დარიალის მშენებარე ჰესის გამო მდინარე იწრიტება, კალმახი კი - ქრება

დარიალის მშენებარე ჰესის გამო მდინარე იწრიტება, კალმახი კი - ქრება

დარიალი ჰესის მშენებლობის გამო, მდინარე თერგში წითელ წიგნში შეტანილი ნაკადულის კალმახი გაქრება. თუმცა, კალმახი კი არა საერთოდ მდინარე გაქრება, რადგან ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე მდინარეში დარჩება მხოლოდ მდინარის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10 პროცენტი. ეს ყველაფერი მთავრობას არ აინტერესებს. მათთვის მთავარი მიღებული ელექტროენერგიის სარფიანად გაყიდვაა.

არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა“ და „სტეფანწმიდა“ ხელისუფლებას და კომპანია „დარიალი ენერჯის“ დარიალის ჰესის მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. როგორც ცნობილია, 2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით, 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის - 90%-ის მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში.

არასამთავრობოების ინფორმაციით, პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას.

„ჩვენი მიზანია, საზოგადოების ინფორმირება დარიალის ჰესის მშნებელობისა და ოპერირების უარყოფით შედეგებზე. ხელისუფლებას და „დარიალი ენერჯის“ მოვუწოდებთ, შეაჩერონ დარიალი ჰესის მშენებლობა იმ დრომდე, სანამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით, მდინარეში დასატოვებელი წყლის ის ოპტიმალური ოდენობა დადგინდება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ხეობის ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ისე კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობებზე მინიმალურ ზეგავლენას“, - აღნიშნავენ „მწვანე ალტერნატივაში“.

„დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა გასცა, რომელსაც ნიკოლოზ ჭახნაკია ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტების კითხვაზე რატომ გასცა გარემოს დაცვის სამინისტრომ „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე ნებართვა მაშინ, როცა კანონით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა დაუშვებელია, ჭახნაკიამ განაცხადა, რომ ის სამინისტროში აღარ მუშაობს.

„დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონით, ეროვნული პარკის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა საქმიანობაა დაშვებული. კანონში არ არის განსაზღვრული რა სახის საქმიანობაა აკრძალული, მაგრამ წერია, რა არის დაშვებული. კანონით, ჰესის მშენებლობა არ შედის დაშვებულ საქმიანობათა ნუსხაში.

„სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე მდინარეში დარჩება მხოლოდ საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10 პროცენტი. პროექტი აბსოლუტურად შეცვლის დარიალის ხეობის ლანდშაფტს, რის გამოც ის დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ - ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ასევე ექნება ძალზე მნიშვნელოვანი შეუქცევადი ზეგავლენა „წითელ წიგნში“ შეტანილ სახეობაზე“ - აღნიშნავენ გარემოსდამცველები.

110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალიჰესი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, მდინარე თერგის მარჯვენა ფერდზე, მდინარე ყუროს და ხდის წყალს შორის შენდება. ჰესს შპს „დარიალ ენერჯი“ აშენებს.

მთავრობის ინფორმაციით, ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ჰესი ექსპლოატაციაში 2014 წელს უნდა შევიდეს. „დარიალი ჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ზამთარში საქართველო მოიხმარს, ზაფხულში კი ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში უნდა განხორციელდეს.

ეს პირველი შემთხვევა, არ არის, როდესაც გარემოს დამცველები მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფების მიზეზით ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა მათ პროტესტი ენერგეტიკის სამინისტროსთვის სულ ერთია. მაგალითად, „მწვანეთა მოძრაობა“ აპროტესტებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობას. მწვანეები ირწმუნებიან, რომ ჰესის მშენებლობა 70-იანი წლების პროექტით იგეგემება, რომელიც თავის დროზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის მთავრობამ დაიწუნა. მოძრაობის ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე ამტკიცებს, რომ შესაძლოა, დაიწყოს შეუქცევადი ეკოლოგიური პრობლემები, რეგიონი იქცევა მეწყერსაშიშ ზონად, 14 ისტორიული სოფელი სერიოზული დატბორვის წინაშე აღმოჩნდება.