იმის მიუხედავად, რომ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ აღიარებს ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, ის მაინც ფაქტად რჩება - ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ყველაზე ცნობადი გვარი "მოგელაძე" გახდა, ხოლო ყველაზე ცნობილი პერსონა - ნათია მოგელაძე.
მოგელაძეზე ახლა უკვე, არა თუ ადამიანები, ფლორა-ფაუნის წარმომადგენლებიც კი საუბრობენ და უფრთხიან. კიდევ კარგი, რომ კანონში პირდაპირ არასად წერია, რომ შესაძლოა ძაღლი, ცხენი, ან დელფინი და თევზი "დაკავშირებული პირია", თორემ ვაი, რა ბედი მოელოდათ ამ უბედურებს. თუმცა არ წერია ერთია, მაგრამ ფაქტია, რომ მოგელაძე ამ მიმართულებითაც შიშის ზარს სცემს ყველას და ყველაფერს. მაგალითად კი, ბათუმის დელფინარიუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც კმარა.
თუ ბათუმის ხელისუფალთ დავუჯერებთ, ბათუმის მერიასა და "მენეჯმენტ სერვისს" შორის დადებული 19 წლიანი ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი, თავად "მენეჯმენტ სერვისის" წერილი ხდება, რომლის საფუძველზეც კომპანიამ „სერვისი -7"-სთან (გასართობი ცენტრი "ციცინათელა") განსახორციელებელი ინვესტირების ალბათობა ეჭვქვეშ დააყენა.
სწორედ აღნიშნული წერილი გახდა ბათუმის თავკაცებითსვის საბაბი, რათა "მენეჯმენტ სევისთან" კონტრაქტი შეეწყვიტათ და შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი", რომლის შემადგენლობაშიც დელფინარიუმი შედის, საკუთარ ბალანსზე აეყვანათ და მენეჯმენტის განხორციელებაც საკუთარ თავზე აეღოთ.
თუმცა გაუგებარია, რატომ მიანდო ბათუმის მერიამ "მენეჯმენტ სერვისს" დელფინარიუმის მართვა გასულ წელს, თუ კი წელს მართვას თავად მოახერხებდა?!
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური დოკუმენტაციით არსად არ ფიქსირდება, რომ ამ ეტაპისთვის "მენეჯმენტ სერვისმა" ხელშეკრულების რაიმე პუნქტი დაარღვია. ბათუმის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები "მკითხაობენ" და წინასწარი ვარაუდის საფუძველზე ასკვნიან, რომ კომპანია ხელშეკრულებას სამომავლოდ დაარღვევდა და უპრიანი იყო კონტრაქტი "დღესვე" გაეწყვიტათ.
როგორც ცნობილია 2011 წლის 10 მაისს ერთი მხრივ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს და მეორეს მხრივ შპს „მენეჯმენტ სერვისს" შორის დაიდო თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ს 100%-ნი წილის მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „მენეჯმენტ სერვისს" 19 წლიანი სასყიდლიანი მართვის უფლებით გადაეცა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთ¬რ¬ებაში არსებული, შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლე¬ვითი ცენტრი"-ს 100%-ნი წილი.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტით წილის მართვის უფ¬¬¬ლე¬ბით გადაცემის საზღაურის მთლიანი ოდენობა განისაზღვრა 3 500 ლარით წელიწადში.
წილის მართვის უფლებით მიმღებმა ვალდებულება აიღო ასევე, რომ შეენარჩუნებინა „საზოგადოების" პროფილი. განისაზღვრა რომ ბათუმის მერია მიიღებდა მოგების 50%-საც.
რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზებს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 10 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა¬მ¬ი¬ნისტრომ №13/14866 წერილით ქ. ბათუმის მერიას გადმოუგზავნა შპს „მენეჯმენტ სერვისი"-ს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე 2012 წლის 11 ივნისს მიწერილი №37/12 წერილი, რომლითაც შპს „მენეჯმენტ სერვისი" სამინისტროს ატყობინებს, რომ მას მართვის უფლებით გადაცემული აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობა საზოგადოება „სერვისი -7"-ს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-ნი წილი, ხოლო ხელშეკრულებით შპს „მენეჯმენტ სერვისი" ვალდებულია მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია. ამავე წერილით, შპს „მენეჯმენტ სერვისი" სამინისტროს ატყობინებს, რომ შესაძლოა მის მიერ აღებული ვალდებულების შესრულება შეაფერხოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 14 მაისს მიღებულმა დადგენილებამ, რომლითაც შპს „მენეჯმენტ სერვისი" დაჯარიმდა 4 766 195 ლარით.
აქ საუბარია იმაზე, რომ შპს „მენეჯმენტ სერვისი" ფინანსური მონიტ¬ო¬რი¬ნგის სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედების გამო ვერ შეძლებდა "ციცინათელაში" შესაბამისი ინვისტიციის გაანხორცლებას. ეკონომიკის სამინისტრომ კი იმავე კომპანიის მიერ ნაკისრი სხვა ვალდებულებების, "შესაძლო შეუსრულებლობის" შესახებ აცნობა რიგ უწყებებსაც, მათ შორის ბათუმის მუნიციპალიტეტს.
ბათუმის მუნიციპალიტეტმაც ბევრი ფიქრისა და განსჯის გარეშე, მით უფრო არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, რაც ნათია მოგელაძის მიერ ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ განხორციელებულ ქმედებებსა და სამომავლო "შესაძლო სანქციებს" უკავშირდება, მიიღო გადაწვეტილება. გადაწყვეტილება ადამიანურ ენაზე ასე ჟღერს: "იქნებ მოგელაძემ ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები სულ გააკოტროს და დელფინები ულუკმაპუროდ დაგვიტოვოს, ამიტომ უმჯობესია ჩვენ ვაჭამოთ "ხამსა" ვიდრე ბიძინამ ორაგულიო".
ისე, ბათუმში იმასაც აღნიშნავენ, რომ საკრებულოში განხილულ იქნა ვარიანტი იმის შესახებაც, რომ ტურისტულ სეზონზე დელფინარიუმის ხელმძღვანელობა აპირებდა მისი ბინადრები "ქართული ოცნების" მაისურებში გამოეწყო. რაც ასევე კატასტროფა იქნებოდა საარჩევნო აგიტაციის თვალსაზრისით.
წარმოგიდგინეთ "ქართული ოცნების" მაისურში გამოწყობილი დელფინი, რომელიც წყლიდან წამოიმართება და დამსწრე პუბლიკას შესძახებს "ბიძინა!", "ბიძინა!". რა თქმა უნდა, თუ იმავე აუზში ზვიგენი არ გიზის, რომელიც ასეთი საქციელისთვის მას დასჯის, მაშინ უნდა დასაჯო ხელის აწევით, კენჭისყით და აუცილებლად ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს თავკაცის მეშვეობით. მით უფრო თუ მოგელაძის სახება გიდგას მუდამ თვალწინ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.
"მენეჯმენტ სერვისის" ბედი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთმნიშვნელოვნად გადაწყვიტა და კომპანიისთვის დამატებითი ვადის მიცემის ალბათობა ჩანასახშივე გამორიცხა.
"თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო თვლის ასევე, რომ არ არის აუცილებელი შპს „მენეჯმენტ სერვისი"-სათვის დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, რადგან ჯერ ერთი მის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე 2012 წლის 11 ივნისს მიწერილ №37/12 წერილში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება და გარდა ამისა, განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა"- ნათქვამია გიორგი კირთაძის ბრძანებულებაში.
მოკლედ, საქმე ისე მიდის, რომ წელს სეზონზე ბათუმის დელფინარიუმის ბინადარნი პუბლიკას ახალ შოუს შესთავაზებენ. შოუს მთავარი ელემენტია - წყალში წამომართული დელფინი აკეთებს პირუეტს, მერე ხუთი პა და ბოლოს შეძახილი - "ნათია!", "ნათია!".
რატომ ჰგონია საქართველოში რომელიმე პოლიტიკოსს, რომ ნათია მოგელაძეზე უფრო ცნობადია?