ფინანსური მენეჯერები შოკში არიან: კოდექსში ცვლილება ორ დღეში ერთხელ შედის

ფინანსური მენეჯერები შოკში არიან: კოდექსში ცვლილება ორ დღეში ერთხელ შედის

საგადასახადო კანონმდებლობის ყოველკვირეულმა ცვლილებებმა გადასახადის გადამხდელები სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. მათი განცხადებით, მთავრობა ბიზნესს ძირს უთხრის, ვინაიდან ამდენი ცვლილებების პერიოდში ბიზნესის დაგეგმვა და საქმიანობის წარმატებით მართვა შეუძლებელია. ბიზნესმენების განცხადებით, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ უნდა შედიოდეს, ხოლო ბიზნესმენებს ამ ცვლილებების გასააზრებლად და მათთან ადაპტირებისთვის რამდენიმეთვიანი პერიოდი უნდა ჰქონდეთ.

სულ ახლახანს, 9 ივლისს შეიცვალა საგადასახადო დეკლარაციის ფორმა. გადასახადის გადამხდელებმა დეკლარაციის ჩაბარების ბოლო დრომდე, ანუ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე შეიტყვეს, რომ დეკლარაციაში სათითაოდ უნდა ჩაწერონ, 6-თვიან პერიოდში თანამშრომლების ხელფასების რაოდენობა და მათი პირადი მონაცემები. ზოგ კომპანიაში კი, რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს.

ეს სიურპრიზი ფინანსური სამსახურებისთვის შოკის მომგვრელი იყო. ორგანიზაციების წარმომადგენელთა მძაფრი პროტესტის გამო, ბოლოს და ბოლოს შემოსავლების სამსახურმა მცირედით დათმო და ბუღალტრებს ჩანაწერების დაზუსტებისთვის სექტემბრამდე ვადა მისცა.

"ყოველდღე სტრესულ მდგომარეობაში ვართ. დავიქანცეთ, ასე მუშაობა შეუძლებელია. კანონმდებლობა თითქმის ყოველკვირა იცვლება, ღამეებს ვათენებთ და ვცდილობთ გავიგოთ იმ ცვლილებების არსი, რომელთა გაგება თავად შემოსავლების სამსახურშიც უჭირთ. რამე რომ შეგეშალოს უზარმაზარი ჯარიმებია. ხომ შეიძლება ცვლილებები კვარტალში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ, კონკრეტულ რიცხვში მაინც შედიოდეს, რათა ჩვენ ამ ცვლილებების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა გვქონდეს?

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ბუღალტრები ვართ, ჩვენი სამუშაო დრო 24-საათიანი გახდა. მაგალითად, 9 ივლისის დადგენილებით, საგადასახადო დეკლარაციაში, კომპანიაში დასაქმებული ადამიანების პირადი მონაცემები უნდა ჩაგვეწერათ. დეკლარაციის ჩაბარების ვადა 15 ივლისია. შაბათ-კვირაც კი ღამეები ვათენე, რომ დეკლარაცია შემევსო. ალბათ, ასეთი რამე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება", - ამბობს ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური მენეჯერი ნინო სამუშია.

საგადასახადო ექსპერტის ირაკლი შავიშვილის განცხადებით, იყო წინადადება, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები წლის პირველ ნახევარში განხორციელებულიყო, ხოლო ძალაში ახალი წლის იანვრიდან შესულიყო, რათა დარჩენილ 6-თვიან პერიოდში გადასახადის გადამხდელებს ცვლილებების გააზრების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ბუნებრივია, ეს წინადადება ფინანსთა სამინისტროში არ გაითვალისწინეს.

"ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლებელია. კანონმდებლობა წარამარა იცვლება. მართებული იქნება, თუკი გადასახადის გადამხდელებს ექნებათ დრო ამ ცვლილებების გასაცნობად; ანუ წლის პირველ ნახევარში დაიგეგმოს ცვლილებები, რომელიც ძალაში იანვრიდან შევა. წლის მეორე ნახევარში გადასახადის გადამხდელებს ამ ცვლილებებთან ადაპტირების შესაძლებლობა ექნებათ.

სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ბიზნესის გრძელვადიანი დაგეგმვა. გარდა ამისა, როგორ უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტი ამდენი საგადასახადო ცვლილებების პირობებში?" - კითხულობს ირაკლი შავიშვილი.

მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში ახალი წლის შემდეგ 100-მდე ცვლილება მაინც შევიდა, შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე საუბარი მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.

"თუ არ იქნება სტაბილური საკანონმდებლო და ბიზნესგარემო, ისე ბიზნესის დაგეგმვა წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება წლის შუა პერიოდში შემიცვალო თამაშის წესები?

კანონმდებლობის ხშირი ცვლა ყოვლად მიუღებელია. 6 თვეა გასული და საგადასახადო კანონმდებლობაში 100-მდე ცვლილება შევიდა. კანონმდებლობაში ცვლილებები, წელიწადში არაუმეტეს ერთხელ უნდა განხორციელდეს", - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.

ახალი საგადასახადო კოდექსი 2011 წლის იანვრიდან ამოქმედდა და რამდენიმე დღეში უკვე კოდექსში შესატანი ცვლილებები მომზადდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამტკიცებდა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი ძველთან შედარებით ბევრად უკეთესია, თუმცა იმის გამო, რომ ახალი დოკუმენტია, გარკვეულ დახვეწას საჭიროებდა.

მაშინ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბიზნესმენებისაგან კოდექსთან დაკავშირებულ ყველა შენიშვნას მოისმენდა, ზაფხულში კი ცვლილებებზე იმუშავებდა.

მართალია, მთავრობამ ბიზნესმენების პრეტენზიები, ძირითადად, არ შეისმინა, მაგრამ მოისმინა მაინც. წელს კი კოდექსში ცვლილებები ისე შედის, რომ გადასახადის გადამხდელებს არავინ არაფერს ეკითხება. უფრო მეტიც, ბევრი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას კოლეგებისგან იღებს ან საერთოდ ვერაფერს იგებს და ჯარიმდება.