ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების მორიგი პარტია ეკონომიკური გაფორმების ზონაში დააყადაღეს. დაყადაღებულია 8 ათასი ანტენა, რომელიც უკრაინიდან შემოდიოდა. ტელეკომპანიამ კი დაახლოებით 150 ათასი ლარის ზარალი მიიღო.
„150 ათასი ლარის საქონელი უკვე დაყადაღებულია, რა მანქანებიც უნდა წამოსულიყო, მიბრუნდა ქარხანაში, ქარხანა უკან არ იღებს ამ საქონელს რომ საწყობში დააწყოს და დგანან ეს ავტომანქანები ფასიან სადგომებზე. გადამზიდავს ცალკე თანხა უნდა უხადო, საწყობს ცალკე და უმძიმესი მდგომარეობა შეგვექმნა. როდესაც დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას, ალბათ, სახელმწიფოს მოვთხოვთ ამ ზარალის ანაზღაურებას“, - ამბობს ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე.
ამასთან, „მაესტროს“ სატელიტური ანტენების მორიგი პარტიის დაყადაღების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან მთავარ პროკურატურას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ილია კიკაბიძე ამბობს, რომ ისევ იმ განჩინების საფუძველზე დააყადაღეს, რაც წინა დაყადაღების დროს იყო, დეტექტივის წერილი და ყადაღის ოქმი გადასცეს, სხვა განმარტებები არ გაუკეთებიათ.
„გავასაჩივრებთ, მაგრამ რა აზრი აქვს, სასამართლომ გვითხრა, განაჩენი არ შეიცვლებაო და არც გასაჩივრდება, საბოლოოა. ახლა უცხოელებს ვხვდებით და სიტუაციას ვაცნობთ, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს დასაკვირვებლად ჩამოვიდა, ინფორმაციას ვაწვდით. სავარაუდოდ, ევროპაშიც გავასაჩივრებთ, ამჟამად უკვე ვმუშაობთ ამ საკითხზე“, - აცხადებს კიკაბიძე.
ხელისუფლების მიერ მოფიქრებული ფორმულიარის თანახმად „მაესტრო“ ბიძინა ივანიშვილს ეხმარებოდა იმაში, რომ „გლობალ.ტვ“-ს ნაცვლად სატელიტურ ანტენებს ავრცელებდა.
„ამ სატელიტური ანტენით ასევე შესაძლებელია, უყურო „რუსთავი 2-ს“ „იმედს“ და „აჭარას“ და იქნებ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეხმარებოდით. შესაძლებელია, 300 თურქულ არხს უყურო, რა ერდოღანს ვეხმარებოდი? რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი და რა კავშირში ვარ მე, რომელსაც სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები. ხელისუფლება რასაც უნდა იმას იტყვის“, - ამბობს კიკაბიძე.
მაშინ როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა Must Cary-ის პრინციპის ამოქმედების შესახებ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა, პარალელურად სატელიტურ თეფშებთან მთელ საქართველოში დიდი ომია გამოცხადებული.
„ერთი ხელით Must Cary მიიღეს და მეორე ხელით ანტენებს აყადაღებენ. ლილოს ბაზრობაზე იყიდებოდა ანტენები, 2-3 გამყიდველია ბაზრობაზე და თითო ანტენაზე მეტის გაყიდვის უფლება არ აქვთ. ძირითადად აზერბაიჯანული მოსახლეობაა ამ საქმით დაკავებული და პირდაპირ ხომ ვერ იტყვიან, რომ ვინმეს ბრძანებას ასრულებენ“.
იმ დროისთვის Must Cary-ც ამოქმედდება და, აღმოჩნდება, რომ ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება მთელ საქართველოს მაინც ვერ ექნება.
როგორც ილია კიკაბიძე ამბობს, საქართველოში დაახლოებით 40 საკაბელო კომპანიაა, აქედან სამი დაიხურა, ლაპარაკია 37 საკაბელო ტელეკომპანიაზე, რომელსაც მაქსიმუმ 50-60 ათასი მაყურებელი ჰყავს. მაყურებელთა ძირითადი რაოდენობა რეგიონების ქალაქებზე მოდის. მიმდებარე, მითუმეთეს მაღალმთიან სოფლებში არ არის საკაბელო ტელეკომპანიები. რეგიონულ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში ისედაც აქვთ საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით შეძენილი თეფშებით უყურონ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის ის რაოდენობა, ვისაც არ აქვს საკაბელო მაუწყებლობა. ეს არის აღმოსავლეთ საქართველოში აზერბაიჯანელებით დასახლებული რაიონები, სვანეთი, მიმდებარე მთიანი სოფლები და დაბები. საქართველოში დაახლოებით 150 ათასი თეფში ისედაც იყო და ერთი ამდენის დაყენება კიდევ იყო შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, საკაბელოების მეშვეობით 50 ათასი მაყურებელი გვემატებოდა, ხოლო თეფშებით 150 ათასი. ერთი, რომ ეს უფრო მომგებიანია, ამათან, არ მესმის რატომ, მაგრამ Must Cary არის ორთვიანი პროექტი, ორი თვის შემდეგ გვინდა რომ ჩვენს არხს კვლავ ბევრი მაყურებელი ჰყავდეს და ამის საშუალებას არ გვაძლევენ“, - ამბობს ილია კიკაბიძე.
გიორგი მარგველაშვილი, ფილოსოფოსი: „ჩემი აზრით ეს არის უსუსური მცდელობა, რომ მაინც მოხდეს ინფორმაციის დაბლოკვა. ანტენების დაყადაღება და 21-ე საუკუნეში ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა ვერანაირ ჩარჩოებში ვერ ჯდება და არის თავისთავად უკან გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი. ერთი მხრივ, Must Cary გასაგებია, მაგრამ Must Cary წვდება რაღაც ადგილებს და რაღაც ადგილებს ვერა, ამ ფორმით ხდება მცდელობა, ინფორმაციის გავრცელება შეზღუდონ. რამდენად ეფექტურია ეს, სხვა თემაა.
მე მგონი პოლიტიკურად უფრო აგებს ხელისუფლება, როდესაც ინფორმაციას ზღუდავს, რადგან ინფორმაცია მაინც გადის და გადის იმ მხარისთვის ბევრად უფრო საზიანოდ, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს.
ეს არის საზიანო ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ბევრად უფრო მეტი ჭორი მოჰყვება ხოლმე ინფორმაციის გაუვრცელებლობას, ვიდრე იმას, რომ თქვა კი ბატონო, გავრცელდეს, მე არ მეშინია ამისი. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს არის პოლიტიკურად წამგებიანი ხელისუფლებისთვის. მათი გათვლაა, რომ Must Cary დიდ ქალაქებში იქნება, მაგრამ პატარა სოფლებში მაინც მოვახერხებთ ინფორმაციის ბლოკირებას. ვფიქრობ, ეს ძალზე უმწიფარი პოლიტიკური გადაწყვეტყილებაა და არასწორი“.