სააკაშვილი შატილს მაჩუ პიკჩუს ადარებს

სააკაშვილი შატილს მაჩუ პიკჩუს ადარებს

შატილის 35 ციხე-კოშკის დათვალიერებისას მიხეილ სააკაშვილს პერუ გაახსენდა, კერძოდ, მსოფლიო სასწაულად აღიარებული მაჩუ პიკჩუს (ინკების დაკარგული ქალაქი) ძეგლი. თუმცა შუა საუკუნეების ქართული ძეგლისა და ინკების შემორჩენილი ქალაქის ნანგრევების შედარებისას (რომელიც, ასევე, მთაზეა აშენებული და წმინდა რელიგიური დატვირთვის გახლდათ), შატილის უპირატესობა პრეზიდენტმა ვერ დაფარა.

რა გასაკვირია და, შატილის დანახვისას პრეზიდენტს ტურისტები მოაგონდა. მართლაც, ტურისტებიც გამოჩნდნენ და პრეზიდენტმაც მათთან გასაუბრების ტრადიციას არ უღალატა, მეგზურობა კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს ერგო, რომელსაც ქვეყნის პირველმა პირმა კონკრეტული დავალებები მისცა. კონკრეტულად, შატილის სამი კოშკის (N 43, 44 და 45-ის) რეაბილიტაცია, რადგან ექსპერტების მიერ მათი მდგომარეობა სავალალოდ შეფასდა, განსაკუთრებით კი რთულია 43-მე კოშკის მდგომარეობა.

სამი კოშკის რეაბილიტაციას „შპს კონსტრუქტორი 2012“, 59 370 ლარად, 15 სექტემბრამდე ჩაატარებს. რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ საქმეში პრეზიდენტის ჩარევამდეც თავისუფლად შეიძლებოდა ამ ერთი კოშკის რეაბილიტაცია. მისი ჩამოშლის შესახებ კონკრეტული უწყებები შატილის მკვიდრთა მიერ ინფორმირებულნი იყვნენ, მაგრამ შატილის კოშკის გადარჩენა რატომღაც გვიანდებოდა. დრო კი არ ითმენდა და, ამდენად, ზემოხსენებული კოშკის სავარაუდო ჩამოშლით სხვა კოშკების დაზიანების საფრთხე დღემდე მაღალია.   

რატომღაც შატილის მსგავსი პატივი არ რგებია ბევრად უფრო მასშტაბურ  ციხე-ქალაქ მუცოს, რომელიც შატილიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და შატილზე მეტადაა დაზიანებული. მუცოში მხოლოდ რამდენიმე კოშკი გადაურჩა მთლიან ჩამონგრევას, მაგრამ ბზარები მათაც აქვთ.

For.ge-ს ესაუბრება არქიტექტორი ვაჟა ჭინჭარაული.

- უკვე ათი წელია, რაც კოშკის კედელი ნელ-ნელა ინგრევა. ახლა კრიტიკულ ზღვრამდეა მისული. თუ კოშკი დროულად არ დაიშალა, საერთოდ მოწყდება სახურავი (რესტავრაციის შემდეგ ბეტონის გადახურვა აქვს გაკეთებული), წამოვა და კიდევ ორ კოშკს დაანგრევს. ამიტომ სასწარაფოდ უნდა დაიშალოს. ახლა უკვე კრიტიკულ მომენტამდე მიიყვანეს, ორი-სამი წლით ადრე ყურადღება რომ მიექციათ, ცოტა სამუშაოები იქნებოდა ჩასატარებული.

რესტავრაცია როცა ჩატარდა, მაშინ რატომ არ შენიშნეს ეს პრობლემა?

- მსოფლიო ბანკის გრანტით რესტავრაცია მე თვითონ ჩავატარე, ტენდერში სხვამ გაიმარჯვა, წარმოების პროექტშიც სხვამ გაიმარჯვა, მეც ვმონაწილეობდი ამ საქმეში. რესტავრაცია 2001 წელს დამთავრდა, მაშინ მას ფუნდამენტი ოდნავ ჰქონდა დაძრული და მის ფუნდამენტში ჩარევა არ შეიძლებოდა, რადგან ისეთი საშიშროება იყო, იქ რომ მუშაობა დაგეწყო, ადამიანი მოკვდებოდა. ელემენტარულად, გამოსკდებოდა და ვიღაცას ჩაიტანდა. ამიტომ პროექტის ავტორებსაც და ყველას მაშინ ასეთი მიდგომა გვქონდა, ცოტა ხანი ვაცადოთ, რაც მოსასკდომია, ძირში, გამოვიდეს და მერე დავიწყოთ მუშაობა, რომ მუშებისათვის უსაფრთხო იყოს. ასეთი მომენტიც დადგა, მაგრამ ყურადღება უკვე აღარავინ მიაქცია, განვითარდა უკუპროცესები და ახლა ისეთ მომენტამდეა მისული, რომ იქ ჩარევა და კედლის ხელახლა აშენება გამორიცხულია. სპეციფიური რკინის კონსტრუქციები უნდა აშენდეს ამ კოშკის ირგვლივ და ზევიდან უნდა დაიწყოს დაშლა, ჯერ სახურავი უნდა მოეხადოს, მერე უნდა ჩამოყვეს და შუამდე მაინც უნდა დაიშალოს და ხელახლა აღდგეს. ჩვენი რესტავრაციის შემდეგ ორი-სამი-ოთხი წლის მანძილზე კიდევ შეიძლებოდა მინიმალური ფინანსური ზარალით აღდგენილიყო. სამწიხაროდ, ამას არავინ უყურებს და ახლა შატილში ანალოგიურ მდგომარეობაშია კიდევ სამი კოშკი. არავინ აქცევს ყურადღებას. ამ ძეგლებს ახლავე თუ არ მიეხედა, ისინიც ამ მდგომარეობამდე მივლენ. ზოგს ფუნდამენტი აქვს მონგრეული, ზოგის ფუნდამენტი კი დამჯდარია.

სულ რამდენი კოშკია?

- სულ 54 კოშკია და აქედან პრობლემატურია ექვსი კოშკი. თუმცა აქამდეც დაინგრა სამი კოშკი, რომელთაც აღარავინ იხსენებს, თითქოს ეს კოშკები არც ყოფილა. ისინი ადრევე დაინგრა და 2001 წლის რესტავრაციის დროს იმიტომ არ აღდგა, რომ თანხები საკმარისი არ იყო.      

ალბათ, თქვენ შესაბამის უწყებას დროულად მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ ძეგლი აღმდგარიყო?!

- რა თქმა უნდა, დროულად მივაწოდე, ყველა კოშკის შესახებ ვაწვდი ინფორმაციას ძეგლთა დაცვის სააგენტოს.

რას გპასუხობენ?

-  ეგენი საკუთარ ბიუჯეტს ვერ ადგენენ და ამ ძეგლების შესახებ რას მეტყოდნენ?!

რატომ ვერ ხვდება შატილი იუნესკოს ნუსხაში?

- შატილი იუნესკოს ნუსხაში არ არის მოხვედრილი, რადგან, ეტყობა, ინტერესები არ არის. იუნესკოს ნუსხაში ამ ძეგლის მოსახვედრად საზოგადოებრივი ინტერესი გადამწყვეტი არ არის, სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს.

ტურიზმის ხათრით მაინც რატომ არ წავიდნენ კომპრომისზე? ამ კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლისთვის თანხების გაღება რატომ გაუჭირდათ?

- თანხების გაღება-არგაღებაზე საუბარი არც შეიძლება იყოს, თუკი სახელმწიფოს პოზიციაა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაიცვას. ეს მარტო ტურიზმისთვის არ ხდება, ამ ძეგლების აღდგენა და მისთვის თანხების გაღება ყველანაირად გადაუდებელია. შატილს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. კავკასიაში შატილი ყოფითი არქიტექტურის უნიკალური ძეგლია. ახლა დაღესტანშიც არის რაღაც მსგავსი, მაგრამ ასეთი ძეგლი თითქმის არ გვხვდება.

ადრე თქვენ შატილის მკვიდრი მოსახლეობისგან დაცლის შესახებ საუბრობდით. ახლა რა ვითარებაა?

- შატილი მკვიდრი მოსახლეობისგან იცლება. ძირითადად, ეს უკავშირდება განათლების, კომუნიკაციების პრობლემას. ზამთარში გზები არ არის, ამ დროს კი იქ მუდმივი ვერტმფრენის ფრენა აუცილებელია. ყველაზე გაჭირვებული პერიოდი როცა იყო საქართველოში, შევარდნაძის პერიოდშიც კი ორ კვირაში ერთხელ ერთი ფრენა ხორციელდებოდა. ახლა, საერთოდ, მთელი ზამთრის განმავლობაში, სამოქალაქო ფრენები არ არის. იცლება შატილი. შატილს გარდა, ხევსურეთის ყველა სოფელი დაიცალა, თითო-ოროლა ოჯახიღა შემორჩა. საერთოდ, პირიქითა ხევსურეთში 30 ოჯახამდეა დარჩენილი.  

ცნობისთვის, იუნესკოს 1983 წლის გადაწყვეტილებით, მაჩუ-პიკჩუ შედის კაცობრიობის დაცული საგანძურების სიაში, როგორც კულტურულ–ეკოლოგიური სიმდიდრე. იუნესკოს ნუსხაში შატილის შესატანად კი სახელმწიფო ნება იგვიანებს.

შეგახსენებთ, შატილი ძალზე კომპაქტურად, მთაზე მიჯრით აშენებული ქალაქის ტიპის კომპლექსია. ფაქტობრივად, ესაა ფორპოსტი და თავდაცვითი დანიშნულება აქვს. შიგნით რელიგიური დანიშნულების ნაგებობებიცაა. შატილის კოშკები ვაინახების კოშკებს ძალიან ჰგავს. ზოგადად, ვაინახური, ხევსურული, თუშური კოშკები ერთმანეთს წააგავს. ხევსურულ კოშკებს კი სვანურისგან კონფიგურაციით განასხვავებთ - ხევსურული კოშები ერთმანეთთან უფრო კომპაქტურად დგას, განსხვავებით სვანურისგან, რომელიც უფრო შორი-შორსაა.