გაეროს ბავშვთა ფონდში მიიჩნევენ, რომ საქართველოში ბავშვთა სიღარების დონე ძალიან მაღალია. ქართველი ექსპერტები კი თვლიან, რომ სიღარიბის დონე მთელ ქვეყანაში და ყველა კომპონენტში ძალიან თვალშისაცემია. სწორედ ამიტომაც აქ უმრავლესობა ღარიბია - ბავშვიც, ახალგაზრდაც, ჯანღონით სავსე მამაკაციც და პენსიონერიც...
იუნისეფის (გაეროს ბავშვთა ფონდი) კვლევის თანახმად, საქართველოში საერთო სიღარიბემ იკლო, მაგრამ ბავშვთა სიღარიბის დონე კვლავ მაღალია. ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვის სქემები სრულად ვერ აკმაყოფილებს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების საჭიროებებს.
აღნიშნული კვლევა 2011 წელს, „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიერ გაერთიანებული სამეფოს იორკის უნივერსიტეტთან და საქართველოს სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჩატარდა. კვლევის - ბავშვთა სიღარიბის შემცირება საქართველოში“ - პრეზენტაციის თანახმად, ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა 2009 წლის 24 პროცენტიდან 2011 წლისთვის 22 პროცენტამდე დაეცა. ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობამ 28-დან 25 პროცენტამდე იკლო. ამავე პერიოდში საგრძნობლად შემცირდა უკიდურესი სიღარიბეც. თუმცა, ბევრი ბავშვი მაინც სიღარიბეში ცხოვრობს.
საერთაშორისო კვლევების თანახმად კი, სიღარიბეში დაბადებული ბავშვი მეტი ალბათობით იქნება ღარიბი მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც ხელს უშლის ბავშვის სათანადო განვითარებას და მომავალში უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების რეფორმებმა საქართველოში გამოიწვია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ამ ზრდის სარგებელი მაინც და მაინც თანაბრად არ ნაწილდება და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები სათანადოდ ვერ მოიცავს ბავშვებს. „იუნისეფში“ თვლიან, რომ საჭიროა დამატებითი ინვესტიციები საქართველოში ყველაზე დაუცველი ბავშვების დასახმარებლად.
ქართველი სპეციალისტები კი სიღარიბის დონის შეფასებისას უფრო გლობალურ მასშტაბებს ხედავენ, ვიდრე ბავშვთა სიღარიბეა. მათი აზრით, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ყველა ფენა სიღარიბეშია ჩაფლული და ხელოვნურად შეცირებული სტატისტიკური მონაცემები რეალურ სურათს ვერ ასახავს.
„როდესაც ყველა ჩატარებულ გამოკითხვაში მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის ნომერ პირველ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს, იქ სიღარიბის შემცირებულ მაჩვენებელზე საუბარი ცოტა არასერიოზულია. მართალია, ქვეყანაში მშპ იზრდება, მაგრამ ის მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახება.
2011 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა ხორცი, საკვები და პირველადი მოხმარების საგნები. ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელს თან არ ახლავს ხელფასებისა და პენსიების ინდექსაცია. აქ საუბარი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაჯანსაღებაზე არ არის და ვერც იქნება.
ასე რომ, ოფიციალურ მონაცემებსა და რეალობას შორის დიამეტრალური განსხვავებაა. ზოგჯერ, როდესაც ოფიციალურ მონაცემებს ვკითხულობ, მგონია, ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობ. რეალური მაჩვენებელი კი ოდნავაც არაა ახლოს იმ ციფრთან, რომელიც ოფიციალურად ქვეყნდება.
ექსპერტული გათვლებით, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს და ის უკვე წლებია სისტემატურად იზრდება“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ.
საერთოდ, სიღარიბე კეთილდღეობის ნაკლებობის მაჩვენებელია. სიღარიბის მაჩვენებლის სიდიდე კი დამოკიდებულია იმაზე თუ რის მიხედვით ანგარიშობენ მას ამა თუ იმ ქვეყანაში. თუკი დასავლეთ ევროპაში სიღარიბის მაჩვენებლის გათვლისას მნიშვნელოვანი „მისაწვდომობის კომპონენტია“, ანუ მოქალაქის ხელმისაწვდომობა სასურველი განათლების მიღებაზე, მაღალხარისხიან ჯანდაცვაზე, უსაფრთხო საკვებსა და ა.შ. საქართველოში იგი მინიმალურ სასურსათო კალათას დამატებული მინიმალურ არასასურსათო ხარჯებთან ასოცირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპისა და ამერიკის მთელ რიგ ქვეყნებში სიღარიბის მაჩვენებლის გაანგარიშებისას ყურადღება ექცევა ისეთ კომპონენტსაც, როგორიცაა ის თანაფარდობა, რომელიც ოჯახის საერთო შემოსავალსა და სურსათის შესყიდვაზე დახარჯულ თანხებს შორის არსებობს. საერთოდ მიღებულია, რომ თუ სურსათზე დახარჯული თანხა საერთო შემოსავლის მესამედზე მეტია, მაშინ ის ოჯახი ღარიბია.