საზღვაო სეზონი დაიწყო, ამინდებიც საგრძნობლად გამოკეთდა, მაგრამ შავი ზღვისპირა კურორტებზე გასაოცარი სიხალვათეა. ჯერჯერობით არც ადგილობრივი ტურისტები გამოჩენილან და არც უცხოელებს (ანუ სომხები, აზერბაჯანელები, უკრაინელები) მოუკლავთ თავი მზიან აჭარაში სტუმრობით.
ჯერჯერობით ქობულეთში კურორტზე პოტენციური დამსვენებლის 5 პროცენტიც არ ჩასულა. დამსვენებლები ყველაფერს გადამატებულ სიძვირეს აბრალებენ და ზღვაზე გამგზავრებისაგან თავს იკავებენ.
პრეზიდენტის კრიტიკის მიუხედავად, ქართულ კურორტებზე სხვადასხვაგვარი ვითარებაა. თუკი ბათუმში, ასე თუ ისე, ზოგიერთ სექტორში ფასების შემცირების ტენდენციაა, ქობულეთში მსგავსი არაფერი ხდება.
მაგალითად, სავაჭრო ობიექტების შემდეგ ბათუმში გასართობი ცენტრები და ბარ რესტორნებიც ამცირებენ ფასებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა მოქმედი ბარ-რესტორანი ამ სეზონზე კლიენტების მოზიდვას ხელმისაწვდომი ფასებით შეეცდება. იაფი დასვენების კამპანიის ფარგლებში, დამსვენებლებს წელს გასართობ ცენტრებში წინა წელთან შედარებით 10-15%-ით დაბალი ფასები დახვდება.
იაფი დასვენების პროგრამის ფარგლებში ბათუმის ბულვარში შეზლონგები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაქირავდება, სავაჭრო ობიეტებში კი ფასები საბაზრო ღირებულების ანალოგიური იქნება.
ქობულეთში კი არაფერიც არ იცვლება. როგორც კურორტის სანაპირო ზოლის სასტუმროებში აცხადებენ, ფასების შემცირებას წელს არ გეგმავენ. სასტუმრო „სიმპათიაში“ არ მალავენ, რომ ფასები მათთან 50 ლარიდან იწყება, თუმცა დამსვენებლის სიმცირის გამო სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობას ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, სასტუმროში ფასის შემცირებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ფასი წინა წლის ანალოგიურია.
საერთოდ, ქობულეთში ბვერი სხვადასხვა პრობლემაა, რაც ტურისტული ნაკადის შემცირებას იწვევს. სეზონის პიკზე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც კურორტზე პოტენციური დამსვენებლის 5 პროცენტიც არ ჩასულა.
როგორც „კომერსანტს“ „საოჯახო სასტუმროს“ მეპატრონემ თამაზ გოგიბერიძემ განუცხადა, ქობულეთი მოუგვარებელი პრობლემების გამო არაპრესტიჟული კურორტი ხდება. იგი იმ პრობლემებს ასახელებს, რომლებიც კურორტის განვითარებას ხელს უშლის, მათ შორისაა: განადგურებული სანაპირო ზოლი, გაწმენდითი ნაგებობისა და მწვანე ზოლის არარსებობა და პრივატიზების გამო გამხმარი ხეები.
„3-ჯერადი კვებით სასტუმროს ნომერი 12 ლარად გავაქირავე. სხვა რა ვუწოდო ამას, თუ არა ქველმოქმედება? ქობულეთში მთლიანი დამსვენებლის 5%-იც კი არაა ჩამოსული. რომელი ადამიანია ჩავა იქ, სადაც, დასასვენებელი ადგილის ნაცვლად, გადათხრილი ტერიტორიები და ტრაქტორის ხმაური დახვდება? ტურისტს დასვენება უნდა და არა ტრაქტორის ხმა სეზონის პიკზე”, - ამბობს გოგიბერიძე.
მისივე თქმით, არასწორი პრივატიზაციის გამო ხეების 80% გაიჩეხა და ქობულეთში ჩასულ დამსვენებელს ელემენტარულ დასვენების პირობებს არ უქმნიან. ის, რომ ქობულეთი ტურისტულად კვლავ მიმზიდველი ადგილია, არა ხელისუფლების, არამედ ბუნების დამსახურებაა. ცალკე პრობლემაა ის, რომ ქობულეთში უკვე 50 წელია გაწმენდითი ნაგებობა არ არსებობს, ჩოლოქიდან შავი ზღვის დაბინძურებას იწვევს, თუმცა გოგიბერიძის განმარტებით, ქობულეთს გაუმართლა, ვინაიდან ზღვის მიქცევა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენაა და აქ დაბინძურებული წყალი არ ხვდება, თუმცა ურეკში ამის მხრივ მძიმე სიტუაციაა.
ქობულეთში არსებულ პრობლემებს პრეზიდენტიც აღიარებს. მისი თქმით, „მაშინ, როცა ბათუმის მშენებლობა დაიწყო, ვერ მოვასწარით ქობულეთისთვისაც დროულად „ხელის შევლება“, ამის გამო ის ქვემოთ და ქვემოთ წამოვიდა...”
და მერე სააკაშვილის განცხადებებით რაიმე შეიცვალა? ყოველ შეთხვევაში, ადგილობრივებისთვის არაფერი, არც დამსვენებლებისთვის...