მთავარი ორიენტირი, რომლითაც ადამიანი ამა თუ იმ სასტუმროს ირჩევს, ვარსკვლავების რაოდენობაა. თუმცა, ყველამ არ იცის, რა შედის ამ მომსახურებაში. რის მიხედვით ენიჭებათ სასტუმროებს ვარსკვლავები?
1 ვარსკვლავი ენიჭება სასტუმროს, რომელიც კლიენტს სტანდარტულ, ორ ადგილიან ნომერს სთავაზობს. ოთახის ფართობი 8-10 კვ/მ-ია. ნომერში შედის პირსაბანი, სარკე, ორი პირსახოცი, სკამები და მაგიდა.
ნომერი ყოველდღიურად ლაგდება, თუმცა თეთრეულს მხოლოდ 7-8 დღეში ერთხელ ცვლიან. პირსახოცები 2-3 დღეში ერთხელ იცვლება. ერთვარსკვლავიანი სასტუმროს თითო სართულზე ორი სააბაზანოა, ხოლო საპირფარეშოს 5 ნომერი იყოფს.
2-ვარსკვლავიანი სასტუმრო მომსახურება თითქმის არაფრით განსხვავდება 1 ვარსკვლავიანისგან. ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ ამ კატეგორიის სასტუმრო კლიენტებს თეთრეულს ყოველ 6 დღეში ერთხელ უცვლის. საპირფარეშო და სააბაზანო ნომერშია. სასტუმროში უნდა იყოს რესტორანი ან კაფე.
3-ვარსკვლავიან სასტუმროში, აუცილებლად უნდა იყოს ნომერში სააბაზანო და ტუალეტი. ნომერში ასევე უნდა იყოს საპირფარეშოს მაგიდა, ბარგის დასალაგებელი ადგილი, რადიო და სხვ. სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების უმეტესობას (ყველაზე იაფფასიანების გამოკლებით) ნომერში ტელევიზორი და კონდიციონერიც აქვს. თეთრეულის გამოცვლა კვირაში ორჯერ ხდება, ხოლო პირსახოცები იცვლება ყოველდღიურად.
სამ ვარსკვლავიან სასტუმროში პარფიუმერულ ნაკრებში მხოლოდ საპონს თუ აღმოაჩენთ. სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს დაცული ავტოსადგომი, თუ სასტუმრო საკურორტოა, მაშინ მას აქვს აუზიც. 3 ვარსკვლავიან სასტუმროში უნდა იყოს რესტორანი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროს პერსონალს სპეციალური ფორმა აცვია, რომელიც მის თანამდებობაზე მიუთითებს. ოთახების ფართობი 10-12 კვ/მ-ია.
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო კლიენტებს დამატებით სთავაზობს მინი-ბარს, ტელეფონს, კონდიციონერს, თმის საშრობს და სრულ პარფიუმერულ ნაკრებს (საპონი, დუშ-გელი,შამპუნი). თეთრეული და პირსახოცები იცვლება ყოველდღე. სასტუმრო კლიენტებს სთავაზობს ტანსაცმლის რეცხვისა და დაუთოვების მომსახურებას. სტუმარს წინასწარ ატყობინებენ საუზმის მენიუს. ნომერში არის სამუშაო განყოფილებაც.
4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს გამაჯანსაღებელი სპორტული ცენტრი, სათამაშო და საკონფერენციო დარბაზი, ბასეინი და ავტოსადგომი, რესტორანი და საუნა. ოთახების ფართობი 13 კვ/მ-ს აღემატება.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ყველა ზემოთხსენებულ მომსახურებას გაცილებით უფრო ხარისხიანად სთავაზობს. გარდა ამისა, ნომერი არ არის 16 კვ.მ-ზე ნაკლები. აბაზანაში ხშირად შეგხვდებათ ტელეფონი.
4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებში შესაძლოა, გამოიყენოთ მძღოლის მომსახურება, კვება ნომერში, სუვენირების, გაზეთებისა და სხვა საჭირო ნივთების ნომერში მიტანის სერვისიც. 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრები იყოფა რამდენიმე კატეგორიად - ჩვეულებრივი, ნახევრად-ლუქსი, ლუქსი და პენტჰაუსი.
5-ვარსკვლავიან სასტუმროებში არის საპრეზიდენტო აპარტამენტებიც.
მომზადებულია ermoshka.ru-ს მიხედვით.