თემურ ჭყონია ქობულეთის ტურისტული ზონის წარუმატებლობას კანონზომიერ მოვლენად მიიჩნევს

თემურ ჭყონია ქობულეთის ტურისტული ზონის წარუმატებლობას კანონზომიერ მოვლენად მიიჩნევს

თემურ ჭყონია ქობულეთის ტურისტული ზონის წარუმატებლობას ობიექტურ ფაქტორებს უკავშირებს. როგორც ჭყონია commersant.ge–სთან საუბარში აცხადებს, საკურორტო ზონების განვითარება კანონზომიერად ხდება და ის ფაქტი, რომ ამ დრომდე ქობულეთმა ინვესტორები ვერ მიიზიდა, ბათუმში დაწყებულ აღმშენებლობას უკავშირდება.

,,კურორტები კანონზომიერად ვითარდება, გეგმაში ჯერ ბათუმი იყო, რომელიც ქობულეთზე უფრო მიმზიდველია, თუმცა მალე ქობულეთის კეთილმოწყობაც დაიწყება,” – აცხადებს ჭყონია.

მისივე თქმით, ქობულეთის, როგორც ტურისტული ზონის განვითარებას ხელს ის ფაქტიც უშლის, რომ თბილისი–ბათუმის მიმართულებით ავიარეისები ყოველდღიურად არ სრულდება და დამსვენებელს 5–6 საათიანი მგზავრობა სჭირდება კურორტზე მოსახვედრად.

შეგახსენებთ: ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ეკონომიკის მინისტრი პირველი იყო, რომელმაც აღიარა, რომ ქობულეთის ტურისტული ზონა ანაკლიის მსგავსად წარმატებული არ არის. ამის შესახებ ვერა ქობალიამ დეკემბრის ბოლოს განაცხადა. თუმცა მინისტრის თქმით, ქობულეთის პროექტის გაჩერება არ იგეგმება და აჭარის მთავრობა მუშაობას განაგრძობს, რათა გაცილებით მეტი ინვესტორი შემოიყვანოს, თუმცა ქობულეთით დაინტერესებას ამ დრომდე ინვესტორები კვალავ არ გამოთქვამენ.

ამასთან, როგორც ჭყონია ჩვენთან საუბარში განმარტავს, ქობულეთში სასტუმროების ნაკლებობა შეინიშნება და მაღალი კლასის სასტუმრო იქ მხოლოდ ერთი ,,ჯორჯიან პალასია”, რომლის საფასო პოლიტიკაში ბიზნესმენი თვითონ არ ერევა და ფასებს სასტუმროს მენეჯერი განსაზღვრავს. პრეზიდენტის განცხადებით, კი ხელისუფლება ქობულეთში სასტუმროების ფასების შემცირებაზე უკვე მუშაობს და ქობულეთში ახალი პროექტის განხორციელებაცაა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოები სეზონის პიკზე ივლისის თვეში მიმდინარეობს.