცლის გარეშე მისულა და რაც იცოდა (თუ საერთოდ იცოდა რამე), ალმა-მატერის კედლებში ისიც დაავიწყდაო ალისტრახოს.

იმედია, არ იკითხავთ - ეს როგორაო.ვინ არ იცის, როგორ იწერებოდა და იწერება ნიშნები ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ სტუდენტის მამა უნივერსიტეტის თანამშრომელია (რამდენადაც გავიგეთ, ალისტრახოს მამა პოლიკო როხვაძე ქსუ-ს სამეურნეო ნაწილში მუშაობდა). როცა კოლეგა მოგადგება და შვილისთვის სამოწყალო სამიანის დაწერას გთხოვს, ძნელია ამ დროს პრინციპულობის შენარჩუნება. ხათრიმაჯით ნელ-ნელა ივსებოდა ალისტრახოს მატრიკული ნამოწყალევი სამიანებით და ოთხი წლის შემდეგ, ფაქტობრივად, წერა-კითხვის უცოდინარმა მიიღო დიპლომი.

წერეთლის უნივერსიტეტის ფოიეში ბევრს უნახავს ალისტრახოს შეწუხებული მამის სახე, ხან ერთ კოლეგას რომ სთხოვდა ნიშნის დაწერას და ხან – მეორეს.

- ე ბიჭო, მაგისგან მაინც არ დადგება კაცი და ხომ არ მოვკლავ შვილს. მიმათრევინეთ როგორმე დიპლომამდე და ვუკრავ თავს რომანეთში, მე რომ მაქვს წელი გათრაქული, მაგასაც გავხეთქავ ყანაში თოხის ნაბაყუნები.

ბევრი მამა ემუქრება ასე შვილს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, უჭირთ დანაპირების შესრულება. პოლიკო როხვაძესაც გაუჭირდა და ალისტრახომ სხვა, უფრო მოხერხებული გზა აირჩია ცხოვრებაში.

პოლიკოს პროგნოზი კიდეც გამართლდა და არც გამართლდა. ალისტრახოს, ჩვენებური გაგებით, კაცობის არაფერი სცხია, თორემ მიდექ-მოდექი, მავანთათვის თავის მოქონვა და ერთგულების ჩვენება მშვენივრად მოახერხა. იმ მავანებმაც დაუფასეს და, როგორც ზემოთ ვთქვით, ბიჭი გზაზე დააყენეს.

ეს გზა უნივერსიტეტში სტუდკავშირიდან დაიწყო. ახლა, თავს ვერ დავდებთ, ქსუ-ს სტუდენტობის ცხოვრებაში დეტალურად ჩავიხედეთ-თქო, მაგრამ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური გაერთიანებების ცხოვრება ხომ ოლღას ღადარში გამომცხვარი მჭადებივით ჰგავს ერთმანეთს. აქ, როგორც წესი, ყველაზე საეჭვო ღირსების მქონე, დაუმსახურებელ კარიერაზე მეოცნებე და უწიგნური ახალგაზრდები იყრიან თავს. ცოდვას ვერ დავიდებთ და უშუალოდ ალისტრახოზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ, როგორც გვითხრეს, ქსუ-ს სტუდკავშირმა არაერთხელ შეირცხვინა თავი ნაძრახი საქციელით. მისი წევრები მაყუთსაც ღუნავდნენ და ხალისით მონაწილეობდნენ უფროსების შიდასაუნივერსიტეტო ინტრიგებში. მათი კურატორი იყო და დღემდე რჩება ქალაქის ხელისუფლებაში მოკალათებული რამდენიმე ჩინოვნიკი, განსაკუთრებით - მერის მოადგილე გიგა შუშანია. სწორედ ბ-ნი შუშანია მფარველობს და იდეოლოგიურად წვრთნის იმ უბირ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე კარგად არიან ცნობილი ტელემაყურებლებისთვის შალვა რამიშვილის ერთ-ერთი გადაცემიდან (გაიხსენეთ ”აკრედიტაციის გარეშე”-ს სტუმრობა ქუთაისში და რამდენიმე ლაზღანდარა, უწიგნური ჯეილის ”პაექრობა” ჟურნალისტთან).

ალისტრახოც მათ წრეში ტრიალებდა და ერთ მშვენიერ დღეს საუნივერსიტეტო ”კავეენის” გუნდის წევრად მოგვევლინა. მერე რა, რომ ”კავეენშიკობას” ინტელექტი და განათლება სჭირდება? მერე რა, რომ ალისტრახოს არცერთი არ ჰქონდა და არც მეორე? სამაგიეროდ, ჰქონდა სხვა რამის უნარი, რამაც მამაძაღლობისა და თითლიბაზობის სადარბაზოს კარი გაუხსნა ბიჭს. შევიდა ამ სადარბაზოშო ჩვენი პოლიკიჩი (ასეთი თიკუნით იყო ცნობილი ალისტრახო სტუდენტებისა და ლექტორების წრეში), მოეწონა იქაურობა და როგორ ფიქრობთ, ცოცხალი თავით გამოიყვანს ვინმე ამ ჭაობიდან?

მხიარულთა და საზრიანთა კლუბიო?

ალისტრახო საზრიანიც აღმოჩნდა და (ჭკუა)მხიარულიც. მის პატრონებს მეტი არც არაფერი ესაჭიროებოდათ. თუ ეს ორი თვისება მონურ მორჩილებითაა გაჯერებული, იდეალური მონაცემებია ვირეშმაკა ხელის ბიჭის გამოსაზრდელად.

ალისტრახოც გამოიზარდა. ..

***

ალისტრახო ჟურნალისტთმდევნელო!

ვერც კი ხვდები, რაოდენ ბედნიერი ხარ, როგორც იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც არანაირი წარმოდგენა არ აქვს საკუთარი უბადრუკობის შესახებ. ვინც ამას ხვდება, ისინი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. შენ ეს, ალბათ, ასი წელი არ გემუქრება, მაგრამ მაინც ჯვარი გწერია. ცუდისთვის ნამდვილად არ გვემეტები.

რატომ გაიხადე თავი ასე სასაცილოდ? რატომ აიღე ღირსებაზე ბოლომდე ხელი?

შენისთანების ლიტერატურული განათლება ”რწყილი და ჭიანჭველათი” მთავრდება და შილერი, ალბათ, მიუწვდომელი სიამოვნებაა, მაგრამ მისი ”ყაჩაღების” ერთი პერსონაჟი ამბობს- სინდისი? ეს ხომ კარგი საფრთხობელაა ღობეზე ჩიტების შესაშინებლად.

ჩანს, შენც ამ პრინციპით ხელმძღვანელობ ცხოვრებაში.

ვისი ხელის ბიჭი გახდი და ვის დაკრულზე ცეკვავ, ალისტრახო საცოდავო? ნუთუ ამდენად არ გიღირს თავმოყვარეობა, რომ ვინმეს თავი არ გააპამპულებინო? ან რას გიხდიან ასეთს ქუთაისის მერიის ნაძირალები? სასისკისა და პივის ფულად როგორ დაახურდავე კაცის სახელი?

სხვა თუ არაფერი შეგიძლია, წადი იმ შენ რომანეთში, აიღე ოყიანი თოხი და უბაყუნე მიწას. არაფერი მაგაში არაა სამარცხვინო. გაამრავლე შთამომავლობა და ეცადე, იმათ მაინც მიიღონ ის, რაც შენ არ გაქვს და რისმა ნაკლებობამაც კარის ტინგიცად გაქცია ამხელა კაცი.

თუ ისე მოხდა, რომ რაღაც მანქანებით ამ წერილმა შენამდეც მოაღწია, არ დაიბოღმო და არ თქვა- ასეთი რა დავაშავე, ასე რატომ გამიმეტეთო.

დაფიქრდი და მერე კიდევ ერთხელ დაფიქრდი.

ჰოდა, კარგად რომ იფიქრებ, მეორე დილით, სახლიდან გამოსვლის წინ სარკეში ჩაიხედე. თუ სახეზე ოდნავ მაინც წამოწითლდი, ეს უკვე კარგის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არაა დაკარგული.

***

ბოლოს, ორიოდე სიტყვით, ალისტრახოს მამას, პოლიკო როხვაძეს გვინდა მივმართოთ.

სხვა სიტუაციაში ეს სრულიად ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩვენმა ქუთათურმა ინფორმატორებმა გვითხრეს, საცოდავი კაცი ცოცხალ-მკვდარი დადის, ხალხში გამოჩენის რცხვენია და ვიწრო წრეში მკვდარ-ცოცხალს უტრიალებს ცალკე მთავრობას და შვილს საქვეყნოდ მოჯაყვისთვისო.

შინაურობაში კი, მაგრამ ხმამაღლა ვერაფერს ამბობს თურმე პოლიკო როხვაძე, მისი შვილის მერიაში მოკალათებული მფარველის ეშინია, ემანდ- არაფერი მიხიმანდროს და ულუკმაპუროდ არ დამტოვოსო.

არადა, ჩვენი წყარო დადებითად ახასიათებს ბ-ნ პოლიკოს, კეთილშობილი, უწყინარი კაცია და მისგან აუგი კი არა, გადაბრუნებული სიტყვა არ ახსოვს არავისო.

თქვენი ვაჟი ძალიან ცუდ გზაზე დგას ცხოვრებაში, პოლიკო ბატონო. მას კაცის სახელი მტვერში დაუგდია, მასხარას და თითლიბაზის მანტია მოუსხამს და თუ ვიდეოკადრებით ვიმსჯელებთ, ძალიანაც კმაყოფილია საკუთარი არჩევანით.

გაგონილი გექნებათ, გავრცელებული გამოთქმაა- ხელნაწერები არ იწვიანო. დავამატებთ - არც ვიდეოკადრები ქრება უკვალოდ და გულისტკივილით გეუბნებით - დაგვერწმუნეთ, ხვალ-ზეგ თქვენი არაერთი შთამომავალი მოიწმენდს შუბლიდან სიმწრის ოფლს ალისტრახოს სამარცხვინო საქციელის გამო.

ჩვენთვის არც თქვენ ხართ სულერთი და არც ის, როგორი სახელით ივლის ქვეყანაზე ალისტრახო როხვაძე. ჩვენ არ გვინდა, რომ მან შეცდომას ახალი შეცდომა დაამატოს და ხვალ-ზეგ ქუჩაში გამოსაჩენი პირი აღარ ჰქონდეს. ამიტომ ”მოყვარეს პირში უზრახე”-ს პრინციპით ვხელმძღვანელობთ და უშუალოდ თქვენ მოგმართავთ, იმის იმედით, რომ ჯერ კიდევ შეგრჩენიათ ქვეყნის მასხარად ქცეულ ვაჟზე ზემოქმედების უნარი.

ანდაზაა ასეთი - ”პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოჰკვეთაო”.

ალისტრახო ჯერ პაპა არაა, მაგრამ აუცილებლად გახდება და ხამს, ახლავე დაფიქრდეთ მისი მომავალი შვილიშვილების კბილებზე.

ჩვენს წინაპრებს ასეთი გაგებით უცხოვრიათ.

ჩვენც ხომ ჩვენი წინაპრების შთამომავლები ვართ.

+ + +

ამით დავამთავროთ ალისტრახოს შესახებ, თუმცა საბოლოო წერტილის დასმამდე ერთი რამ კიდევ უნდა ვთქვათ.

ვინც ნანა ლეჟავას ”კვირის რეპორტაჟი“ ნახა, შეატყობდა, რომ საქვეყნოდ გამოჭენების შემდეგ ალისტრახიზმის დედალი ადეპტები დარცხვენილ-შეფაკლულები ჩანდნენ. სახეზე ეწერათ - აშკარად არ ელოდნენ, რომ მათი მასხარქალობის ამბავი ასე საქვეყნოდ გახმაურდებოდა და თითით საჩვენებელი გახდებოდნენ.

აი, ალისტრახოს კი დარცხვენა-შეჩქვიფების არაფერი ეტყობოდა. პირიქით, თავი ყინჩად ეჭირა და გახარებულიც ჩანდა, რომ წერა-კითხვის უცოდინარი ბიჭი პოპულარობის ზენიტზე მოექცა. ხუმრობა საქმე ხომ არაა - მისი პერსონით ტელევიზია დაინტერესდა. ეკრანზე გამოჩენის პერსპექტივა გაეჩითა ალისტრახოს. ვინ იცის, ვინმე თეფშიანმა იქნებ რომანეთშიც ნახოს და მეორე დღეს მეზობლებს უთხრას ორღობეში - ჩვენი პოლიკოს ბაღანე დიდი ვინმე შექნილაო.

ჩეხოვს აქვს ერთი პატარა, გვერდნახევარიანი ნოველა, რომლის მთავარი პერსონაჟია კოლეგიის მე-14 (ანუ, ჩვენებური გაგებით - ”ჭ”) კლასის რეგისტრატორი, ვინმე N. სიუჟეტი უმარტივესია: ერთ მშვენიერ დილით ეს N ბრაგაბრუგით არბის პეტერბურგის დაშმორებული ბინის დამპალი ხის კიბის საფეხურებზე და ოჯახის წევრებს ისტერიული ხმით ახარებს: „დედილოო, მამილოო, დაიკოო... მე უკვე სახელგანთქმული კაცი ვარ. დღეიდან მთელი რუსეთი გამიცნობს. ჩემს შესახებ გაზეთში დაწერეს...“

ამ სიტყვებთნ ერთად მან გაშლილი გაზეთი დააფინა მაგიდაზე.

”პეტერბურგსკიე ვედომოსტის” უკანასკნელი ამბების განყოფილებაში რვიანი პეტიტით მოთავსებული იყო რამდენიმესიტყვიანი ნიუსი - გუშინ საღამოს, ნევსკისა და ლიტეინი პროსპექტის გადაკვეთაზე ეტლი დაეჯახა კოლეგიის მე-14 კლასის რეგისტრატორ N-ს. შემთხვევა უმსხვერპლოდ დამთავრდა...

+ + +

იმედი გვაქვს, ალისტრახო თუ ვერ მიხვდა, ვინმე ღვთიან-მადლიანი მიახვედრებს ჩეხოვის ნოველის მორალს.